ასპექტი არის ზმნის ფორმა, რომელიც მოქმედებას დასრულებულად ან დაუსრულებლად წარმოგვიდგენს.
ასპექტი ორი ფორმისაა: უსრული და სრული.
უსრული ასპექტი გამოხატავს, რომ მოქმედება დაუსრულებელია. მაგალითად, ვწერ, ხატავს, ანგრევს დაუსრულებულ მოქმედებებს ასახავს, მაგრამ, საკმარისია, მათ დავურთოთ ზმნისწინები, რომ სრულასპექტიანი ზმნები მივიღოთ დაწერს, დაანგრევს, წაიკითხავს… ამგვარად, სრული ასპექტი გამოხატავს დასრულებულ მოქმედებას.
ასპექტი, ძირითადად, ზმნისწინით იწარმოება. უმეტეს შემთხვევაში, უზმნისწინო ზმნები უსრული ასპექტისაა, ხოლო ზმნისწინიანი ზმნები – სრული ასპექტის – ხატავს-დახატავს. ზოგიერთი ზმნა უზმნისწინოდაც აწარმოებს სრულ ასპექტს, მაგალითად: უთხრა, ბრძანა, იყიდა, ქნა, უპასუხა…
არსებობს ისეთი ზმნებიც, რომლებსაც ასპექტის გაგება არ აქვთ. მათ უასპექტო ზმნები ჰქვია. ასეთია ის ზმნები, რომლებიც არასდროს არ დაირთავენ ზმნისწინს. მაგალითად: სძულს, იცის, ხუმრობს, უყვარს… ასევე უასპექტოა ის ზმნებიც, რომებიც ზმნისწინს დაირთავენ, მაგრამ ეს ზმნაში მხოლოდ მიმართლებას გამოხატავს, მაგალითად: მიფრინავს, მოცურავს, მიხოხავს…
თუ ახლანდელი დროის ფორმას ზმნისწინს დავურთავთ, იგი დროს შეიცვლის და მომავალი დროის ფორმა გახდება, ასევე შეიცვლის ასპექტს და სრული ასპექტის ფორმა გახდება, მაგალითად ხატავს-დახატავს…
ზმნისწინიანი ფორმები, რომლებიც გამოხატავს მომავალ დროს, ასპექტიანია, თუ ვერ გამოხატა მომავალი დრო – მაშინ უასპექტოა. მაგალითად: წერს – დაწერს (მომავალი დრო გვიჩვენა და ზმნისწინიანმა ფორმამ) და ქრის – მოქრის (ისევ ახლანდელი დროა ზმნისწინიანობის მიუხედავად).
მარიამ გრიგალაშვილი – თბილისის 186-ე საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე