23 ნოემბერი, შაბათი, 2024

ალუდა ქეთელაური და თემი

spot_img

პიროვნებასა და საზოგადოებას შორის კონფლიქტი მაშინ წარმოიშვება, როცა პიროვნება რაიმე განსხვავებული და თანამედროვე თვალსაზრისით, უპირისპირდება საზოგადოებას. თუ თვალს გავადევნებთ ვაჟა-ფშაველას შემოქმედებათა ციკლს, თითოეულ მათგანში აღმოვაჩენთ სწრაფვას სამართლიანობისაკენ. ამის ერთ-ერთი მკაფიო მაგალითია, ვაჟას პოემა „ ალუდა ქეთელაური“. პოემაში ნათლადაა წარმოჩენილი, მთავარი პერსონაჟის, ალუდა ქეთელაურისა და თემის ურთიერთდაპირისპირება სამართლიანობისთვის.

საზოგადოებისა და პიროვნების დაპირისპირების თემა მეცხრამეტე  საუკუნის ქართულ ლიტერატურაში აქტუალურია. ბევრი მწერალი საკუთარ შემოქმედებაში გამოკვეთს მსგავს პრობლემას. სწორედ ამიტომ, ვაჟას მწერლობის უნიკალურობა  არა ამ საკითხის საჯაროდ წამოჭრასა და განხილვაშია, არამედ მისი განსხვავებული ფორმით წარმოჩენაში.

სანამ ალუდა, თემის სხვა წევრებივით, ჩვეუებრივი მთიელია და თემისთვის დამახასიათებელ ადათ-წესებს იცავს,  ყველაფერი რიგზეა. მაშინ, როცა იგი მკაფიოდ გამოხატავს განსვავებულ ფასეულობებსა და შეხედულებებს, კრიტიკის ობიექტი ხდება. ზოგადად, ადამიანის პიროვნული განვითარება იწყება მაშინ,  როცა მას უყალიბება ინდივიდუალური პოზიციები და მკვეთრად გამოხატული ცნობიერება ცხოვრებისა. განვითარების ამ ეტაპზე, პიროვნება საზოგადოების იმ ნაწილის წნეხის ქვეშ ექცევა, რომელთაც საერთო აზრი და ფასეულობები აქვთ.

ვაჟა შესანიშნავად წარმოგვიდგენს პიროვნებისა და საზოგადოების დაპირისპირების მაგალითსა და გამომწვევ მიზეზებს. ალუდა ქეთელაური პიროვნული განვითარების მაღალი დონის მაგალითია. ავტორი პოემით ნათლად წარმოაჩენს საზოგადოების დამოკიდებულებას ტოლერანტობისა და ჰუმანურობის მიმართ. ნაწარმოებში საზოგადოების ფსიქოლოგიის სწორად ჩამოსაყალიბებლად, ალუდას წინააღმდეგ თემი დგება.

ალუდას, როგორც  თემში, განსხვავებულად მაღალგანვითარებული ადამიანის ტრაგედია, იწყება მაშინ, როცა იგი აცნობიერებს თემის სამართლიანობის ხარისხს.  ურთიერთგამომრიცხავი სამართლის ნორმები და მისი აღსრულების ფორმა, ალუდასნაირი პიროვნებისთვის მიუღებელია. მას ვერც წარმოუდგენია მსგავსი სამართალი. თემი კი ჯიუტია, ვერ პატიობს ალუდას მსგავს სწრაფვას ტოლერანტობისკენ. პიროვნების საღი აზრი და საზოგადოების არასწორი (მოძველებული) დამოკიდებულება სამართლისადმი, ერთმანეთს უპირისპირდება.

განსაკუთრებულად საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ალუდა ისჯება, არა თემის სამართლებრივი ნორმების დარღვევისას (მკლავის მოჭრის რიტუალი), არამედ საკუთარი აზრის საჯაროდ დაფიქსირებისას. მისი აზრი თემის ადათისგან რადიკალურად განსხვავდება. ალუდას სასჯელი უმკაცრესია, მას თემიდან კვეთენ.  მომხდარ სიტუაციას იგი განსაკუთრებული ჰუმანურობით ეკიდება. ამის მიზეზად შეიძლება ჩავთვალოდ ის, რომ ალუდა თავს დამნაშავედ არ თვლის. დარწმუნებულია საკუთარ ქმედებებსა და გადაწყვეტილებებში. ქისტი მუცალის სულისთვის, მსხვერპლშეწირვის ცერემონიალიც კი, რომელიც ალუდამ განახორციელა, მისთვის პიროვნული სიამაყეა. აღსანიშნავია ისიც, რომ  თემის უმკაცრესი გადაწყვეტილების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ეს ცერემონიალი გახდა.

თემის თვალით დანახული (უკვე პიროვნულად განვითარებული) ალუდა მიუღებელი იყო. ისინი წარმოადგენდნენ საზოგადოებას, რომელშიც  ადათ-წესები უზენაესი, ხოლო მათი აღსრულება დიდი ვაჟკაცობაა. თემი თვლიდა, რომ ალუდასა და მისი ოჯახის მოკვეთით მათ დიდი ცოდვა ჩამოირეცხეს. მწერალი აქაც უბადლოდ წარმოაჩენს საზოგადოების დაბალ მიმღეობას, მაღალგანვითარებული პიროვნების მიმართ.

„ალუდა ქეთელაური“ არის პოემა, სადაც ყველაზე კარგად ჩანს ადამიანის ბრძოლა და მისწრაფებები სამართლიანობისკენ, საზოგადოებასთან ურთიერთობის სირთულე და პიროვნებისა და საზოგადოების მუდმივი ჭიდილი. ვაჟა მართლაც საქები ოსტატობით გვიხატავს, ცხოვრებისეული სიმძიმეების სიუჟეტურ კავშირებსა და მიზეზ-შედეგობრივობის პრინციპებს. იგი მკაფიოდ უსვამს ხაზს იმას, რომ პიროვნების იდეალურობა მის ინდივიდუალურობაშია, რისი გაგებაც ხშირად საზოგადოებას უჭირს.

მარიამ ჩაჩანიძე – სსიპ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფ. ხიდრის საჯარო სკოლის XI  კლასის მოსწავლე

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები