23 თებერვალი, პარასკევი, 2024

ავთანდილისაგან შერმადინის საუბარი

spot_img

მას შემდეგ, რაც ავთანდილმა როსტევან მეფისაგან უარი მიიღო თხოვნაზე, გაეშვა ტარიელის დასახმარებლად, მან გადაწყვიტა, გაპარულიყო.

წასვლის წინ პირმზე ავთანდილმა თავისი მეგობარი, შერმადინი, მოინახულა და ესაუბრა. უთხრა, რომ ის სწორედ ავთანდილის დასახმარებლად იყო გაჩენილი. ეს დღე იყო მისთვის იმედი მომცემი – „მქებრად ამბისა მათისა ხამს მკითხველი და მსმენელი.“ – მათი ამბის ქების მოსასმენად მკითხველი და მსმენელი არის საჭიროო, – წერს რუსთაველი.

ავთანდილმა შერმადინს გაუმხილა გულის სატკივარი, რომ როსტევანმა არ მისცა ნება, წასულიყო მოყმის სანახავად. იგი წუხდა, რომ მეფე ვერ ხვდებოდა, თუ ვისით ედგა სული ავთანდილს, რომ ტარიელის გარეშე ვერ იცოცხლებდა და უსამართლობად მიაჩნდა მისი უნახაობა. უსამართლო საქმე კი ღვთისგან არავის შერჩენოდა.

ტარიელის შველა მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი. მის უნახავად ავთანდილის გული გამუდმებით ტიროდა, მოთქვამდა, ყველას გაურბოდა, უცხოობდა. იგი ფიქრობდა, რომ ყველა მოღალატე ღმერთის მგმობელი და მატყუარა იყო.

მეგობარმა სამი რამ უნდა გამოავლინოს: პირველი – მოყვასთან ახლოს ყოფნის სურვილი, მასთან სიშორის ვერმოთმენა, საბოძვრის უშურველად გაცემა და მეგობრის დახმარება, მისთვის გარჯა, ველად გაჭრა.

ავთანდილმა, დროის სიმცირის გამო, მოკლედ თქვა თავისი სათქმელი და საქმეზე გადავიდა. მისი მტკივანი გულის წამალი გაპარვა იყო. მან სთხოვა შერმადინს, რომ სანამ მასთან ერთად იყო, მოესმინა და  დანაბარები მტკიცედ შეასრულებინა. დაუბარა, უპირველესად, მომზადებულიყო მეფისათვის სამსახურის გასაწევად, გამოევლინა ვაჟკაცის თვისებები – სიკეთე და დაუზარლობა, ეპატრონა ავთანდილის სახლისთვის,  ხელმძღვანელობა გაეწია მის ჯარისთვის და კვლავ გაეგრძელებინა მისი სამსახური; მოენაპირებინა მისი სამეფოს საზღვრები, კეთილად მოქცეოდა ერთგულებს და დაჰპირდა, რომ, როცა დაბრუნდებოდა, ვალს სიკეთით გადაუხდიდა.

შერმადინს რა ესმა ეს ყოველივე, დამწუხრდა. ცრემლმორეულმა უთხრა პატრონს, რომ არ უშინდებოდა მარტოობას, მაგრამ სთხოვდა, თან წაეყვანა და ემსახურა, რადგან – შენ გარეშე გულზე ბინდი დამეცემა; სად გაგონილა ასე მარტო დადიოდეს ადამიანი უცხო მხარეში, ვის სმენია, რომ პატრონი ყმას ერიდებოდეს ჭირში? ღალატია ასეთი საქციელიო.

ავთანდილი კვლავ არწმუნებდა ყმას, რომ სხვაგვარად მოქცევა არ შეეძლო, შერმადინის სიყვარულში ეჭვი არ ეპარებოდა, თუმცა სხვას ვერავის მიანდობდა მის სამფლობელოს.

– მიჯნური სწორედ მარტო უნდა გაიჭრას ველად, მარტო უნდა ტიროდეს და ვაებდეს  და არ ეცალოს საკუთარ თავზე საზრუნავად. როცა წავალ, ხშირად მომიგონე, მე არ მეშინია მტრების, სანამ ჩემი თავი მე მეკუთვნის და მემორჩილება. ვაჟკაცი ჭირში უნდა გაძლიერდეს და გამხნევდეს, მძულს, როცა კაცს სააუგო საქმე არ ესირცხვილებაო.

ავთანდილი ამბობს, რომ მას სიცოცხლე ბებერ კიტრადაც არ უღირს, მოყვრისათვის სიკვდილი სახალისო გართობად მიაჩნია. რადგან თინათინმა წასვლის ნება მისცა და სატრფოს ტოვებს, რატომღა შეყოვნდება, განა სხვა რისი დათმობა უნდა გაუჭირდეს?!

ავთანდილმა როსტევანისათვის დაწერილი ანდერძი შერმადინს დაუტოვა და დაჰპირდა, რომ ერთგულ ყმას მეფეს შეავედრებდა, რომ მას ისე მოექცეოდა, როგორც ავთანდილის გაზრდილს ეკუთვნოდა.

– თუ მოვკვდები, თავს ნუ მოიკლავ, ბოროტის საქმეს ნუ ჩაიდენო, – დაუბარა ბოლოს ავთანდილმა თავის ერთგულ ყმას.

ნიკოლოზ ყრუაშვილი ვ. კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე

ბლოგი

პროფესიული

მოსაზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

მსგავსი სიახლეები