„CAPTAIN: Science is the Captain”

337

მეცნიერების განვითარების ხელშეწყობის მიზნით ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის „Horizon 2020” მარი სკლოდოვსკა-კიურის მიმართულების კონკურსზე „ევროპელ მკვლევართა ღამე“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ წარდგენილმა პროექტმა „CAPTAIN: Science is the Captain” გაიმარჯვა და  197 500 ევროს  ღირებულების გრანტი მოიპოვა.

პროექტის სახელწოდება – „კაპიტანი: მეცნიერება კაპიტანია“ – ინსპირირებულია ლეონარდო და ვინჩის ცნობილი ციტატით „მეცნიერება კაპიტანია, ხოლო პრაქტიკა – ჯარისკაცები“ („Science is the Captain, and practice the soldiers“). პროექტი, 2020 წლის შემოდგომაზე, საქართველოში, საერთო-ევროპული „მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის“ ჩატარებას გულისხმობს და მისი ამბიციური მიზანია ევროპის კონტინენტზე ევროპული მეცნიერებისა და ინოვაციების ევროპული ტიპის დღესასწაულის გამართვა.

ისტორიაში პირველად, საქართველოს „მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი“ გამოჩნდება, ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და „ჰორიზონტი 2020“ პროგრამის ასოცირებული ქვეყნების მასშტაბით, სინქრონულ რეჟიმში მიმდინარე საფესტივალო ღონისძიებების რუკაზე, ევროკავშირის მიერ „ევროპელ მკვლევართა ღამისთვის“ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე. „ევროპელ მკვლევართა ღამე“ ევროპული მეცნიერებისა და ინოვაციების ფართო მასშტაბის ფესტივალია, რომელიც ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის „Horizon 2020” მარი სკლოდოვსკა-კიურის მიმართულების კონკურსი „ევროპელ მკვლევართა ღამე“ (European Researchers’ Night) ყოველ მეორე წელს ცხადდება და ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და  „Horizon 2020” პროგრამის ასოცირებული ქვეყნების ათეულობით ქალაქში 2005 წლიდან იმართება.

„კაპიტანი: მეცნიერება კაპიტანია“ პროექტის ფარგლებში, 2020 წლის შემოდგომაზე, საქართველოს 6 ქალაქში, ფართომასშტაბიანი ღონისძიებები გაიმართება, რომლებიც სახალისო, გასართობი, კულტურული, სპორტული და, რაც მთავარია, შემეცნებითი აქტივობების ჩატარებას გულისხმობს. პროექტით გათვალისწინებული აქტივობები მულტიდისციპლინური და მრავალდარგობრივია, მოიცავს როგორც სამეცნიერო და ინოვაციურ, ისე მუზეუმების, არქეოლოგიის, ასტრონომიის, მეღვინეობის, საკვებ-ტექნოლოგიების, ფეხბურთის, მწერლობისა და ისტორიის საკითხებს.

პროექტის მიზანია, საზოგადოებამ უკეთ გაიგოს, თუ რა დადებითი ზეგავლენა აქვს მეცნიერ-მკვლევართა საქმიანობას თითოეული მოქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებაზე; უბიძგოს ახალგაზრდებს სამეცნიერო-კვლევითი კარიერის არჩევისკენ; გააძლიეროს მეცნიერის იმიჯი საზოგადოებაში.

პროექტის  „კაპიტანი: მეცნიერება კაპიტანია“  პარტნიორი ორგანიზაციაა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი, განხორციელების პროცესში ჩართული იქნებიან მეცნიერების, განათლების, კულტურისა და სპორტის სფეროში მოღვაწე პირები, ათობით ინსტიტუცია (სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებები, უნივერსიტეტები, სკოლები, მწერალთა სახლი, ფეხბურთის ფედერაცია და ა.შ.).

დატოვეთ კომენტარი