26 აპრილი, პარასკევი, 2024

სკოლებიდან აკრძალული ნივთები ამოიღეს

spot_img

 

მანდატურის სამსახურმა საქართველოს სკოლებიდან, სექტემბრიდან დღემდე, 485 სკოლიდან 853 აკრძალული ნივთი ამოიღო – ცეცხლსასროლი იარაღი, დანა, ბანქო, ასაფეთქებელი ან მომწამვლელი ნივთიერება, კასტეტი, ელექტროშოკი. როგორც ირკვევა, სკოლაში მოსწავლეებს ალკოჰოლიც შეაქვთ.

უფრო ზუსტად კი – „საანგარიშო პერიოდში სკოლიდან 1 ცეცხლსასროლი იარაღი, 56 დანა, 13 ბასრი საგანი, 3 ბლაგვი საგანი, 25 ბანქო, ან სხვა აზარტული საშუალება, 3 ასაფეთქებელი ან მომწამვლელი ნივთიერება, 26 კასტეტი ამოიღეს. ასევე დაფიქსირდა ყურსასმენის გამოყენების 4 ფაქტი, 294 – თამბაქო და სანთებელა (ასანთი), 73 საახალწლო ასაფეთქებელი (პიტარდა), 80 ელექტროსიგარეტი, 1 ელექტროშოკი (ტარება), 33 ნარკოტიკის მოხმარებისთვის საჭირო ნივთი, 21 ალკოჰოლის შეტანის შემთხვევა სკოლის ტერიტორიაზე, 20 სავარაუდო ნარკოტიკის შეტანა.“

მართალია, დღეს მანდატური მოსწავლეს არ ჩხრეკს, მაგრამ, მიღებული საეჭვო ინფორმაციის შემდეგ, მეტალოდეტექტორით ამოწმებს და ზედაპირულ დათვალიერბას ახორციელებს, ამ პროცესს სკოლის დირექციის წარმომადგენელიც ესწრება.

„2019 წლის პირველი თებერვლიდან, საქართველოს მასშტაბით, სკოლებში, ჯამში, 1435 უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერება განხორციელდა. აქედან, თბილისში – 905, ქვემო ქართლში – 152, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 95, იმერეთში – 86, შიდა ქართლში – 71, აჭარაში – 70, სამცხე-ჯავახეთში – 28, მცხეთა-მთიანეთში – 12, კახეთში – 10, გურიაში – 6; გამოვლინდა 66 ათასამდე დარღვევა, მათ შორის, აკრძალული ნივთი 853 შემთხვევაში ამოიღეს.“

როგორც 51-ე სკოლის ყოფილი დირექტორი დავით ლაგვილავა აცხადებს, ამ შემაშფოთებელი სტატისტიკის მიუხედავად, ვითარება სკოლებში ბევრად უფრო საგანგაშოა. დირექტორები ხშირად საეჭვო გარემოებებს მალავენ, რადგან სკოლებში უსაფრთხო გარემოს შექმნა, პირველ რიგში, მათი პასუხისმგებლობაა.

შსს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი ამბობს, რომ ყველა ის ფაქტი, რომელიც სასწავლო დაწესებულებებში ნარკოტიკის, ალკოჰოლისა და ცეცხლსასროლი იარაღის შეტანას უკავშირდება, სწორედ ძალოვანი უწყების მიერ არის გამოვლენილი და სტატისტიკა, წინა წელთან შედარებით, გაზრდილი არ არის. მინისტრის მოადგილე შს სამინისტროს და მანდატურის სამსახურის კოორდინირებულ მუშაობაზე მიუთითებს და პირობას დებს, რომ პასუხისმგებლობა დაეკისრება ყველას, ვისი დანაშაულიც სკოლებში არსებული კრიტიკული მდგომარეობის გამო გამოიკვეთება.

„ეს მონაცემები დასტურია იმისა, რომ მანდატურის სამსახური, კანონის ამოქმედების შემდეგ, ეფექტურად მუშაობს, ახდენს შესაბამისი დარღვევების გამოვლენას და იქ, სადაც დანაშაულის ნიშნები იკვეთება, აწვდის ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს. ჩვენი ამოცანა რაც იყო, რომ გაგვეზარდა კოორდინაცია პოლიციასა და მანდატურის სამსახურს შორის, ეს მიზანი მიღწეულია. დღეს კოორდინაცია არსებობს და დანაშაულის ყველა ფაქტზე პოლიცია ეფექტურად რეაგირებს,“ – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წლის 17 სექტემბრიდან 2019 წლის აპრილამდე, საჯარო სკოლებში პოლიცია 374 შემთხვევაში გამოიძახეს. სკოლებში, სადაც საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურია წარმოდგენილი, მოზარდებს შორის 2 396 კონფლიქტური სიტუაცია (სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა) მოხდა. საჯარო სკოლებში ჯამში 66 ათასამდე დარღვევა გამოვლინდა, აქედან 64 780 შემთხვევაში – დისციპლინური დარღვევა.

ყველაზე საგანგაშო, ალბათ, ის არის, რომ აკრძალული ნივთების გარდა, შემოწმებისას, მოსწავლეებს ნარკოტიკიც აღმოუჩინეს, ასეთი 20 შემთხვევა დაფიქსირდა.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები