26 აპრილი, პარასკევი, 2024

საქმეში ჩადებული სიყვარული

spot_img

თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის 23-ე საჯარო სკოლას არაერთი პედაგოგი ჰყოლია და ჰყავს, ვისითაც შეუძლია იამაყოს. მათ გამოზარდეს თაობები. ისინი თავდაუზოგავად შრომობდნენ ყინვასა თუ სიცხეში, უშუქობასა თუ აჭირვებაში და იბრძოდნენ მოსწავლეთა განვითარებისა და სრულყოფისათვის. მიუღიათ არაერთი ჯილდო და დამსახურება.

მინდა თქვენი ყურადღება თამაზ ყაჭეიშვილზე შევაჩერო. ბატონი თამაზი ფიზიკური აღზრდისა და სპორტის პედაგოგია. იგი თითქმის ხუთი ათეული წელი ემსახურა განათლების სისტემას, კერძოდ 23-ე სკოლას. სულ პატარა ბიჭი იყო, როდესაც სკოლაში სამუშაოდ მივიდა, გამოუცდელი, ანთებული თვალებით და ბავშვების სიყვარულით სავსე. ზრდიდა თაობებს: შვილებს, მათ შვილებს და, თქვენ წარმოიდგინეთ, შვილიშვილებსაც კი.

დიდია მისი როლი 23-ე სკოლის სპორტის საგნის განვითარებაში, წლიდან წლამდე, აყალიბებდა გუნდებს სპორტის სხვადასხვა სახეობებში და შემდეგ გაჰყავდა სასკოლო ოლიმპიადებსა თუ შეჯიბრებებზე. ის სულსა და გულს დებდა მათ მომზადებაში და ყოველთვის საპრიზო ადგილით ბრუნდებოდა. არაერთხელ გამიგია შეჯიბრებებზე: – აუფ, 23-ე სკოლა მოდის, დაგვანგრევს ეხლა და წავაო.

მეც ბატონი თამაზის გაზრდილი თაობიდან ვარ და არა მარტო გაზრდილი, აღზრდილიც. ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ მე და თამაზ მასწავლებელი, რომელიც ფიზიკურ აღზრდასა და სპორტს მასწავლიდა, კოლეგები გავხდებოდით. 10 წელი მომიწია მის გარემოცვაში მუშაობა. ეს იყო საუკეთესო წლები. მან მასწავლა მოთმინება, გამძლეობა, ბავშვებთან ურთიერთობა, თანამშრომლობა ჩვენს საქმიანობაში, რადგან ძალიან რთულია პედაგოგის პროფესია. ბევრჯერ გამოუცდელს, ატირებულსა და გაბრაზებულს, გაკვეთილიდან გამოსულს ცხარე ცრემლით მიტირია, თამაზ მასწავლებლის ერთი ღიმილიანი სიტყვა წამალივით მერგებოდა და მამშვიდებდა. დღეს რომ მე შემდგარი სპორტის პედაგოგი ვარ და ვამაყობ ამით, ეს ბატონი თამაზის დიდი დამსახურებაა.

რამდენიმე წლის წინ, თამაზ ყაჭეიშვილი აღიარეს საქართველოში ყველაზე მხცოვან სპორტის პედაგოგად და საპატიო სიგელით დააჯილდოვეს სამინისტროს წარმომადგენლებმა. თუმცა, არავის ეჯერა მისი ასაკი. მთავარი ჯილდო თამაზ მასწავლებლისთვის მოსწავლეთა სიყვარული და პატივისცემაა.

ორი წლის წინ, ბატონმა თამაზმა სასკოლო მოღვაწეობა დაასრულა და სახლში დაბრუნდა, სადაც უსაყვარლესი შვილიშვილები ელოდნენ. გადმოგვაბარა 23-ე სკოლის სპორტული მუშაობა, მიხედეთო, თქვენი იმედი მაქვსო.

თამაზ მასწავლებელო, არ ინერვიულოთ, გავაგრძელებთ ღირსეულად თქვენს საქმიანობას, მივხედავთ და პირობას გაძლევთ – 23-ე სკოლა კიდევ მრავალჯერ იამაყებს თავისი მოსწავლეებით და არაერთხელ დაიმსახურებს საპრიზო ადგილს სპორტულ ოლიმპიადებზე.

რამდენიმე დღის წინ თამაზ ყაჭეიშვილს 75 წელი შეუსრულდა. მინდა საჯაროდ, ყველას გასაგონად მივულოცო მას დაბადების დღე, იუბილე და დიდხანს სიცოცხლე, დღეგრძელობა და ჯანმრთელობა ვუსურვო. თამაზ მასწავლებელო, გილოცავთ, გილოცავთ, გილოცავთ !!!

მარინე ჯინჭარაძე

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები