26 აპრილი, პარასკევი, 2024

ვინ უნდა იყვნენ ძირითადი მოთამაშეები?

spot_img

„დუმილი ვერ შობს პროგრესს.“

ჰილარი კლინტონი

∴ ∴ ∴

დღეისათვის ცხადია, რომ სკოლებზე გადანაწილებულია გადაწყვეტილებების მიღების უფლებამოსილებანი საკმაოდ მეორეხარისხოვან საკითხებთან დაკავშირებით და ამ ყოველივეს უწოდებენ დ ე ც ე ნ ტ რ ა ლ ი ზ ა ც ი ა ს. მეგობრებო, ეს არ არის ნამდვილი დეცენტრალიზაცია. აი, ნამდვილი დეცენტრალიზაციის განსაზღვრება: მნიშვნელოვან საკითხებზე, ამასთან, მრავალ მნიშვნელოვან საკითხზე მართვის დაბალი საფეხურებისათვის გადაწყვეტილებების მიღებისა და რეფორმების დაგეგმვის უფლებამოსილებათა გადანაწილება.

თანამედროვე მსოფლიოს ცივილურ, განვითარებულ ნაწილში დეცენტრალიზაციის პროცესი, უკვე რამდენიმე ათწლეულია, დასრულებულია საზოგადოებრივი ცხოვრების მრავალ სფეროში, საქართველოში კი მხოლოდ ყური მოგვიკრავს ამ ტერმინისთვის, განხორციელებასა და დანერგვას ვინ ჩივის.

მეგობრებო, ჩვენ ყველას უნდა გვქონდეს საერთო განცდა: „ეს ჯერ ჩემი სამშობლოა და მერე თქვენი“, რაც იმას ნიშნავს, რომ, პირველ რიგში, ჩვენ უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის ბედზე და არ უნდა გვქონდეს მოლოდინი, რომ სხვები გააკეთებენ ქვეყნის საქმეებს, რომ სხვებმა უნდა გააკეთონ. გავიხსენოთ რას წერდა არისტოტელე, რომ ადამიანი პოლიტიკური არსებაა და ის აქტიურად უნდა იყოს ჩართული საზოგადოებისა და ქვეყნის პრობლემათა გადაჭრის საქმეში.

მხედველობაში მაქვს ის, რომ დირექტორებმა და მასწავლებლებმა მეტი ვთქვათ და მეტი ვიმოქმედოთ განათლების სფეროში მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. არა? მომდევნო ათწლეულებში ჩვენ გვემუქრება ეკონომიკური ზრდის დაბალი ტემპები (2-5%), სიღარიბის მაღალი მაჩვენებელი, გლობალურ გარემოში არაკონკურენტუნარიანი ადამიანური რესურსები (რაც ეკონომიკის განვითარების უმთავრესი ფაქტორია), უცხოური პროდუქციით გადავსებული შიდა ბაზარი, დაბალი ხარისხის დემოკრატია, ადამიანის უფლებათა დაცვის დაბალი ინდექსი, დანაშაულებათა მაღალი მაჩვენებელი, არაჰუმანისტური ადამიანური ურთიერთობები… შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ სოკრატეს დროიდან ამბობდნენ განმანათლებლები, რომ განათლება განსაზღვრავს საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროს მდგომარეობას. სწორედ ამიტომ ამბობდა ახალ დროში ფ. ბეკონი: „ცოდნა ძალაა. ადამიანს იმდენი შეუძლია, რამდენიც მან იცის“.

∴ ∴ ∴

პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ დეცენტრალიზაცია არის ერთ-ერთი ყველაზე ნამდვილი, ეფექტური გამოსავალი შექმნილი არასახარბიელო მდგომარეობიდან (როგორც ვიცით, საერთაშორისო რეიტინგის მიხედვით, ზოგადი განათლების უმთავრესი მაჩვენებლების მიხედვით, ბოლო ადგილებზე ვართ). დეცენტრალიზაციის პირობებში საკუთრივ სკოლები – დირექცია, მასწავლებლები, მშობლები, მოსწავლეები – შექმნიან თავიანთი სკოლების განვითარების, რეფორმების კონცეფციას, ხოლო განათლების სამინისტრომ და ექსპერტებმა ის ან უნდა დაამტკიცონ, ან უარყონ. გავიხსენოთ როგორ ხდება იდეების გენერირება ძლიერ კომპანიებში. იდეების მნიშვნელოვანი ნაწილი მოდის საკუთრივ მაღაზიების კონსულტანტებისგან, ვინაიდან უშუალო შეხება სწორედ მათ აქვთ მომხმარებლებთან და სწორედ ისინი იცნობენ ყველაზე უკეთ მომხმარებლის საჭიროებებსა და მოთხოვნილებებს და შესაბამისად, მათ ძალიან კარგად იციან თუ როგორი სამომხმარებლო თვისებები უნდა ჰქონდეს კომპანიის პროდუქტს.

განათლების სამინისტრო კი, როდესაც თვითონ გეგმავს რეფორმებს, ამით ირიბად ეუბნება სასკოლო საზოგადოებას, რომ თქვენ მწირი ინტელექტი გაქვთ და თქვენს მიერ დაგეგმილი რეფორმები ვერაფერი იქნებაო. მე კი თითქმის თხუთმეტწლიანი პრაქტიკა მიჩვენებს, რომ აქ, სკოლებში საკმარისად დიდი ინტელექტუალური კაპიტალია და მეტიც, დავარღვევ თავმდაბლობის ეთიკურ პრინციპს და გეტყვით, რომ სკოლის პერსონალს იქნებ უკეთესი რეფორმების ინიცირება შეუძლია, ვიდრე სამინისტროს ტოპ-მენეჯმენტსა და განათლების ექსპერტებს.

∴ ∴ ∴

აი, რა მიმართულებებით უნდა გადაეცეთ სკოლებს რეფორმების განხორციელების

უფლებები:

1) მასწავლებელთა პროფესიული განვითარება სკოლის ბაზაზე;

2) რა პროპორციით ვასწავლოთ არჩევითი და სავალდებულო საგნები;

3) რა საგნები ვასწავლოთ;

4) რომელი ასაკიდან ვასწავლოთ არჩევითი საგნები;

5) რა ვასწავლოთ XI-XII კლასებში და რა ხანგრძლივობით;

6) რომელი საგნები უნდა იყოს მოკლევადიანი, საშუალოვადიანი და გრძელვადიანი სწავლების;

7) მასწავლებლებისა და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის მოტივაცია;

8) როგორი უნდა იყოს ორგანიზაციული და მართვის სტრუქტურა (ანუ საშტატო განრიგი).

მეტიც, სკოლას უნდა ჰქონდეს უფლება, ნებისმიერ საკითხზე წარუდგინოს განათლების სამინისტროს თავისი ინიციატივები, მაგალითად, იმის შესახებ: გაცდენების რა რაოდენობის შემთხვევაში მოუწევს მოსწავლეს ექსტერნატის ფორმით გამოცდის ჩაბარება მომდევნო კლასში გადასასვლელად ან სჭირდება თუ არა კლასის დამრიგებლები მაშინ, როდესაც სკოლას ჰყავს ფსიქოლოგი, მანდატური და საქმის მწარმოებელი; განმავითარებელი შეფასებებით შემოვიფარგლოთ თუ ორივე სახის შეფასებით ვისარგებლოთ ან განმსაზღვრელ შეფასებას ჰქონდეს თუ არა ოფიციალური სტატუსი და ა.შ.

დეცენტრალიზაცია გამოიწვევს სკოლების გამოღვიძებას. მალე გაჩნდება აურაცხელი ინიციატივა თითქმის ყველა სკოლისგან, ამასთან, სკოლები ერთმანეთს გაუზიარებენ თავიანთ შეხედულებებს, ერთი სკოლა რომ შედეგებს მიაღწევს, სხვებიც აიღებენ მისგან მაგალითს და ამ სინამდვილესა და ურთიერთქმედებებში ბევრი რამ დაიხვეწება და პროგრესიც მალე გახდება თვალშისაცემი.

დავით ნაჭყებია

სსიპ მარტვილის მუნიციპალიტეტის დიდი ჭყონის №1 საჯარო სკოლის დირექტორი

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები