27 აპრილი, შაბათი, 2024

ეფექტური კომუნიკაციის ხელისშემშლელი ფაქტორები მასწავლებელსა და მშობელს შორის

spot_img

ნინო წილოსანი

სსიპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბანოჯის საჯარო სკოლის მათემატიკის წამყვანი მასწავლებელი

ეფექტური კომუნიკაცია საწინდარია იმისა, რომ ჩამოყალიბდეს ჯანსაღი თანამშრომლობითი კულტურა მასწავლებელსა და მშობელს შორის. სწორედ ამიტომ ჩემს წერილში აღწერილია ის რეკომენდაციები და აქტივობები, რომლებიც დახმარებას გაგვიწევს სასკოლო საზოგადოებასთან ეფექტური კომუნიკაციის დამყარებაში. თემის დამუშავება გადავწყვიტე საკუთარ გამოცდილებასა და დაკვირვებაზე დაყრდნობით, თუ როგორ იყვნენ ჩართული მშობლები სასკოლო ცხოვრებაში. გავეცანი სხვადასხვა სამეცნიერო ლიტერატურას, გავითვალისწინე ჩემი კოლეგებისა და სხვათა გამოცდილება. ჩემი მიზანია, ყოველივე ზემოაღნიშნული სკოლასი სწავლა სწავლების ხარისხის ასამაღლებლად გამოვიყენო.

21-ე საუკუნ ცხოვრებისეულმა სინამდვილემ გამოიწვია გარკვეული სოციალური ცვლილებები, რის შედეგადაც ბავშვთა გარკვეული ნაწილი ბებიებთან და ბაბუებთან იზრდება, რადგან მათი მშობლები საზღვარგარეთ არიან დასაქმებული, რაც პირდაპირ აისახება მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების ხარისხსა და ქცევაზე. მეტად რთულია ასეთ პირობებში შედგეს მოსწავლისა და მასწავლებლის ჯანსაღი ურთიერთობა და გულწრფელი, კეთილგანწყობილი, ნდობით გაჯერებული ატმოსფერო ჩამოყალიბდეს. მასწავლებელი კარგად უნდა იცნობდეს თითოეულ მოსწავლეს პიროვნულად, მისი საჭიროებებისა და ინტერესების გათვალისწინებით. ასევე, უნდა შეეძლოს მოსწავლის დარწმუნება საკუთარ შესაძლებლობებსა და უნიკალურობაში. მასწავლებლისთვის მეტად მნიშვნელოვანია, დაინტერესდეს მოსწავლის სასწავლო, ემოციური და სოციალური პრობლემებით, ამავდროულად, არ არის სასურველი ზედმეტი ჩაძიება. მოსწავლეზე ინფორმაციის მოძიება მას სხვადასხვა გზით შეუძლია, მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და უპირატესია მშობლებთან თანამშრომლობა და კომუნიკაცია.

ვფიქრობ, მშობლისა და მასწავლებლის თანამშრომლობითი ურთიერთობა გააუმჯობესებს:

♦  სწავლების აკადემიურ ხარისხს. რა თქმა უნდა, როცა ბავშვებს ეცოდინებათ, რომ მათი მშობლები აქტიურად არიან ჩართული სასწავლო პროცესში, ეს დადებითად იმოქმედებს მათ ქცევაზე, რაც მოტივაციის ამაღლებას გამოიწვევს;

♦  ხელს შეუწყობს მოსწავლეთა აკადემიურ წარმატებებს;

♦  მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ თვითშეფასების უნარი, რაც იმას ნიშნავს, რომ აუმაღლდებათ საკუთარი თავის რწმენა. შიშისა და ემოციების გარეშე შეიძენენ მეგობრებს და შეძლებენ წამოჭრილი პრობლემების გადაჭრას.

სწორედ ამიტომ ბანოჯის საჯარო სკოლაში ყველა მასწავლებლის ვალია, დაეხმაროს მოსწავლეებს თვითშეფასების უნარის გამომუშავებაში, რადგანაც ეს არის სწორედ წარმატებული ცხოვრების სოლიდური ფუნდამენტი.

სკოლის მასწავლებლების მხრიდან დიდი ძალისხმევა და ენერგია დასჭირდა მშობლებთან წარმატებული კომუნიკაციის განვითარებას. მასწავლებელსა და მშობელს შორის უკვე დადებითი განწყობა და ურთიერთგაგებაა, შემდეგი მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკვე ნდობის ჩამოყალიბებისათვის გადაიდგა. ნდობის ჩამოყალიბება, პირველ რიგში, წარმოადგენს პროცესს, რომელიც მუდმივი, დინამიკური და, საჭიროების შემთხვევაში, ცვალებადიცაა.

დადებითი შედეგის მისაღწევად, ნდობის ჩამიყალიბების პროცესში, აუცილებელია მასწავლებლებმა არა მხოლოდ მოსწავლისა და მშობლის სავალი გზები დავინახოთ, არამედ მათთან ერთად გარკვეული მანძილი მაინც უნდა გავიაროთ, რადგან ნდობა გავლენის მოპოვების საწინდარია. მშობლები უფრო აქტიურად უნდა ჩავაბათ სასკოლო ცხოვრების ფერხულში. ამასთან ერთად, მეტად მნიშვნელოვანი და ეფექტური ფორმაა მშობლებთან პირისპირ საუბარი, ვინაიდან ეს საფუძვლად ედება ერთობლივ მუშაობას საერთო მიზნის მისაღწევად.

ვფიქრობ, მშობლებთან შეხვედრის წარმატებულად წარმართვისთვის მიზანშეწონილია რამდენიმე წესის დაცვა:

♦  მეტად მნიშვნელოვანია მშობელმა იგრძნოს, რომ მასწავლებელი მასთან შესახვედრად ემზადება;

♦  მასწავლებელმა დიდი ყურადღება უნდა მიაქციოს, რომ პირველი კონტაქტი უსიამოვნო არ იყოს. ყოველთვის სასურველია, მშობელი მოვარიდოთ ნეგატიურ სიტუაციას;

♦  განსაკუთრებით საყურადღებოა მშობლის აზრის გათვალისწინება, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს აზრი მასწავლებლის შეხედულებისაგან განსხვავდება. ასეთ სიტუაციაში მასწავლებელმა უნდა აკონტროლოს ტონი, წარმოთქმული ფრაზა და ა.შ.

აღნიშნული პრობლემები ჩემს პრაქტიკაშიც მქონია და ნაცვლად იმისა, რომ პირდაპირ მომეხვია ჩემი აზრი მშობლისათვის, საუბარი დამიწყია თანაგრძნობით. მაგ.: „მე კარგად მესმის თქვენი; იქნებ გეფიქრათ ამგვარ ვერსიაზეც…“ თუმცა, არის შემთხვევები, როდესაც ვერ ვახერხებთ, რომ მშობელი სრულად ავარიდოთ ნეგატიურ სიტუაციას. ასეთი შემთხვევისთვის კი, მასწავლებელი სათანადოდ უნდა მოემზადოს და არ უნდა დაავიწყდეს, მისი მიზანია, რომ მასწავლებელსა და მშობელს შორის ნდობა და კეთილგანწყობილი დამოკიდებულება გაჩნდეს.

მშობლებთან ურთიერთობის ჯანსაღად წარმართვაში დამეხმარა სხვადასხვა სტრატეგიები, რომლებზე დაყრდნობითაც, შემიძლია რამდენიმე რჩევა შემოგთავაზოთ, რომლებიც ხშირად გამომიყენებია ჩემს პრაქტიკაში და საასურველი შედეგიც მიმიღია:

  1. თითოეული მშობლისთვის შვილის შესახებ მისაწოდებელი კონკრეტული და ობიექტური ინფორმაცია აღვრიცხოთ წინასწარ, დადებითიც და უარყოფითიც. მაგალითად:

♦  ყოველი შემაწუხებელი და უჩვეულო ქცევა;

♦  ნიშნები და გაცდენები;

♦  მოსწავლის მშობელთან კომუნიკაციის შემთხვევები.

  1. განსაკუთრებით რთული მოსწავლის შემთხვევაში, აუცილებლად აღვრიცხოთ ყველა ის მითითება ან რჩვევა, რაც მასთან დაკავშირებით სკოლის ადმინისტრაციამ მოგვცა.
  2. იმ შემთხვევაში, როცა შეხვედრა საკმაოდ კონფლიქტურ მშობელთან გვიწევს, სასურველია, შეხვედრაზე მესამე პირი დავისწროთ. მაგალითად, სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელი, რომელიც მოსალოდნელი შეხვედრის შესახებ წინასწარ უნდა ჩავაყენოთ საქმის კურსში.
  3. აუცილებელია, მშობელთან შვილის შესახებ საუბარი პოზიტიური ინფორმაციით დავიწყოთ და ყოველი შეხვედრა ჰარმონიული განწყობით დავამთავროთ.
  4. მშობელს ვაგრძნობინოთ ასერტიულობა (უნარი, გამოვხატო და დავიცვა საკუთარი გრძნობები და უფლებები ისე, რომ არ დავარღვიო სხვების უფლებები) და ემპათია (თანაგრძნობის უნარი).
  5. მზად ვიყოთ იმისთვის, რომ მშობელს მოვუსმნოთ ყურადღებით * მივცეთ მას სიბრაზისა და იმედგაცრუების გამოხატვის საშუალება. სანამ პასუხს გავცემთ და ჩვენს აზრს გამოვთქვამთ, დავრწმუნდეთ, რომ პრობლემა მშობლის პოზიციიდან გავიაზრეთ და სწორად გავიგეთ.
  6. მეტად მნიშვნელოვანია შევინარჩუნოთ სიმშვიდე და წონასწორობა * პრობლემის მოგვარებას ყოველთვის უკეთ შევძლებთ მშვიდი და თავაზიანი ფორმით.
  7. მოსწავლეთა არასასურველი ქმედების ხსენებისას ყოველთვის ვაკონტროლოთ ჩვენი კომენტარები, რათა მშობელმა რაც შეიძლება ნაკლებად მტკივნეულად აღიქვას.
  8. იმ შემთხვევაში, თუ საქმე გვაქვს პრობლემასთან, ვეცადოთ მის მოგვარებას მშობელთან ერთად. ასევე მნიშვნელოვანია, მშობელს ვკითხოთ რჩევა და გამოვთქვათ ჩვენი მოსაზრებები, რომლებიც მოსწავლის ძლიერი მხარეების გამოყენებაზე იქნება ფოკუსირებული. არ დაგვავიწყდეს წავახალისოთ მშობლის ჩართულობა საკითხის მოგვარებაში.
  9. მნიშვნელოვანია ვაწარმოოთ მშობლებთან შეხვედრის ჩანაწერები. წერილობით დავაფიქსიროთ შეხვედრის მონაწილეების პოზიციები და ვალდებულებები (რაზე შევთანხმდით და სიტუაციის გაუმჯობესებაში ვის რა როლი დაეკისრა). შეთანხმება და თანამშრომლობისადმი მზაობა ხელმოწერით დავადსტუროთ.
  10. ასევე საყურადღებოა გავაკეთოთ მშობლის კრიტიკული შენიშვნების ანალიზი. მასწავლებელს უნდა შეეძლოს მისი მისამართით მშობლის მიერ გამოთქმული შენიშვნების მიღება და, საჭიროების შემთხვევაში, გათვალისწინება. აუცილებელია ასეთი მშობლის მიმართ კეთილგანწყობილი დამოკიდებულების შენარჩუნება. მასწავლებელს უნდა შეეძლოს, ეს შენიშვნები გამოიყენოს პედაგოგიური მიზნისა და პროფესიული წინსვლისათვის. რა თქმა უნდა, გარკვეულ უთანხმოებას გამოიწვევს სიტუაცია, როდესაც მასწავლებელი მზად არაა მოისმინოს მშობლის პრეტენზია და სწორად მიიღოს მისი კრიტიკა.

მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ მშობლები გაერთიანებულნი არიან სკოლის სამეურვეო საბჭოში, რომელიც სკოლის თვითმმართველობის უმაღლესი არჩევითი ორგანოა. ვფიქრობ, ყველა სკოლაში მოიძებნება მეტად აქტიური და ენერგიული მშობელი, რომელთანაც მასწავლებლის მხრიდან ჯანსაღი მუშაობა და ეფექტური კომუნიკაციის დამყარება, აუცილებლად შედეგიანი აღმოჩნდება. ასეთ შემთხვევაში, მშობლებმა შეიძლება აქტიური როლი ითამაშონ საერთო სასკოლო პრობლემის გადაწყვეტაში, საჭირო რესურსების მოძიებაში. ყოველივე ეს კი, წინაპირობაა იმისა, რომ გაუმჯობესდეს მოსწავლეთა აკადემიური შესაძლებლობები და დამოკიდებულებები. მოგეხსენებათ, განათლება არის პროცესი, რომელიც ერთად კრავს ,,დიდ სამკუთხედს’’ – მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მშობლებს, როდესაც სამკუთხედის წვეროები და გვერდები ერთმანეთის მდგენელია, სამკუთხედი არ დაიშლება, ამიტომაც არის სამკუთხედი პირადად ჩემთვის სკოლის სიძლიერის სიმბოლო. ამიტომაც ვთანამშრომლობ მშობლებთან ვისმენ და ვითვალისწინებ მათ მოსაზრებებს. მოსწავლეც ხალისითაა ჩართული სასკოლო ცხოვრებაში, როცა მისი მშობელი „მეგობრობს“ მასწავლებელთან.

ჩემი მიზანია, თემაში განხილული რჩევები საფუძველი გახდეს მასწავლებლებისთვის მშობელთან ჯანსაღი და ეფექტური კომუნიკაციის დასამყარებლად.

 

Interrupting Factors for Effective Communication Between a Teacher and a Pupil’s Parent

 

Momoza Chogovadze          LLEP Tskaltubo Municipality, Village Kvitiri Public School

A Leading Mathematics Teacher

Telephone: 595 50 82 83

E-mail: chogovadzemimoza@gmail.com

This work includes those recommendations and activities of the effective communication that provide effective communication between a teacher and a pupil’s parent. Working on this topic was preceded by the observation on the participation of my pupils’ parents in the learning process during the current academic year. I decided to get acquainted with various scientific literature, to use the experience of my colleagues and others, to share their advice and implement them in my practice my own way. I hope that by taking all this into account I will achieve my aim and improve the parents’ involvement in the learning process. And the main condition for this, I think, is the effective communication between a parent and a teacher, that is quite hard to reach.

 

ლიტერატურა:

  1. მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის გზამკვლევი – I ნაწილი – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი, 2015წ.
  2. ჯეკი თერნბული – პრაქტიკული გზამკვლევი პროფესიული წარმატებისთვის – პროფესიონალი მასწავლებლის 9 მახასიათებელი.
  3. ნანა დალაქიშვილი – თვითშეფასების გავლენა მოსწავლეთა წარმატებებზე – ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასებისცენტრი,2009წ.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები