27 აპრილი, შაბათი, 2024

აბიტურიენტს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა გამოცდების ჩაბარების შესაძლებლობა ექნება

spot_img

 

 უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ერთობლივი მუშაობის შედეგად, აბიტურიენტი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, 2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებს არ გამოეთიშება და მას დარჩენილი ერთი საგნის ჩაბარების შესაძლებლობა მიეცემა.

აღნიშნული აბიტურიენტისთვის უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი საგამოცდო გარემო იმ სივრცეში, სადაც  ინფიცირებული პაციენტი მკურნალობის კურსს გადის. გამოცდა ჩატარდება ექიმებისა და გამოცდების ცენტრის წარმომადგენლების მეთვალყურეობის ქვეშ.

კოვიდ-ინფიცირებული აბიტურიენტისთვის დარჩენილი გამოცდის ჩაბარების შესაძლებლობის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შესაბამის უწყებებთან კოორდინაციით, ექიმების რეკომენდაციების საფუძველზე და პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით იქნა მიღებული.

მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ აღნიშნული აბიტურიენტი ერთ-ერთი წარჩინებული მოსწავლეა და საბჭოზე გადაწყდა, მკურნალობის პირობებში ჩააბაროს დარჩენილი გამოცდა, რათა არ დაკარგოს ერთი წელი,

მიმდინარეობს გამოცდები. აბიტურიენტები და მათი მშობლები საკმაოდ დაძაბული არიან ამ პერიოდში, მიუხედავად იმისა, რომ განათლების სამინისტრო ინფექციისა და საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, საკმაოდ კომფორტულ პირობებს უქმნის აბიტურიენტებს.

მოგეხსენებათ, გვქონდა ერთი შემთხვევა, როდესაც ერთერთი აბიტურიენტი გამოცდების ჩაბარების დროს აღმოჩნდა ინფიცირებული და დღეს მკურნალობს. რა თქმა უნდა, მის ჯანმრთელობას არაფერი ემუქრება, მაგრამ ჩვენ გავერკვიეთ და ეს არის ერთერთი წარჩინებული მოსწავლე, რომელსაც დარჩა ერთი გამოცდა და საბჭოზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ანა ამ დარჩენილ ერთ გამოცდას ჩააბარებს, ოღონდ მკურნალობის პირობებში. ეს არის შეთანხმებული როგორც ეპიდემიოლოგებთან, ასევე ექიმებთან და განათლების სამინისტრო თავისი გამოცდით მივა აბიტურიენტთან იმისთვის, რომ მან არ დაკარგოს ერთი წელი და შეეძლოს, გააგრძელოს სწავლა, როგორც წარჩინებულმა სტუდენტმა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

♦♦♦

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ აბიტურიენტს კორონავირუსი ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის ჩაბარების შემდეგ დაუდასტურდა. ინფიცირებულის ყველა კონტაქტის იდენტიფიცირება მყისიერად მოხდა. მასთან ერთად საგამოცდო ოთახში მყოფი ცხრავე აბიტურიენტი საკარანტინე სივრცეში განთავსდა. მათ ყოველი გამოცდის წინ უტარდებით PCR ტესტი და საგნებს აბარებენ სპეციალურად გამოყოფილ საგამოცდო სივრცეში.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები