თამარ მახარაშვილი
სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი
2020-ის მთავარი მიღწევები
უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით:
✔ დაიგეგმა და განხორციელდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტთა კორპუსის ატესტაცია. ატესტაციის შედეგად, ექსპერტთა კორპუსის წევრებმა გაიარეს ატესტაციის პროცედურები, რომელმაც შესაძლებლობა მისცა საატესტაციო კომისიას, ყოველმხრივ და სიღრმისეულად შეეფასებინა ექსპერტთა კორპუსში მყოფი პირების კომპეტენცია, უნარები და ეთიკური დამოკიდებულებები.
✔ უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტთა კორპუსს დაემატნენ უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ექსპერტები, რომელთა შერჩევაც საჯარო და ღია კონკურსის საფუძველზე განხორციელდა. აღნიშნული პირები, დარგის ექსპერტებთან ერთად, განახორციელებენ საგანმანათლებლო პროგრამების შეფასებას და ძირითადად ორიენტირებულები იქნებიან საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისობაზე უმაღლესი განათლების სისტემაში მოქმედ სამართლებრივ რეგულაციებთან.
✔ ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტებისთვის ჩატარდა არაერთი სამუშაო შეხვედრა და ტრენინგი; მუდმივად ხორციელდებოდა ექსპერტთა კორპუსების განახლება. ამ მიზნით, საჯაროდ გამოცხადდა კონკურსი სტუდენტი ექსპერტების შერჩევის მიზნით. ამასთან, ექსპერტთა, მათ შორის საერთაშორისო ექსპერტების პროფესიული განვითარების და საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის უკეთ გაცნობის მიზნით, მომზადდა ვიდეორგოლები შემდეგ საკითხებზე: ავტორიზაციის და აკრედიტაციის სტანდარტები და პროცედურები, უმაღლესი განათლების სისტემა; ექსპერტთა საქმიანობის წესი და ეთიკის კოდექსი. ასევე, განხორციელდა ექსპერტთა საქმიანობის შეფასების ინსტრუმენტების მნიშვნელოვანი განახლება, რომელიც იძლევა ექსპერტების საქმიანობის უფრო დეტალური და სრულყოფილი შეფასების განხორციელების შესაძლებლობას. მოხდა შეფასების შედეგების შესახებ მომზადებული ანგარიშის ექსპერტებისთვის გაცნობა და მათთან ერთად დაიგეგმა მათი საქმიანობის გაუმჯობესებისთვის შემდგომი აქტივობები.
✔ უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) მიერ შემუშავებული რეკომენდაციების გათვალისწინების მიზნით, დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით, მომზადდა სამუშაო ჯგუფი, რომელმაც შეიმუშავა კონკრეტული წინადადებები ავტორიზაციისა და აკრედიტაციის დებულებებში შესატანი ცვლილებების თაობაზე. მომზადებულია შესაბამისი პროექტები, რომლებიც უკვე გაიგზავნა ყველა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში უკუკავშირის მისაღებად.
✔ განახლდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის და უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის თვითშეფასების ფორმები. აღნიშნული ცვლილებებით მნიშვნელოვნად შემცირდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ცენტრში საავტორიზაციოდ ან სააკრედიტაციოდ წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა.
✔ შემუშავდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ავტორიზაციის ან აკრედიტაციის მინიჭებიდან 3 წლის თავზე წარმოსადგენი თვითშეფასების ანგარიშის ფორმები და განისაზღვრა აღნიშნული ანგარიშების წარმოდგენის კონკრეტული პერიოდები. ასევე, შემუშავდა: სააპელაციო და სხვადასხვა სახის საჩივრების წარმოდგენისა და განხილვის მეთოდოლოგია, რაც განთავსებულია ცენტრის ვებგვერდზე.
✔ ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარებისა და სასწავლო პროცესის დისტანციურ ფორმატში გადატანის გათვალისწინებით, ინსტიტუციებისათვის მომზადდა გზამკვლევი ელექტრონული სწავლების ხარისხის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. ცენტრის ვებგვერდს დაემატა ახალი კატეგორიის „მხარდაჭერა COVID-19” პირობებში, რომელიც აერთიანებს რჩევებს და სასარგებლო რესურსებს ელექტრონული სწავლების ხარისხის უზრუნველყოფასთან მიმართებით. ასევე, საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, მომზადდა კონკრეტული წინადადებები და რეკომენდაციები თუ როგორ უნდა უზრუნველყონ უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა დისტანციური ფორმით განხორციელებულ სასწავლო/სამეცნიერო კომპონენტებზე ხარისხის შეფასება.
✔ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მხარდაჭერის მიზნით, წლის დასაწყისში, ცენტრმა გააგზავნა იმ საკითხების, თემების ჩამონათვალი, რომელშიც ისინი ისურვებდნენ ტრენინგების ჩატარებას. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან მიღებული უკუკავშირის საფუძველზე, ჩატარდა შესაბამისი ტრენინგები, რომლებსაც წარუძღვნენ, როგორც ცენტრის თანამშრომლები, ასევე საერთაშორისო ექსპერტები.
✔ ცენტრის ინიციატივით, „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელდა ცვლილებები. აღნიშნული ცვლილების თანახმად, აკრედიტაციის საბჭოს მიეცა უფლებამოსილება, რომ იმ შემთხვევაში, თუ აკრედიტაციის გაუქმების ან აკრედიტაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება სასწავლო წლის განმავლობაში იქნება მიღებული, მას შეეძლოს, შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შუამდგომლობისა და სტუდენტების კანონიერი ინტერესების გათვალისწინებით, სასწავლო პროცესის უწყვეტობის მიზნით, აკრედიტაციის დარჩენილი ვადის მიუხედავად, სათანადო გადაწყვეტილებით, სტუდენტებს მიმდინარე სასწავლო წელი შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე აკრედიტებულ რეჟიმში დაასრულებინოს და აკრედიტაციის გაუქმების შესახებ ან ხელახალ აკრედიტაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლის თარიღად, არაუგვიანეს, მიმდინარე სასწავლო წლის დასრულების თარიღი მიუთითოს.
განათლების სამივე საფეხურზე თვითშფასების სისტემის დანერგვა
✔ ENQA-ს რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით, სამუშაო ჯგუფის მიერ, მომზადდა საკანონმდებლო აქტებსა და კანონქვემდებარე აქტებში შესატანი ცვლილებების შესახებ წინადადებები, მათ შორის, საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის მონიტორინგის სისტემის და თვითშეფასების პროცესის გაუმჯობესების შესახებ. დოკუმენტი განვიხილეთ დაძმობილების პროექტის — თვინინგის ფარგლებში, გერმანელ და ესტონელ ექსპერტებთან. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან მიღებული უკუკავშირის გათვალისწინებით, დამტკიცდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების 3-წლიანი თვითშეფასების ანგარიშის ფორმა.
✔ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების თვითშეფასების ორგანიზების მიმართულებით ჩატარდა მხარდამჭერი ღონისძიებები, ხოლო მიმდინარე წელს თვითშეფასების ანგარიში წარმოადგინა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელმა 85-მა საგანმანათლებლო დაწესებულებამ. მომავალ წელს, ამ თვითშეფასებებზე დაყრდნობით, დაიგეგმება სისტემური და ინსტიტუციური მხარდაჭერის ღონისძიებები. პარალელურად, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემასთან თანამშრომლობით, მომზადდა ელექტრონული პლატფორმა, მომავალში თვითშეფასებების ელექტრონულ ფორმატში განსახორციელებლად.
✔ ზოგადი განათლების საფეხურზე ასევე განხორციელდა თვითშეფასების პროცესი. გაკეთდა ანალიზი და დაიგეგმა მომავალი წლის ტრენინგები დაწესებულებებისათვის. ინტენსიურად მიმდინარეობს მუშაობა ზოგადი განათლების ავტორიზაციის ახალი სტანდარტების შესაქმნელად, რასაც ზოგად განათლებაში თვითშეფასების სისტემის სრული გადახედვა მოჰყვება.
კლასტერულ აკრედიტაციაზე გადასვლისთვის მოსამზადებელი სამუშაოები
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული თვინინგის პროექტის ფარგლებში შემუშავდა კლასტერულ აკრედიტაციაზე გადასვლის კონცეფცია და სამოქმედო გეგმა. შემუშავდა კლასტერული აკრედიტაციის პროცედურა, რომლის განხილვაც მიმდინარეობს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და საერთაშორისო ექპერტებთან. 2021 წლის აპრილიდან იგეგმება კლასტერული აკრედიტაციის პილოტირება ფილოსოფიის, ისტორია-არქეოლოგიის, ენებისა და ლიტერატურის მიმართულებებში. პილოტირების პროცესში, ადგილობრივ ექსპერტებთან ერთად, ჩართულები იქნებიან საერთაშორისო ექსპერტები ესტონეთიდან და გერმანიიდან. პარალელურად, 2021 წლისთვის დაიგეგმა ჰუმანიტარული მიმართულების ანალიზი და ჰუმანიტარული ვიწრო და დეტალური სფეროების მიმართულებით (ისტორია, არქეოლოგია, ენები, ქართული ფილოლოგია) უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის შემუშავება.
აღსანიშნავია, რომ ინდივიდუალური აკრედიტაციისგან განსხვავებით კლასტერული აკრედიტაცია დაზოგავს ადამიანურ რესურსებს, დროსა და ხარჯებს, როგორც ცენტრისთვის, ასევე უნივერსიტეტებისთვის, ხელს შეუწყობს კვალიფიკაციების ახალი ჩარჩოსა და კლასიფიკატორის ეფექტურ დანერგვას. ამასთან, კლასტერული აკრედიტაცია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, აკრედიტაციის ექსპერტებს და საბჭოს წევრებს მისცემს მეტ შესაძლებლობას, რომ უკეთ დაინახონ კონკრეტული სფეროსა და დარგის განვითარების ტენდენციები ინსტიტუციის ფარგლებში.
საგანმანათლებლო პროგრამების კვალიფიკაციათა ახალ ჩარჩოსთან შესაბამისობაში მოყვანა
დაიწყო განახლებული ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დანერგვის პროცესი, რაც მოიცავს პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების განახლებულ ჩარჩოს განზოგადებული სწავლის შედეგებთან და კლასიფიკატორით განსაზღვრულ სწავლის სფეროებთან თავსებადობის დადგენას.
შემუშავდა და დამტკიცდა საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო, ერთსაფეხურიანი, ქართული ენის და მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების ჩარჩოსთან და კლასიფიკატორთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით ცენტრში წარმოსადგენი თვითშეფასების ანგარიშის ფორმები. 2020 წელს განხორციელდა უმაღესი განათლების დარგობრივი მახასიათებლების შემუშავება არარეგულირებადი სფეროებისთვისაც.
დასრულდა პროფესიული განათლების დარგობრივი საბჭოების ფორმირება, დამტკიცდა 12 მიმართულების დარგობრივი საბჭო. ჩატარდა საინფორმაციო სემინარი და მიმდინარე წელსვე დაიწყო ინტენსიური სამუშაო შეხვედრები, რომლებზეც განიხილება პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტებით გათვალისწინებული სწავლის შედეგების დისტანციურად განხორციელების შესაძლებლობები (მიმართულებების მიხედვით). საბჭოს სხდომები ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდება 2021 წელსაც.
2021 წელს მნიშვნელოვნად შეიცვლება პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტები, რათა ისინი მაქსიმალურად დაუახლოვდნენ შრომის ბაზრის შეცვლილ მოთხოვნებს, ასევე მნიშვნელოვნად გაფართოვდება პროფესიულ კვალიფიკაციათა სპექტრი.
ავტორიზაციის 4-შკალიანი სისტემა
2020 წლის თებერვალში არსებითად შეიცვალა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის სტანდარტები და პროცედურები. ცვლილების ერთ-ერთი მთავარი შედეგი შეფასების ხისტი სისტემიდან განვითარებაზე ორიენტირებულ, ოთხდონიან სისტემაზე გადასვლა იყო, რაც უმაღლეს განათლებაში, უკვე ორი წელია, დაინერგა. მომავალ წელს ანალოგიური სისტემა ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ნაწილშიც შემოვა.
კერძო სექტორი — პროფესიული განათლების ყველაზე დიდი მოკავშირე
საუკეთესო ევროპული პრაქტიკის გათვალისწინებით, კერძო სექტორის როლი უმნიშვნელოვანესია პროფესიული და უმაღლესი განათლების განვითარების საქმეში. მიმდინარე წელს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრსა და საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი ითვალისწინებს მხარეთა მჭიდრო თანამშრომლობას ავტორიზაციისა და აკრედიტაციის, პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტების და უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლების განვითარების, ექსპერტთა კორპუსის გაძლიერებისა და დარგობრივი ექსპერტული კომპეტენციებით დახმარების, ხარისხის კონტროლისა და განათლების მიმწოდებელთა შესაძლებლობების გაძლიერების, ასევე, კერძო სექტორსა და საგანმანათლებლო დეწესებულებებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების კუთხით, რამაც შრომის ბაზარზე მოთხოვნადი კადრების მიწოდებას უნდა შეუწყოს ხელი. მემორანდუმის ფარგლებში, პალატა ჩაერთო პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამების განმახორციელებელთა კონსულტირების პროცესში, ასევე, პროგრამების განხორციელების უფლების მინიჭების პროცესში ცალკეული საკითხების განმხილველი სამუშაო ჯგუფის მუშაობაში, ექსპერტთა კორპუსის ატესტაციისა და სერტიფიცირების პროცესში.
კერძო სექტორის ჩართულობა სხვადასხვა სექტორული ასოციაციების დონეზეც ხორციელდება როგორც ექსპერტთა კორპუსში მათი მონაწილეობის, ისე ავტორიზაციის ან მომზადება-გადამზადების პროგრამების განხორციელების უფლების მიმნიჭებელი საბჭოს, სააპელაციო საბჭოს შემადგენლობაში, დარგობრივ საბჭოებში მათი მონაწილეობის გზით, რომ აღარაფერი ვთქვათ კერძო სექტორის მიერ მომზადება-გადამზადების პროგრამების განხორციელების, ასევე კოლეჯებთან ერთად პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებაში მათი ჩართულობის მზარდ ტენდენციაზე.
სიახლეები სისტემის ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით
ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი ცნობადობის ამაღლება ევროპის განათლების სივრცეში და განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა. ცენტრმა მოიპოვა კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება, გახდა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ქსელის (CEENQA) წევრი; გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი ცენტრსა და უკრაინის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოსთან (NAQA) და ესტონეთის ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოსთან (EKKA); ცენტრი შერჩეული იქნა ევროკომისიის და ერაზმუსის პროგრამის მიერ დაფინანსებული საერთაშორისო პროექტების მონაწილედ; აქტიურ მონაწილეობას ვიღებდით ბოლონიის სამეთვალყურეო ჯგუფის (BFUG) და ბოლონიის პროცესის იმპლემენტაციის ჯგუფის (BICG) თემატური საექსპერტო ჯგუფების მუშაობაში.
სადოქტორო და კვლევითი კომპონენტის გაძლიერება
სადოქტორო საფეხურის პროგრამებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების შესახებ თემატური ანალიზის მომზადების მიზნით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც ევროკავშირის მიერ დაფინანსებული თვინინგის პროექტის ფარგლებში შემუშავებული თემატური ანალიზის მეთოდოლოგიის გათვალისწინებით მუშაობს ანალიზის დოკუმენტზე. ანალიზის საფუძველზე დაგეგმილია სადოქტორო პროგრამების შეფასების სტანდარტების გადახედვა.
მნიშვნელოვანია, რომ სამედიცინო განათლების მიმართულებით შეიქმნა დარგობრივი საბჭო, რომლის მიზანია სამედიცინო განათლების დარგობრივი სტანდარტის გადახედვა, რაც მნიშვნელოვანწილად გააუმჯობესებს საქართველოში მიღებული სამედიცინო განათლების ხარისხს.
2021-ის მთავარი ამოცანები განათლების სამივე საფეხურზე
უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების კუთხით მთავარი ამოცანებია:
✔ ცენტრის და მისი საქმიანობის ევროპულ სტანდარტებთან (ESG 2015) სრული ჰარმონიზაციის მიზნით, განხორციელდეს მნიშვნელოვანი რეფორმები, რომელიც მიმართული იქნება ცენტრის დამოუკიდებლობის გაზრდაზე; ექსპერტთა მომზადება/გადამზადების სისტემის ინსტიტუციონალიზაციაზე და უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების მექანიზმების და პროცედურების დახვეწაზე;
✔ სადოქტორო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამების შესაფასებლად შემუშავდება ხარისხის უზრუნველყოფის დამატებითი მოთხოვნები, რაც მიმართული იქნება ქვეყანაში არსებული სადოქტორო პროგრამების ხარისხის გაზრდაზე, მათ მოქნილობასა და ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობაზე;
✔ დაინერგება უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერული აკრედიტაციის მოდელი. ინდივიდუალური აკრედიტაციისგან განსხვავებით, კლასტერული აკრედიტაცია გულისხმობს კონკრეტულ სწავლის სფეროში აკრედიტაციის მოპოვებას. ახალი მიდგომა დაზოგავს ადამიანურ რესურსებს, დროსა და ხარჯებს როგორც ცენტრისთვის, ასევე უნივერსიტეტებისთვის, ხელს შეუწყობს კვალიფიკაციების ახალი ჩარჩოსა და კლასიფიკატორის ეფექტურ დანერგვას;
✔ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სრულად დაინერგება განახლებული ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩო და კლასიფიკატორი, რომელიც შესაბამისობაშია ევროპული კვალიფიკაციების ჩარჩოსა (EQF LLL) და ევროპის უმაღლესი განათლების სივრცის კვალიფიკაციების ჩარჩოს (QF-EHEA) პრინციპებსა და მოთხოვნებთან.
✔ უმაღლესი განათლების სფეროებისთვის, დარგებისთვის ეტაპობრივად შემუშავდება დარგობრივი მახასიათებლები (Benchmarks). პროცესში აქტიურად იქნებიან ჩართულები, როგორც შრომის ბაზრის წარმომადგენლები, ასევე კონკრეტული სფეროს ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები. აღნიშნული დოკუმენტი ხელს შეუწყობს პროგრამის კურსდამთავრებულთა დასაქმებას როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე, ასევე შეამცირებს ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტების მხრიდან საგანმანათლებლო პროგრამების სუბიექტურად შეფასების რისკებს;
✔ იგეგმება მედიცინის დარგობრივი მახასიათებლის დოკუმენტის განახლება, რომელიც ითვალისწინებს თემატური კვლევის შედეგებს, WFME-ისა და სამედიცინო სფეროს საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების რეკომენდაციებს.
პროფესიული განათლების ხარისხის განვითარების კუთხით მთავარი ამოცანებია:
✔ 2020 წელს საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ განხორციელებული თვითშეფასების შედეგების ანალიზი სისტემურ და ინდივიდუალურ დონეზე;
✔ პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამების განმახორციელებლის უფლების მოპოვების მიმართულებით, საგანმანათლებლო დაწესებულებების/იურიდიული პირების საჭიროებათა ანალიზი;
✔ პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სერტიფიცირებული სპეციალისტების საქმიანობის შეფასება და ანალიზი;
✔ საკვანძო კომპეტენციების განმავითარებელი ზოგადი სავალდებულო მოდულების განახლება ევროკავშირის 8 საკვანძო კომპეტენციის შესახებ რეკომენდაციის გათვალისწინებით.
✔ არაფორმალური განათლების აღიარების კონსულტანტთა შესარჩევი კონკურსის ჩატარება და სერტიფიცირება.
ზოგადი განათლების ხარისხის განვითარების კუთხით მთავარი ამოცანაა:
✔ სტანდარტების შეფასების დიფერენცირებული მიდგომის შემოღება.
ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით დაგეგმილი ამოცანებია:
✔ უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების საერთაშორისო და ევროპული ქსელების წევრობის შენარჩუნება და თანამშრომლობა ხარისხის უზრუნველყოფის სხვა სააგენტოებთან;
✔ ბოლონიის მოთხოვნების გათვალისწინებით, ევროპის უმაღლესი განათლების სისტემაში, მიკროკრედიტებთან დაკავშირებული ვალდებულებების განხორციელების შესახებ ევროპული გამოცდილების საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან გაზიარება.
✔ ავტორიზაციის სტანდარტების და ინდიკატორების პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ქსელის (EQAVET) ინდიკატორებთან შესაბამისობის ანალიზი.
✔ ცენტრის მიერ გაწეული სერვისების განვითარების მიმართულებით დაგეგმილია ერთიანი, სტანდარტული პროცედურის და კრიტერიუმების განსაზღვრა უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების პროცედურისას, მიუხედავად სწავლების ფორმისა (დისტანციურად მიღებული განათლების აღიარება).