ინტერვიუ ელზა ბადაშვილთან
რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა პედაგოგთა ნაწილის ინიციატივით შექმნილი პეტიცია, რომელიც „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის“ შეჩერებას ითხოვს.
პეტიციაში აღნიშნულია, რომ სქემა ხელს უშლის საჯარო სკოლების დეცენტრალიზაციის პროცესს, უხეშად ერევა კერძო სკოლების სამუშაო პროცესში, არათანაბარ პირობებში აყენებს პედაგოგებს, დისკრიმინაციულია. პეტიციის ინიციატორები სქემის შეჩერებას და ახალ დოკუმენტზე მუშაობის დაწყებას მოითხოვენ, საზოგადოების ჩართულობით. იმისათვის, რომ პეტიცია საქართველოს მთავრობას განსახილველად გადაეგზავნოს, საჭიროა 2000 ხელმოწერა, ხელმოწერების შეგროვება გრძელდება.
გვესაუბრება პეტიციის ავტორი, „საქართველოს სკოლის ლიდერთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი, განათლების მეცნიერებათა დოქტორი ელზა ბადაშვილი.
⇒ ელზა, თქვენ ხართ იმ პეტიციის ავტორი, რომელიც მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის შეჩერების მოთხოვნით შეიქმნა. რა ხარვეზებს ხედავთ სქემაში, როგორია თქვენი რეკომენდაციები და რას შეცვლიდით?
⇒ დიახ, მე ვარ პეტიციის ავტორი, რომლითაც მოვითხოვთ სქემის შეჩერებას, რაც გულისხმობს სქემიდან იმ მოთხოვნების ამოღებას, რასაც „ახალი სკოლის მოდელი“ ითვალისწინებს, რომელიც ყოველ წამს იცვლება და ერთიანი დოკუმენტის სახით ჯერ არ გვინახავს (მაგ. სქემის მუხლი 4, პუნქტი 1, ქვეპუნქტი ბ) და გ), ასევე, ერთი სასწავლო წლის განმავლობაში სავალდებულოდ გასავლელ 20-12-6-საათიან ტრენინგებს.
პროტესტი გამოიწვია მასწავლებლის გაკვეთილებზე დასწრებისა და შეფასებისათვის სავალდებულო გაკვეთილების რაოდენობის განსაზღვრამ — 3-2-1, ვინაიდან მასწავლებლის შეფასება სკოლის დირექტორის პირდაპირი მოვალეობაა და როგორ, რა მეთოდებით განახორციელებს ამას, მისი საქმეა. ეს შეზღუდვები კერძო სკოლებზეც ვრცელდება. ჩვენ მიგვაჩნია, რომ სქემაში მსგავსი მოთხოვნების შეტანა საჯარო და კერძო სკოლების ცენტრალიზაციის მცდელობაა.
ამ ეტაპზე უნდა შენარჩუნდეს მხოლოდ მასწავლებლის გამოცდები საგანში და პროფესიულ უნარებში. სქემა ისედაც ლოგიკურ დასასრულამდე მიდის, სტატუსის ასამაღლებელი გამოცდები 2022 წელს მოიაზრება. ამასთან, სრულიად სხვა დოკუმენტზე იწყებენ მუშაობას — „მასწავლებლის პროფესიის რეგულირების წესი“. ამ წესში უნდა გაერთიანდეს ყველა დოკუმენტი, რაც მასწავლებელს შეეხება (სტანდარტი, წინსვლა…). რა თქმა უნდა, ახალმა წესმა, მასწავლებელს უნდა გაუმარტივოს საქმიანობა. ყველა მასწავლებელი თანაბარ მდგომარეობაში უნდა იყოს. პეტიციის გაცნობის შემდეგ, მასწავლებლის სახლიდან გამოითქვა თანამშრომლობის სურვილი და ჩვენ აქტიურად ჩავერთვებით „მასწავლებლის პროფესიის რეგულირების წესის“ შემუშავებაში.
⇒ როგორც ამბობენ, „მასწავლებლის პროფესიის რეგულირების წესი“ ერთიანი დოკუმენტი იქნება და აღარ იქნება, ცალ-ცალკე, სქემა და სტანდარტი. განხილვის პროცესში ყველა მსურველს შეეძლება ჩართვა. როგორ ფიქრობთ, რა შეიცვლება რეგულირების წესის შემოღებით?
⇒ სისტემაში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ძალიან რთული იქნება ისეთი დოკუმენტის მიღება, რომელიც ყველა მასწავლებელს თანაბარ პირობებში ჩააყენებს. ერთია, რომ სტანდარტი აუცილებლად გასამარტივებელია. მე და ჩემს მეგობრებს სურვილი გვაქვს, მონაწილეობა მივიღოთ რეგულირების წესის შემუშავებაში. შევხედავთ პროცესებს, რამდენად გაითვალისწინებენ ჩვენს აზრს.
⇒ განხილვის თემაა, ასევე, მასწავლებლის სტატუსების მუდმივად შენარჩუნების თუ საერთოდ გაუქმების საკითხი. თქვენ რას ფიქრობთ სტატუსებთან დაკავშირებით?
⇒ სტატუსების შემოღება და მისი სახელფასო დანამატზე მიბმა, ჩემი აზრით, შეცდომაა. კანონი ამბობს, რომ სტატუსი მუდმივია. ასევე ამბობს მასწავლებლის სტანდარტი, რომ წამყვანმა/მენტორმა მასწავლებელმა, წლის მანძილზე, გაკვეთილების გარდა, უნდა დაგეგმოს და ჩაატაროს დამატებითი აქტივობები: ჩაერთოს სკოლის მართვაში, განახორციელოს სკოლის/ადგილობრივი საზოგადოების საჭიროების კვლევა, იმუშაოს ეროვნულ დონეზე ზოგადი განათლების სფეროში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით… ამაზეა მიბმული მათი დანამატი (სტანდარტის მუხლი 3. პუნქტი 2. სტანდარტის მეორე ნაწილში (IV თავი) მოცემულია დამატებითი მოთხოვნებისა და კომპეტენციების ჩამონათვალი წამყვანი და მენტორი მასწავლებლისათვის). არსად წერია, რა ხდება მაშინ, თუ წამყვანი/მენტორი მასწავლებელი ამ დამატებით ვალდებულებებს არ შეასრულებს, მაინც მიეცემა დანამატი?
ასევე სტანდარტი ითვალისწინებს ზოგად ნაწილს (მუხლი 3. პუნქტი 1. II, III თავები), რომელიც განსაზღვრავს მინიმალურ კომპეტენციებს ყველა მასწავლებლისთვის (უფროსი/წამყვანი/მენტორი), რომ აღარაფერი ვთქვათ სქემაზე. დასაკმაყოფილებელია 2 სტანდარტი: სასწავლო პროცესი და პროფესიული პასუხისმგებლობები და ეთიკა. ამ 2 სტანდარტს აქვს მიმართულებები: 5 — პირველს და 4 — მეორეს, ამ მიმართულებებს, შესაბამისად — 34 და 13 ინდიკატორი, სულ 9 მიმართულება და 47 ინდიკატორია.
ვთქვათ, ეს მოთხოვნებიც არ დააკმაყოფილეს მასწავლებლებმა, მაშინ რა ხდება? აღარ აძლევენ უფროსის სტატუსის დანამატს? ამიტომ, ამ კითხვას ასე ვუპასუხებდი — მე არც სტატუსების მომხრე ვარ და არც მათზე დანამატის მიბმის. ჩემი სურვილია ისეთი დოკუმენტის მიღება, რომელიც იქნება შესრულებადი, გაზომვადი და მორგებული რეალობას.
⇒ 10 და 1, 4, 7-კრედიტიანებისთვის ერთნაირი სტატუსის მინიჭებამ მასწავლებლები ერთმანეთს დააპირისპირა. როგორ ფიქრობთ, რამდენად გამართლებულია ეს გადაწყვეტილება?
⇒ როდესაც სახელმწიფო ატარებს გამოცდებს და ხედავს, რომ მასწავლებელთა 80-90%, წლების განმავლობაში, ვერ იღებს საკითხების 60%-ს, ხომ უნდა დაფიქრდნენ, იქნებ მასწავლებელში კი არა, საგამოცდო შინაარსსა და ტესტებშია საქმე? ვინმემ ჩაატარა კვლევა, რამდენად ვალიდური და სანდო იყო მასწავლებელთა საგამოცდო ტესტები (გამოცდების შემდეგ)? მაგალითად, იმისათვის, რომ მასწავლებელს I-VI კლასების ბუნებისმეტყველება ჩაებარებინა, რა ცოდნას მოითხოვდა მისგან გამოცდა? ბუნებისმეტყველების გარდა, მასწავლებელს უნდა სცოდნოდა — ბიოლოგია, ქიმია, ფიზიკა, ასტრონომია, გეოგრაფია და თან ძალიან მაღალ დონეზე. იმის ნაცვლად, რომ ეძებნათ მიზეზები, თუ რატომ ვერ აბარებდნენ მასწავლებლები გამოცდებს, მარტივი გზა მონახეს — შესაძლებელი გახადეს გამოცდის ნაწილობრივ ჩაბარება — 1-4-7 კრედიტზე.
მე წინააღმდეგი ვიყავი, რომ მასწავლებლებს გამოცდები ნაწილობრივ ჩაებარებიათ. ჩემთვის ეს ნიშნავდა მასწავლებლის შეურაცხყოფას, შედეგიც ასეთი დადგა. ზუსტად გამოცდის ნაწილობრივ ჩაბარების შემოღებამ დააპირისპირა მასწავლებლები და არასახარბიელო შედეგებიც მივიღეთ. დღეს, სისტემაში 250 მასწავლებელი გვყავს, რომლებმაც საგანი 1-4 კრედიტზე ჩააბარეს და მიიღეს წამყვანის/მენტორის სტატუსი. ასევე, არ არის გათვალისწინებული მასწავლებელი ბაკალავრი იყო თუ მაგისტრი. ჩემთვის აქსიომაა, რომ წამყვანი/მენტორი მასწავლებელი აუცილებლად უნდა იყოს მაგისტრი.
ახლა კი სქემა მოითხოვს, რომ ვისაც 1-4 კრედიტზე აქვს ჩაბარებული საგანი, გადააბაროს. ამით ხომ მასწავლებლებს არათანაბარ მგდომარეობაში ვაყენებთ? დამატებით, დიდაქტიკის გამოცდის ჩაბარებასაც ითხოვენ.
ასევე ძალიან არასამართლიანი დამოკიდებულებაა მაძიებლების მიმართ, რომლებმაც 10 კრედიტზე უნდა ჩააბარონ საგანი,რომ სკოლაში შესვლის შესაძლებლობა მისცენ და იმისათვის, რომ წამყვანი/მენტორი გახდე, საგანში 7 კრედიტიც საკმარისია. ამიტომ, მიმაჩნია, რომ 10-კრედიტიან და 1-4-7-კრედიტიან მასწავლებლებად დაყოფა სირცხვილია.
⇒ მასწავლებლები სკოლებში საათების არაკანონიერად განაწილებაზეც საუბრობენ…
⇒ სქემის 21-ე მუხლის მე-5 პრიმა 1 პუნქტში პირდაპირ წერია — „საჯარო სკოლა ვალდებულია სასკოლო საათობრივი ბადით გათვალისწინებული საათები, პირველ რიგში, გაუნაწილოს კონკრეტული საგნის უფროს/წამყვან/მენტორ მასწავლებლებს და კონკრეტულ საგანში საათები შეუვსოს სრულ დატვირთვამდე (15 საათის ჩათვლით, ხოლო კომბინირებული დაწყებითი (I-IV) კლასის მასწავლებელს 13 საათის ჩათვლით), ასეთის არსებობის შემთხვევაში“. მიუხედავად ამ ჩანაწერისა, დირექტორების უმრავლესობა მთავრობის დადგენილების ამ მოთხოვნას არ ითვალისწინებს. ძალიან ბევრი მასწავლებელი მიკავშირდება ამ საკითხზე, ჩივიან სამინისტროში, რესურსცენტრში — პასუხი კი ერთია — ეს დირექტორის პრეროგატივაა. რამდენიმესთვის უთქვამთ, სასამართლოში გაასაჩივრეო, ე.ი. მასწავლებელმა უნდა მოძებნოს იურისტი (გასწიოს ხარჯი), შეიტანოს განცხადება სასამართლოში და მერე წლები ელოდოს პასუხს. რატომღაც ამ საქმეში რესურსცენტრის იურისტი არ ეხმარებათ.
ყველა დირექტორს „ერთ ქვაბში ვერ ჩავყრით“ და ეს საყვედური ყველაზე არ ითქმის, მაგრამ ნამდვილად გვყავს ისეთი დირექტორები, რომლებიც მათთვის არასასურველ კადრს ავიწროვებენ და ნაკლებ საათებს აძლევენ. საათების განაწილება დირექტორის საქმე არ უნდა იყოს, ეს საკითხი კათედრაზე უნდა განიხილებოდეს (უნდა არსებობდეს საათების განაწილების პრინციპებიც). ეს ჩანაწერი უნდა გაჩნდეს ზოგადი განათლების კანონში, კათედრების ფუნქციებში.
⇒ რეალურად აქვს თუ არა სკოლას ავტონომია?
⇒ ყველა ხელისუფლება ამ ლოზუნგით მოდის, რომ გაათავისუფლებენ სკოლებს პოლიტიკისგან, მოხდება დეცენტრალიზაცია, მაგრამ საპირისპირო ხდება. ჩვენთვის ცნობილია ავტონომიის 2 კატეგორია (კრიტერიუმის ავტონომია და ოპერაციული ავტონომია), ოპერაციული ავტონომიურობა, თავის მხრივ, იყოფა ოთხ ძირითად ჯგუფად: აკადემიური, ორგანიზაციული, საკადრო და ფინანსური ავტონომია. არც ერთი მიმართულებით სკოლა თავისუფალი არ არის, ყველაფერი მკაცრად კონტროლდება.
ახლა მხოლოდ ორგანიზაციულ ავტონომიას შევეხები — სისტემიდან გაუშვეს /არ გადანიშნეს სერტიფიცირებული დირექტორების ნაწილი (რომელთა გადამზადებაში/ტრენინგებში სახელმწიფომ მილიონები დახარჯა) ისე, რომ სამინისტრომ საჭიროდ არ ჩათვალა განემარტა, რატომ გადანიშნეს ზოგიერთი მოვალეობის შემსრულებელი და რატომ გაუშვეს სხვები, მათ ადგილებზე კი, პარტიული ნიშნით, დანიშნეს უსერტიფიკატო, სკოლის მართვაში გამოუცდელი აქტივისტები. პასუხი კითხვაზე მარტივია — სკოლა მკაცრად ცენტრალიზებული ვერტიკალით იმართება!
⇒ უნდა სჭირდებოდეს თუ არა წამყვანი სტატუსის მქონე მასწავლებელს წინსვლისათვის გარე დაკვირვება და დაუსრულებელი საგნობრივი ტრენინგები?
⇒ იმედი მაქვს, ახალ დოკუმენტში — „მასწავლებლის პროფესიის რეგულირების წესი“ სხვა პრინციპები აისახება. ჩემი აზრით, მასწავლებლის წინსვლა მხოლოდ გამოცდით უნდა იყოს შესაძლებელი. არანაირი 360-გრადუსიანი შემოწმება გამართლებულად არ მიმაჩნია.
შესაძლებელია ამ პროცესში სასკოლო საზოგადოების ჩართვაც, მაგალითად, მასწავლებელს რეკომენდაცია სტატუსის ამაღლებაზე მისცეს პედაგოგიურმა საბჭომ. აქვე შეიძლება განისაზღვროს, გადაწყვეტილება პედაგოგიური საბჭოს შემადგენლობის ნახევარზე მეტის თუ 2/3-ის თანხმობის საფუძველზე მიიღებოდეს. ამაზე რეალური შემფასებელი ვერ იქნება ერთი დღით მოსული გარე დამკვირვებელი.
რაც შეეხება ტრენინგებს, შესაძლოა, სხვადასხვა ორგანიზაციებმა მიაწოდონ მასწავლებლებს თემატური ტრენინგები, იქნება ეს საგნობრივი, მეთოდური თუ ფსიქოლოგიური… მთავარია, ბაზარზე არ არსებობდეს მონოპოლისტი და მასწავლებელმა გააზრებულად აირჩიოს ტრენინგის კურსის ჩამტარებელი, სანდოობის მიხედვით. საინტერესო თემასთან ერთად, დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინ ატარებს ტრენინგს, როგორი პროფესიონალია. მასწავლებელი, თავისი საჭიროებიდან გამომდინარე, ირჩევს, რომელ ტრენინგს დაესწროს, სახელმწიფო კი ამისათვის აძლევს ვაუჩერს. რაც მთავარია, ეს პროცესი არ უნდა იყოს ძალდატანებითი. ტრენინგები რომ საჭიროა, ამას არ უარვყოფთ.
⇒ მასწავლებელთა გარკვეული ნაწილი მიიჩნევს, რომ გამოცდა ჩაბარებული და პრაქტიკოსი მასწავლებლები ერთნაირ გაკვეთილებს ატარებენ და სტატუსები მხოლოდ პედაგოგის ხელფასზე აისახება. ეთანხმებით თუ არა ამ მოსაზრებას?
⇒ მასწავლებლის სტატუსი, სამწუხაროდ, არ აისახება გაკვეთილის ხარისხზე და რაც მთავარია, მოსწავლეთა შედეგზე. მიუხედავად იმისა, რომ მასწავლებლები ბევრ ტრენინგს დაესწრნენ, გაკვეთილები დაგეგმეს და ჩაატარეს, კვლევები დაწერეს — ამ ყველაფრის მიზანი არ ყოფილა მოსწავლის სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლება. მიზანი იყო სტატუსის ამაღლება იმიტომ, რომ დანამატი აეღოთ. ამ ტრენინგებიდან ტრანსფერი გაკვეთილზე არ განხორციელდა. ასევე, მათ მიერ ჩატარებული პედაგოგიური კვლევები არავის გამოუყენებია. ყველაფერს ფორმალური ხასიათი ჰქონდა — აიტვირთა და დავიწყებას მიეცა. მიზანი უნდა იყოს მოსწავლე. ნებისმიერი ტრენინგი თუ მაწავლებლის აქტივობა, მიმართული უნდა იყოს იმაზე, თუ რას მოუტანს მოსწავლეს და არა მასწავლებელს. მასწავლებლებს გაკვეთილებზე რომ დაესწროთ, იშვიათი გამონაკლისის გარდა, არავითარი სხვაობა არ არის — მათ მიერ ჩატარებულ გაკვეთილებში არ ჩანს, რომ სტატუსს გაკვეთილზე რაიმე განსხვავებული შემოაქვს.
⇒ მასწავლებელთა გარკვეული ნაწილი მიიჩნევს, რომ კარგი იქნება თუ დამკვიდრდება კლასიდან კლასში მოსწავლის გადასაყვანი გამოცდები, რომელიც, ამავე დროს, მოსწავლეების შედეგებით, მასწავლებლის კომპეტენციას დაადასტურებს
⇒ ჩემი აზრით, მოსწავლეები უნდა შეეჩვიონ გამოცდაზე ცოდნის დადასტურებას, მაგრამ ბევრი გამოცდის წინააღმდეგი ვარ. მომხრე ვარ, საშუალო საფეხურის დამამთავრებელი გამოცდების და საბაზო საფეხურიდან საშუალო საფეხურზე გადასაყვანი გამოცდების ჩატარების, ასევე, შესაძლებელია გარკვეულ კლასებშიც, მაგრამ ეს გამოცდები უნდა ჩაატაროს, მაგალითად, გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა, რომ იყოს ობიექტური.
მასწავლებლის შეფასება პირდაპირ უნდა იყოს მიბმული მოსწავლის შედეგზე. ეს ყველაზე რთული პროცესია.
⇒ დაბოლოს, რამდენად მოგწონთ და რა შეცვალა „ახალი სკოლის მოდელმა“?
⇒ არსებობს დოკუმენტი „ახალი სკოლის მოდელი 2021 “. საუბარია, რომ ეს არის მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის (ესგ) დანერგვა. სამოქმედო გეგმა გაწერილია ზოგადად, მაგ., აქტივობა 1. კომპლექსური დავალების კლასში განხორციელება.
კონკრეტული ინფორმაციის მოძიება კი — რამდენი კომპლექსური უნდა ჩატარდეს საგანში, ყველა კომპლექსური უნდა შეფასდეს თუ არა წერილობითი განმავითარებელი კომენტარით, შესაძლებელია ქოუჩებისგან, მასწავლებლებისგან… და ეს ინფორმაცია სხვადასხვა ტრენერისგან არის სხვადასხვა.
როგორც გავარკვიე, თუ საგანს აქვს, საშუალოდ, 4 ცნება და თითოეულ ცნებას აქვს 5-7 და, ზოგ შემთხვევაში, უფრო მეტი მკვიდრი წარმოდგენა, მასწავლებელმა თითოეული თემის ფარგლებში უნდა დაფაროს ყველა ცნება, თავისი მკვიდრი წარმოდგენებით თითოეულ ცნებაზე (შეიძლება ერთ ცნებაზეც იყოს დავალება, შეიძლება 2-ზეც, დამოკიდებულია საგანზე).
თუ გვაქვს საგანში 4 თემა და 4 ცნება, ეს ნიშნავს წელიწადში 16 კომპლექსურ დავალებას. მაგ. ერთ კლასზე, ქართულ ენასა და ლიტერატურაში წელიწადში გამოდის 20 დავალება.
გვაქვს კვირაში 2-საათიანი საგნები (წელიწადში — 70სთ), ამ შემთხვევაში, მასწავლებელი, მინიმუმ, 9 კლასში შედის და, მინიმუმ, 225 მოსწავლეს ასწავლის. სასწავლო წლის მანძილზე, ამზადებს, მაგ. 9-10 დავალებას და ამოწმებს 2000-2250 ნაშრომს, აკეთებს განმავითარებელ კომენტარს სოლო ტაქსონომიით.
თუ კვირაში 5-საათიანი საგანია, მაშინ მასწავლებელი, მინიმუმ, 4 კლასში შედის და 100 მოსწავლეს ასწავლის. სასწავლო წლის მანძილზე, 2000 ნაშრომს ასწორებს, აკეთებს განმავითარებელ კომენტარს სოლო ტაქსონომიით. განმავითარებელი კომენტარი ამ ეტაპზე არსად არ იტვირთება, სანამ ელექტრონული ჟურნალი სავალდებულო არ გახდება.
მთელი სასწავლო პროცესი კი დაგეგმილია ამგვარად: სვლა ერთი კომპლექსური დავალებიდან მეორე კომპლექსურამდე (ამ დავალების კეთებაში, გზადაგზა, თან იძენს ახალ ცოდნას ახალი საკითხების შემოტანით. ზოგი კომპლექსური შეიძლება 3 გაკვეთილზეც გაკეთდეს, ზოგს შეიძლება 5-6 გაკვეთილი დასჭირდეს). ამ ეტაპზე, როგორც ტრენერ/ქოუჩები ეუბნებიან მასწავლებლებს, საკმარისია მხოლოდ ერთ კლასში დაგეგმონ და ჩაატარონ ერთი კომპლექსური დავალება.
ფაქტია — უკვე რამდენიმე თვეა, მასწავლებლებს უტარებენ ტრენინგებს, კვირაში 3-ჯერ, 2-2 საათი და ჯერ კომპლექსური დავალების შექმნას ვერ გასცდნენ. არადა განმავითარებელი შეფასების წარმოება, კურიკულუმის შექმნა, განვითარება, თემატური მატრიცები კიდევ სასწავლი აქვთ. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ „ახალი სკოლის მოდელის“ მატრიცა ხშირად იცვლება.
ჩემი აზრით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში 600 სკოლამდეა ამ ახალ მოდელში ჩართული და მათ თითქმის ყოველდღე უტარდებათ 2-საათიანი ტრენინგები, მასწავლებლები მაინც გაურკვევლობაში არიან. შეინიშნება ინფორმაციის ნაკლებობა. ვერ ხედავენ მთლიან სურათს.
ჯერ „ახალი სკოლის მოდელს“ არაფერი შეუცვლია, მესამე წელია მიმდინარეობს. განათლებაში პირველადი შედეგი რომ დაინახო, მინიმუმ, 6 წელი მაინცაა საჭირო. რაც მთავარია, ეს მოდელი უნდა იყოს მარტივი, მოქნილი, მასწავლებლისგან არ უნდა ითხოვდეს ბევრ დროს.