ხდება ხოლმე, როცა ერთი უბრალო ჟესტი საყოველთაო მნიშვნელობისა ხდება. სწორედ ასეთი იყო ძიუდოისტ ირაკლი ცირეკიძის მიერ, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, პეკინის ოლიმპიადის ნახევარფინალში, რუს ივან პერშინთან გაკეთებული ჟესტი: როცა საბოლოოდ შებოჭა და წმინდად დაამარცხა მეტოქე, წამოდგა, ზურგით მიუტრიალდა და უკან მიმართული ორივე ხელის ცერა თითით ზურგზე დაწერილ GEO-ზე მიუთითა… იმ გაგანია ომის დროს, როცა უმოწყალოდ იბობმებოდა ჩვენი ქალაქები და იხოცებოდნენ ჩვენი პირტიტველა ჯარისკაცები თუ მშვიდობიანი მაცხოვრებლები, როცა დაბომბილი გორის ქუჩებში სულისშემძვრელი კადრებით – სისხლში მოთხვრილი უმწეო მოხუცისა თუ მოღრიალე ახალგაზრდა კაცის ტრაგიკული სახით, კალთაში დასვენებულ ძმას რომ დასტიროდა (უმალ რომ მოიარა მსოფლიო პრესა), ომის სისხლიანი ქრესტომათია იწერებოდა, ხოლო შინდისის გმირებად ქცეული რაზმი ჯერ კიდევ იმ საბედისწერო ადგილისკენ მიაბიჯებდა მარადისობასა და გმირობასთან შესახვედრად, ამ ფაქტს უდიდესი სიმბოლურ-ფსიქოლოგიური მნიშვნელობა ჰქონდა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ვერ ჩააჩუმებდა ომით გამოწვეულ ტკივილს – სიმწრისგან სახეზე ხელებაფარებული ძირს გართხმული რუსი და თავზე დამდგარი გამარჯვებული ქართველი! ირაკლი ცირეკიძე მაშინ სწორედ სიმბოლურ გამარჯვებას განასახიერებდა და ამიტომ იქცა ის ჟესტი საყოველთაო სიხარულის საგნად. სანამ საქართველო იარსებებს, იმ ჟესტს დავიწყება არ უწერია. როგორც დღეს თავად ამბობს, ეს სპონტანური ჟესტი იყო, რომელიც თავისით „მოვიდა“ იმ წუთებში, გამარჯვების აღნიშვნაზე წინასწარ არ უფიქრია:
„ის ოლიმპიადა ჩვენთვის ცუდად დაიწყო. შეიძლებოდა, არც გამოვსულიყავით. დილის 5 თუ 6 საათზე დავიძინეთ. თუმცა იმ დღეს დარწმუნებული ვიყავი, რომ ამის გაკეთება შესაძლებელი იყო, არ უნდა შემშლოდა ხელი. სხვანაირად ვერ ვფიქრობდი. ის ჟესტი კი სპონტანურად მოვიდა. შეიძლება, რაღაც ფაქტორებმა ითამაშეს როლი, მაგრამ სპონტანურად მოხდა, ამაზე წინასწარ არ მიფიქრია.“
თუმცა ცირეკიძე ამ ფაქტამდეც შევიდა ისტორიაში: ერთი წლით ადრე, 2007 წელს, რიო დე ჟანეიროში, მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, რითაც დამოუკიდებელი ქართული ძიუდოს ისტორიაში ამ ტიტულის მფლობელი პირველი ქართველი ძიუდოისტი გახდა. ამ ოქროს საქართველო 18 წელიწადი ელოდა, თუმცა ეს მაინც სპორტული გმირობა იყო, ანუ ცხოვრების ერთი სფეროსი, მასშტაბებში შეზღუდული, ოლიმპიადაზე მომხდარი კი საყოველთაო მნიშვნელობისა გახლდათ.
იმ ისტორიულ გამარჯვებას მეც ვესწრებოდი ჟურნალისტის რანგში და პირადად ვნახე, რამხელა ეფექტი გამოიწვია მისმა გამოსვლამ! მაშინ ბრაზილიაში იმდროინდელი პარლამენტის ლამის ნახევარი იყო წამოსული (ერთხელ პარლამენტში ქვორუმიც ძლივს შეიკრიბა) და მათი იმჟამინდელი აჟიოტაჟი ცალკე თემაა; იქით – უცხოელები, რომლებმაც მყისვე აღიარეს მისი ტალანტი. კარგად მახსოვს მათი ჩაფიქრებული სახეები, თითქოს იმაზე ფიქრობდნენ, როგორ გაენეიტრალებინათ ეს ახალი ქართველი. მაშინ მას ახალი მოგებული ჰქონდა შიდა კონკურენცია ზურაბ ზვიადაურთან და უკვე იცნობდა ძიუდოს სამყარო, თუმცა ის მისი პირველი ტიტული იყო და ყველამ თვალნათლივ დაინახა, რამხელა ტალანტი გამოვიდა ასპარეზზე. ტალანტი, ანუ მათი მთავარი კონკურენტი. ისიც კარგად მახსოვს, უკანა გზაზე, რიო-მიუნხენის ავიარეისზე, როგორ მიესალმა უნგრელთა შეზარხოშებული მწვრთნელი და მერე როგორ წარუდგინა ის მთელ სალონს, როგორც ახალი ვარსკვლავი – თავისი ხორხოცით ლამის გააყრუა ავიალაინერი.
თავად ცირეკიძე ამ აჟიოტაჟს ოლიმპიური სიმშვიდით ხვდებოდა, თითქოს ეს ყველაფერი ვინმე სხვას ეხებოდა. ერთხელ ვკითხე, 18-წლიანი ლოდინის დასრულება და თან მსოფლიოს პირველი ჩემპიონობა ერთგვარი სპორტული გმირობაა და ამას თუ აცნობიერებთ-მეთქი, რაზეც მიპასუხა, მე ჩემი საქმე გავაკეთე, საგმირო არაფერი ჩამიდენიაო. ის ტატამზეც გამოირჩეოდა ასეთი ხასიათით – მშვიდი, გაწონასწორებული, აუღელვებელი. ნერვი არა აქვსო, რომ იტყვიან, ისეთი…
ცირეკიძეს კიდევ ერთხელ შეეძლო ისტორიული შედეგის მოპოვება: ოლიმპიადაზე გამარჯვების შემდეგ, პირველხარისხოვან ტურნირთაგან, მას მხოლოდ ევროპის ჩემპიონობაღა რჩებოდა და გახდებოდა პირველი ქართველი ძიუდოისტი, რომელიც სამივე მთავარ შეჯიბრებას მოიგებდა – ოლიმპიადას, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებს, თუმცა ამას არ დაელოდა და კარიერა ნაადრევად დაასრულა, ეს ისტორიული პატივი კი, როგორც დღეს გამოჩნდა, ლაშა შავდათუაშვილს გადააბარა, რომელმაც, 2021 წელს, მსოფლიოს ჩემპიონატზე გამარჯვებით, ტიტულების ეს კოლექცია შეკრა.
არადა, ამის გაკეთება ცირეკიძესაც თავისუფლად შეეძლო. ამ სამი მთავარი ტურნირიდან ორი, ყველაზე ძლიერი, უკვე მოგებული ჰქონდა, იმათთან შედარებით კი, ევროპის ჩემპიონატი ბევრად დაბალი დონეა — მისი მოგება ცირეკიძის დონის სპორტსმენს ცალი ხელით შეეძლო. ის ხომ, არა მხოლოდ თავის წონაში, ზოგადად, მსოფლიო ძიუდოში, თავის ეპოქაში, ერთ-ერთი გამორჩეული იყო.
ასეთ ვარსკვლავს თვისუფლად შეეძლო ევროპის ჩემპიონატის მოგებაც, თუმცა მაინც იჩქარა სპორტიდან წასვლა. როგორც თავად ამბობს, ამაში დიდი როლი პირველი მწვრთნელის, ომარ მერაბიშვილის გარდაცვალებამაც შეასრულა, რომელიც მისთვის დიდი მოტივატორი იყო.
„ვფიქრობ, იმანაც დიდი როლი ითამაშა, რომ პირადი მწვრთნელი გარდამეცვალა, ვინც ყოველთვის დიდ სტიმულს მაძლევდა და ახლაც მუდამ შთაგონების წყაროა ჩემთვის. დასანანია, რომ ეს ადამიანი გვერდით არ მედგა, რათა ბოლომდე დაეტოვებინა ის შთაგონება, რომ რასაც მივაღწიეთ, რასაც ვისახავდით, შეიძლებოდა, ორჯერ გაგვემეორებინა… სამჯერ გაგვემეორებინა… სპორტსმენი ასეც უნდა იქცეოდეს და ჩემი სპორტსმენების მიმართაც ასე ვარ განწყობილი – არაა საკმარისი ერთი მოგება, თუნდაც ორი, როცა მეტიც შეგიძლია. ალბათ, ვერ აღმოვჩნდი მზად და ვერც სათანადო სიტუაციაში, რაც ჩემი პირადი მწვრთნელის არყოფნის გამო მოხდა, ვისაც სურვილი კი შევუსრულე, მაგრამ ის მოტივაცია აღარ მქონდა.“
სურვილი კი პირად მწვრთნელს მართლაც შეუსრულა, მაგრამ, ვაგლახ, რომ ის ვერ მოესწრო შეგირდის ამ წარმატებებს: მერაბიშვილი, 2007 წლის გაზაფხულზე, ევროპის ჩემპიონატის წინ, გარდაიცვალა, ცირეკიძემ კი იმ ევროპირველობაზე ფინალში იჭიდავა, იმავე წლის ზაფხულში გახდა მსოფლიო ჩემპიონი, ერთი წლის შემდეგ კი – ოლიმპიურიც… ცხადია, ყველა ეს მედალი, ყველა გამარჯვება შეგირდმა მწვრთნელის ხსოვნას მიუძღვნა.
პირველ მწვრთნელთან ერთად, მის კარიერაში უდიდესი როლი დედამაც შეასრულა. რა დასამალია, კარიერის დასაწყისში ხშირად ყოფილა ხოლმე, პატარა ბავშვს სავარჯიშოდ წასვლაც ეზარებოდა, თუმცა დედა მოდუნების უფლებას არ აძლევდა. არადა, დედას ერთი შვილი (ირაკლის ძმა) გარდაცვლილი ჰყავდა და თავისი საწუხარიც ბლომად ჰქონდა, თუმცა საკუთარ თავში მაინც მოძებნა ძალა და უმცროს შვილს არაფერი დააკლო. ესეც ცხადი მაგალითი, რამდენად შეუძლია მშობელს, შვილის ცხოვრება შეცვალოს და სწორ კალაპოტში ჩააყენოს.
„მწვრთნელი და დედაჩემი ხასიათით ჰგავდნენ ერთმანეთს – არასოდეს კმაყოფილდებოდნენ მიღწეულით და სულ სტიმულს მაძლევდნენ,“ – იხსენებს ცირეკიძე. ალბათ, ამანაც შეასრულა დიდი როლი მის წარმატებებში. ის არ ყოფილა ზვიადაურივით თვითნაბადი ტალანტი, თუმცა უაღრესად მშრომელი იყო, შრომით შექმნილი ვარსკვლავი გახლდათ და სწორედ ამან დააპყრობინა ოლიმპის მთა. დღეს თავის შეგირდებსაც უმეორებს, რომ შრომას მოაქვს ის თავდაჯერება, რაც ყველაფერს შეგაძლებინებს.
როგორც სპორტულ ჟურნალისტს, ცირეკიძესთან ხანგრძლივი ურთიერთობა მაქვს – ჯერ სპორტსმენთან, შემდეგ – მწვრთნელთან (მით უფრო, ყველა ასაკის ნაკრების გაწვრთნა მოასწრო, ეროვნულის ჩათვლით, ამჟამად კი ახალგაზრდულს ავარჯიშებს) და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან კომფორტულია მასთან, როგორც თავისი საქმის პროფესიონალ რესპონდენტთან ურთიერთობა. ისე პროფესიონალურად არჩევს შეხვედრებს, შეგირდთა დაშვებულ შეცდომებსა თუ ზუსტად შესრულებულ დავალებებს, რომ მენანება, თუნდაც რაიმეს დასაზუსტებლად საუბარი შევაწყვეტინო…
ჩვენი გაზეთის სპეციფიკიდან გამომდინარე, მასთან ახლაც მსურდა სხვა თემებზე საუბარი: სპორტის გაკვეთილები სკოლაში და, ზოგადად, სასწავლო დაწესებულებებში, სპორტი და ახალგაზრდობა… ამ მხრივ, ხომ, ჯერაც ბევრი პრობლემაა და სასურველი მოდელის შემუშავებაზე ჯერაც მიდის მუშაობა. მან კი მშვენივრად იცის მაღალი მიღწევების, ანუ პროფესიული სპორტიც და სამოყვარულოც. თან თვითონაც მშობელია და აქვს გარკვეული შეხება სკოლასთან, თუმცა დიპლომატიურად შეიკავა თავი, ამ საკითხებში კომპეტენტური არ ვარო. შვილს – ანდრიასაც დაეკითხა, სკოლაში თუ გაკლიათ რამეო და მისგანაც უარყოფითი პასუხი მიიღო.
შვილი კი ფეხბურთზე დადის… თუმცა მამას სთხოვა და, კვირაში ერთხელ, ძიუდოშიც ვარჯიშობს. თავად ოლიმპიურ ჩემპიონს კი მიაჩნია, რომ მშობელი შვილის არჩევანში არ უნდა ჩაერიოს, მხოლოდ რჩევით უნდა შემოიფარგლოს.
ირაკლი ცირეკიძის წინაშე დღეს ახალი სარბიელია გადაშლილი – სამწვრთნელო ასპარეზი, სადაც ისეთივე წარმატებულია, როგორც სპორტსმენი და ახლა იქ იპყრობს ახალ მწვერვალებს. როგორც გითხარით, მან ყველა ასაკის ნაკრებში იმუშავა და ყველგან – წარმატებით. ამჟამად ახალგაზრდულ ნაკრებს თავკაცობს და გასაოცარ შედეგებს აღწევს. მაგალითად, ორიოდ წლის წინ, მსოფლიო ჩემპიონატზე, 7-დან 5 წონაში წაიყვანა მონაწილე (იმ 2 წონის ხარჯზე სხვებში დაამატა ფალავანი, ანუ „გააორა“ სხვები) და 5-ივეში მედალი მოიპოვა, აქედან 4 წონაში კი ჩემპიონები გახდნენ. ესეც მისი პროფესიონალიზმის კიდევ ერთი დასტური! იმედია, მომავალშიც ასეთივე წარმატებით გააგრძელებს საქმიანობას, სადაც უნდა იყოს.