28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

ჩემი პედაგოგიური მრწამსი – როგორ წარვმართოთ ეფექტიანი და წარმატებული სასწავლო პროცესი მნიშვნელოვანი პრინციპების გათვალისწინებით

spot_img

განათლებას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ადამიანის ცხოვრებაში. იგი მრავლისმომცველი ცნებაა, რომელსაც, როგორც პრიორიტეტულ მიმართულებას, ალტერნატივა არ აქვს. განათლება ასევე დიდ როლს ასრულებს ადამიანის სოციალიზაციის პროცესში. თითოეული სახელმწიფოს უპირველეს მიზანსაც ხომ განათლების სისტემის განვითარება წარმოადგენს. ყოველ ეპოქასა თუ დროში, განათლება დიდი გამოწვევების წინაშე იდგა. გრძელი გზა გაიარა, ანტიკურობიდან დღემდე, სანამ ჩამოყალიბებულ სახეს მიიღებდა. უამრავი ცვლილების მიუხედავად, მისი ფუნდამენტი უცვლელი დარჩა. განათლების პროცესმა საჭიროა, ახალგაზრდა თაობა ჩამოაყალიბოს არა როგორც ტექნიკისა და კულტურის მიღწევების მცოდნე ინდივიდები, არამედ მათ დაბადებიდან უნდა ჰქონდეთ გამჯდარი შემოქმედების, ყოველდღიური ყოფის გაუმჯობესებისკენ მისწრაფება, რაც თავისთავად ხელს შეუწყობს ბავშვის თვითგანვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას. კარლ როჯერსის აზრით, მხოლოდ ის ადამიანია განათლებული, ,,რომელმაც ისწავლა თუ როგორ ისწავლოს“. ამ ფრაზაში, ვფიქრობ, ყველაფერია ნათქვამი. განათლება, ფაქტობრივად, ბერკეტია, რომლითაც ჩვენს საზოგადოებაში მეტი სინათლე უნდა შემოვიტანოთ.

საინტერესოა, რა არის სკოლის დანიშნულება? ან რა როლს ასრულებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ბავშვის აღზრდა-განვითარებაში? უნდა აღინიშნოს, რომ ამ უკანასკნელს სასიცოცხლო ფუნქცია აკისრია მოსწავლის ჯანსაღი აზროვნებისა და განვითარების ჩამოყალიბებაში, მასწავლებელი კი ამ ყველაფრის მამოძრავებელი ძალაა.

ჩემი, როგორც პედაგოგის მრწამსი, ყოველივე ზემოხსენებულის გარდა, მნიშვნელოვნად ეფუძნება ჯონ დიუის ფილოსოფიურ მრწამს: ,,მე მჯერა, რომ განათლება თავად ცხოვრების პროცესია და არა მომავალი ცხოვრებისთვის მზადება“. რა თქმა უნდა, თითოეულმა პედაგოგმა უნდა იხელმძღვანელოს იმ იდეით, რომ განათლება ბავშვისთვის მხოლოდ მომავალში გამოსაყენებლი არ იყოს, მის საჭიროებას ყოველდღიურ ცხოვრებაში ხედავდეს. ხშირად მოსწავლეს ჰგონია, რომ მისი განათლება დასრულდება სკოლის საშუალო საფეხურის დასრულებით, ან შემდგომში, უკვე უმაღლესი სასწავლებლის დიპლომის მიღების შემდეგ. თუმცა, რასაკვირველია, ეს შეხედულება მცდარია, რადგან განათლება უწყვეტი პროცესია, რომელიც დაბადებიდან გარდაცვალებამდე გრძელდება.

ვფიქრობ, მასწავლებლობა ხელოვნებაა, ნიჭი, რომელიც ყველას არ ხელეწიფება. იყო შესანიშნავი მეცნიერი, პროფესიონალი, საგნის მცოდნე, არ ნიშნავს იმას, რომ კარგი მასწავლებელი იქნები. რადგან მწამს, რომ მასწავლებელი უნდა იყოს მომთმენი, ერთგული, მამაცი და შეუპოვარი, რათა თითოეული მოსწავლეში ინდივიდის აღმოცენება და აღიარება შეძლოს, რაშიც განსაკუთრებული წვლილი დაწყებითი კლასების მასწავლებელმა უნდა შეიტანოს.

ჩემი, როგორც პედაგოგის მთავარი ამოცანა, პირველ რიგში, მოსწავლის პიროვნებად ჩამოყალიბებაა და შემდეგ სხვა დანარჩენი. უპირველესია მასში დადებითი თვისებების განვითარება და მანკიერებების აღმოფხვრა, საკუთარი „მე“-ს აღმოცენება და ჯანსაღად აზროვნებაში ხელშეწყობა. ვცდილობ, სწავლების დანიშნულება მხოლოდ კონკრეტული საგნების სწავლით არ შემოიფარგლებოდეს.

სასწავლო პროცესში უდიდესი ადგილი უკავია დაგეგმვის პროცესს, რომელიც კარგად ორგანიზებული, მიზანმიმართული და კონკრეტულ საჭიროებას მორგებული უნდა იყოს. დაგეგმვის ეტაპზე, ჩემი მოვალეობაა, პირველ რიგში, გაკვეთილის მიზნისა და ამოცანების განსაზღვრა, ამისთვის კი საჭიროა აქტივობების გაწერა, რომლებიც მთავარ მიზანზე გამიყვანს. ვფიქრობ, ეფექტიანი შედეგის მისაღწევად, სწავლების პროცესი სწორედ დაგეგმვის ეტაპით უნდა იწყებოდეს. რასაც შემდგომში უკვე კარგად ორგანიზებული პროცესი მოჰყვება. კარგად ორგანიზებული ნიშნავს იმას, რომ პედაგოგი ნებისმიერი სიტუაციისთვის იყოს მზად. შესაძლოა, ყველაფერი წინასწარ ჰქონდეს მოფიქრებული, თუმცა გაკვეთილის მსვლელობის დროს ადგილი ჰქონდეს გაუთვალისწინებულ მომენტებს, რაც საკმაოდ ხშირად ხდება. სწორედ ამიტომ, მწამს, რომ პედაგოგობა, ერთი მხრივ, მსახიობობაა, მეორე მხრივ კი – ხელოვნება.

სწავლება მხოლოდ საგნის კარგად სწავლით არ შემოიფარგლება, არამედ იგი მთლიანი და ყოველდღიური პროცესია, რომელიც მასწავლებელმა შემოქმედებითად უნდა წარმართოს. ვფიქრობ, ეს პროცესი ნაკარნახევი უნდა იყოს სულიდან და გულიდან, მე, როგორც პედაგოგმა, უნდა შევაკოწიწო მოსწავლეების მიერ წარმოთქმული სიტყვები, ფრაზები, ფრაგმენტები, მოქმედებები, რაც, საბოლოო ჯამში, შექმნის ერთ მთლიანობას. არ აქვს მნიშვნელობა რომელ საფეხურზე ვსაუბრობთ – დაწყებითზე, საბაზოზე და საშუალოზე – მოსწავლეები სწავლების პროცესში სრულფასოვნად უნდა ჩავრთოთ და, მათთან ერთად, საგნის სწავლება მრავალფეროვნად და საინტერესოდ წარვმართოთ. როგორც უკვე აღვნიშნეთ, სწავლება ორმხრივი პროცესია – მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთთანამშრომლობითი ჯაჭვი, რომლის გაწყვეტის შემდეგ ყველაფერი ირღვევა.

შეფასება ერთ-ერთი უმთავრესი ინდიკატორია ეფექტიანი მიზნის მისაღწევად. თუმცა, ამავე დროს, ძალიან რთული პროცესია, რადგან არასწორმა შეფასებამ შეიძლება უარყოფით შედეგამდე მიგვიყვანოს. მოსწავლეები და მათი მშობლები, ხშირ შემთხვევაში, მხოლოდ ნიშანზე არიან ორიენტირებულები და ავიწყდებათ უფრო მნიშვნელოვანი რამ, რომელსაც ცოდნის მიღება ჰქვია. შეფასება, ჩემი აზრით, სუბიექტურ ხასიათს ატარებს და რთულია ობიექტურობის გამოჩენა, გარკვეულ შემთხვევებში. ამიტომ, საჭიროა ,,ოქროს შუალედის“ დაცვა. მით უმეტეს, როდესაც საქმე მოსწავლის აკადემიური მიღწევების შეფასებასა და ამ ყველაფრის მშობლებისთვის მიწოდებას ეხება. მწამს, რომ ჩემი, როგორც დაწყებითი კლასების პედაგოგის უმთავრესი ვალდებულებაა გამჭვირვალე და ობიექტური შეფასების სისტემის დანერგვა. ასევე მიმაჩნია, რომ უმნიშვნელოვანესია მოსწავლეებისთვის დროული და ეფექტიანი უკუკავშირის მიწოდება, რაც განმავითარებელი შეფასების განუყოფელი ნაწილია. საჭიროა, მოსწავლის შეფასება მათი მიღწევების აღიარებით დავიწყოთ და შემდეგ იმ შეცდომებზე გადავიდეთ, რომლებსაც დავალების თუ კონკრეტული აქტივობის შესრულების დროს უშვებს. ჩემი ამოცანაა, მოსწავლეებთან მათ შედეგებზე ისე ვისაუბრო, რომ ნაკლები აქცენტი გავაკეთო ნიშნებზე, არ შემოვიფარგლო ზოგადი ფრაზებით („ყოჩაღ“, „კარგია“ და ა.შ.), შევაფასო მათი კონკრეტული ქმედება, მივაწოდო მნიშვნელოვანი რეკომენდაციები. ამასთან, კარგი იქნება თუ მოსწავლეს მივცემთ საშუალებას, თავად შეაფასოს საკუთარი ნაშრომი/დავალება, ამით ის უფრო მეტად იქნება პასუხისმგებელი თავის შეფასებაზე და იგრძნობს, რომ სასწავლო პროცესის განუყოფელი ნაწილია. ჩემი პედაგოგიური მრწამსი ბავშვში მეტაკოგნიტური უნარების განვითარებას ეფუძნება, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლის დახმარებას, რომ მან შეძლოს საკუთარი მოქმედებების, აზრებისა და სწავლის პროცესის გაკონტროლება.

კომუნიკაცია – ისევე როგორც სწავლება, ორმხირი პროცესია, რომელშიც ორივე მხარე თანაბრად უნდა იყოს ჩართული. კომუნიკაციის გარეშე სასწავლო პროცესი არათუ ვერ წარიმართება, საერთოდ შეუძლებელი გახდება მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთობის ჩამოყალიბება. ვფიქრობ, მასწავლებლის ხელოვნება იმაშია, რომ მან მოახერხოს თითოეული მოსწავლის ჩართვა სასწავლო პროცესში. ამას კი სიტყვის უთქმელადაც ართმევს თავს, მაგალითად, „თვალებით კონტაქტით“ ან თუნდაც მზერით. პედაგოგის თითოეულ ქმედებაში მოსწავლეების მიმართ სითბო და სიყვარული უნდა იგრძნობოდეს.

მოტივაცია – ყველა ზემოხსენებული ფაქტორის მამოძრავებელი ძალაა, რადგან თავად მოტივაცია განსაზღვრავს განათლების მიღების სურვილს. სხვა შემთხვევაში, ადამიანი წყვეტს მას. მწამს, რომ მოტივაციის გაღვივებას ყველა ის ფაქტორი სჭირდება, რომელზეც ზემოთ ვისაუბრე. ეს უკანასკნელიც დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული, რადგან არ არსებობს ერთი კონკრეტული გზა იმისა, თუ როგორ ავუმაღლოთ მოსწავლეებს მოტივაცია. მასზე საუბრისას, უნდა გვახსოვდეს, რომ ყველა ბავშვი ინდივიდუალურია. ამისთვის კი, ერთ-ერთი ეფექტური ხერხია დიფერენცირებული მიდგომა თითოეული მოსწავლის მიმართ და მათ ინტერესებზე მორგებული სასწავლო გარემოს შექმნა. ბავშვები ყველა საშუალებით ცდილობენ დასახული მიზნის მიღწევას. მათთვის გადაულახავი დაბრკოლება არ არსებობს. ეს არის თვისება, რომელიც ყველა ადამიანს სჭირდება. პატარები თავიანთ სურვილებს, მისწრაფებებს, სათქმელს, ხშირად, ქცევით გამოხატავენ, რომელსაც ზოგჯერ უფროსები ,,ცუდ“ ქცევას უწოდებენ და ამბობენ, რომ ასეთი ბავშვი რთულად აღსაზრდელია. ამ შემთხვევაში, მასწავლებელი სწორად უნდა ჩაერიოს და ეს პრობლემა წახალისებით მოაგვაროს. წახალისება ხომ დადებითი განმამტკიცებელია, რომელიც ცუდ ან არასასურველ ქცევას, სწრაფად და უმტკივნეულოდ, ჩაანაცვლებს კარგით. წახალისებისთვის შესაძლოა უამრავი რამ გამოვიყენოთ, მაგალითად: სიგელები, სიტყვიერი შექება და სხვ.

დასასრულ, ყველაზე მნიშვნელოვანია, მასწავლებელი იყოს მოსწავლისა და თავისი საქმის ერთგული, უყვარდეს თითოეული მოსწავლე და, ამავდროულად, საკუთარი პროფესია. მასწავლებელი მაშინ არის შემდგარი, აღიარებული და დაფასებული, როდესაც გრძნობს, რომ სწორ ადგილას იმყოფება, სასწავლო პროცესს წარმართავს წარმატებულად და შემოქმედებითად.

 

ლია ნანდოშვილი

სსიპ სოლომონ დოდაშვილის სახელობის სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ მაღაროს საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები