24 ნოემბერი, კვირა, 2024

 რომანტიზმი

spot_img

 

რომანტიზმი არის მხატვრული მიმდინარეობა, რომელიც ჩამოყალიბდა XIX ს-ის დასაწყისში საფრანგეთის რევოლუციის იდეებისა და, შემდგომ, მისი დამარცხებით გამოწვეული გულგატეხილობის, იმედების მსხვრევისა და გაცრუების საფუძველზე. სწორედ აქედან გამომდინარე, რომანტიკული მსოფლმხედველობის ძირითად დამახასიათებელ ნიშანს წარმოადგენს მწვავე უთანხმოება, დაპირისპირება ამ მიმდინარეობის წარმომადგენელთა იდეალსა და მტანჯველ რეალობას შორის. რომანტიზმმა ფართო გავრცელება ჰპოვა ევროპის ქვეყნებში, ხელოვნების ყველა სფეროში.

ლიტერატურაში რომანტიკოსებმა ახალი კონცეფცია შემოიტანეს. გაათავისუფლეს სიტყვიერება ნორმებისა და შეზღუდვებისგან. უპირატესობა შთაგონებას მიანიჭეს. რომანტიკოსი მწერლის მიზანია არა რეალობის ზუსტი ასახვა, არამედ მის მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა, საკუთარი იდეალური სამყაროს შექმნა და მისი მეშვეობით საკუთარი იდეალის მიტანა მკითხველამდე.

ქართველმა მწერლებმა გაიზიარეს რომანტიზმი _ ეპოქა, რომლითაც ფორმისა თუ შინაარსის მხრივ სრულიად ახალი თვისების და სურნელის მქონე პოეზია შექმნეს. ქართველი რომანტიკოსთა შემოქმედება (განსაკუთრებით საყურადღებოა ალექსანდრე ჭავჭავაძის, გრიგოლ ორბელიანისა და ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსები) ქართული პოეზიის შედევრებს წარმოადგენს.

ნიკოლოზ ბარათაშვილი (ტატო)

ბარათაშვილის შემოქმედება ქართული რომანტიზმის მწვერვალია. მისი პოეტიკა და სტილი რომანტიკული პოეტური აზროვნების სრულყოფილი გამოხატულებაა. როგორც მოაზროვნემ და სიტყვიერებით მხატვარმა, ბარათაშვილმა გეზი მისცა მთელი XIX საუკუნის ლიტერატურის განვითარებას საქართველოში. ტატოს მსოფლმხედველობრივ ინტერესთა რკალი მეტად ფართოა, რაც მნიშვნელოვანწილად გამოწვეულია ავტორის სულიერი ტკივილისა და ეროვნულ სინამდვილის მძაფრი განცდით.

გრიგოლ ორბელიანი

ორბელიანი ქართული რომანტიზმის წარმომადგენელია. იგი, უპირველეს ყოვლისა, ცნობილია პატრიოტული ნაწარმოებებით, რომლებიც საქართველოს რაინდული წარსულის ხოტბას შეიცავს ან გვაცნობს ავტორის სულისკვეთებას. გ. ორბელიანი პატრიოტიზმთან ერთად დიდ ადგილს უთმობს სიყვარულის თემას. ეს გრძნობა მას მიაჩნია უმაღლეს ადამიანურ თვისებად და ბედნიერებად.

ალექსანდრე ჭავჭავაძე

ალექსანდრე ჭავჭავაძე ქართული რომანტიზმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელია. მკვლევართა ნაწილი მას საქართველოში რომანტიკული მიმდინარეობის დამწყებად აღიარებს. იგი ქართულ ლირიკაში წმინდა საზოგადოებრივ-დემოკრატიული მოტივების შემომტანია. მის ლირიკაშიც რომანტიკული ჟღერადობისაა ეროვნულ აწმყოზე სამდურავის, წარსულზე დარდისა და უიმედობის მოტივები.

ევროპული და ქართული რომანტიზმის ურთიერთმიმართების საკითხი

ევროპული რომანტიზმის პროგრესული ფრთის წარმომადგენელია „მსოფლიო სევდის პოეტად“ წოდებული ჯორჯ ნოელ გორდონ ბაირონი (Byron, 1788—1824). თავად ბაირონის ჩაცმის სტილიც კი გამოხატავდა რომანტიკულ ამბოხს.

ლორდ ბაირონის შემოქმედებაში უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს ლირიკულ პოემას „ჩაილდ ჰაროლდის მოგზაურობა“. ეს ნაწარმოები მან სამხრეთ ევროპის და ახლო აღმოსავლეთში მოგზაურობიდან დაბრუნებულმა დაწერა.  პოემის საფუძველი გახდა მოგზაურობისდროინდელი ჩანაწერები, შთაბეჭდილებები, დღიურის ფრაგმენტები. ამ ნაწარმოებში ბაირონი რევოლუციური რომანტიზმის წარმომადგენლად გვევლინება.

პოემის გმირი იმედგაცრუებული ახალგაზრდა არისტოკრატია. მისი სახელი იქცა უსამართლობის  მიმართ ამბოხებული პიროვნების სიმბოლოდ. პოემაში მოგზაურობის სურათებს ცვლის ავტორის ფიქრები, რომელშიც მოჩანს პროტესტი არსებული სოციალური წყობილების წინააღმდეგ და თავისუფლებისადმი სწრაფვა.  ბაირონი წუხს ნაპოლეონის ომებით აოხრებულ ესპანეთზე, თანაუგრძნობს თურქეთის მიერ გათელილ ალბანეთს და აფიქრებს  დიდებული საბერძნეთი თავისი კლასიკური მემკვიდრეობით.

პოემის კომპოზიცია (დღიურის ფორმა, ლირიკული გადახვევები), თემატიკა (პროტესტი ადამიანის ჩაგვრის წინააღმდეგ) და პოეტიკა (ცხრასტრიქონიანი რთული სტროფი) წარმოადგენდა სიახლეს.

ბაირონი ევროპაში რომანტიზმის ისეთივე თვალსაჩინო წარმომადგენელია, როგორც ჩვენში ნიკოლოზ ბარათაშვილი.  მათ შემოქმედებას შორის იდეურ-მხატვრული ნათესაობა შეინიშნება. ჯერ კიდევ ახალგაზრდა ბაირონი თავის ლექსებსა და წერილებში უჩივის ამქვეყნიურ ამაოებას: „თუმცა მოხუცი არა ვარ, მაგრამ ვგრძნობ, რომ ცხოვრება ჩემთვის არ არის… ოცდაათი წლისა მე ვგრძნობ, რომ აღარაფერს მოველი…“ მსგავს იმედგაცრუებას ვპოულობთ ბარათაშვილის წერილებში: „ ვაი, იმის ბრალი, ვინც ოცდარვა წლისაა და აღარც არას ამ სოფლის კმაყოფილებას მოელის.“  წერილების ადრესატი ორივესთვის მეგობრებია: „არა მყავს მეგობარი, არც ნუგეშისმცემელი და არც იმედის მომცემი ვინმე, რომ გამამხნეოს მე“, _  შესჩივის ბაირონი მეგობარს. „მამაცა მყავს, დედაც, დებიც, მრავალნი მონათესავენი და მაინც გული კიდევ ვერავის მიჰკარებია, მაინც კიდევ ობოლია ამ სავსე და ვრცელ სოფელში“-  სწერს ქართველო პოეტი თავის მესაიდუმლე მაიკო ორბელიანს.

მე-19 საუკუნის ლიტერატურულ წრეებში ბაირონის ნაწარმოებებთან ერთად ეცნობიან ადამ მიცკევიჩის შემოქმედებას. მე-19 საუკუნეში საქართველოში უკვე კარგად ცნობილია ადამ მიცკევიჩის პოეზია. ამას მოწმობს ის ფაქტი რომ  გიორგი ერისთავის მიერ ნათარგმნი იყო მიცკევიჩის ლექსები. ადამ მიცკევიჩი პოლონელი რომანტიკოსი მწერალი იყო. მასზეც, როგორც სხვა რომანტიკოსებზე, გავლენა საფრანგეთის რევოლუციამ იქონია და გააღვიძა მწერალში თავისუფლად მოაზროვნე ადამიანის  სულისკვეთება.  მისი შემოქმედებიდან ცნობილია პოემა „ფარისი“. მკვლევრებს შორის სადავოა „ფარისის“ და ნიკოლოზ ბარათაშვილის „მერნის“ საერთო ფაბულა. „ფარისის“ გმირი თეთრ რაშზე ამხედრებული ბედუინია, რომელიც მიისწრაფვის მთებისა და ტყეების გადასავლელად. გზაზე მას ბევრი დაბრკოლების გადალახვა უწევს, თუმცა, მხედარმა სძლია ყოველგვარ დაბრკოლებას და განაგრძო გზა წინ. ნ. ბარათაშვილის „მერანიც“ განწყობილებით ჰგავს „ფარისს“. „მერანშიც“ ავტორი ილაშქრებს ბედისწერის წინააღმდეგ, რადგან რაც ყველაზე ძვირფასია _ თავისუფლება მოუტანოს შთამომავლებს და სიცოცხლის დათმობის ფასად გაუადვილოს ცხოვრება. ორივე ნაწარმოებში კარგად არის გამოხატული ავტორის დაუდეგარი სულისკვეთება გაეცალოს აწმყოს და ყოველგვარი სიძნელის მიუხედავად შეუერთდეს ცის ლაჟვარდს.

რომანტიზმის შესახებ ვრცლად იხილეთ ბმული http://defencegeorgia.blogspot.com/2011/04/blog-post_6102.html

მარიამ გრიგალაშვილი – თბილისის 186-ე საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე

თაკო კეშელავა –  ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფ.კოხნარის საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები