1990-იანი წლების შუა პერიოდში ისლანდიელი თინეიჯერები, ევროპაში, ყველაზე მსმელებსა და მწეველებს შორის იყვნენ, დღეს კი ისლანდია, ევროპის ქვეყნების რეიტინგში, ბოლო ადგილზეა მოზარდებში ალკოჰოლის, ნარკოტიკებისა და სიგარეტის მოხმარების მხრივ, მათი ცხოვრების წესი ყველაზე ჯანსაღია!
როგორ მიაღწიეს ისლანდიელებმა ასეთ შედეგს?
„პარასკევს ღამით, რეიკიავიკის ცენტრში, ქუჩებში გავლა შუძლებელი იყო, რადგან საშიში იყო მთვრალი მოზარდების ბრბოსთან შეხვედრა,“ – ამბობს ჰარვი მილკმანი.
⇒ ჰარვი მილკმანი ამერიკელია, ფსიქოლოგიის დოქტორი, ახლა რეიკიავიკის უნივერსიტეტშიც ასწავლის. მან გამოიკვლია, რატომ იღებენ ადამიანები ამა თუ იმ ნარკოტიკს და აღმოაჩინა, რომ არჩევანი იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ ახერხებენ ადამიანები სტრესთან გამკლავებას. ისლანდიელ მეცნიერებთან თანამშრომლობით, მან სცადა იმ ბიოქიმიურ პროცესებში გარკვევა, რომლებიც დამოკიდებულებას იწვევს.
აღმოჩნდა, რომ მრავალი განსხვავებული ნივთიერებაა, რომელიც თავის ტვინში ბიოქიმიურ პროცესებს იწვევს და შემდეგ ორგანიზმი მათზე დამოკიდებული ხდება. მეცნიერებმა ისეთი მოქმედებების ძიება დაიწყეს, რომლებიც იმავე პროცესების სტიმულირებას მოახდენდა ტვინში.
ჰარვი მილკმენი: „დამოკიდებულება შეიძლება იყოს თამბაქოზე, ალკოჰოლზე, კოკა-კოლაზე, ენერგეტიკულ სასმელებსა და გარკვეულ საკვებზე…
გადავწყვიტეთ, თინეიჯერებისთვის რაიმე უკეთესი შეგვეთავაზებინა.
ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ცეკვა, მუსიკა, ხატვა ან სპორტი ასევე იწვევს ტვინში ბიოქიმიურ პროცესებს (რამაც შესაძლებელი გახადა სტრესიდან უვნებელი გამოსავალი). ემოციური ეფექტის თვალსაზრისით, ამ ქმედებებს იგივე ზეგავლენა უნდა ჰქონოდა მოზარდებზე, რაც სტიმულატორებს, ალკოჰოლს ან თამბაქოს.
აქედან გამომდინარე, მათ უფასო მასტერკლასების პროგრამები შევთავაზეთ სპორტისა თუ ხელოვნების ნებისმიერ სახეობაში, რისი შესწავლაც სურდათ“.
ასე გაჩნდა „თვითაღმოჩენის პროექტის“ იდეა, რომელიც თინეიჯერებს, ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის ბუნებრივ ალტერნატივას შესთავაზებდა.
1992 წელს პროექტი განხორციელდა და მასწავლებლების, სკოლის ექთნებისა და სხვა მრჩეველთა მითითებით, 14 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები გააერთიანა, რომლებიც არ თვლიდნენ, რომ მკურნალობა სჭირდებათ, მაგრამ მათთვის რეალურად პრობლემა იყო ნარკოტიკები და ალკოჰოლი.
თინეიჯერებს ასწავლიდნენ იმას, რისი შესწავლაც სურდათ: მუსიკა, ცეკვა, ჰიპ-ჰოპი, ხელოვნება, საბრძოლო ხელოვნება… ამ აქტივობებს უნდა შეეცვალა ბავშვების ტვინის ქიმიური შემადგენლობა და მიეცა მათთვის ის, რაც პრობლემებთან გასამკლავებლად სჭირდებოდათ. თითოეულ მოზარდს პროგრამაში სამი თვის განმავლობაში მონაწილეობა მოეთხოვებოდა… საბოლოოდ კი, როგორც აღმოჩნდა, ბევრი მათგანი ხუთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში აგრძელებდა ამ აქტივობას.
თინეიჯერებმა, შეიძლება ითქვა, რომ ცხოვრებისეული უნარების ტრენინგი გაიარეს, რომელიც მიზნად ისახავდა მათი თვითშეფასების გაუმჯობესებას, ურთიერთობის დალაგებას არა მარტო საკუთარ თავთან, არამედ სხვა ადამიანებთანაც.
ზეგანაკვეთური სამუშაოები, კვირაში სამჯერ, სპეციალურად, სახელმწიფოს მიერ იყო დაფინანსებული. ბევრი კვლევა და გამოკითხვა ჩატარდა, რის საფუძველზეც, მიღებულ იქნა ეროვნული გეგმა „ისლანდიის ახალგაზრდობა“.
მოზარდებში ნიკოტინსა და ალკოჰოლზე დამოკიდებულების პრობლემების გადასაჭრელად ხელისუფლებას კანონის შეცვლაც მოუწია:
♦ აიკრძალა 18 წლამდე მოზარდების მიერ თამბაქოს და 20 წლამდე ახალგაზრდების მიერ ალკოჰოლის ყიდვა;
♦ აიკრძალა ალკოჰოლისა და თამბაქოს რეკლამა;
♦ გაძლიერდა მშობლებსა და სკოლებს შორის ურთიერთობა, მშობელთა ორგანიზაციების მეშვეობით, რომელიც, კანონის მიხედვით, ყველა სკოლაში უნდა დაარსებულიყო.
ასე გააქტიურდა სასკოლო საბჭოები მშობელთა მონაწილეობით, რომლებიც, სწორედ სკოლასთან თანამშრომლობით, შვილებს ფსიქოლოგიური პრობლემების გადაჭრაში უნდა დახმარებოდნენ.
♦ ასევე მიიღეს კანონი, რომელიც კრძალავდა 16 წლამდე ბავშვების, ზამთარში – საღამოს 22 საათის და ზაფხულში – შუაღამის შემდეგ, გარეთ გასვლას. ეს კანონი დღემდე მუშაობს.
გაიზარდა სპორტის, მუსიკის, ხელოვნების, ცეკვისა და სხვა კლუბების სახელმწიფო დაფინანსება, დაბალშემოსავლიანი ოჯახების ბავშვებმა დახმარება მიიღეს. მაგალითად, რეიკიავიკში, სადაც ქვეყნის მოსახლეობის მესამედზე მეტი ცხოვრობს, ე.წ. „დასასვენებელი ბარათი“ ოჯახებს, წელიწადში, 35 000 კრონს (250 ფუნტ სტერლინგს) აძლევს, რომ გართობის საფასური გადაიხადონ.
დღეს ისლანდია ლიდერობს ევროპის ყველაზე „ეკოლოგიურად სუფთა“ მოზარდთა ცხრილში. 20 წლის განმავლობაში, მათ შეძლეს ალკოჰოლის მომხმარებელ, 15 და 16 წლის, ახალგაზრდების წილის 42%-იდან 5%-მდე შემცირება; კანაფის მომხმარებელთა რაოდენობის – 17%-დან 7%-მდე; სიგარეტის ყოველდღიურად მწეველების – 23%-დან 3%-მდე.
ისლანდიელი მეცნიერები სხვა ქვეყნებსაც სთავაზობენ ამ პროგრამის მიღებას, რაც მილიონობით ადამიანს მოუტანდა სარგებლობას, მაგრამ აქ სხვა პრობლემა იჩენს თავს – ეს ხომ უდიდესი ზარალი იქნება ამ მიმართულებით მომუშავე კომპანიებისთვის. მათი ინტერესი არ არის, მოზარდების თვითშეგნების ამაღლება და მათი აცდენა ალკოჰოლზე, სიგარეტსა და სხვა სტიმულატორებზე დამოკიდებულების გზიდან, რომელიც სიკვდილამდე მიდის.
მათ სურთ მომხმარებლები!