ნესტან-დარეჯანის დანახვისას გონებადაბინდულ ტარიელს სიცოცხლის ხალისი ისევ მისივე წერილმა დაუბრუნა. სატრფოსადმი მიწერილ პირველივე წერილში ყურადღებას იქცევს მისი, როგორც საუკეთესო მიჯნურის თვისებები. მართალია, ნესტანს ერიდება გრძნობების გამჟღავნება, თუმცა დაფარვაც არ შეუძლია და აიმედებს ტარიელს: ,,ნუ დაიჩნევ, ლომო, წყლულსა, მე შენი ვარ, ნუ მოჰკვდები“ – წერს იგი და პირისპირ შეყრისას ფიცს უფრო უმტკიცებს მიჯნურს: ,,გეცრუო, ღმერთმან მიწა მქნას, ნუმცა ცხრითავე ვზი ცითა!“
სათუთი ბუნების მიუხედავად, ნესტანი არ არის გრძნობას აყოლილი მიჯნური. მასში სიყვარული უმოქმედობას კი არ იწვევს, არამედ მიზანმიმართული, სასარგებლო ქმედებისაკენ უბიძგებს. იგი გმობს სიყვარულით შეპყრობილი ტარიელის უმიზნო ცრემლის ღვრას: ,,ბედითი ბნედა სიკვდილი, რა მიჯნურობა გგონია“, _ ეუბნება ტარიელს. მისთვის მიუღებელია მიჯნური, რომელსაც მოჭარბებული გრძნობების გამო გული მისდის. ნესტანის აზრით, სიყვარულის ღირსი მხოლოდ იგია, ვინც თავისი მამაცობით, ვაჟკაცობით, საგმირო საქმეებით თავს გამოიჩენს: ,,სჯობს საყვარელსა უჩვენე საქმენი საგმირონია“, – ურჩევს იგი ტარიელს, ხატაელების წინააღმდეგ გალაშქრებას და ქვეყნისთვის სასარგებლო საქმის გაკეთებას ავალებს.
ნესტანის სიტყვებით იმედმიცემული ტარიელი მოკლე, ლაკონიურ, მაგრამ მტკიცე ფიცს დებს მიჯნურისადმი მიწერილ წერილში: ,,მე ღმერთმან იგი ნუ მომცეს, რაცა არ შენი ფერია“, – წერს ტარიელი. პირისპირ შეყრისას იგი კიდევ უფრო ამტკიცებს თავის ფიცს სიტყვებით: ,,შენი ვიყო, სადამდისცა დამიყოფდეს მიწა პირსა“ და მზადაა ნესტანის დავალების დაუყონებლივ აღსასრულებლად.
რეზო კეშელავა – სსიპ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხნარის საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე