3 დეკემბერი, სამშაბათი, 2024

მთა ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაში

spot_img

ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი უკავია მთას. ვაჟასთვის, როგორც მთიელი ადამიანისთვის, ბუნება სულის განუყოფელი ნაწილი იყო, რაც ნათლად ჩანს მის პოემებში, ლექსებსა თუ მოთხრობებში.

ლექსში „ღამე მთაში“ხევი მთას ჰმონებს, მთახევსა , რითაც ავტორი ხაზს უსვამს, რომ მთა და ხევი ერთმანეთის გარეშე უძლურნი არიან. ბუნების საოცარი პეიზაჟის აღწერისას ვკითხულობთ:

მთებს ჩაუცვიათ შავები,

ჭმუნვით დასცქერენ ხევებსა;

ცივს ნიავს შესთავაზობენ

უფსკრულს მოარულს დევებსა“.

ვაჟა-ფშაველას ყოველ ნაწარმოებში, მთა პერსონიფიცირებულია. იგი სულიერი არსებაა, რომელიც პოეტს ადამიანივით უყვარს და ენატრება. პოემაში „გველის მჭამელი“, რამდენიმე ადგილას გვხვდება მთის აღწერა:

„ირგვლივ მთებია დიდრონი,
აყრილნი სრულის ტანითა,
გადალესილნი თოვლითა,
მოუღალავნი ჯანითა.
ერთხელ თუ ჰნახე ამგვარად,
სულ გინდა ჰსინჯო თვალითა.

იმაზე ლამაზებია,
როცა ჰღელავენ მწვანითა.“

„გველის მჭამელში“ ოჯახის წევრებთან ერთად, მინდიას თავისი „ჩამოთოვილი მთები“ აგონდება,  ხოლო შემდეგ, მათ გულისტკივილით ავლებს თვალს და ემშვიდობება კიდეც: „მთათ რომ შეჰხედა მაღალთა, /დაიქვითინა მწარედა.“ სწორედ ამგვარად ემშვიდობება უკანასკნელად ალუდა ქეთელაური მშობლიურ მთა-ბარს. პოემაში ვაჟა ბუნების დინამიკურ სურათებს აღწერს.

თენდება, მთის წვერნ დაწითდენ,

ნისლნი აგროვდენ მთებზედა.“

მთის ვიზუალი ხშირ შემთხვევაში დაკავშირებულია პერსონაჟთა განცდებთან ან განვითარებულ მოვლენებთან. ალუდას განდევნისას, მთა პირქუში და მრუმეა. ვაჟა წერს: „მთას ღმუის ჯოგი მგლებისა“, ხოლო ფინალურ ეპიზოდში „შტერად დამდგარან მთის წვერნი,/ ისმის ხვივილი ქარისა.“

ვაჟა-ფშაველასთვის მთა არის სიწმინდე, რომლის კანონის დარღვევა არასდიდებით არ შეიძლება. სწორედ მთის ურღვევი წესი აიძულებს „სტუმარ-მასპინძელში“ მოხუცს, სხვის სახლში სტუმარს ხათაბალა არ აუტეხოს – იგი „წესს ვერ დაარღვევს მთისასა.“

სტუმარ-მასპინძელში“ მთის შესახებ ვკითხულობთ:

„გადმოხრილიყვნენ მთანიცა,

ხელ-პირს იბანდენ წყალზედა;

ბევრი მომკვდარა მათს მკერდზე,

სისხლს ვერ იხდენენ ტანზედა“.

მოთხრობა „ამოდის, ნათდება!“ ზამთრის პეიზაჟის აღწერით იწყება, სადაც მთა, ყურადღების მიღმა არ რჩება: „თოვლით გადალესილა მთა-ბარი; სულშეხუთულია, ისე შებოჭილი, რომ დედამიწის ძვლებს ჭყრიალი, ჭახჭახი გააქვს.“

მთა გამორჩეული და განსაკუთრებულად ლამაზია პოემაში „ბახტრიონი“, სადაც ვაჟა წერს: „მთებმა დახუჭეს თვალები“, „მთების გულ-მკერდი კლდიანი“, „გაივსო რძითა მთათ ძუძუ, /დაუშრომელად რძიანი“, „მთანი, თავ-ჩაჩქნიანები, /ფიქრს მისცემიან მწარესა“, „ნისლი ფიქრია მთებისა, /იმათ კაცობის გვირგვინი“ და ა.შ.

ამგვარად, ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებები მრავალფეროვანია, როგორც შინაარსობრივი, ისე მხატვრული თვალსაზრისით და ამ უკანასკნელში განსაკუთრებული წვლილი, სწორედ მთის აღწერებს მიუძღვის.

სესილი ერაგიაქ. ფოთის წმ. ნიკოლოზის სახელობის სკოლის XI კლასის მოსწავლე

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები