„ოთარაანთ ქვრივი“, რომელიც ილია ჭავჭავაძემ 1887 წელს დაწერა, მწერლის უკანასკნელი მხატვრული ნაწარმოებია. მოთხრობაში საკმაოდ დიდია მეორეხარისხოვან პერსონაჟთა როლი, რადგან თითოეული მათგანი, მთავარ სათქმელსა და გმირთა სახეს უფრო ამკვეთრებს.
„ოთარაანთ ქვრივის“ მეორეხარისხოვან პერსონაჟებზე საუბრისას, უპირველესად, მეწისქვილე სოსია გვახსენდება. მეწისქვილე სოსია ერთი საცოდავი, ბედისგან დაჩაგრული ადამიანია, რომელსაც სასიხარულო ცოტა თუ უნახავს წუთისოფელში. ილია ჭავჭავაძის აღწერით, იგი იყო: ,,კაცი ძველი, გულჩახვეული, გულჩაკეტილი, ჩუმი და ამიტომ ყველასაგან დაბრიყვებული. აქ მეწისქვილედ დაბერებულიყო უცოლოდ, უშვილოდ, უთვისტომოდ“. კეთილი და ერთგული კაცია სოსია. ქვრივის სიყვარული ჩავარდნოდა ოდესღაც გულში და მრავალი წლის გასვლის შემდეგაც მის მოტრფიალედ რჩება. სოსიასთვის უცხოა ღალატი, სიძულვილი თუ შური. იგი ისევე განიცდის ქვრივის ტრაგედიას, როგორც საკუთარი შვილის დაღუპვას, რადგან ხედავს იმ ადამიანის უბედურებას, რომელსაც მთელი სიცოცხლე მიუძღვნა. ვფიქრობ, მეწისქვილის უიღბლო სიყვარული მეტად ჰგავს გიორგის შემთხვევას. მიზეზი სოსიას უბედურებისა, იდენტურია გიორგის იმედგაცრუებისა. სოსიამ სთხოვა ოთარაანთ ქვრივს ხელი, თუმცა უარი მიიღო. სავარაუდო მიზეზი უარისა, კვლავ „ხიდჩატეხილობა“ იყო. სოსია ერთგან ამბობს: ,,მე ფეხის ჩლიქადაც არ ვეკადრებოდი… ვეღარ შევბედავ, ვეღარა!“, რითაც ხაზს უსვამს მათ უთანასწორობას. ქვრივი კი, როგორც ჩანს არც ახალგაზრდობაში თვლიდა სოსიას ყურადღების ღირსად, რადგან ქალს მისი სახელი არაფერს ეუბნება და ვერც სოსიას იხსენებს. ვფიქრობ, უმნიშვნელოვანესი მეორეხარისხოვან პერსონაჟთა შორის, სწორედ სოსიაა – ერთდროულად განწირული, როგორც ბედისგან, ისე კაცისგან… კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მეორეხარისხოვანი პერსონაჟი არის პეტრე. იგი ერთგვარი ბედისწერის გამოხატულებაა მოთხრობაში. პეტრე უბოროტო ადამიანია, რომელმაც უნებლიეთ გამოიწვია გიორგის სიკვდილი. სოსიაზე არანაკლებ საცოდავია გულმართალი პეტრე, რომელსაც დანაშაულის გრძნობა, ალბათ მთელი ცხოვრების მანძილზე დაუკარგავს მოსვენებას.
„ოთარაანთ ქვრივის“ მეორეხარისხოვან პერსონაჟთა რიგს მიეკუთვნებიან: კუპრაანთ თედო, მანასაანთ გოლა, დათია ბადიაშვილი, ომარაანთ მოჯამაგირე, ბეჟანიშვილის მოჯამაგირე და ოფოფაანთ დემეტრე. თითოეული მათგანი აუცილებელია იმისთვის, რომ მოთხრობა შეიკრას და სიუჟეტი დაიხვეწოს. თედოსა და გოლას ფონზე, მკითხველი უკეთ ხედავს გიორგის პიროვნებას და მის ღირსებებს. იმავეს თქმა შეგვიძლია ბეჟანიშვილისა და ომარაშვილის მოჯამაგირესთან მიმართებაში. დათიას პერსონაჟის შემოყვანით, ილია ჭავჭავაძე გვიჩვენებს საზოგადოების აზრს ოთარაანთ ქვრივის შესახებ, ექიმი დემეტრე კი ერთ-ერთი დანამატი და საჭირო პერსონაჟია, რომლის გარეშეც სიუჟეტი გაუმართავი იქნებოდა.
ამგვარად, ლიტერატურული ნაწარმოების თითოეულ პერსონაჟს აკისრია კონკრეტული მისია. გამონაკლისს არც მეორეხარისხოვანი პერსონაჟები წარმოადგენენ, რადგან მათი როლი იმდენად დიდია, რომ მათი განხილვა მთავარ გმირთა გვერდით აუცილებელიც კი იყოს.
სესილი ერაგია – ფოთის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე