23 ნოემბერი, შაბათი, 2024

მამაკაცის დადებითი სახე ვაჟა-ფშაველას პოემებში

spot_img

ვაჟა-ფშაველას პოემები ყოველთვის გამოხატავს მწერლის დამოკიდებულებას კონკრეტული საკითხისა და ადამიანის რაობის შესახებ. ვაჟა სიუჟეტის მხატვრულობისა და  მითოლოგიური ელემენტების გამოყენებით, წარმოგვიჩენს პიროვნების გაიდიალებულ სახეს. მის პოემებში სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, ხაზგასმით ჩნდება მამაკაცის დადებითი სახე, სხვადასხვა ასპექტში.

„ალუდა ქეთელაური“ არის პოემა სადაც ყველაზე ღრმად წარმოჩნდება, იმ მეტამორფოზის შინაგანი პლანი, რომელიც პიროვნების ეტაპობრივ აღორძინებას გულისხმობს.  პოემის მთავარი გმირი, ალუდა, გმირია ამ სიტყვის როგორც რეალური, ისე ლიტერატურული მნიშვნელობით. იგი ტრაგიკული პერსონაჟია და ამ ტრაგიზმს მისი ქმედებები იწვევს. დასაწყისში ალუდა თემის რჩეული ვაჟკაცია, თუმცა როდესაც იგი ტოლერანტულ ხედვებს ავლენს, მაშინვე თემის რისხვა ატყდება თავს. ამ პროცესში ალუდა არ კარგავს ინდივიდუალურ პრინციპებსა და სიმტკიცეს.  პოემის სიუჟეტური განვითარება სწორედ ამ პროცესს ეყრდნობა. ალუდა ქეთელაური პოულობს ძალას რომ თემის წინააღმდეგ დაამტკიცოს საკუთარი სიმართლე. თანაც ისე, რომ არ კარგავს პრიციპებს, ფასეულობებსა და ტოლერანტულ აღქმას საზოგადოების ქმედებისადმი. ამ ყველაფერში მისი, როგორც მამაკაცი პერსონაჟის დადებითი თვისებები იხატება.

კიდევ ერთი მამაკაცი პერსონაჟი, რომელიც „ალუდა ქეთელაურში“ თავისმხრივ ვაჟკაცური ზნით გამოირჩევა, არის ქისტი მუცალი. იგი ალუდასთან ორთაბრძოლაში ებმება. ეს ორთაბრძოლა მეტად დინამიკურად, გამორჩეული მხატვრულობით აღიწერება, ვაჟას მიერ. მიუხედავად მუცალის განსხვავებული რჯულისა, იგი ვაჟკაცობით ალუდას არ ჩამოუვარდება. სიკვდილის პირას მყოფიც კი „ფერს არა ჰკარგავს მგლისასა“. მისი ამგვარი დასასრული შემდგომში რაღაც კარგის (ალუდას მეტამორფოზის) დასაწყისიც კი ხდება.

მამაკაცი პერსონაჟები განსხვავებული სახით წარმოჩინდება ვაჟა-ფშაველას კიდევ ერთ პოემაში „სტუმარ-მასპინძელი“. პოემის მთავარი გმირები ჯოყოლა ალხასტაიძე და ზვიადაური მართლაც რომ ნამდვილი ვაჟკაცები არიან. თუმცა ვაჟას სხვა პერსონაჟების მსგავსად, ისინიც ტრაგიკულებად გვევლინებიან. დაძმობილებული  ჯოყოლა და ზვიადაური ერთმანეთში ხედავენ  ისეთ ღირებულებებს, რომლებიც ნამდვილ ვაჟკაცს გააჩნია. თუმცა მათი მეგობრული იდილია ირღვევა მაშინ, როცა თემი ზვიადაურის ვინაობას იგებს და მასთან ერთად ჯოყოლასაც უპირისპირდება. ამ მომენტში იკვეთება მათი სიმტკიცე და ადამიანურობის უმაღლესი დონე. ჯოყოლა არ ღალატობს სტუმარ-მასპინძლობის მრავალსაუკუნოვან ადათს, მიუხედავად ზვიადაურის დანაშაულისა. პირიქით, იგი თემს ეწინააღმდეგება და დამნაშავის მიმართ შემწყნარებელია. მისი ასეთი ქმედება საზოგადოების უმეტესობის განრისხებას იწვევს, რაც ჯოყოლას ბევრ დაბრკოლებას უქმნის. მისთვის ღირსება და პიროვნული ფასეულობები უმნიშვნელოვანესია, ისევე როგორც ზვიადაურისთვის. ალბათ ამიტომაც უგებენ ისინი ერთმანეთს ყველაფრის მიუხედავად.

განსხვავებით „სტუმარ-მასპინძლისა“ და „ალუდა ქეთელაურისგან“, „ბახტრიონი“ ისტორიულ-ლიტერატურული პოემაა. მასში აღწერილი ამბავი 1659 წლის ბახტრიონის აჯანყებას ეხება. თუმცა მხატვრულ დონეზე პერსონაჟთა სახეები ზეამაღლებულია. პოემის მამაკაცი პერსონაჟი, რომელიც გმირობის ნიმუშია, არის კვირია. იგი ერთი შეხედვით ძონზებში ჩაცმული მეცხვარე გლეხია, თუმცა ის პატრიოტული ჟინი, რომელიც თავისუფლებისკენ მისწრაფებაა, გამორჩეულს ხდის. იგი ფიზიკური მონაცემებით ვერ გამოირჩევა, ისე როგორც ზეზვა გაფრინდაული, ან ლუხუმი. მიუხედავად ამისა, ავტორი მას სულ სხვა, სულიერი ფასეულობებით წარმოაჩენს. თავდაუზოგავი ბრძოლა თავისუფლების მოსაპოვებლად და დანგრეულის თავიდან აშენების მცდელობა, სწორედ რომ მხოლოდ ნამდვილ გმირებს შეუძლიათ. კვირიას შემთხვევაში ვაჟკაცობა მხოლოდ ხმლის ოსტატური ქნევით არ გამოიხატება. ის უნერგავს მებრძოლებს სულისკვეთებას, უღდგენს რწმენას და აძლევს ძალას. მამაკაცი პერსონაჟის ასეთი განსხვავებული სახე საზს უსვამს იმას, რომ ვაჟასთვის სულიერი ძალა  ფიზიკურზე ბევრად აღმატებულია.

ვაჟა-ფშაველას კიდევ ერთი პოემის, „გველის მჭამელის“ მთავარი პერსონაჟი, სხვა დანარჩენისგან ბევრად გამორჩეულია.  მინდია თავისი ხედვებითა და ქმედებებით, ყველაზე უფრო წააგავს თავად ავტორს.   იგი საოცარი, ზებუნებრივი ძალის მფლობელი ხდება მაშინ, როცა გველის მჭამელად იქცევა. აღსანიშნავია მისი საოცარი დამოკიდებულება და უშუალო კავშირი ბუნებასთან. მინდია როგორც გმირი ბუნების გადარჩენის იდეას, ეწირება. დღევანდელი გადმოსახედიდან  ეს იდეა, შეიძლება წინასწარმეტყველურადაც მოვიჩნიოთ.  მის ტრაგედიად იქცა ის, რომ მინდია მისნური ნიჭის მძლავრი ზემოქმედების ქვეშ მოექცა. არჩევანი კი მაინც თავად გააკეთა, ამ ნიჭის დაკარგვის შემდეგ, ოღონდ ამ ნიჭით მომადლებული ცოდნის სასარგებლოდ. ეს ცოდნა უკვე მისი პიროვნების განუყოფელი ნაწილი იყო. ბევრი სულიერი თუ ფიზიკური სიმძიმის მიუხედავად იგი მიიჩნევდა რომ ადამიანი და ბუნება განუყოფელია. ასეთმა დამოკიდებულებამ აქცია ის გმირ პერსონაჟად.

ნათელია რომ ვაჟა-ფშაველა მხატვრულობის განსხვავებული და ინდივიდუალური კუთხით წარმოგვიჩენს მამაკაცი პერსონაჯებიდ დადებით სახეებს მის პოემებში.  ვაჟასთვის მამაკაცი აღიქმება არამარტო ფიზიკური ძლიერების სიმბოლოდ, არამედ სწორი შინაგანი ფასეულობებისა და დამოკიდებულების მქონე საზოგადოების ნაწილად. სწორედ ამიტომ, ეს ყველაფერი მკაფიოდ ვლინდება მისი პოემების მამაკაც პერსონაჟებში.

მარიამ ჩაჩანიძე – სსიპ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფ. ხიდრის საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები