ვაჟა-ფშაველას პოემებში რთული დასადგენია, რომელ ეპოქაში ხდება მოქმედება, რადგან პირდაპირი მინიშნება, იშვიათად გვხვდება. ასეთია, მაგ. „ალუდა ქეთელაური“, „გველის-მჭამელი“ და „სტუმარ-მასპინძელი“, გამონაკლისს „ბახტრიონი“ წარმოადგენს.
ვაჟა-ფშაველას ერთ-ერთი გამორჩეული და უმნიშვნელოვანესი პოემა, „გველის-მჭამელი“ 1901 წელს არის დაწერილი. პოემა ეფუძნება ლეგენდას ერთი ხევსურის, ხოგაის მინდიას შესახებ. ქართული ფოლკლორის მიხედვით, მინდია ქაჯებს ჰყავდათ ტყვედ, ამ ტყვეობისგან თავის დასახსნელად ხევსურმა გველის ხორცი შეჭამა, მაგრამ სიკვდილის მაგივრად ჯადოსნური ნიჭი ეწვია.
„გველის-მჭამელში“ ერთადერთი ხელმოსაჭიდი, რომელიც გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ მოქმედება ვითარდება XII საუკუნეში, თამარ მეფის ხსენებაა: „გვირგვინოსანი თამარი“.
პოემის მიხედვით თამარი ამბობს:
“ოღონდ მინდია თან მყვანდეს,
მასთან მთიელი ერია,
რაც უნდ ძალიან ეცადოს,
ვერას დამაკლებს მტერია.“
როგორც ცნობილია, თამარის მეფობის ეპოქა, საქართველოს ძლიერების ანუ „ოქროს ხანა“ იყო. XIX საუკუნის მიწურულსა და XX საუკუნის დასაწყისში, ფშავ-ხევსურები და თუშები ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებდნენ თამარის გარდაცვალებას, იგი ცოცხლადაც კი მიაჩნდათ. საფიქრებელია, რომ ვაჟა ერთგვარ ხარკს უხდის მთიელთა ამ წარმოდგენებს, როცა თამარის ეპოქის ძლიერებას მინდიას უკავშირებს.
პოემებში „ალუდა ქეთელაური“ და „სტუმარ-მასპინძელი“, რომლებიც ასევე ხალხურ თქმულებებს ეყრდნობა, მკითხველი ვერ ხედავს რომელ ეპოქაზეა საუბარი, თუმცა გავრცელებული მოსაზრების მიხედვით ორივე მათგანი ფეოდალურ პერიოდს შეეხება. თუ იმ დროისთვის, როდესაც პოემებში ხდება მოქმედება, კავკასია რუსეთს ექნებოდა დაპყრობილი, მაშინ დაპირისპირება ხევსურებსა და ქისტებს შორის ფაქტობრივად, აღარ მოხდებოდა. პოემაში კი არსად ჩანს რუსული მმართველობის ნიშნები.
რაც შეეხება ვაჟა-ფშაველას პოემას „ბახტრიონი“ – იგი ისტორიულ ფაქტს ეყრდნობა და აღწერს ბახტრიონის აჯანყებას, რომელშიც კახეთს მთიელი მოსახლეობა ყიზილბაშებისგან ბახტრიონის გათავისუფლებაში დაეხმარა. შესაბამისად, იმთავითვე ნათელია, რომ მოქმედება XVII საუკუნეში ხდება, კერძოდ – 1659 წელს.
სესილი ერაგია – ქ. ფოთის წმ. ნიკოლოზის სახელობის სკოლის XI კლასის მოსწავლე