ცოტა ხნის წინ ინტერნეტით გავრცელდა ცნობილი პედაგოგის, ქალბატონ მანანა მაისურაძის სახალისო პოსტი:
„იყო და არა იყო რა, იყო ერთპირიანი ზმნა (ზის ის, დგას ის, წევს ის). ასე ცხოვრობდა თავის ერთ პირთან – ქვემდებარესთან – დიდხანს. მოსწყინდათ მარტო ყოფნა და გადაწყვიტეს, შვილი გაეჩინათ. ასეც მოიქცნენ – შეეძინათ ვაჟი – პირდაპირი დამატება (კერავს ის მას). გავიდა ხანი, ბავშვმა მოიწყინა. მშობლებმა გადაწყვიტეს, კიდევ ერთი ბავშვის გაჩენა და ასე დაემატათ ირიბი დამატება _ გოგონა (უკერავს ის მას მას). პირველსა და მეორე სერიაში ოთხივე ერთად ბრუნვასა და რიცხვში შეხმატკბილებულად ცხოვრობდა. მესამე სერიაში კი გოგონამ (ანუ ირიბმა დამატებამ) გათხოვება გადაწყვიტა, გაჰყვა ცოლად ნათესაობითი ბრუნვის თანდებულს და იქცა უბრალო დამატებად (შეუკერავს ის მას მისთვის) – აი, ამ ჩვეულებრივმა თანდებულმა აქცია ირიბი დამატება უბრალო დამატებად.“
გარდა იმისა, რომ ამ პოსტით სახალისო ფორმითაა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხების (ზმნის პირები, წინადადების მთავარი და არამთავარი წევრები) შესახებ ინფორმაცია გადმოცემული, მინდა შევეხო ერთ ძალიან მნიშვნელოვან მოვლენას, რომელიც ქართული ზმნისთვისაა დამახასიათებელი მესამე სერიაში. ეს არის ინვერსია.
პირის ნიშნების დანიშნულების შეცვლას ინვერსია ეწოდება. ეს ის შემთხვევაა, როცა სუბიექტური პირის დანიშნულებას ზმნაში ობიექტური პირის ნიშანი გამოხატავს და ობიექტური პირის დანიშნულებას სუბიექტური პირის ნიშანი ასრულებს.
I პირი | მ–იყვარ–ს | გვ-იყვარ-ს | მ–აქვ–ს | გვ-აქვ-ს | მ–ში–ა | გვ-ში-ა |
II პირი | გ–იყვარ–ს | გ-იყვარ-თ | გ–აქვ–ს | გ-აქვ-თ | გ–ში–ა | გ-ში-ა-თ |
III პირი | უყვარ–ს | უ-ყვარ-თ | აქვ–ს | აქვ-თ | ში–ა | ში-ა-თ |
ინვერსია მხოლოდ გარდამავალი ზმნებისთვისაა დამახასიათებელი. გამონაკლისია აქვს და ჰყავს ზმნები. ეს ზმნები ინვერსიულობას არ ავლენს მესამე სერიის მწკრივებში, მიუხედავად იმისა, რომ გარდამავალია ორივე.
სადავოდაა მიჩნეული უყვარს ტიპის ზმნების ინვერსიულობის საკითხი.
უმეტესად ასეთი მოსაზრებაა გაბატონებული:
- ინვერსიულია გარდამავალი ზმნები მესამე სერიის მწკრივებში;
- ინვერსიულად ითვლება უყვარს (გრძნობა-აღქმის გამომხატველი) ტიპის ზმნები;
- მერყევი, ანუ ლაბილარული ინვერსიის გამომხატველია დინამიკური ვნებითი გვარის ზმნები (ეხატება, ედგომება…).
ლუკა კვეტენაძე – სსიპ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრაწყაროს მე-10 კლასის მოსწავლე