ვაჟა-ფშაველას სიახლოვე ბუნებასთან მკითხველისთვის უცხო არაა. თითქმის ყველა, პროზაულ თუ პოეზიურ, ნაწარმოებებში იგი წარმოაჩენს ბუნების მნიშვნელობას. აქედან გამომდინარე, ბუნების ესთეტიკური აღქმა მის შემოქმედებაში გასაკვირი არ უნდა იყოს. მიუხედავად იმისა, რომ ზედმეტ-ნაკლებად ეს მნიშვნელოვანი ფენომენი ვაჟას ყველა ნაწარმოებშია, „გველის მწამელი“ მკაფიოდ გამოხატავს ავტორის დამოკიდებულებებსა და აღქმის თავისებურებას ბუნების მიმართ.
უსაზღვრო და მრავალფეროვანი ბუნების აღქმა ვაჟას ნაწარმოებებში არ ჩნდება მისტიკურად და ზებუნებრივად. ავტორი თვლის, რომ ამ სამყაროში ერთადერთი, უცვლელი და უმნიშვნელოვანესი ბუნების ფენომენია ადამიანისთვის. სინამდვილის მოვლენათა ესთეტიკური აღქმის საფუზველზე, ვაჟა გვიხატავს გარემოსა და ადამიანის სინთეზს. ამ გარემოში დიდი მნიშვნელობა აქვთ მცენარეებს, ცხოველებს, ბუნებრივ მოვლენებს, თვით ჰაერსაც კი, რომელიც ადამიანის არსებობისთვის აუცილებელი რესურსია.
ვაჟა-ფშაველა თავისი ნაწარმოებებით ყოველთვის ამტკიცებდა, რომ „ჩვენ ბუნებაში ვართ – იგი ჩვენშია“. ყველა ადამიანს განსხვავებული დამოკიდებულება აქვს ბუნების მიმართ. სწორედ ეს ჩანს ავტორის შემოქმედებაში. მისი ყველა პერსონაჟისათვის სამყარო გარემომცველი ბუნებით იწყება. თუმცაღა ზოგიერთი გარემოს განსხვავებულ სიღრმეებშიც კი იხედება. ამის ნათელი მაგალითია გველის მჭამელი მინდია. იგი ვაჯა-ფშაველას პოემების ერთ-ერთი ყველაზე ამოუცნობი გმირია. მისი, როგორც პერსონაჟის თვისებებისა და ხედვების გათვალისწინებით, მინდია ყველაზე უფრო წააგავს თავად ავტორს. იგი საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ამოუცნობი, მეტად უცნაური ფენომენია. მცენარეებისა და ბუნებისთვის ერთგულ და ყველაზე ძვირფას მეგობრად აღიქმება.
„რაც კი რამ დაუბადია
უფალს სულიერ-უსულო,
ყველასაც თურმე ენა აქვს,
არა ყოფილა ურჯულო.“
ამ ყველაფერს მხოლოდ მინდია გრძნობს, და ამავდროულად, უკვირს მსგავსი მისნური ნიჭის აღმოჩენა საკუთარ თავში. ადრე მას, როგორც ბუნების წიაღში მცხოვრებ მთიელ კაცს უშუალოდ ბუნების მიმართ გარკვეული დამოკიდებულება ჰქონდა. ეს დამოკიდებულება არ განსხვავდებოდა თემის წევრების დამოკიდებულებისგან. მინდია ჭრიდა ხეს, იყენებდა საშენ მასალად, გასათბობად, კლავდა ნადირს. იგი ისე იქცეოდა, როგორც იქცეოდნენ თემის სხვა წევრები, ისინი კი მისდევდნენ ზოგადად ადამიანის ცხოვრების წესს.
მას შემდეგ რაც იგი გველის მჭამელი ხდება, მინდია თავდავიწყებით ეძლევა ბუნების მსახურებას. მას ესთეტიკური და ეთიკური უანგარობა ყველასგან გამოარჩევს. ამჟღავნებს სრული ცვლილების უნარს, ივიწყებს თავის ადრინდელ ყოფას და ბუნების მრავალფეროვან სამყაროში იძირება. ეთიკური ხასიათისაა უკვე გარდაქმნილი მინდიას ღვაწლიც, ის სიკეთის მთესველია, ქაჯებისგან მას ბოროტება არ გადასდებია.
მინდია მაგალითია იმისა, რომ ადამიანმა ბუნებას მხოლოდ მომხმარებლის თვალით არ უნდა უყუროს. ვინაიდან ადამიანი ბუნების განუყოფელი ნაწილია, ის არა მხოლოდ უნდა იღებდეს მისგან სარგებელს, არამედ უნდა გასცემდეს კიდეც. მინდია უკვე მხოლოდ მიმღები კი არ არის, არამედ გულუხვად გამცემიცაა. ის, ბუნების ერთადერთი მესაიდუმლეა. მისი სიყვარულით გაჟღენთილი ადამიანია. ბუნებაზე მზრუნველი, ცხოველების, ფრინველებისა და ხეების სულიერი მეგობარი. მინდიას აზრით, ადამიანი მუდმივად საზრდოობს ბუნების ნაყოფით და მორალური თვალსაზრისით მისი მოვალეა, რისი დავიწყებასაც უმადურობად მიიჩნევს.
ვაჟა პოემაში მცენარეების ცოცხალ სახეებსა და ხასიათს ქმნის. იგი ცდილობს მკითხველს დაანახოს ბუნების სიცოცხლე. ვინაიდან ადამიანები ბუნებას სიცოცხლის მთავარ წყაროდ ვერ აღიქვამენ, ავტორი „იძულებული“ ხდება აამეტყველოს იგი. ამ პროცესში კი მინდია არღვევს საზღვარს ცოცხალ (ადამიანურ) და არაცოცხალ (ბუნებრივ) სამყაროს შორის.
მარიამ ჩაჩანიძე – სსიპ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფ. ხიდრის საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე