განათლების კოალიციის ინიციატივით, მიმდინარე „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ კონკურსის ფარგლებში, საუკეთესო ათეული გამოვლინდა, რომელთაგან ერთ-ერთი 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღეს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდება. გარდა ამისა, მას, ფულადი პრიზის სახით, კონკურსის გენერალური სპონსორისგან – გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდისგან 15 000 ლარი გადაეცემა. საუკეთესო ათეულის დანარჩენ წევრებს ლიბერთი ბანკი დააჯილდოვებს.
განათლების კოალიციის გამგეობის თავმჯდომარე ირინა ხანთაძე ამბობს, რომ „ათეულს საკმაოდ ცხელი ზაფხული ელოდება, რადგან ბევრ ღონისძიებას ვგეგმავთ, რაც მათ ერთმანეთის და „ათეულთა კლუბის“ დანარჩენი წევრების უკეთ გაცნობაში დაეხმარება. 5 სექტემბერს, როგორც კი შემოდგომა შემოაბიჯებს, ჩვენ გამოსაცხადებელი გვექნება შემდეგი ეტაპის გადაწყვეტილება – ამ წლის ფინალისტების გამოვლენა. ტრადიციულად, 5 ოქტომბერს, საზეიმო ღონისძიებაზე, დასახელდება გამარჯვებული, რომელსაც 2022 წლის „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ და საპრიზო თანხა გადაეცემა.
როდესაც ჯილდოს ვაფუძნებდით, ვამბობდით, რომ მომავალი განათლებაშია. წლევანდელი წელი, ვფიქრობ, განსაკუთრებული იმიტომაცაა, რომ დღეს, ამ ეტაპზე, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ევროპული არჩევანის დაცვა. ჩვენი მომავალი სწორედ ევროპაშია, ევროპაში კი – განათლება, ამ საკითხებს ერთმანეთს ვუკავშირებთ. გვჯერა, მასწავლებლებიც აქტიურად ჩაერთვებიან ამ მარათონში, რომ ჩვენი ეროვნული მიზანი რეალურად ახდეს. ეროვნული ჯილდოც, დარწმუნებული ვართ, ამაში წვლილს შეიტანს.“
გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის დირექტორი ზურაბ კერვალიშვილი მიიჩნევს, რომ განათლების ქვაკუთხედში მასწავლებელსა და სკოლას ძალიან დიდი როლი ენიჭება, სწორედ ამის გამო გახდა ფონდისთვის ეს მიმართულება პრიორიტეტული: „ამ პროექტსაც სწორედ იმიტომ ვუჭერთ მხარს, რომ მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაცია მოხდეს. ამაზე რამდენიმე ფაქტი მეტყველებს – აქტივობა, რომელსაც პედაგოგები, კონკურსის ფარგლებში, განაცხადების წარდგენის დროს იჩენენ და აქტივობები, სხვა პროექტების სახითაც, რომელსაც ასევე ჩვენი ფონდი უჭერს მხარს. მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციის მიმართულებით უდავოდ დიდი როლი ითამაშა ეროვნულმა ჯილდომ და კიდევ ბევრმა სხვა პროექტმაც. თვითონ მასწავლებლებიც აღნიშნავენ, რამდენად დაფასდა მათი ყოველდღიური რთული შრომა და ღვაწლი, რომელიც, ერთი შეხედვით, თითქოს ადვილია და არ ჩანს. ყველაზე მთავარი სწორედ ის არის, რომ მასწავლებლებმა იგრძვნეს, რაოდენ დაფასებულია მათი პროფესია ჩვენს ქვეყანაში და ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია, თავიანთი გამოცდილება გაუზიარონ კოლეგებს. „ათეულთა კლუბი“, რომელიც ამ ჯილდოს ფარგლებში შეიქმნა, პედაგოგთა გამოცდილების გაზიარების საუკეთესო შესაძლებლობას იძლევა. პროფესიის პოპულარიზებასთან ერთად, პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი სწორედ ეს გახლავთ. ცხადია, ჩვენი მიზანიც ეს არის – გავუწიოთ მასწავლებლის პროფესიას პოპულარიზაცია და მოხდეს საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება.
წელს, კოალიციასთან ერთად, საპრიზო ფონდის გაზრდის გადაწყვეტილება მივიღეთ და, 10 ათასი ლარის ნაცვლად, 2022 წლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი 15 ათას ლარს მიიღებს. წინა წლებში გამარჯვებულ მასწავლებლებს დავესესხები, რომლებიც აღნიშნავენ, რომ, აღიარების გარდა, ფულადმა ჯილდომ მათთვის ძალიან ბევრი შესაძლებლობის კარი გახსნა. თუნდაც შარშანდელი გამარჯვებული ავიღოთ – ხათუნა რაზმაძე, რომელიც ამბობს: „მე შევძელი ჩემი ოცნება ამეხდინა“. მან შექმნა სასწავლო ცენტრი სმენადაქვეითებული ბავშვებისთვის და მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს.“
2022 წლის საუკეთესო ათეულის წევრები
კახა გალდავა – სამტრედიის №1 საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი:
როდესაც ლადო აფხაზავამ „მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე“ წარმადგინა, ცოტა არ იყოს მეუხერხულა. განა რას ვაკეთებ ისეთს, რომ იქ, ათეულში, მოხვედრაზე ვიოცნებო-მეთქი. არასოდეს მიფიქრია, რომ იმ დიდი ოჯახის წევრი გავხდებოდი, რომელსაც „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ ჰქვია. ბედნიერიც ვარ და უდიდეს პასუხისმგებლობასაც ვგრძნობ. მე დღეს არა მარტო საკუთარ თავს წარმოვადგენ, არამედ ჩემს რაიონსა და ჩემს საამაყო პირველ სკოლას, რომელმაც საოცარი მხარდაჭერა გამოამჟღავნა ჩემ მიმართ.
დღეს, როცა ათეულში ვარ, კიდევ უფრო მეტად ვგრძნობ, რომ ჩემი ყველა წარმატება ჩემს მოსწავლეებთანაა პირდაპირ კავშირში. დღემდე ვერ ვიცილებ იმაზე ფიქრს, თუ როგორ გავაუმჯობესო მოსწავლეთა შედეგები, როგორ დავეხმარო ბავშვებს მათი ინტელექტუალური და სოციალური უნარების გაუმჯობესებაში. მე ყველაზე დიდ ცხოვრებისეულ გამოწვევას, მასწავლებლობას შევეჭიდე… ჰაიმ ჯ. ჯინოტი წერდა, რომ „ბავშვი საკუთარი გამოცდილებით იძენს ცოდნას. იგი რბილ თიხას ჰგავს და ყოველი სიტყვა მასში ანაბეჭდს ტოვებს.“ დღეს მე, „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ საუკეთესო ათეულში მოხვედრით, კიდევ ერთხელ შევძლებ ჩემს მოსწავლეებს დავანახო, რომ მათ ირგვლივ, რეალურ სამყაროში, შეუძლებელი არაფერია, მთავარია – სცადო.
2012 წლიდან ვარ სერტიფიცირებული ისტორიის მასწავლებელი. ამჟამად ვარ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტი, ისტორიის მიმართულებით და ოთხ რაიონში აქტიურად ვარ ჩართული ქოუჩინგის პროცესში. ვარ ა/ო ტრენერი სამშვიდობო განათლების მიმართულებით, სადაც აფხაზ და ოს პედაგოგებს ვეხმარები, განათლების სისტემაში მიმდინარე ცვლილებებს გაეცნონ და დაგეგმონ თავიანთ სკოლებში. მონაწილეობა მივიღე მასწავლებელთა საერთაშორისო კონფერენციებში ერევანში, სტამბულში, თბილისში. ჩემი კვლევების შედეგები და პროფესიული გამოცდილება გავუზიარე კოლეგებს. საქართველოს მასშტაბით, დავდივარ სკოლებში და მასწავლებლებს ვეხმარები, დანერგონ თანამედროვე მიდგომები საგაკვეთილო პროცესში. მათთან ერთად ვგეგმავ და ვატარებ გაკვეთილებს. ჩემ მიერ შედგენილია სასკოლო კურიკულუმის აუცილებელი პროდუქტი, თემატური მატრიცა „გვიანი შუა საუკუნეები და ადრეული ახალი დრო“, რომელიც საქართველოს ყველა სკოლაში ინერგება აქტიურად. ვარ საგაზეთო სტატიების ავტორი „ახალ განათლებაში“. შექმნილი მაქვს მეთოდური სახელმძღვანელო, ისტორიის მიმართულებით და 5 სასწავლო მეთოდური მოდული მშვიდობის მშენებლობის თემაზე.
მე და ჩემმა მოსწავლეებმა დავაარსეთ საქველოქმედო ფონდი „სიკეთის რევოლუცია“, რომელმაც ერთი წლის მანძილზე 60-ზე მეტი ოჯახის დახმარება შეძლო.
მიხეილ ლაბარტყავა – დამოუკიდებელი საერო გიმნაზიის „შავნაბადა” ქიმიის მასწავლებელი:
გულახდილად რომ გითხრათ, ველოდი ათეულში გასვლას. ბევრ სკოლასა და რამდენიმე უმაღლეს სასწავლებელში ვმუშაობდი და კარგად ვიცი განათლების სისტემის ძლიერი და სუსტი მხარეები. ის, რასაც ჩემი მოსწავლეები და მე ვაკეთებთ, ნამდვილად საყურადღებო და გამოსადეგია ჩვენი ქვეყნისათვის, მით უმეტეს – ქიმიის სფეროში. უბრალოდ, ეს დაგვიანებული, მაგრამ მაინც გაწეული შრომის აღიარებაა. მე უნივერსიტეტში იმ პერიოდშიც ვმუშაობდი, როცა ჩემი ხელფასი 7 მილიონ ხუთასი ათასი კუპონი იყონ (დაახლოებით, 5 დოლარი).
მასწავლებლის ეროვნული ჯილდო შესაძლებლობას მომცემს, არ დარჩეს ჩემი „ხმა ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა“ და უფრო ადვილად მივიტანო სათქმელი მის ყურამდე, ვისი ჯერიც არს.
მიმოზა ღოლიჯაშვილი – გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის საჯარო სკოლისა და მეცნიერებათა სკოლის სამოქალაქო განათლებისა და მოქალაქეობის მასწავლებელი:
„მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ ათეულში მოხვედრა უკვე დიდი წარმატებაა. მოლოდინი ალბათ ყველა აპლიკანტს ჰქონდა, ვინც განაცხადი გააკეთა ჯილდოზე და მათ შორის მეც. ამ ემოციის გადმოცემა შეუძლებელია. პირდაპირ ეთერში ვუყურებდი გადაცემას და როდესაც ჩემი ფოტო დავინახე ეკრანზე, სხვა ვეღარაფერს ვეღარ ვხედავდი, აღარც მესმოდა. იყო სიხარულის ცრემლი, ვერ ვრეკავდი ვერსად, ვერ ვპოულობდი ვერავის ნომერს. ბედნიერი ვარ.
მასწავლებლის ეროვნული ჯილდო, რომელმაც უდავოდ დიდი აღიარება მოიპოვა, ხელი შეუწყო მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციას, ფართო საზოგადოებას გააცნო ძალიან საინტერესო, გამორჩეული პედაგოგები, რომლებიც ცვლიან და მიხარია, რომ ამ საოცარ მასწავლებლებს შორის ახლა უკვე მეც ვარ, 2022 წლის ახალ ათეულთან ერთად.
მასწავლებლის ეროვნული ჯილდო მომცემს ახალ შესაძლებლობას, ვაკეთო სიკეთე, რასაც წლებია ვასწავლი ჩემს მოსწავლეებს. კონკურსში გამარჯვება საკუთარ შესაძლებლობებში დამარწმუნებს და ჩემი საქმიანობით შევეცდები, დავანახო გარშემომყოფებს, რომ მიუხედავად ცხოვრებაში შეხვედრილი უსამართლობისა, დაუღალავი შრომით და საქმის სიყვარულით შეიძლება ძალიან დიდ წარმატებას მიაღწიო. კიდევ უფრო მეტად გაიზრდება ჩემი მოტივაცია, რომ საქმე, რომელსაც უკვე 28 წელია ვემსახურები, მეტი ენთუზიაზმითა და ხალისით ვაკეთო. სტატუსს აუცილებლად გამოვიყენებ მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციისთვის.
იყო 21-ე საუკუნის თანამედროვე მასწავლებელი – ნიშნავს თავად იყო ორიენტირებული საკუთარ განვითარებაზე, შეგეძლოს გამოწვევებთან გამკლავება, გახდე მოდელი მოსწავლეებისთვის, იცოდე როგორ ესაუბრო მათ, რათა მოგისმინონ და დაინახონ. 21-ე საუკუნის პიროვნების უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებისათვის ჩემს პრაქტიკაში საკმაოდ ღირებული ადგილი უკავია სასწავლო და სოციალურ პროექტებს, კლუბურ მუშაობას, ინტეგრირებულ გაკვეთილებს. მინდა მოსწავლეებს, აკადემიურ განათლებასთან ერთად, სწორი ღირებულებებისა და დამოკიდებულებების ჩამოყალიბებაში დავეხმარო, ვასწავლი საკუთარი და სხვისი, განსხვავებული, აზრის მიღებას, პატივისცემას. მინდა, ჩემმა მოსწავლეებმა ტოლერანტულ, თავისუფალ, ინტეგრირებულ გარემოში იცხოვრონ, ამას საფუძველი სწორედ სკოლამ და მასწავლებელმა უნდა ჩაუყაროს. არც ერთი ბავშვი არ უნდა დარჩეს განათლების მიღმა, რაც ნათლად დავინახეთ პანდემიის პერიოდში ონლაინ სწავლებისას და ვცდილობ, სულ მცირედით მაინც შევამცირო ეს დანაკარგები, რაშიც არაფორმალური განათლება მეხმარება. სკოლაში შექმნილი მაქვს კლუბები: „დიდი და პატარა ხელმარჯვეები“, „პატარა გარემოსდამცველები“, სამოქალაქო განათლების კლუბი „შეცვალე“, „კინო კლუბი“, „ეკო თოჯინების თეატრი“ და ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის ეკოკლუბი EKOteens. ჩემი მიზანია, მოსწავლეებმა შეძლონ იდეების გენერირება და საკუთარი ინიციატივების განხორციელება სკოლასა და თემში, რასაც წარმატებით ართმევენ თავს. ჩემს მოსწავლეებს როლური თამაშების, სიტუაციური ამოცანების, მრავალფეროვანი აქტივობებითა და პირადი მაგალითით, ვასწავლი მოსმენას, თანაგანცდას, ღირებულებების დაცვას. მოსწავლეებს მოსწონთ შემოქმედებითი მიდგომა, სურთ თვითონ იყვნენ პროცესის მონაწილეები. მიყვარს ამ სიტყვების გამეორება: არ არსებობს მოსწავლე, რომელსაც რაიმეს კეთების უნარი არ გააჩნია და კარგმა მასწავლებელმა სწორად უნდა მოახერხოს ამის დანახვა. ყველაზე მთავარია, მასწავლებელს უყვარდეს ბავშვი განურჩევლად მისი ქცევისა, სწავლისა, სოციალური თუ სხვა მდგომარეობისა, მიიღოს ისეთი, როგორიც არის და ყველაფერი გააკეთოს თითოეული მათგანის უკეთესი მომავლისთვის, ვცდილობ საერთო ევროპული ფასეულობების – თავისუფლების, დემოკრატიის, უსაფრთხოების, თანასწორობის იდეის მნიშვნელობა და ფასი სწორად დავანახო. მე მუდმივად ვგრძნობ სიყვარულსა და პატივისცემას ჩემი მოსწავლეებისგან და ესაა ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მიღწევა ჩემთვის.
ნუგზარ სადიკოვი – თბილისის №55 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი:
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულში ყოფნა უდიდესი სიხარულია, ამავდროულად – დიდი პასუხისმგებლობა. მადლობას ვუხდი განათლების კოალიციას, ჟიურის წევრებს სიხარულის მონიჭებისთვის, დაფასებისთვის.
დღევანდელ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ განათლება ღირებულებების გარეშე უფასურია, ცოდნა კი თავისუფლებაა. ამიტომაც ჩემთვის სწავლა-სწავლება უწყვეტი პროცესია. უახლოეს მომავალში ვგეგმავ იმავეს, რასაც აქამდე ვსაქმიანობდი, არ ჩამოვრჩე მიმდინარე პროცესებს, გავიზიარო ტექნოლოგიური მიღწევები, გავიზიარო და გავუზიარო კოლეგებს გამოცდილება, ვცდილობ, ჩემი მოსწავლეები აღვზარდო თავისუფალ, კრიტიკულად მოაზროვნე, ემპათიურ ადამიანებად, რომლებიც პატივს სცემენ განსხვავებულ აზრს, შეუძლიათ არგუმენტირებულად მსჯელობა, აღიარებენ კანონის უზენაესობას, იცნობენ საკუთარ უფლებებს და, ამავდროულად, გააზრებული აქვთ მოვალეობები და ვალდებულებები ქვეყნის წინაშე.
ჩვენი თითოეული წარმატების უკან ოჯახი და სასკოლო საზოგადოება დგას. მადლობას ვუხდი ჩემს სკოლას – 55-ე საჯარო სკოლას, თითოელ მოსწავლეს, მშობელს, კოლეგას, სკოლის დირექტორს, ქალბატონ მაია აბრამიძეს მუდმივი მხარდაჭერისათვის. მადლობა თინათინ ზარდიაშვილს ნდობისთვის, რომელიც გამოხატა ჩემ მიმართ. „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ ათეულში ყოფნა ჩემთვის დიდი მოტივაციაა, შევძლებ, რომ მეტი აქტიურობით ჩავერთო მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციაში.
ნანა მგალობლიშვილი – ჩოხატაურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის სამრევლო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი:
„მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ ათეულში დასახელება არის ჩემთვის უდიდესი პატივი და ყველაზე მრავალფეროვანი ემოციების, გრძნობების აღმძვრელი. ეს არის არა მარტო აღტაცება, ფეიერვერკული სიხარული, არამედ პასუხისმგებლობა, პატივისცემა, მადლიერება იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც გამიცნეს და დამინახეს. სოციალური აღიარება, ჩემს მამოძრავებელ მოტივებს შორის, უპირველესი არ არის, მაგრამ საკმაოდ მნიშვნელოვანია. ჩემი პედაგოგიური საქმიანობის 33 წლის განმავლობაში სახელმწიფოსგან არანაირი წახალისება არ მქონია, ათეულში მოხვედრა არის დადასტურება იმისა, რომ „არავის შვილები“, ე.წ. სოციალურად უწარსულოებიც ფასდებიან. უხმაუროდ, ჩუმად გაკეთებული საქმეც შეიძლება აღიარონ და წაახალისონ. ვფიქრობ, გამომარჩიეს ჩემი სასწავლო პრაქტიკის, მეთოდების, ტრადიციულისაგან განსხვავებული მიდგომების, მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის გამო. გაცნობიერებული მაქვს ჩემი როლი პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე მოქალაქის ჩამოყალიბების პროცესში. როგორც ფორმალურ, ასევე არაფორმალურ გარემოში ყველა პირობას ვქმნი პიროვნების თვითგანვითარებისა და თვითრეალიზაციისთვის, რათა იყვნენ ჩემი მოსწავლეები თავის თავთან და საზოგადოებასთან ჰარმონიაში. სასწავლო აქტივობებით, პროექტებით, სოციალური კამპანიებით ხელს ვუწყობ მოსწავლეთა სოციალური უნარების ჩამოყალიბებას, თანამშრომლობაზე დაფუძნებულ ურთიერთობას. არაფორმალური, უსაფრთხო, წამახალისებელი და მოსწავლეზე ორიენტირებული გარემოს შექმნის მიზნით, დავაფუძნე შემოქმედებითი სახელოსნო, რომელიც ერთ-ერთ საინტერესო სივრცედ ჩამოყალიბდა მოსწავლეებისთვის. ვფიქრობ, ჟიურის წევრებს მოეწონათ სახელოსნოში განხორციელებული პროექტები, მუშაობის სტილი, სწავლების პროცესის მართვა, სასწავლო ქმედებები, სწავლების უმნიშვნელოვანესი კომპონენტი-მოტივები. ასევე საინტერესოდ მიიჩნიეს „არტისტული ყვავილების თავისუფალი გაკვეთილები“ არაფორმალურ გარემოში (მუზეუმებში, თეატრებში, ბიბლიოთეკებში, სხვადასხვა საგანმანათლებლო სივრცეში. პროექტები: ერთი დღე თეატრში, ჩვენი პირველი სპექტაკლი, კინო სკოლაში, შევაფაროთ ბავშვები წიგნებს, ვურჩიოთ ერთმანეთს წიგნები, ვაჩუქოთ ერთმანეთს წიგნები; შეხვედრები მწერლებთან, რეჟისორებთან, მეცნიერებთან ა.შ.).
ჩემი პედაგოგიური საქმიანობის დაწყება დაემთხვა ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას, პირველივე წელს დავუპირისპირდი საბჭოთა საგანმანათლებლო პოლიტიკას, ყველა სტერეოტიპი დავამსხვრიე – საკლასო სივრცის მოწყობიდან დაწყებული სწავლების სტრატეგიებით დამთავრებული, რასაც დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა, მაგრამ სასკოლო საზოგადოებამ მალე დაინახა, რომ გაიზარდა მოსწავლეთა მოტივაცია, ისინი არასოდეს აღმიქვამს წვრთნის ობიექტებად, ჩემთვის ყოველთვის განვითარების სუბიექტები იყვნენ. „სუბიექტურ-ობიექტური“ ურთიერთობის შეცვლამ „სუბიექტ-სუბიექტურით“ ხელი შეუწყო პიროვნების ნიჭიერების, უნარების, სულიერების, ზნეობრიობის განვითარებას. მშობლები ჩემს მხარდამჭერებად გადაიქცნენ, მუდამ ვგრძნობ მათ თანადგომასა და პატივისცემას. ვფიქრობ, მრავალფეროვანი ინიციატივები, შემოქმედებითობა, უკომპრომისობა, მუდმივი მზაობა სიახლის მისაღებად, „უცნაური ჰუმანიტარული პრაქტიკის მემკვიდრეობისაგან“ თავის დაღწევა გახდა ჩემი ათეულში ყოფნის მიზეზი. ავანსად მქონდეს ეს აღიარება, არ დავიშურებ რაც სიცოცხლისუნარიანია ჩემში, მივუძღვნა ქვეყნის მომავალს, რადგან ხსნა განათლებაშია. არ გავუცრუებ იმედს, პირველ რიგში, ჩემს თავს, მოსწავლეებს, წარმდგენებს, ჟიურის წევრებს.
სოფიო ძიგრაშვილი – ქუთაისის №33 საჯარო სკოლის სპეციალური მასწავლებელი:
სპეციალური მასწავლებლის კარიერა დავიწყე სსიპ ქუთაისის № 33 საჯარო სკოლაში, 2019 წელს. გავხდი თვითმხილველი და მონაწილე იმ გამოწვევებისა, რომლის წინაშეც დგას საგანმანათლებლო სისტემა სსსმ მოსწავლეებთან მიმართებით. მიუხედავად იმისა, რომ 2008 წლიდან ვთანამშრომლობ სკოლებთან სსსმ მოსწავლეების უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად (არასამთავრობო თუ სამთავრობო ორგანიზაციების ფორმატით, სოციალური მუშაკის პოზიციაზე), მასწავლებლად მუშაობის დაწყების შემდეგ, ნათლად დავინახე მოსწავლეების საჭიროებები და საგანმანათლებლო დაწესებულების პედაგოგების გაძლიერების აუცილებლობა ინკლუზიური განათლების მიმართულებით, მშობლების სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობის სიმცირე.
სკოლა სამი მნიშვნელოვანი რგოლის: მოსწავლეების, მასწავლებლებისა და მშობლების ჯანსაღი თანამშრომლობის შედეგად ხდება წარმატებული, რაც უზრუნველყოფს მოსწავლეების ხარისხიანი განათლების მიღებას, არასრულწლოვანთა დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის მომზადებას, სასკოლო საზოგადოებისა და თემის განვითარებას. სწორედ ამიტომ, ჩემი მუშაობა წარვმართე არა მარტო მოსწავლეებთან, არამედ მასწავლებლებთან და მშობლებთან.
სპეციალური მასწავლებლის ერთ–ერთ უმნიშვნელოვანეს მოვალეობად მიმაჩნია, იზრუნოს სასკოლო თუ სათემო სივრცეში მოქალაქეობრივი ღირებულებების განმტკიცების, ბავშვთა უფლებების დაცვის, განსხვავებულობისადმი ჯანსაღი მიმღებლობის უნარის განვითარებისთვის, საკუთარი ქცევით, განხორციელებული აქტივობებით, დამოკიდებულებით, ღირებულებებითა და ურთიერთობებით იქცეს სხვებისთვის მაგალითად.
ჩემთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეების საგაკვეთილო პროცესში სრულფასოვნად ჩართვა, მათი შესაძლებლობების გათვალისწინებით, საგნის მასწავლებელთა მხრიდან მორგებული აქტივობისა და რესურსის შემუშავება, მშობლების ჩართულობის ნაკლებობა სასკოლო ცხოვრებაში. არსებული გარემოებების გათვალისწინებით, სასკოლო კლიმატის გაუმჯობესების მიზნით, დავგეგმე და ვახორციელებ შეხვედრებს პედაგოგებთან ინკლუზიური განათლების არსის, ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შექმნისა და განხორციელების საკითხებზე; პარალელურად, ჩამოვაყალიბე სკოლაში მშობელთა კლუბი, სადაც კლასების მიხედვით ვხვდები მშობლებს და განვიხილავთ ბავშვის ასაკობრივი განვითარების თავისებურებებს, ბრაზისა და ემოციის მართვას, პოზიტიური მშობლობის არსს, ქცევის პოზიტიური განმტკიცების მეთოდებს.
მნიშვნელოვანია, ერთად ვირწმუნოთ, რომ შევძლებთ, განვვითარდებით, მივაღწევთ დასახულ მიზანს. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვებთან ურთიერთობისას იზრდები, როგორც პიროვნება; გიჩნდება მოტივაცია და თავს ვალდებულად თვლი შეცვალო გარემო, შექმნა სივრცე, სადაც ყველა თანასწორია, განურჩევლად შესაძლებლობისა.
ვფიქრობ, „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ სპეციალური მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციაში დამეხმარება. მომცემს საშუალებას, კიდევ ერთხელ დავანახო ყველა დაინტერესებულ პირს თუ რა საქმიანობას ვახორციელებთ სპეციალური მასწავლებლები, და რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი როლი სასკოლო კულტურის განვითარების, არადისკრიმინაციული, მოსწავლის შესაძლებლობებზე მორგებული სასწავლო პროცესის დანერგვის ხელშესაწყობად.
„მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ დახმარებით, კიდევ ერთხელ ვეტყვი სასკოლო საზოგადოებას, რომ ინკლუზიური განათლება არ მოიაზრებს საგანმანათლებლო მიდგომას მხოლოდ სსსმ მოსწავლეებისთვის, არამედ ინკლუზიური განათლება უზრუნველყოფს ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობას ყველა მოსწავლისთვის; უფრო მეტ ადამიანს მივაწვდენ ხმას, რომ განსხვავებულობა არის ნორმა, რომ ბარიერებს ჩვენ, ადამიანები ვქმნით. ჯანსაღი საზოგადოების ჩამოყალიბება სკოლიდან იწყება, ეფუძნება მოსწავლეების, მშობლების, მასწავლებლების ჯანსაღ ღირებულებებს – ერთობით მეტი შეგვიძლია.
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს არსებობის მანძილზე, პირველი პრეცედენტია, როდესაც სპეციალური მასწავლებელია ათეულში.
სწორედ ამიტომ, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეულის დასახელების შემდეგ, დიდ სიხარულთან ერთად, უდიდესი პასუხისმგებლობა დამეუფლა. პასუხისმგებლობა პროფესიის, ჩემი კოლეგების, მოსწავლეების, მშობლების წინაშე!
მჯერა, ერთობლივი მუშაობით შევძლებთ შევცვალოთ და უკეთესი გავხადოთ ბავშვების მომავალი!
ლალი მარგიანი – მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოჯორნის საჯარო სკოლის ქართული, როგორც მეორე ენის მასწავლებელი:
ჩემი პედაგოგიური კარიერა 1987 წლიდან იწყება. თუმცა, ოჯახური პირობების გამო, მხოლოდ 5 წელიწადს გაგრძელდა და სკოლას 2012 წელს დავუბრუნდი. ვთვლი, რომ ჩემი ძლიერი მხარე ბავშვების, საკუთარი პროფესიის და მშობლიური ენის სიყვარულია, განსაკუთრებით აქ, ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ თემში, სადაც საქართველო ძალიან მწირად იგრძნობა. ვცდილობ, ჩემს მოსწავლეებს ვაგრძნობინო, რომ ისინი საქართველოს მიწა-წყლის და ქართული საზოგადოების წევრები არიან. ვცდილობ, ჩამოვაყალიბო ისეთ მოქალაქეებად, რომლებსაც ყველა სირთულესთან შეჭიდება და გამკლავება შეეძლებათ. სირთულეც ისაა, რომ ენის ბარიერი ბევრ რამეში უშლით ხელს, არ იცნობენ არათუ ქართულ ლიტერატურას, საქართველოც უცნობია მათთვის. სოფელი, სადაც ვასწავლი, მრავალეთნიკურია. ამიტომაც, ჩემი საქმიანობა მარტო გაკვეთილით არ შემოიფარგლება. მიზნად დავისახე, უპირველესად, საქართველო გამეცნო ჩემი მოსწავლეებისთვის და ინტეგრაცია მომეხდინა ქართულ საზოგადოებასთან. შევქმენი ქართული ენის კლუბი, დავამეგობრე ცნობილ ქართველებთან, ქართველ თანატოლებთან. ჩემი არაქართველი მოსწავლეები აქტიურად ჩავრთე არაფორმალურ საქმიანობებში. ჩემი მისვლის შემდეგ, პირველად სკოლის ისტორიაში, ხოჯორნელი ბავშვები ქართულ (ანაკლია, სალიბაური, ქუთაისის რობოტექნიკის) ბანაკებში გაემგზავრნენ.
2016 წელს საგნობრივი კომპეტენცია დავადასტურე, 2017 წელს გავხდი პროგრამის „არაქართულენოვანი სკოლების პროფესიული მხარდაჭერა“ კონსულტანტი; 2019 წელს გავხდი უფროსი მასწავლებელი, ხოლო 2021 წელს – წამყვანი, ვიყავი ფასილიტატორი. ყველა მასწავლებელს ვეხმარები გაკვეთილის, აქტივობების დაგეგმვა-განხორციელებაში, პროფესიული უნარების საკითხებში გარკვევაში. ვატარებ სახელმწიფო ენის კურსს კოლეგებთან, მუდმივად ვაცნობ განათლების სისტემაში მიმდინარე სიახლეებს. ვესწრები ტრენინგებს, შეხვედრებს, კონფერენციებს. იქ მიღებულ ცოდნას კოლეგებს ვუზიარებ. ვგეგმავ მენტორის გამოცდის ჩაბარებასაც.
ჩემი ყველა აქტივობა, სკოლაში თუ სკოლის გარეთ, მასწავლებლის პროფესიისადმი ინტერესის გაზრდას ემსახურება.
თანამშრომლობითი ურთიერთობის განმტკიცებასა და მოსწავლეების სხვადასხვა უნარების აღმოჩენაში არაფორმალური საქმიანობა მეხმარება. სწორედ აქ სწავლობენ მოწავლეები, რომ ყველას წარმატება ერთის წარმატებაა და პირიქით. მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანულ სექტორზე მხოლოდ 12 მოსწავლეა, აქტივობებში ყოველთვის ერთვებიან ეთნიკურად აზერბაიჯანელი და სომეხი მოსწავლეები.
მისვლისთანავე შევქმენი ქართული ენის კლუბი „თვალსაწიერი“, რომლის მიზანიც ქართული ენის სწავლების გაუმჯობესება, სხვადასხვა ქართული ღონისძიებების ჩატარება და ქართულ პროექტებში მოსწავლეთა ჩართვა იყო. კლუბურმა საქმიანობამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა წარმატებას ისეთ ქსელურ პროექტებში, როგორიც იყო „ფსოუზე არეკლილ ვარსკვლავებად“, „საყვარელი მწერლის სახელოსნოში“. ამ პროექტის ფარგლებში მარნეულში მოვიწვიეთ ტარიელ ხარხელაური. გარდა ამისა, მოწვეული სტუმრების ჩართულობით, სკოლაში მოვაწყვეთ ქართული სიმღერის კონცერტი „მხოლოდ ქართული“, პოეზიის საღამო „პლედების სეზონი“.
სკოლის სივრცეში, ჩემი იდეით და ქიამრან აფანდიევის ჩართულობით, მოეწყო ტოლერანტობის პარკი „ერთი ცის ქვეშ’’, სადაც ერთობლივი ღონისძიებები იმართება. საგრანტო პროექტის ფარგლებში, ფუნქციონირებს ციფრული კლუბი „ხოჯორნელი ვარსკვლავები ციფრულ სამყაროში“ და სოციალური საწარმო, სადაც მოსწავლეები შეკვეთებს იღებენ სადღესასწაულო კალენდრებზე, სერტიფიკატებზე. შემოსული თანხა საჭიროებისამებრ ნაწილდება. საწარმოში შემოსული თანხით საჩუქრები შევიძინეთ სათემო პროექტისთვის „ჩვენც დავბერდებით“ და სოფელში მცხოვრებ 70+ ასაკის აზერბაიჯანელ და სომეხ ქალბატონებს გაზაფხული მივულოცეთ. ამ თანხით მეზობელი სკოლის საჭადრაკო კლუბს ჭადრაკის 2 კომპლექტი გავუგზავნეთ საჩუქრად. დავაფინანსეთ შემეცნებითი ტური მარნეულის კოლეჯ „მოდუსში“.
სულ ახლახან, მარნეულის კულტურის სახლში, ჩატარდა ქართული სიმღერის კონკურსი არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეთათვის, რომლის მიზანს, მუსიკის საგნის პოპულარიზაციასთან ერთად, ქართული ენის პოპულარიზაციაც წარმოადგენდა.
ეროვნულ ჯილდოზე პირველებმა ნათია დავითაიამ და ლამარა ბოლქვაძემ წარმადგინეს. შემდეგ შემოდიოდა სხვების წარდგენები, თუმცა არ მიფიქრია მონაწილეობის მიღება. ჩემი წარმდგენების დაჟინებული თხოვნით თუ მოთხოვნით, დასრულებამდე რამდენიმე საათით ადრე, შევავსე აპლიკაცია, მაგრამ არ მქონია მოლოდინი, რადგან უამრავი კარგი მასწავლებელია საქართველოში, თუმცა გასაუბრების ეტაპზე რომ გადავედი, ფორიაქი დამეწყო. დღეს ტელევიზორსაც კი გამოვექეცი და გზაში „დამაწიეს“ ეს ამბავი!
რას ნიშნავს ეროვნული ჯილდოს ათეულში მოხვედრა? – ვერ გადმოვცემ იმ განცდას და ემოციას, რაც ჩემს გულსა და გონებაში ტრიალებს. ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა, შენ ახლა მთელი საქართველოს მასწავლებლები გიყურებენ, შემოგნატრიან, ათასი კითხვა უტრიალებთ, ალბათ, რატომ და რისთვის.
არ ყოფილა გზა აქამდე მარტივი და იოლი, უშრომელად არაფერი მოდის და ეს შრომის დაფასებაა, ამაზე მეტი რა უნდა მიიღო მასწავლებელმა, ეროვნული ჯილდოს ათ საუკეთესო და უკვე 60 საუკეთესო მასწავლებელს შორის რომ გასახელებენ შენ, საზღვრისპირა სოფლის ეთნიკური აზერბაიჯანლებისა და სომხების სოფელში მომუშავე მასწავლებელს, რომელსაც თავი იმ ფილმის გმირი ჰგონია, მისიონერებზე რომ იღებს რეჟისორი.
მიუხედავად იმისა, რომ დიდი სურვილი მაქვს ხოჯორნში სახლი შევიძინო, გავხდე სომხურ-აზერბაიჯანული სოფლის პირველი ქართველი მოსახლე და ჩემი სახლი იყოს ქართული კულტურის ცენტრი. გამარჯვების შემთხვევაში, დავასრულებდი მულტიფუნქციური ოთახის/სივრცის კეთილმოწყობას, რომლის გასარემონტებლად გარკვეული თანხა, აწ უკვე გარდაცვლილმა, მეგობარმა მაჩუქა. ეს იქნება როგორც საკლუბო სამუშაო, ასევე სივრცე სხვადასხვა საგნის გაკვეთილების ჩასატარებლად, ამავე დროს, სტუმრებთან შეხვედრებისთვის. მოსწავლეებს მოვატარებდი საქართველოს.
მინდა ფილმის გადაღება გოდერძი ჩოხელის ერთ-ერთ მოთხრობაზე, ჩემი მოსწავლეების მონაწილეობით.
თანხის ნაწილს შშმ პირთა პანსიონატში გადავრიცხავდი და ერთი წლის სწავლის საფასურს გადავუხდიდი სოციალურად დაუცველ სტუდენტს ჩემი სოფლიდან, რომელიც საქართველოში ისწავლის.
როლანდ შავაძე – ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ მეკეიძეების საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი:
პროფესიაში შესვლის პირველივე დღიდან ვფიქრობ, რომ მასწავლებელს ყველაზე დიდი შესაძლებლობა აქვს, ხელი შეუწყოს თაობებს განვითარების ყველა ეტაპზე. მნიშვნელოვანია, მასწავლებელმა მიაგნოს უნივერსალურ გასაღებს, რომელიც მოსწავლეებს ყველა ბარიერის კარს გაუხსნის. სწორედ ეს არის ჩემი, როგორც რიგითი მასწავლებლის, მცდელობა, მოსწავლეებში გავაღრმაო თავდაჯერებულობა, რომ დასახული მიზნების მიღწევა შესაძლებელია.
მიმაჩნია, რომ ჩემი კოლეგების მთავარი საფიქრალი და საზრუნავიც ეს არის. „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულის“ გამოცხადებამდე ვფიქრობდი და დღესაც ვფიქრობ, რომ სისტემაში გვყავს უამრავი მასწავლებელი, რომელთა გამოცდილებიდან ყოველდღიურად რაიმე სასიკეთოს ვსწავლობ. შესაბამისად, მქონდა იმის მოლოდინიც, რომ ათეულში ჩემთვის სამაგალითო მასწავლებლების ჩამონათვალი იქნებოდა. ამავდროულად, ამაღლებული განცდაა, როდესაც საზოგადოებამ შენც მოგიაზრა იმ ადამიანების გვერდით, რომლებსაც დაუფასდათ პროფესიული საქმიანობა.
მახსენდება სტუდენტობის პერიოდი, როდესაც ჩემი პროფესიული არჩევანი საზოგადოების რაღაც ნაწილის ღიმილს იწვევდა. მესმის მათი ეს დამოკიდებულება, რადგან დროს, ენერგიას და ფინანსურ რესურსს ვუთმობდი პროფესიას, რომელიც მატერიალურად არც თუ ისე მომგებიანი ჩანდა. თუმცა, დღეს სხვა რეალობა გვაქვს. ეს პროფესია თანდათანობით იმკვიდრებს თავის ადგილს საზოგადოებაში. სწორედ ეს არის ჩემი მოტივიც – პედაგოგიურ საქმიანობასთან ერთად, სხვადასხვა პროექტებში მონაწილეობით, ხელი შევუწყო საზოგადოებაში მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ზრდას. „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ კონკურსში მონაწილეობა ის ერთ-ერთი მთავარი საშუალებაა, რომელიც დამეხმარება აღნიშნული მიზნების რეალიზებაში.
როგორც სასკოლო თემში, ისე თემს მიღმა ჩემს აქტიურობას სამართლებრივ და მორალურ ვალდებულებებს ვუკავშირებ. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ინდივიდებს შეგვიძლია პოზიტიური ცვლილებების განხორციელება და ეს სწრაფვა მხოლოდ სხვებისთვის ზრუნვად არ მიმაჩნია. თუ ჩვენ ირგვლივ ადამიანები უკეთეს რეალობაში იცხოვრებენ, ეს ჩვენს ცხოვრებაზეც მოახდენს პოზიტიურ გავლენას. ეროვნულ ჯილდოზე მიღწეული წარმატება, ფართო საზოგადოების მიერ, შენი საქმიანობის აღიარებაა, რაც დიდი ძალაა, დაარწმუნო მასები, რომ შენ სწორი ღირებულებებისთვის იბრძვი, შენი ქმედებები ფუჭი არ არის და ამას კომპეტენტური ადამიანები აფასებენ. ამავდროულად, აღიარება გმატებს ენერგიას არსებული ბარიერების გადალახვაში. მინდა, ჩემი წარმატება ახალგაზრდებისთვის სტიმულის მიმცემი იყოს, მასწავლებლის პროფესია კი გახდეს უფრო მეტად პრესტიჟული, დაიმსხვრეს სტრეოტიპი მამაკაცის მასწავლებლის პროფესიაში შესვლასთან დაკავშირებით.
ხათუნა ნოზაძე – თბილისის ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლის და დავით სარაჯიშვილის სახელობის №16 საჯარო სკოლების ქიმიის მასწავლებელი:
ჩვენს პროფესიას ემოცია ყოველთვის თან ახლავს, განცდილი შენი მოსწავლეების, კოლეგების წარმატებით სასკოლო სივრცეში თუ მის ფარგლებს გარეთ. მაგრამ დღეს, როდესაც საზოგადოებრივი არხის პირდაპირ ეთერში გამოცხადებული ათეულიდან ერთ-ერთი შენი კანდიდატურა სახელდება, უცებ მოდის გაოცების, სიხარულის, მადლიერების განცდა და ცრემლების ზღვა, იმედია, მეზობლები მომიტევებენ ჩემს ხმამაღალ ტირილ-სიცილ ნარევ ემოციას და შეძახილებს.
„მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ დიდი მოტივაციაა კიდევ მეტი შეძლო შენს პროფესიაში, შეუძახო თავს, რომ გასაკეთებელი კიდევ მეტია, შენს პროფესიას და საგანს, ქიმიას, გაუწიო მეტი პოპულარიზაცია. გეძლევა შესაძლებლობა კიდევ უფრო მეტ მოსწავლეს, მასწავლებელსა და მშობელს გაუზიარო შენი წარმატებული პრაქტიკა და ასევე, ისწავლო მათგან.
გარდა ქიმიის გაკვეთილებისა, რომელიც სამოტივაციოდ იგება ყოველდღიური ყოფა-ცხოვრებიდან აგებული სიტუაციური ამოცანებით, პრობლემური მაგალითებით და მიდის ცოდნის გაღრმავებით დაგეგმილი თემატიკისკენ, ჩემი მოსწავლეები აქტიურად ერთვებიან სხვადასხვა პროექტებში: მეცნიერება სახალისოა – ბაღის აღსაზრდელებისთვის; სკოლისა და უნივერსიტეტების ურთიერთკავშირი და ცოდნის გაზიარება; ვიზიტები მოსწავლეთა სასახლესთან არსებულ ცენტრთან სმენადაქვეითებული მოსწავლეებისთვის, რომელსაც ხელმძღვანელობს 2021 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პირველი ადგილის მფლობელი ხათუნა რაზმაძე… მსგავსი აქტივობები ავითარებს იმ უნარ- ჩვევებს, რომელიც ღირსეული, საკუთარ ქვეყანაზე შეყვარებული და მზრუნველი მოქალაქის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.
„მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ მომცემს საშუალებას, საზოგადოებას დავანახო ჩვენი პროფესიისა და ქიმიის საჭიროება, რადგან ქვეყნის ეკონომიკა და მომავალი დგას ქიმიურ მრეწველობაზე, სოფლის მეურნეობაზე, ადგილობრივი კადრების დასაქმებითა და უმუშევრობის შემცირებით.
ირა ძირკვაძე – წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბათის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის და ინგლისური ენის მასწავლებელი:
ოთხი საათით გვიან გავიგე, რომ ათეულის წევრი გავხდი და მგონია, რომ ბედნიერების 240 წუთი დავკარგე. უსაზღვროდ გახარებული და ბედნიერი ვარ. ყველა კომენტარსა და შეტყობინებას გულანთებული ვკითხულობ.
საუკეთესო ათეულში მოხვედრა ჩემთვის ნიშნავს, ერთი მხრივ, ძალიან დიდ პასუხისმგებლობას და, მეორე მხრივ, თავდაჯერებულობას, რომ სწორი გზით მივდივარ. ძალიან მნიშვნელოვანია, დაგიფასდეს ის, რასაც აკეთებ. „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ სწორედ ამას აკეთებს, გვაძლევს მოტივაციას და აღიარებს ჩვენს გაწუელ ძალისხმევას.
♦ ♦ ♦
მასწავლებლის ეროვნული ჯილდო განათლების კოალიციის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. აღნიშნული ინიციატივა საქართველოში უკვე მეექვსედ ხორციელდება და ის მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის – „The Global Teacher Prize“ ნაწილია.
კონკურსის გენერალური სპონსორია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი, ოქროს სპონსორია ლიბერთი ბანკი. მხარდამჭერები არიან: განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, EPAM Georgia, კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (ctc), პირველი არხი|ტელესკოლა და ციფრული-კრეატიული სააგენტო „მავერიკი“.