პანდემიით შექმნილმა რეალობამ საგანმანათლებლო სისტემის ბევრი სუსტი და ძლიერი მხარე გამოაჩინა. სისუსტეები არ ახალია, უბრალოდ, კრიტიკულ სიტუაციაში კიდევ უფრო გაღრმავდა და თვალშისაცემი გახდა. ქართული ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის ძლიერ მხარედ კი, დღეს, როგორც არასდროს, მასწავლებელი იქცა, რადგან სწორედ მის მხრებზე გადადის პანდემიის პერიოდის განათლება. მათი დიდი ძალისხმევის, მცდელობის შედეგად არაერთი მოსწავლე გადაურჩა, ასე ვთქვათ, სასწავლო პროცესის მიღმა ყოფნას (სამწუხაროდ, ბევრი ვერ გადაურჩა, რადგან ქვეყანაში გვყავს ათიათასობით მოსწავლე, რომელიც განათლების მიღმა აღმოჩნდა). ბევრი პრეცედენტი შეიქმნა, ბევრიც უკვე კარგად ნაცადია. რთულია, 60 ათასი მასწავლებლიდან კონკრეტული პედაგოგები გამოარჩიო და მათზე მოყვე, თუ როგორ ცდილობენ ბავშვების დახმარებას, როგორ თავდაუზოგავად შრომობენ ონლაინ გაკვეთილებთან გასამკლავებლად, ამით ვფიქრობ, სხვები არ გავანაწყენო, რადგან ყველას ერთი და იმავე მოცემულობაში უწევს შრომა. თუმცა, მაინც მინდა საზოგადოებას მოვუყვე მასწავლებლებზე, რომლებიც, პროფესიონალიზმთან ერთად, თანადგომის საუკეთესო მაგალითებს ქმნიან. არაორდინარულ ლადო მასწავლებელზე, რომელიც მოქალაქეებს მეგაბაიტების სანაცვლოდ იებს სთავაზობს ან პედაგოგსა და დირექტორზე, რომლებიც კონკურსებში მიღებულ თანხის ნაწილს საკუთარი მოსწავლეების დისტანციურ გაკვეთილებში ჩართვის საჭიროებებს ახმარენ.
✔?ლადო აფხაზავა, ✔?მაია ტყემალაძე, ✔?ლიკა გომართელი – საგანმანათლებლო სფეროში კარგად ნაცნობი ადამიანები გვიყვებიან, როგორ უმკლავდებიან პანდემიის პერიოდის განათლების გამოწვევებს.
ჯილდოთი მიღებულ თანხას უკეთეს საქმეს რას მოვახმარდი
მაია ტყემალაძე – საჩხერის №2 საჯარო სკოლის ინგლისური ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული
მიმდინარე სემესტრი, რა თქმა უნდა, განსხვავებულია გაზაფხულის სემესტრისგან. მაშინ უფრო თავის გადარჩენაზე და, ზოგადად, მთელი სისტემის გადარჩენაზე ვიყავით ორიენტირებულები. ბევრი რამ არ ვიცოდით ონლაინ სწავლების შესახებ და ხშირად ბრმად ვაკეთებდით, რასაც ვაკეთებდით. ონლაინ მუშაობის გარკვეული გამოცდილება მქონდა (ორ-სამთვიანი საკმაოდ სერიოზული ონლაინ ტრენინგები მაქვს გავლილი), მაგრამ მხოლოდ მე ან რამდენიმე მასწავლებელი ხომ ვერ გადაწყვეტს პრობლემას, საერთო სისტემაზე, სკოლაზე ვსაუბრობ. უმრავლესობამ არ ვიცოდით როგორ ჩაგვეტარებინა ონლაინ გაკვეთილები, მაგრამ ახლა ნამდვილად ვიტყვი, რომ სკოლა, ყველა თვალსაზრისით, მომზადებულია ონლაინ სწავლებისთვის, ჯერ დირექტორმა გააკეთა ყველაფერი იმისთვის, რომ არც ერთი ბავშვი არ დარჩენილიყო სწავლების მიღმა — ვისაც არ ექნება წვდომა ინტერნეტთან და ტექნიკასთან, დისტანციურ გაკვეთილში რომ ჩაერთოს. თუკი რამე საშუალება ჰქონდა სკოლას, ტექნიკას ვგულისხმობ, ჩვენმა დირექტორმა, ლიკა გომართელმა, მასწავლებლებს და ბავშვებს სახლში გაატანა. ამის გარდა, ვისწავლეთ ტექნიკა, როგორ ვასწავლოთ ონლაინ. სწავლების პარალელურად ტრენინგებს გავდიოდით, ვცდილობდით გვესწავლა, როგორ გვემართა ონლაინ 30 ბავშვი, რომელიც კლასში გვყავს. დამეთანხმებით, მართლა რთულია 20 ან 30 მოსწავლესთან დისტანციურად მუშაობა.
ონლაინ სწავლების ტექნიკის/მეთოდების შესწავლის შემდეგ უფრო გაბედულები გავხდით, ამასობაში თიმსიც მოწესრიგდა – ვიცით რა და როგორ გავაკეთოთ, ჩემი თავით ამითაც კმაყოფილი ვარ – უფრო თავდაჯერებული გავხდი. გასულ სემესტრში ძალიან ვღელავდი ყველა დეტალზე, მაგალითად, სისტემიდან რომ გამოვვარდებოდი და ა.შ. წელს ბავშვებიც უფრო მობილიზებულები არიან, ისინიც გაერკვნენ სისტემაში, იციან როგორ გააზიარონ ან შექმნან რესურსი, მოკლედ, ამ მხრივ, უფრო მომძლავრებული ვართ.
რეალურად, ჩვენს სკოლაში ყველასთვის ხელმისაწვდომია ონლაინ გაკვეთილები, როგორც კი გამოიკვეთება ისეთი მოსწავლე, რომელიც ვერ ესწრება გაკვეთილს იმის გამო, რომ ტექნიკა ან ინტერნეტი არ აქვს, ვცდილობთ, დავეხმაროთ. სწორედ ასეთი შემთხვევა მქონდა, როცა ორი მოსწავლე ვერ ერთვებოდა ონლაინ სწავლებაში იმის გამო, რომ ერთს ინტერნეტი არ ჰქონდა, მეორეს — ტექნიკა (ცხადია, პერიოდულად, სხვა მოსწავლეებსაც უდგებათ ასეთი საჭიროება), ჩვენ მათ დაუყოვნებლივ ვეხმარებით და აუცილებლად დავეხმარებით მომავალშიც. დაწყებით კლასებს ვასწავლი და ახლა შემიძლია გითხრათ, რომ 100-პროცენტიანი დასწრება მაქვს.
რაც შეეხება იმ ორ მოსწავლეს, რომლის დახმარებაც მე შევძელი, ეს 2019 წლის ბოლოს, საერთაშორისო კონკურსში (ბრიტანული ორგანიზაცია – ინგლისურად მოსაუბრეთა საზოგადოება) გამარჯვებამ განაპირობა. კონკურსში საქართველოდან მე წარმადგინეს და, მსოფლიო მასშტაბით, მეორე ადგილზე გავედი, პირველ ადგილზე – შოტლანდიელი მასწავლებელი. შესაბამისად, ამას ჯილდოც მოჰყვა. თუმცა, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, თანხა დაგვიანებით ჩაირიცხა. თავიდანვე მქონდა გამიზნული, რომ ამ თანხას ჩემს კლუბს მოვახმარდი – საჯარო მეტყველებისა და დებატების კლუბს, რომელიც სკოლაში ფუნქციონირებს. მინდოდა, რესურსები შემეძინა. ამასობაში პანდემიის პერიოდიც დაიწყო. თანხის ნაწილი ვებინარებისთვის გამოვიყენე – მოწვეული სტუმრებისთვის, რესურსებისთვის. მაგრამ თანხის ნაწილი დამრჩა. რადგან მაინც ბავშვებისთვის უნდა მომეხმარა ეს ჩემი ჯილდო, ბუნებრივია, ვიფიქრე, უკეთეს საქმეს რას მოვახმარდი, ვიდრე ჩემს მოსწავლეს, რომელიც სასწავლო პროცესის მიღმა იმის გამო დარჩა, რომ ინტერნეტი არ ჰქონდა, თან ისეთი მოსწავლე, რომელსაც გაზაფხულის სემესტრში ერთი გაკვეთილი არ გამოუტოვებია. სხვები ხანდახან აცდენდნენ, ვერ ან არ შემოდიოდნენ, მაგრამ ეს მოსწავლე არასდროს აცდენდა. აღფრთოვანებული ვიყავი მისი ასეთი პასუხისმგებლობის გრძნობით და საოცრად შემოქმედებითი დავალებებით. სამწუხაროდ, წელს აღმოჩნდა, რომ ასეთი მონდომებული მოსწავლე გაკვეთილზე ინტერნეტის არქონის გამო ვეღარ შემოდიოდა. დუფიქრებლად მივიღე გადაწყვეტილება, დავხმარებოდი და ამ სასწავლო წელს, ვიდრე ვიქნებით დისტანციურ სწავლებაზე, ის ინტერნეტით უზრუნველყოფილი იქნება.
ამ სიტუაციაში ყველაზე დიდი დილემა, ვფიქრობ, მაინც მასწავლებლის ტექნიკა, მეთოდური გაძლიერებაა. მასწავლებელი აუცილებლად უნდა იყოს ძლიერი, რომ სრულფასოვნად შეძლოს ონლაინ სწავლება. ამისთვის კი, მას ონლაინ კურსების სახით სჭირდება გაძლიერება — ცა და დედამიწასავით განსხვავებულია ონლაინ და ოფლაინ სწავლება.
მასწავლებლების ნაწილი თვითონ ეძებს და ცდილობს მიიღოს ინფორმაცია. ხანდახან შუაღამემდე არ ვიძინებ ხოლმე, ვიდრე დამატებით არ ვიპოვი რამეს მეორე დღის გაკვეთილისთვის. მაგრამ მინდა, რომ ეს ყველა მასწავლებელს შეეხოს. აუცილებლად უნდა გადამზადდნენ პედაგოგები, ასეთი მდგომარეობა რომ დიდხანს გაგრძელდეს, ხომ უნდა შევძლოთ სრულფასოვან ონლაინ სწავლებასთან მიახლოება. თან ძალიან მკაფიოდ დავინახეთ ამის საჭიროება თანამედროვე სამყაროში. მნიშვნელობა არ აქვს მომავალში დაგვჭირდება თუ არა, ჩვენ მაინც მზად უნდა ვიყოთ ონლაინ სწავლებისთვის, რაც იმ სათანადო კომპეტენციებისა და უნარების გარეშე, ცხადია, ვერ მიიღწევა. ერთია მასწავლებლების ამ კუთხით გაძლიერება და მეორეა მისი მიტანა მოსწავლემდე, თორემ მხოლოდ ცოდნა არაფერს ნიშნავს, თუ საბოლოო სიკეთეები მოსწავლეებზე არ აისახა. ნებისმიერი ფორმატით სწავლების მიზანიც ხომ ეს არის.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ხაზი, რაც დღევანდელობამ გამოკვეთა, არის თანადგომა და ადამიანური ურთიერთობები – ბავშვი უნდა გენდოს და თუ არ გენდობა, ვერაფერს გააკეთებ. ჩვენს სკოლაში ურთიერთობების ასეთი კულტურაა ჩამოყალიბებული – ყველა ერთმანეთის გერდით დგას, სკოლის დირექტორიდან დაწყებული, ნებისმიერი თანამშრომლით დამთავრებული. ჩვენ ერთად ვიბრძვით ყველაფრისთვის. ბავშვებს დირექტორის ნდობაც აქვთ და მასწავლებლის ნდობაც. ლიკა გომართელის ძალისხმევით, სკოლაში უამრავი პროექტი ხორციელდება და ჩვენი მოსწავლეები მხოლოდ გაკვეთილების ამარა არ არიან დარჩენილები. ისინი ჩართული არიან დისკუსიებში, კლუბებში, სადაც კიდევ სხვაგვარი ურთიერთობები ყალიბდება ჩვენ შორის – მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შორის. პროექტებში უშუალოდ ბავშვები არიან. მაგალითად, ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში, ბავშვებთან ერთად ვთარგმნით მდგრადი განვითარების მიზნების გაკვეთილებს. ბავშვებს პასუხისმგებლობა გადავუნაწილე და ერთად ვიღწვით ამ ფრონტზე. ასეთი დამოკიდებულება და ურთიერთობები, ვფიქრობ, უფრო გაუადვილებს მათ ამ რთულ სიტუაციას.
რაც შეეეხება იმ მოსწავლეებს, რომლებიც გაზაფხულზე სწავლების მიღმა დარჩნენ, რა თქმა უნდა, ეს სერიოზული გამოწვევაა. ცხადია, მათი პროგრამასთან დაწევა და ჩამორჩენის შემცირება, ჩვენი, მასწავლებლების, საზრუნავია. თუმცა, ეს ბოლომდე მე პირადად ვერ მოვახერხე. ვფიქრობდი, სკოლაში მივალთ და აუცილებლად დამატებით გაკვეთილებს ჩავუტარებ ამ მოსწავლეებს-მეთქი, მაგრამ როგორც იცით, ეს არ მოხდა და მალევე მოგვიწია დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა. თუმცა, ერთი მეზობელი მოსწავლე მყავს, სოციალურად დაუცველი ოჯახიდან, რომელიც გაკვეთილებს ინტერნეტის არქონის გამო ვერ ესწრებოდა. მას მთელი ზაფხულის განმავლობაში ვამეცადინებდი.
საერთო ჯამში, პანდემიის პერიოდის განათლებამ მართლა ბევრი პრობლემა წარმოშვა — სოციალური უნარები დაიკარგა, ვერ ვახერხებთ ჯგუფურ და წყვილებში მუშაობას. შარშან მეცხრე კლასს ვასწავლიდი და ძალიან ბევრ აქტივობას ვახორციელებდი მათთან, პროექტებზე დაფუძნებული სწავლებით. ახლა ამას ვერ ვახერხებ. ონლაინ სწავლება ბევრ პრობლემას ქმნის, ზუმ ოთახებში განაწილების ფუნქციები ფასიანია, ამიტომ ვეღარ ვმუშაობ მოსწავლეებთან ჯგუფებში. ამის გარდა, ბავშვები პასუხისმგებლობასაც ნაკლებად გრძნობენ. სამი თვის შემდეგ, როცა სექტემბერში სკოლაში დავბრუნდით, ვერც კი წარმოიდგენთ როგორი შეცვლილები იყვნენ ბავშვები, ამოვარდნილი კალაპოტიდან და ეს იყო არა ზაფხულის არდადეგების სინდრომი, არამედ იმ თვეების, როცა ონლაინ რეჟიმში ვსწავლობდით. აქედან გამომდინარე, საბოლოო ჯამში, სამწუხაროდ, ეს პერიოდი აუცილებლად იქონიებს ნეგატიურ გავლენას მოსწავლეებზე.
იები მეგაბაიტების სანაცვლოდ
ლადო აფხაზავა – „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული“, ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი
სიმართლე გითხრათ, ისეთი განცდა მაქვს, რომ ახლა უფრო ქაოსია სისტემაში, ვიდრე გაზაფხულზე, პანდემიის დაწყებისას, როცა ონლაინ რეჟიმზე გადაწყობა მოგვიწია. პირველად უფრო მეტი ინტერესი გვქონდა მასწავლებლებსაც, რომ ონლაინ პლატფორმები შეგვესწავლა, რაც მთავარია, იოლად და სწრაფად ავუღეთ ალღო. მეორე ტალღის დროს, ვფიქრობ, უფრო დაბნეულობაა და, ცოტა არ იყოს, ეს გასაოცარია. გაზაფხულის სემესტრის დროს თუ რამე შეცდომები დავუშვით ან სწორად ვერ ვმართავდით სასწავლო პროცესს, შემოდგომაზე ოდნავ მაინც გამართული რომ ყოფილიყო ონლაინ გავეთილები, ეს შეცდომები ხომ უნდა გამოგვესწორებინა? თითქოს შეცდომებს ვასწორებთ, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ ვახერხებთ. მიზეზი? ალბათ, ყველამ დავიჯერეთ, რომ ონლაინ სწავლების რეჟიმზე გადასვლისას ყველაფერი კარგად გავაკეთეთ, მაგრამ ყოველდღე ჩნდება ახალი ინფორმაცია, სიახლე თიმსის პროგრამაში, ყოველდღიურად ახალ ახალ რამეს ვიგებ. თვალსაჩინოა, რომ ყველაფერი ბოლომდე არ გვაქვს შესწავლილი და არ უნდა ვიფიქროთ, რომ ამის სწავლა/შეცნობა უკვე დავამთავრეთ. დავამთავრეთ კი არა, დაწყებულიც არ გვაქვს.
წელს ახალი ინიციატივა წამოვიწყე ლანჩხუთელი მოსწავლეების დასახმარებლად. ინიციატივას – ყვავილების გაყიდვას და ამით ფულის შეგროვებას – ბევრი მხარდამჭერი გამოუჩნდა. 516 ქოთანი ია გავყიდეთ. თავიდან, როცა ეს იდეა მომივადა, 100 იის ფოთოლი ჩავრგე და იებმა ისე მოიწონეს თავი, რომ 5 და 6- ჯერ მეტი გახდნენ. მერე ვიყიდე პატარა, 8-თეთრიანი ქოთნები, მიწა და ვაქციე ცალკე იებად, რასაც ჩემი ხელფასი შეეწირა, მაგრამ, მართალი გითხრათ, ეს ღირდა. რატომ გავაკეთე? იმიტომ, რომ ვემზადებოდი შემდეგი ტალღისთვის და თავისთავად ვფიქრობდი, რომ, ალბათ, ასე მოემზადებოდა ყველა და ყველა სფერო. მაგრამ მეორე ტალღა დაიწყო თუ არა, მივხვდი, რომ ასე არ არის, უკეთესად მომზადება იყო საჭირო. მე ჩემს თავს გავუბრაზდი, 516 ქოთანი ძალიან ცოტაა, ალბათ მეტი უნდა გამეკეთებინა…
პანდემიის დაწყებისას, ბუნებრივია, არც მე და არც არავინ ამისთვის მზად არ იყო, რეალურად დროც არ გვქონდა მომზადებისთვის, ამიტომ უამრავი ადამიანი შევაწუხე, რომ სწავლის მიღმა დარჩენილი მოსწავლეებისთვის თანხა შემეგროვებინა ინტერნეტპაკეტების შესაძენად. შევაწუხე სხვადასხვა ორგანიზაციები, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ასოციაცია „ქართველები საფრანგეთში“ და სხვები… მათ ვუგზავნიდი მოსწავლეების ტელეფონის ნომრებს და კეთილი ადამიანები ინტერნეტის საფასურს ურიცხავდნენ – 19 ლარს. მეორე ტალღის დროს, ბუნებრივია, ვეღარ ვთხოვდი, რომ ისევ ჩაერიცხათ თანხა, უნივერსიტეტსაც ხომ თავისი პრობლემები აქვს, თუნდაც ამ კუთხით… ამიტომ ვიფიქრე, თადარიგს დავიჭერ, იებს გავამრავლებ და, საჭიროების შემთხვევაში, გავყიდი-მეთქი, თანაც ეს იდეა იმიტომ გამიჩნდა, რომ რაღაცნაირად იები ქართულ განათლებასთან დავაკავშირე – ჩვენი სწავლის დაწყება ხომ „აი ია“-სთან ასოცირდება. ცხადია, იების გარდა, სხვა მცენარეებიც მაქვს, კოლხური ბზა, წითელი კალები… და სხვ. ამ აქციისთვის არჩევანი მაინც იებზე შევაჩერე. ბავშვებიც სიხარულით ჩაერთვნენ აქციაში, მარტო მე სახლში 516 ქოთანს ვერც კი დავატევდი. კალათებით ვუგზავნიდი 20-20 ქოთანს, რომ მოევლოთ. ბავშვებსაც აუყვავდათ იები, ნაწილი სკოლაში გადავიტანე და იქ ვუვლიდი. დადგა მათი გაყიდვის დროც და გამოვაცხადეთ აქცია – „იები მეგაბაიტების სანაცვლოდ“. თბილისში იების მაღაზია „პანდეა“ დამეხმარა გაყიდვაში (ახლობელს უსასყიდლოდ გავატანე ყუთებში ჩაწყობილი აყვავებული იები თბილისში), ნაწილი კი, ბათუმში ერთმა ყვავილების გამყიდველმა ქალბატონმა გაგვიყიდა.
მობილიზებული თანხით 512 მოსწავლეს ჩავურიცხეთ ულიმიტო ინტერნეტი; 10 მრავალშვილიან ოჯახს, რომლებსაც 4-5 მოსწავლე ჰყავთ, ახალი კომპიუტერი გადავეცით და 18-თვიანი ინტერნეტით უზრუნველვყავით. იების აქციას ბევრი მხარდამჭერი გამოუჩნდა, მათი თანადგომით 14 ათასი ლარის მობილიზება შევძელით. ბევრი ადამიანი შეგვეხმიანა, გვირიცხავდნენ 20 ლარს, 50 ლარს, ზოგს იები სულ არ უნდოდა, ისე ჩაგვირიცხეს თანხა.
იების ქუდის ქვეშ გაერთიანებულმა ადამიანებმა მართლა საოცრება შეძლეს. ჰოლანდიაში მცხოვრებმა ერთმა ქართველმა ქალბატონმა, 6 ბავშვი შეარჩია, რომლებსაც სახლში ვაიფაი აქვთ შეყვანილი და ყოველთვიურ გადასახადს, 30 ლარს ვერ იხდიან. ამ კეთილმა ადამიანმა საკუთარ თავზე აიღო ექვსივე ბავშვის, 6 თვის განმავლობაში, ინტერნეტის თანხით უზრუნველყოფა.
მოკლედ, ლანჩხუთის მინიციპალიტეტსაც გავცდით კეთილი ადამიანების თანადგომით. ჩიბათის სკოლიდან დახმარება მხოლოდ 72 მოსწავლეს დასჭირდა, მაგრამ, როგორც გითხარით, სულ 512 მოსწავლეს და 10 ოჯახს დავეხმარეთ. ეს რიცხვი კიდევ იზრდება, რადგან ყოველდღე მხვდება გადმორიცხვები 10-5 ლარი… დღეს 80 ლარი დამხვდა, მაშინვე გადავურიცხე 4 ბავშვს ინტერნეტის თანხა. ხვალ ისინიც უკვე გაკვეთილზე იქნებიან.
იმასაც ვერ ვიტყვი, რამდენად ვალდებულია განათლების სამინისტრო, რომ ყველა მოსწავლეს ჩაურიცხოს ინტერნეტის თანხა, ყველა უზრუნველყოს ულიმიტო ინტერნეტით, მაგრამ ვერც იმას ვიტყვი, რომ გვერდი უნდა აუაროს სწავლის მიღმა დარჩენილ ბავშვებს, თვალი დახუჭოს პრობლემებზე. ძალიან მნიშვნელოვანია, პრობლემები უფრო თამამად ვაღიაროთ, ვილაპარაკოთ ყველაფერზე. მე რომ ხმა არ ამომეღო და პრობლემებზე საუბარი იმის გამო არ დამეწყო, რომ ვინმე არ გავაბრაზო-მეთქი, ამდენ მოსწავლეს როგორ შევუწყობდი ხელს? ამიტომ არის უმნიშვნელოვანესი, რომ თითოეულმა მასწავლებელმა, განათლების მუშაკებმა, განათლების სამინისტრომ სისტემაში არსებულ პრობლემებზე ღიად და თამამად ილაპარაკონ. მერწმუნეთ, ეს შედეგიანია. როგორც კი პრობლემა წამოვწიე, იმდენი მხარდამჭერი გამომიჩნდა, რომ თვითონაც არ ველოდი.
კმაყოფილი ვარ, რომ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ძალიან ბევრ ბავშვს ჩავურთეთ ინტერნეტი და მათთვის სწავლა ხელმისწვდომი გავხადეთ, მაგრამ ისიც მახარებს, რომ ლანჩხუთს გავცდით და აჭარის რეგიონის სტუდენტებსაც ვურიცხავთ ინტერნეტ პაკეტის შესაძენ თანხას. მაღალმთიანი აჭარიდან მოგვმართეს სტუდენტებმა, რომლებიც, უსახსრობის გამო, ლექციებს ვერ ესწრებოდნენ. ჩვენ ისინიც დავაფინანსეთ. რაც მთავარია, მახარებს ის, რომ ამ საქმეში მარტო არ აღმოვჩნდი და ბევრი ადამიანი შემოვიკრიბე მათ დასახმარებლად.
ყოველკვირეულად სკოლის ადმინისტრაციას უნდა მივაწოდო ინფორმაცია, მე-7 კლასში რამდენი მოსწავლე შემოვიდა გაკვეთილზე, რამდენი არ შემოვიდა და რა მიზეზით, შემდეგ ამ ინფორმაციას სკოლის ადმინისტრაცია რესურსცენტრს უგზავნის, რესურსცენტრი – სამინისტროს. როცა იმდენი ინფორმაცია გროვდება, რომ სათვალავი აღარ არის, ეს პრობლემები არ უნდა ვაღიაროთ? თუნდაც იმისთვის, რომ მათი გადაჭრის გზები გამოჩნდეს? მაგრამ რატომღაც ქართველებს გვიყვარს სწორი ინფორმაციის დამალვა.
გარდა იმისა, რომ ინტერნეტის პრობლემა ასობით მოსწავლეს მოვუგვარეთ და ისინი სასწავლო პროცესის მიღმა აღარ იქნებიან, იების აქციით, მათ მთავარი რამ დავანახე – გამოწვევებმა არ უნდა შეაშინოთ, არ გაჩერდნენ, არ დამალონ პრობლემები. პირიქით, იმოქმედონ!!! აღიარონ და ეძებონ გამოსავლის გზები. ამიტომაც დავარქვი იების აქციას „სოციალური გაკვეთილი“, რომელიც არა მხოლოდ ჩემს მოსწავლეებს, არამედ ძალიან ბევრ ადამიანს ჩავუტარე.
ჩემი სკოლის მასწავლებლებიც ასე იქცევიან…
ლიკა გომართელი – ლიდერობის კონკურსის გამარჯვებული, საჩხერის №2 საჯარო სკოლის დირექტორი
ბუნებრივია, გაზაფხულზე უფრო მეტი პრობლემა იყო და უფრო დატვირთული რეჟიმით გვიწევდა მუშაობა, ყველასთვის მოულოდნელი იყო ონლაინ სწავლების რეჟიმზე გადასვლა – ამისთვის არც ოჯახები იყვნენ მომზადებულები და არც სკოლა და მასწავლებელი. თუმცა, სკოლამ და მასწავლებლებმა უფრო ადვილად მოახდინეს ადაპტირება – მასწავლებლები ძალიან მალე უზრუნველვყავით კომპიუტერებით (ვისაც ეს სჭირდებოდა), ასევე, ინტერნეტზე ხელმისწავდომობაც მოგვარდა. ამის გარდა, რაც გვქონდა – ბუკები და კომპიუტერები, მოსწავლეებს გადავეცით დროებით სარგებლობაში. თავისთავად, ინტერნეტის პრობლემის მოგვარება ბოლომდე ვერ შევძელით, მოდემები შევაგროვეთ და ვათხოვეთ ბავშვებს. თუმცა, ბავშვების ნაწილი მშობლებმა შორ სოფლებში წაიყვანეს პანდემიის დროს და მათთან მხოლოდ ტელეფონით ვკონტაქტობდით, პერიოდულად ამობეჭდილ დავალებებს ვუგზავნიდით. წელს ამის საჭიროება აღარ გვაქვს, ფაქტობრივად, აღმოიფხვრა პრობლემა და აღარც ასეთი მოსწავლეები გვყავს სკოლაში. დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ყველა ოჯახში, მინიმუმ, ერთი ტექნიკური მოწყობილობა და ინტერნეტთან წვდომა აქვთ, მცირე გამონაკლისების გარდა. მაგალითად, ერთ ოჯახს პირადად მე შევუძინე ინტერნეტმოდემი, ასევე, ერთ მოსწავლეს ვუყიდე პლანშეტი. რასაკვირველია, ეს ყველაფერი პირადი ბიუჯეტით შევძელი. დირექტორების კონკურსში რომ გავიმარჯვე სკოლამ საპრიზო თანხა – 30 ათასი ლარი მიიღო, რომლითაც სტემ აკადემიას ვაფუძნებთ. პირადად მე კი, გადმომეცა 5 ათასი ლარი კოალიცია- განათლება ყველასთვის და გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდისგან. ეს პირადად ჩემი ჯილდოა. სწორედ ეს თანხა გამოვიყენე მოსწავლეების დასახმარებლად – ერთ მოსწავლეს ვუყიდე პლანშეტი და ერთი ოჯახი, სადაც სამი მოსწავლე ცხოვრობს, მათ შორის, ერთ-ერთი სსს მქონეა, უზრუნველვყავი ინტერნეტ მოდემით. ჩემი სკოლის მასწავლებლებიც ასე იქცევიან, როცა მათი რომელიმე მოსწავლე სასწავლო პროცესს ეთიშება, ინტერნეტის ან კომპიუტერის არქონის გამო.
შინაარსობრივი თვალსაზრისით კი, მასწავლებლები ახლა უფრო მომზადებულები არიან გაზაფხულთან შედარებით, ტრენინგები გაიარეს თიმსში, ანუ უკეთ ისწავლეს ელექტრონული პლატფორმების გამოყენება. სამინისტრო გაზაფხულზეც ძალიან ინტენსიურად ახორციელებდა ტრენინგებს და ახალაც გრძელდება ყოველკვირეულ რეჟიმში. ამის გარდა, ძალიან წამოგვეშველა ონლაინ სწავლების რუბრიკაც, რომლის საფუძველზეც უკვე ვიცით, როგორ დაგეგმოს მასწავლებელმა ნახევარსაათიანი ონლაინ გაკვეთილი, როგორი ტიპის დავალებები გაუგზავნოს მოსწავლეს სახლში სამუშაოდ, თავად რაზე უნდა გაამახვილოს ყურადღება და ა.შ. მოკლედ, მეთოდურადაც უფრო გავიმართეთ. ვერ ვიტყვი, რომ 100 პროცენტით ყველაფერი კარგადაა და პრობლემები აღარ გვაქვს, მაგრამ მოსწავლეებთან კომუნიკაციას და მასალების მიწოდებას უკვე ყველა ახერხებს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესის მიღმა არ დავტოვოთ.
♦♦♦
სამივე მასწავლებელი საუკეთესო მაგალითია იმისა, თუ როგორ კეთდება საქმე თანადგომით და რომ მასწავლებლისთვის ყველაზე მნიშვნელვანი მოსწავლის საჭიროებების მოგვარებაა, მაგრამ, ალბათ, ყველასთვის სასურველი მაინც ისეთი საგანმანათლებლო სისტემა და სახელმწიფო იქნება, სადაც ლადო მასწავლებელი ყვავილებს აღარ გაყიდის იმისთვის, რომ ლანჩხუთელ მოსწავლეებს ინტერნეტი ჩაურთოს და არც საკუთარი პროფესიონალიზმით მოპოვებული ჯილდოს უკანასკნელ კაპიკებს არ გამოიყენებენ წლის საუკეთესო დირექტორი და მსოფლიო მასშტაბით აღიარებული ინგლისური ენის მასწავლებელი იმისთვის, რომ მოსწავლეები გაკვეთილებს მიღმა არ აღმოჩნდნენ. კონკრეტულ პერსონებზე დამდგარი სისტემა, ცხადია, გრძელვადიან ჭრილში უიმედოდ გამოიყურება. ისევ ლადოს სიტყვებით რომ დავასრულო: „უმნიშვნელოვანესია, თითოეულმა მასწავლებელმა, განათლების მუშაკებმა, განათლების სამინისტრომ სისტემაში არსებულ პრობლემებზე ღიად და თამამად ილაპარაკონ“ – ეს პრობლემის სისტემურად გადაჭრისთვის აუცილებელი პირობაა, თორემ, მისი სოციალური გაკვეთლები რომ კიდევ ბევრ სიკეთეს მოიტანს, რასაკვირველია, ამაში ეჭვი არავის ეპარება.
ლალი ჯელაძე