29 მარტი, პარასკევი, 2024

Hometown – (სკოლა დედაქალაქში და მის გარეთ)

spot_img

ნატალი აბესაძე – ნიკო ბაგრატიონის სახელობის სკოლა-ლიცეუმის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

ერთადერთი, ძალიან მაგარი ის იყო, თოვლი რომ სკოლის ეზოს გაბუქავდა.

ბოლო აგურამდე დაშლილი ძველი კლუბის ეზოში მივრბოდით მე და ჩემი კლასელები და ვგუნდაობდით. თოვლში დახრჩობანასაც კი ვთამაშობდით, ზამთრის ხვავრიელ თვეებში.

ეს თოვლი ალბათ ყველაზე უშნო შენობას სოფელში – სკოლას ფარავდა. ფარავდა მის დანგრეულ, ჩამოღლილ კედლებს. ფარავდა დიდ ტირიფს, სკოლის შენობის უკან, მცველივით რომ მწვანედ გადაშლილიყო.  ტირიფი ზუსტად ბიბლიოთეკის უკან იდგა, იმ ბიბლიოთეკის უკან, მე და ჩემი მეგობარი დავიმალეთ  და წიგნების ქურდობას ვაპირებდით.

ეგ ტირიფი მაგ ამბავმა დაგვამახსოვრა. რა თქმა უნდა, ბიბლიოთეკაში ვერ შევაღწიეთ, თუმცა ძალიან ვცდილობდით სარკმლამდე აბობღებას.

სოფელში მეორე ბიბლიოთეკაც იყო,  ძველი საბჭოს, ასევე დანგრეული შენობის მტვრიან ოთახში, ის კი, მართლა არ მახსოვს , როგორ აღმოვაჩინეთ. კაცს და ღმერთს ის ადგილი დავიწყებოდა.

თეთრი ზედები და შავი კაბებით, გაპრიალებული მოსწავლის ფეხსაცმელებით გადავიპარეთ ოთახში, ოღონდ, ჯერ ფანჯარას ქვა ვესროლეთ და ჩავამტვრიეთ. ოთახში

შეღწევისთანავე მტვრისგან ცემინება აგვიტყდა, ჭერიდან წყალი კედლებს ჩამოყოლილიყო და ძველებური შპალერი თან ჩამოეტანა.  შპალერზე წვრილი ყვავილები , მგონი, იები ეხატა, უკვე გადაშლილები.

გონს რომ მოვედით, ჩანთაში ობმოდებულ წიგნებს ვიტენიდით, ძალიან ბედნიერები და შეშინებულები ვიყავით. მაშინ წავიკითხეთ პირველად ედგარ ალან პო და გაბრიელ გარსია მარკესი, დაშლამდე მისულ ფურცლებს ვშლიდით , ვკითხულობდით და ისევ ვაბრუნებდით, სახლში რომ არავის გაეგო.

ერთი კვირა გაგრძელდა ჩვენი ნეტარება. ერთ ავბედით პარასკევს ფანჯარა, რომელიც ჩატეხილი გვქონდა და შიგ ვძვრებოდით, ამოგმანული დაგვხვდა. ის ოთახი იმის მერე არავის გაუღია. არც არავინ დაინტერესებულა, შიგნით რა იყო. ნეტავ, ახლა როგორია ძველი , მიტოვებული ბიბლიოთეკა ?

მაგრამ მერე, სკოლაში, სადაც ვსწავლობდით, 13-14 წლის ასაკში ასტრიდ ლინდგრენი, ნარნია, ჰარი პოტერი და და ენციკლოპედიები ჩამოგვიტანეს. მანამდე არც გვენახა ასეთი ფერადი, დიდი, ულამაზესი წიგნები, თან, ილუსტრაციებით !

განსაკუთრებით „ ძმები ლომგულების“ ილუსტრაციებმა შეგვძრა და დარწმუნებულები ვიყავით, რაღაც მისტიურს ვკითხულობდით. ასეც იყო.

დღეს, როცა უკვე მე თვითონ ახალგაზრდა მასწავლებელი ვარ, გარე დაკვირვების გაკვეთილს ვუყურებდი, ქალაქის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში, ჩემდა უნებურად კედლებს დავაკვირდი. ჩვენი სკოლის კედლები გამახსენდა – მწვანე და თეთრი ქაოსის ნაერთი.

საჩვენებელი გაკვეთილის კედლები რა თქმა უნდა, ლამაზი იყო, მასზე გრძელღეროიანი, ლურჯთვალა იები გამოესახათ.

ახლა ვფიქრობ, ჩვენ რომ გვქონოდა მდიდარი და ლამაზი ბიბლიოთეკა, ნათელი სკოლა და სიცივეს ოთახები არ აეტანა ხოლმე, ალბათ ეს იქნებოდა ის მინიმუმი, რაც შეიძლებოდა, სახელმწიფოს ბავშვისთვის მიეცა. და ახლა? – ეს ვალდებულებად უნდა იქცეს.

ჩვენ ბევრს ვსაუბრობთ ბავშვის საჭიროებებზე,  მაქსიმალურად ბავშვზე მორგებულ სასწავლო გარემოზე, მაგრამ ჯერ ისიც ვერ შევძელით, რომ მინიმუმი დავაკმაყოფილოთ.

ბავშვისთვის ხომ ასე მნიშვნელოვანია ვიზუალური ინფორმაცია – ის  მასწავლებლის სამოსით დაწყებული  სკოლის შენობით სრულდება და რა თქმა უნდა, ვიზუალური ინფორმაციით ათვისებულ ცოდნასაც მოიცავს.

გასულ წელს ერასმუსის პროექტით ბელგიაში მოხალისედ ვიყავი. სწორედ იქ დავინახე უდიდესი კონტრასტი ქართულ და ბელგიურ სოფლებს შორის.

ბელგიური სოფელი ჩვეულებრივი პატარა ქალაქია, ოღონდაც – სუფთა ჰაერით, მდინარეებით , მოვლილი ტყეებით და ბუნებით, მატარებლის სადგურებით, სამუშაო დაწესებულებებით.

მერე არც გამკვირვებია, რომ ევროპის დიდი ქალაქებიდან ასეთ მშვიდ , წყნარ გარემოში მიისწრაფვის ხალხი. ჩვენთან  რა ხდება ? – ყველანი ქალაქებისკენ გავრბივართ. მალე , ქალაქებიც გაუკაცრიელდება და მთელი მოსახლეობა ერთი ლოკაციის გარშემო მოგროვდება. ალბათ , ამიტომაა, ვერასოდეს ვგრძნობ თბილისში სივრცეს, ისევე, როგორც ბრიუსელში ვერ ვირძენი და  ბელგიის სხვა მხარეების ბუნება ვამჯობინე.

რატომ ? იმიტომ რომ, ალტერნატივა მქონდა. ვისურვებდი, ჩვენც გვქონდეს ჩვენი მრავალფეროვანი სამშობლოს ყველა წერტილში სრული რეალიზების შესაძლებლობა.

როცა რაიონის სკოლაზე ვსაუბრობ, შეუძლებელია, უფრო დიდი პრობლემის წინაშე არ აღმოვჩნდე და ეს რესურსების არასწორი გადანაწილებაა.

კონტრასტი დიდია.  მე ძალიან მიხარია, რომ დღეს ექვსწლიანი ლოდინის შემდეგ ჩემი სოფლის  ბავშვებს ლამაზი, თეთრი და დიდი სკოლა აქვთ, მაგრამ რა ვუყოთ იმას, რომ სკოლაში სულ რაღაც ორმოცდაათი ბავშვია და ეს მაჩვენებელი ყოველწლიურად იკლებს ?

არა, ჩვენ რაღაც უფრო დიდ პრობლემასთან გვაქვს საქმე, პრობლემასთან , რომელსაც გონივრული  გადაწყვეტა ესაჭიროება.

სხვაგვარად, ჩვენ თვითონაც ვერ გავიგებთ, როგორ დავკარგავთ სამშობლოს- და მისი მიტოვებით საკუთარ თავს .

ამ ესეის დასასრულს კი მინდა სიმღერა „ Hometown „ გაგიზიაროთ. სიმღერას ამერიკული ჯგუფი „ Twenty one pilots“ მღერის და ქართულ რეალობასთან, რა თქმა უნდა, კავშირი არ აქვს, თუმცა მე ყოველთვის ჩემი მხარის მთებთან  ვაკავშირებდი, იმ ადგილებთან, სადაც ოდესღაც გოგონები რეტრო კაბებით დადიოდნენ.

მისამღერი :

Where we’re from, we’re no one
Our hometown’s in the dark
Our hometown’s in the dark

ბმული :

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები