ვეფხისტყაოსანში „წასვლა ავთანდილისაგან ფრიდონისასა“ ერთ-ერთი გამორჩეული თავია. ამ თავში ტარიელს მეორედ განშორებული ავთანდილი შორეული ქვეყნისაკენ _ ფრიდონის სამეფოსკენ მიემგზავრება. მარტო მიმავალი მოყმე კაეშანმა მოიცვა, თვალი ზეცისკენ აღაპყრო და მნათობებს დახმარებას სთხოვს. ამ სტროფებში (958-965) მნათობები ჩამოთვლილია თავისებური წყობით: მზე, სატურნი, იუპიტერი, მარსი, ვენერა, მერკური, მთვარე (რუსთველი მათ უწოდებს: მზე, ზუალი, მუშთარი, მარიხი, ასპიროზი, ოტარიდი და მთვარე).
„ვეფხისტყაოსანში“ არაერთი სტროფი ასტრონომიულ-ასტროლოგიური შინაარსის შემცველია, რაც მიგვანიშნებს იმაზე, რომ რუსთაველი კარგად იცნობს ბერძნულ და რომაულ მითოლოგიას, ამის დასტურია ავთანდილის ლოცვა, სადაც პოემის პერსონაჟი სხვადასხვა მნათობს მიმართავს. აღმოჩნდა, რომ იმდროინდელი კაცობრიობის მიერ საყოველთაოდ მიღებული პტოლემეოსის ასტროლოგიური მოძღვრება, „ვეფხისტყაოსანში“ უარყოფილია და მის ნაცვლად მოცემულია სამყაროს აგებულების ახალი მოდელი. მზე ტრადიციული მეოთხე ადგილიდან გადმოსმულია პირველ ადგილზე.
განვიხილოთ თითოეული მათგანი:
- მზე მთავარი (ცენტრალური) ციური სხეულია. რუსთველის პოემაში მზეს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ავტორი პოემაში მზეს სიმბოლურ დატვირთვას ანიჭებს და ყველა მთავარი პერსონაჟის მეტაფორულ სახედაა გამოყენებული. ეს მნათობი ყველაზე ამაღლებული და დიადია. ეს ქვეყანაც მზითაა განათებული და ის ღვთის ხატია. ბერძნული მითოლოგიიდან მზის ღვთაება ჰელიოსია, რომელიც ნამდვილად მძლეთა მძლეველია, მას ვერავინ ვერაფერს გამოაპარებს, რადგან ცის გადმოსახედიდან ყველაფერი კარგად მოჩანს. ჰელიოსმა კი ყველას შესახებ იცის და როდესაც ის ბრაზდება, მისი მუქარაა, რომ სააქაოდან საიქიოში გადაინაცვლებს და ამ სოფლის ნაცვლად იქითა სოფელს გაანათებს. ამ საშიშროების გამო ცდილობენ, იგი არ გაანაწყენონ და უძლიერეს ღვთაებად აღიარებენ. სწორედ ამას ასახავს ეს სტრიქონები:
„აჰა, მზეო, გეაჯები შენ უმძლესთა მძლეთა მძლესა…“
„ნუ შემიცვლი ღამედ დღესა“
- ზუალი ანუ სატურნი ასტროლოგიაში აღიარებულია უბედურების მომტან პლანეტად. მიუხედავად იმისა, რომ იგი კაშკაშა თეთრი ფერისაა, მის ფერად შავი ითვლება. ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ზუალი კრონოსია, რომელის ძალაუფლება მისმა შვილმა ზევსმა დაამხო და უკუნეთ სიბნელეში გამოამწყვდია. მას უკავშირდება ცრემლი, კაეშანი და ჭირი. დავადასტურებთ „ვეფხისტყაოსნიდან“ ციტატებით:
,,მო, ზუალო, მომიმატე ცრემლი ცრემლსა, ჭირი ჭირსა,
გული შავად შემიღებე, სიბნელესა მიმეც ხშირსა.“
- მუშთარი ანუ იუპიტერი დიდი ბედნიერების მომცემი და სამართლიანობის პლანეტაა, ამიტომ მოუხმობს ავთანდილი „მო და უყავ სამართალი.“ რომაულ მითოლოგიაში იუპიტერი ჭექა-ქუხილის და ელვის ღმერთია.
- მარიხი ანუ მარსი ომის პლანეტად მიიჩნევა მოწითალო ფერის გამო. ბერძნულ მითოლოგიაში ომის ღმერთი სისხლისმღვრელი არესია, რომელიც გვევლინება ფარ-შუბით აღჭურვილ ძლიერ და პირქუშ მამაკაცად. ნაწყვეტი პოემიდან:
„მოდი, მარიხო, უწყალოდ დამჭერ ლახვრითა შენითა,
შე-ცა-მღებე და შემსვარე წითლად სისხლისა დენითა.“
- ასპიროზი ანუ ვენერა სილამაზისა და სიყვარულის პლანეტაა. ეს პლანეტა მითოლოგიაში სიყვარულის ქალღმერთ აფროდიტეს უკავშირდება. ვენერა-აფროდიტეს შეეძლო ჭკუიდან გადაეყვანა და სიყვარულის ქარცეცხლში გაეხვია გონიერი და საღ აზრზე მყოფი ადამიანი. გამიჯნურებული ავთანდილი საყვედურობს აფროდიტეს, ეუბნება, მიჯნურთაგან ზოგს სწყალობ, ზოგს კი ჩემსავით შენი წყალობა აკლიაო და შველას სთხოვს: „მოდი, ასპიროზ, მარგე რა, მან დამწვა ცეცხლთა დაგითა.“
- ოტარიდი ანუ მერკური ჭკუის, მოხერხების პლანეტაა. იგი ხან მზის მარცხნივაა და ღამის დასაწყისში ჩანს, ხან მარჯვნივაა და გათენებისას ვხედავთ. მზისა და ოტარიდის ურთიერთობას რუსთველი ადარებს ავთანდილის ურთიერთობას სატრფოსთან. ავთანდილი ამბობს, როგორც შენ, ოტარიდო, გაბრუნებს მზე და არ გაგიშვებს და თავისი სხივებით გწვავს, ისე მეც, ჩემი თინათინისადმი სიყვარული მაბრუნებს, არ გამიშვებს და მაძლევს წვასა და დაგვასო. არაბი სპასპეტი ოტარიდს მიმართავს: „დაჯე წერად ჭირთა ჩემად, მელნად მოგცემ ცრემლსა ტბასა, კალმად გიკვეთ გაწლობილსა ტანსა ჩემსა, ვითა თმასა.“
- მთვარე ასტროლოგიის მიერ მიჩნეულია სიყვარულში შემწედ. მანგს ანუ მთვარეს ავთანდილი ასე მიმართავს: „მო, მთვარეო, შემიბრალე, ვილევი და შენებრ ვჭკნები“, „მოდი, უთხარ, ნუ გამწირავს, მისი ვარ და მისთვის ვკვდები.“
როდესაც ამ სტრიქონებს ვკითხულობთ, ესაა რუსთველის მიერ მთვარის ასტრონომიული დახასიათება, მისი უმთავრესი თვისების მიხედვით: მთვარე ხომ ილევა (მჭლევდება)და ივსება?! მთვარის მოხმობა შეყვარებულის მიერ სწორედ მთვარის მითოლოგიური ფუნქციის ცოდნიდან მომდინარეობს. მთვარის ქალღმერთი ანუ სელენე სიყვარულის მკურნალ, სიყვარულის გრძნობის გამომწვევ გრძნეულთა მფარველია.
„ვეფხისტყაოსანში“ ასტრონომიული ხედვები ორგანული და უკომფლიქტოა შუა საუკუნეების მსოფლმხედველობასთან _ ქრისტიანული ხედვა, ფაქტია, ნაწილობრივ მაინც აღიარებს პლანეტათა შესახებ ინფორმაციას (მოგვთა თაყვანისცემა ახალშობილი ქრისტესადმი, სვეტიცხოვლის ცნობილი ფრესკა…).
ნატალი ბუსკივაძე – სსიპ გენერალ გურამ ქარქაშაძის სახელობის ღვანკითის საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე