სწავლა/სწავლების პროცესისადმი ახლებური მიდგომა ისეთი მეთოდების გამოყენებაზე გვაფიქრებს, რომლებიც მოსწავლეს საგნისადმი მეტ ინტერესს გაუჩენს. დიდი ძალისხმევაა საჭირო იმისთვის, რომ საინტერესო, ხალისიანი და, ამავე დროს, შედეგზე ორიენტირებული გაკვეთილი ჩაატარო. ბევრს ვკითხულობთ აქტიური სწავლების მეთოდებზე, ვცდილობთ დავნერგოთ, თუმცა, არსებული რესურსის ფარგლებში, ხშირად ვერ ვიღებთ სასურველ შედეგს. უცხოური ენის გაკვეთილზე მნიშვნელოვანი ელემენტია, მოსწავლემ შეძლოს მასწავლებლის მიერ შემოთავაზებულ მასალაზე დიალოგის/კომუნიკაციის წარმართვა. ამ მეთოდის გამოყენება შესაძლებელია სამივე საფეხურზე, თუმცა გასათვალისწინებელია სწავლების დონე, ლექსიკური მარაგი, ასაკობრივი თავისებურებები და მოსწავლეთა ინტერესები. უმჯობესია, ტექსტები ქართულ რეალობასთან იყოს ახლოს. წიგნები, რომლებითაც სკოლაში ისწავლება, არც ქართულ რეალობას და არც ასაკობრივ კატეგორიებს არ შეესაბამება; ტექსტები და დავალებები, რომლებიც ინგლისური ენის სახელმძღვანელოებშია მოცემული, მეთოდურად გამართულია, თუმცა მოსწავლეებისთვის ნაკლებად საინტერესოა. ასეთ დროს მასწავლებლის შრომა შესაძლებელია ფუჭი იყოს. ამიტომ ვცდილობთ გონებრივი იერიშით მოსწავლეთათვის საინტერესო თემების შერჩევას და მხოლოდ ამის შემდეგ მასალის მოძიებასა და აქტივობების დაგეგმვას. ჩვენი მიზანია, მოსწავლემ უცხოურ ენაზე გამართული საუბარი შეძლოს, უმჯობესია, გაკვეთილზე ინგლისურად ისაუბრონ, ამიტომ, მოსწავლეებთან შეთანხმებით, ვარჩევთ საკითხავ მასალას და შემდეგ ვსაუბრობთ წაკითხული წიგნის ირგვლივ. მაგალითად, ვიყენებ აქტივობას — ანალიტიკური კომენტარი — „ფიქრები ნაწარმოების წაკითხვის შემდეგ“. მე-10 კლასის მოსწავლეებმა სადისკუსიო თემად ჯერომ სელინჯერის მოთხრობა ,,თამაში ჭვავის ყანაში“ აირჩიეს. დავინტერესდი, რატომ მაინცდამაინც „თამაში ჭვავის ყანაში“? დისკუსიისას მთავარ სატკივარს, თაობის სატკივარს აეხადა ფარდა, რადგან რომანის მთავარი გმირი, ჰოლდენ კოლფილდი ხომ მათი თაობის სათქმელს გამოხატავს.
ჯერომ დევიდ სელინჯერმა თავისი საეტაპო რომანი „თამაში ჭვავის ყანაში“ ზრდასრული მკითხველისთვის დაწერა, თუმცა გაუცხოების, უმანკოებისა და ამბოხების თემებმა ეს წიგნი საოცრად პოპულარული გახადა სხვადასხვა ქვეყნის თინეიჯერებს შორის. ფილოლოგი მალხაზ ხარბედიაც, რომელიც რომანს „თამაში ჭვავის ყანაში“ მეოცე საუკუნის ყველაზე გამორჩეულ ნაწარმოებს უწოდებს, ამბობს, რომ ამ ტექსტით სელინჯერმა დასავლურ კულტურაში უმნიშვნელოვანეს ეტაპს — მეამბოხეების პერიოდს — ჩაუყარა საფუძველი: „ის, თავისი არსით, ასე ვთქვათ, ტრადიციულიც არის, — მას „აღზრდის რომანი“ შეგვიძლია ვუწოდოთ“.
ჰოლდენი 16 წლის ბიჭია, რომელსაც პრესტიჟული სკოლიდან რიცხავენ და ნიუ-იორკში გადაწყვეტს გაქცევას. ის სამი დღის განმავლობაში დახეტიალობს ქალაქის ქუჩებში, ხვდება ბევრ ადამიანს — მეძავს, ყოფილ მასწავლებელს, გოგოს, რომელიც ცოტათი მოსწონს, და სხვებს. საკუთარი იდენტობისა თუ სიყვარულის ძიებას იგი იმ დასკვნამდე მიჰყავს, რომ სამყარო „მატყუარებისა“ და „გაიძვერების“ ხელშია. შვებას ჰოლდენი მხოლოდ თავისი პატარა დის, ფიბის სახით პოულობს. ბავშვები და მოზარდები და მათთან უფროსების ურთიერთობა — სელინჯერის ნაწარმოებების ერთ-ერთი თანმდევი თემაა. ალბათ, ამიტომაც ითვლება, რომ, ამ მწერლის მსგავსად, ძალიან ცოტამ თუ მოახერხა თანამედროვე, ხშირად გულგრილ და ფარისევლურ რეალობაში უმანკოებისა და გულწრფელობის ასე ტრაგიკულად და გულშიჩამწვდომად ასახვა.
მე-10-11 კლასების მოსწავლეებს სიყვარულის თემაც აღელვებთ. ჰოლდენიც მათ ასაკშია, მის რომანტიკულ სიყვარულს კლავს საზოგადოება. უმანკო და სუფთა ბავშვი, სანამ მას არ გარყვნის ფლიდი საზოგადოება, ვერ ეგუება კონფორმიზმს. თვალთმაქცობა მაშინ იწყება, როცა ხვდები, რომ ამას საზოგადოება მოითხოვს შენგან. ამიტომაც ჰოლდენის გაზრდა, მისი გადასვლა ბავშვობიდან დიდობაში საკმაოდ მტკივნეულად მიმდინარეობს. მას ეშინია, არ უნდა, დაემსგავოს უფროსებს, შეეგუოს ტყუილს და გახდეს ფლიდი. ჰოლდენს უნდა, დაიცვას თავისი და, ფიბი, თვალთმაქცი საზოგადოებისგან. მის წარმოდგენაში კორუმპირებული საზოგადოებისგან დაცული მხოლოდ მისი ძმა ელია, რომელიც აღარაა ცოცხალი. ის ისეთად დარჩა მოგონებებში, როგორი უმანკოც ბავშვობაში იყო. ელი ვეღარ გაიზრდება, მაგრამ სიკვდილი არ არის საუკეთესო გამოსავალი. სიკვდილი ტრაგედიაა, რომელიც ახლობლებს ანადგურებს. ამიტომ ერთადერთი გამოსავალი ჯერ ფიბისა და მერე სხვა ბავშვების დაცვაა, რომ არ დაემსგავსონ უფროსებს. როგორ უნდა დავიცვათ ბავშვები? აქ ჰოლდენი ხატავს ჭვავის ყანის სურათს, რომელშიც ბავშვები თამაშობენ. მათ არ იციან იმ საფრთხის შესახებ, რომელიც იქვეა ჩასაფრებული. ესაა კლდე, საიდანაც, თამაშში გართული ბავშვი ისე შეიძლება გადაიჩეხოს, რომ დაყვირებაც ვერ მოასწროს. აი, აქ უნდა იყოს ვიღაც ისეთი უფროსი, რომელსაც ადარდებს ბავშვების ბედი. ცხადია, ჰოლდენ კოლფილდის მიერ წარმოსახული სურათი მეტაფორაა. მეტაფორაა ჭვავის ყანა, მეტაფორაა კლდეც და მეტაფორაა დამჭერი — ქეთჩერიც (catcher). ეს მეტაფორები სხვადასხვანაირად შეგვიძლია გავიგოთ. ვიღაცისთვის ადამიანი, რომელიც ბავშვებს იჭერს, იცავს ხიფათისგან, მასწავლებელია, მაგრამ — არა ჰოლდენისთვის. მისი აზრით, განათლების სისტემა ისევეა კორუმპირებული, როგორც ცხოვრება სკოლის გარეთ. არც ჭვავია ბავშვური სილაღე და უდარდელობა, ჭვავის ყანა საფრთხეა და არა მხოლოდ იმიტომ, რომ იქვე კლდეა, არამედ იმიტომაც, რომ ჭვავის ყანაშია ჩასაფრებული მოულოდნელი საფრთხე, თუნდაც მას იმ კონკრეტულ მომენტში რომანტიკულ ურთიერთობას ვარქმევდეთ. ამ შემთხვევაში კი, მოსწავლეებმა მიგვანიშნეს, რომ ჩვენ, მასწავლებლები, უნდა ვიყოთ „დამჭერი მოთამაშეები ჭვავის ყანაში“.
შემდეგ მოსწავლეებს ვთხოვ ციტატების ამოწერას და შერჩეული ციტატებით ვხვდებით მათ განწყობას:
- „People always clap for the wrong reasons.“
„მე თუ მკითხავთ, ხალხი სულ რაღაც სისულელეებზე უკრავს ტაშს.“
- „Certain things they should stay the way they are. You ought to be able to stick them in one of those big glass cases and just leave them alone. I know that’s impossible, but it’s too bad anyway.“
„უბრალოდ რაღაცები მაინც აჯობებდა, უცვლელი რჩებოდეს. უნდა შეიძლებოდეს რაღაცები შუშის კედლის მიღმა ჩამოალაგო და იყოს თავისთვის, უცვლელად. ვიცი შეუძლებელ რაღაცას ვითხოვ, მაგრამ ხო კარგი იქნებოდა.“
- „Among other things, you’ll find that you’re not the first person who was ever confused and frightened and even sickened by human behavior. You’re by no means alone on that score, you’ll be excited and stimulated to know. Many, many men have been just as troubled morally and spiritually as you are right now. Happily, some of them kept records of their troubles. You’ll learn from them—if you want to. Just as someday, if you have something to offer, someone will learn something from you. It’s a beautiful reciprocal arrangement. And it isn’t education. It’s history. It’s poetry.“
„მერე იმასაც მიხვდები, რომ არც პირველი ხარ და არც უკანასკნელი, ვისაც ადამიანურ ურთიერთობათა ბორკილებმა აუბნია თავგზა და არ იცის, საით წავიდეს. მიხვდები, რომ მარტო არა ხარ. უამრავ ვინმეს ისევე აწვალებდა ზნეობრივი თუ სულიერი პრობლემები, როგორც შენ ახლა, ჩვენდა საბედნიეროდ, ზოგმა წერილობით აღნუსხა საკუთარი განცდები და შეგიძლია მათგან ისწავლო — თუ სურვილი გექნა, რაღა თქმა უნდა. ისევე როგორც ერთ მშვენიერ დღეს სხვამ შეიძლება შენგან მიიღოს რამე. ეს რაღაც დახმარების ხელის გაწვდენასავითაა — ოღონდ ეს სასკოლო განათლება არაა — ეს ისტორიაა, ან პოეზია.“
- „I know he’s dead! Don’t you think I know that? I can still like him, though, can’t I? Just because somebody’s dead, you don’t just stop liking them, for God’s sake–especially if they were about a thousand times nicer than the people you know that’re alive and all.“
„მეც ვიცი რო მკვდარია! მერე რა — გგონია, ამიტო აღარ მიყვარს? ვიღაც რო აღარ არის შენთან, ეს კიდე იმას არ ნიშნავს, უცბად გაგიქრეს გრძნობა — მით უმეტეს, თუ ის ვიღაც ცოცხლად დარჩენილებზე ათასჯერ უკეთესი ვინმე იყო.“
- „Lawyers are all right, I guess – but it doesn’t appeal to me,” I said. “I mean they’re all right if they go around saving innocent guys’ lives all the time, and like that, but you don’t do that kind of stuff if you’re a lawyer. All you do is make a lot of dough and play golf and play bridge and buy cars and drink Martinis and look like a hot-shot. And besides. Even if you did go around saving guys’ lives and all, how would you know if you did it because you really wanted to save guys’ lives, or because you did it because what you really wanted to do was a terrific lawyer, with everybody slapping you on the back and congratulating you in court when the goddam trial was over, the reporters and everybody, the way it is in the dirty movies? How would you know you weren’t being a phony? The trouble is, you wouldn’t.“
„ვექილებს კიდევ არა უშავს — ოღონდ რა საჩემო საქმეა. კი ბატონო, ვიღაც უდანაშაულოდ ბრალდებულს გაამართლებინებენ ხოლმე და რამე ეგეთები, ოღონდ ეგეთ რამეს მარტო კინოში აკეთებენ. ცხოვრებაში კი — ფულს. და კიდე გოლფს თამაშობენ და ბრიჯს და მარტინის ყლუწავენ და მანქანებს ყიდულობენ ყოველ ორ წელიწადს ახალს… და რო მოახერხო კიდეც ვინმეს გადარჩენა, რა გარანტია გაქ რო სწორედ მაგიტო არ აკეთებ — იმიტო, ბოლოს რო ყველამ ტაში დაგიკრას და მხარზე ხელი გიტყაპუნოს და გილოცავდნენ პროცესის მერე და რეპორტიორები გარშემო და მთელი ამბავი, როგორც იმ კინოებშია? რა იცი რო საკუთარ თავს არ ატყუებ? რით მიხვდები? ვერაფრით.“
- „People coming and putting a bunch of flowers on your stomach on Sunday, and all that crap. Who wants flowers when you’re dead? Nobody.“
„ივლის მერე ხალხი და ზედ სტომაქზე დამაყრიან ხოლმე ყვავილებს, კვირადღეობით. არა, რო მოკვდები რაღა ჩემ ფეხებად მინდა? არაფრად. რო მოკვდები, მკვდარი ხარ და მკვდარი.“
- „Anyway, I keep picturing all these little kids playing some game in this big field of rye and all. Thousands of little kids, and nobody’s around — nobody big, I mean — except me. And I’m standing on the edge of some crazy cliff. What I have to do, I have to catch everybody if they start to go over the cliff — I mean if they’re running and they don’t look where they’re going I have to come out from somewhere and catch them. That’s all I do all day. I’d just be the catcher in the rye and all. I know it’s crazy, but that’s the only thing I’d really like to be.“
„წარმოვიდგენდი ხოლმე რო ათასობით ბავშვი თამაშობს ჭვავის ყანაში, ერთმანეთს დასდევენ და არც ერთი უფროსი ვინმე მათთან არაა, მარტო მე ვარ იქ და ყანის მიჯნაზე, ზედ კლდის პირას ვდგავარ. იქით კიდე უფსკრულია. მთელი ჩემი საქმეც ეგ არი — რომელიმე ბავშვი რო იქით გაიქცევა, უფსკრულისაკენ, დროზე უნდა ჩავავლო ხელი და არ გავუშვა. ეგაა მთელი ჩემი საქმე — დამჭერად ვმუშაობ ჭვავის ყანაში. აი ეგ მინდა რო ვიყო. ვაფრენ, ხო იცი.“
- „Don’t ever tell anybody anything. If you do, you start missing everybody.“
„ნურავის ნურაფერს უამბობთ, თორემ მერე ყველაზე დაგწყდებათ გული.“
დაბოლოს, ყველაზე დიდი გამოწვევა უცხოური ენის მასწავლებლებისთვის მაინც მოსწავლეთა დაინტერესებაა. უპირველეს ყოვლისა, საჭიროა, ენის გაკვეთილი ნაკლებად დამღლელი და მოსწავლეების პირად ინტერესებს მორგებული იყოს, რადგან მათ მიერ არჩეული წიგნით, ერთდროულად, ორ საქმეს ვაკეთებთ, მათ სატკივარსაც ვხვდებით.
თამარ კირვალიძე
ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის
№199 საჯარო სკოლის ინგლისური ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
გამოყენებული ლიტერატურა:
მალხაზ ხარბედია: „სელინჯერის თამაში ჭვავის ყანაში“
მალხაზ ხარბედია: “სელინჯერის თამაში ჭვავის ყანაში”
თანამედროვე უცხო ენის გაკვეთილი
15 ნოემბერი, 2013 ეკატერინე შავერდაშვილი
ნეტა ვინ აკავებს ბავშვებს კლდის პირზე ჭვავის ყანაში?
9 თებერვალი, 2018 ნესტან რატიანი