29 მარტი, პარასკევი, 2024

ანიდან ჰოემდე

spot_img

რაჭის ულამაზესი სოფლის – ჭრებალოს საჯარო სკოლა, რომელიც დაარსებიდან მრავალი წლის ისტორიას ითვლის, არაერთხელ ასახელეს მისმა მოსწავლეებმა. ამჯერად, ხელოვნების უფროსი მასწავლებლის, ირმა მწყერაშვილის ინიციატივით, მოსწავლეებმა წარმატებით განახორციელეს სასკოლო პროექტი „ანიდან ჰოემდე“. პედაგოგის მხრიდან საგაკვეთილო პროცესში თანამედროვე მიდგომების გამოყენებამ მოსწავლეებში ხელოვნების საგნისადმი დიდი ინტერესი გამოიწვია. ქართული ანბანის 33-ვე ასო საგანგებოდ მოხატეს და გააფორმეს. სასკოლო პროექტში სკოლის VI-IX კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. პროექტის მიზანი დამთვალიერებლის წინაშე ქართული ანბანის განსხვავებული სახით წარდგენა გახლდათ.

       

ირმა მწყერაშვილი, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭრებალოს საჯარო სკოლის ხელოვნების უფროსი მასწავლებელი: „ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე გამოფენილი უნიკალური ქართული ანბანის ასოები გახდა სასკოლო პროექტის – „ანიდან ჰოემდე“ შთაგონების წყარო. იდეამ, მოსწავლეებში, თავიდანვე დიდი ინტერესი აღძრა. გადავწყვიტეთ, ანბანის თითოეული ასო საგნების, ცხოველების, ფრინველების, მცენარეების შერწყმით და გაერთიანებით გამოგვესახა. პროექტმა მოსწავლეებს ასოციაციური აზროვნების, ფანტაზიისა და თავიანთი უნარების სრულად გამოვლენის საშუალება მისცა. მე, როგორც მასწავლებელს, კიდევ ერთხელ დამიმტკიცეს თუ რამდენად საინტერესოები, უნარიანები, უზადო ფანტაზიორები და იდეებით სავსენი არიან, რაც მნიშვნელოვანია თანამედროვე გამოწვევებისათვის“.

          

ხელოვნებით დაინტერესებული მოსწავლეები, არაერთხელ ყოფილან საინტერესო საკლასო თუ სასკოლო პროექტებში ჩართულნი და სხვადასხვა თემატიკაზე შექმნილი გამოფენების მონაწილეები, რაც პედაგოგის, უფროსი მასწავლებლის ირმა მწყერაშვილის ძალისხმევის, მისი კრეატიული იდეებისა და დაუღალავი შრომის დამსახურებაა.

 

                   

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები