4 დეკემბერი, ოთხშაბათი, 2024

რა მოხდა ოსაკაში

spot_img

უკვე დამალულიც არაა, რომ ოსაკას „დიდ მუზარადზე“ ჩვენი ძიუდოისტების ნაწილის გამოუსვლელობის მიზეზი საქართველოს ნაკრების წევრებს შორის მომხდარი ჩხუბია. ამ ამბავმა იაპონიიდან მალევე მოაღწია საქართველომდე, თუმცა, ჯერ დეტალები სრულად არ ვიცით, ვინაიდან ამის თაობაზე ძიუდოს ფედერაციას არც განმარტება გაუკეთებია და არც ზარებზე გვიპასუხეს. დაკავშირება ვცადეთ ანზორ თენაძესთანაც, რომელიც თათბირზე იყო და გვთხოვა, მოგვიანებით გვესაუბრა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების წევრებს შორის უთანხმოება მას შემდეგ ჩამოვარდა, რაც ევროპის ჩემპიონატის დასრულებისთანავე აგორებულ ძიუდოისტთა საპროტესტო ტალღას არ შეუერთდა „გორელთა სამეული“ – ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს პრიზიორი ვაჟა მარგველაშვილი (66), ოლიმპიური და ევროპის ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი (73) და ევროპის მედალოსანი ბექა ღვინიაშვილი (90). გავრცელებული ხმებით, იაპონური ჩხუბიც ამ დაჯგუფებებს შორის მოხდა, თუმცა ნაოპერაციები ღვინიაშვილი იქ არ წასულა. ასევე მოარული ხმებით, ჩხუბში იქ მყოფი ნაკრების ყველა წევრი მონაწილეობდა, მსოფლიოს ჩემპიონ გურამ თუშიშვილის (+100) გარდა – გამშველებელი მხოლოდ ის და თენაძე იყვნენო… ჭორის დონეზე კიდევ ბევრ რამეს ამბობენ, მაგალითად, ერთი ჯგუფი სასტუმროს ნომერში შეუვარდა მეორესო, თუმცა, ეს ჩვენც მხოლოდ ზოგადად ვიცით და ჯერ დეტალების დაზუსტებისგან თავს შევიკავებთ, მათ გარკვევას კი ფედერაციაში ვეცდებით.

ამბობენ იმასაც, რომ ფედერაციაც ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნების ჩამთავრებას ელოდება, მაგრამ ვერაფრით გავამართლებთ მათ დუმილს. „ბრმას ცოლი მოუკვდას“ ანდაზიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ ფედერაციას, გააკეთოს ოფიციალური განცხადება და საზოგადოებას გააცნოს მომხდარის დეტალები – უკვე ისედაც ყველამ იცის მომხდარის შესახებ და თანაც, ასეთი დუმილი ხომ კიდევ უფრო მეტად უწყობს ხელს ჭორების აგორებას. ამასთან, ფედერაცია ვალდებულია, გადასახადების გადამხდელ საზოგადოებას ისიც გააცნოს, ძიუდოს ნაკრების ეგიდით, საკუთარი ჯიბიდან, ვის უხდის გადასახადს – სპორტსმენებს თუ ჩხუბისთავებს. ამ ჩხუბის შესახებ თვით ძიუდოს ოჯახშიც უკვე იმდენად აქტიურად საუბრობენ, სამწუხაროდ, ჭორის ალბათობა გამორიცხული გვგონია, ხოლო მომხდარი საერთაშორისო არენაზე ქართული ძიუდოს ისეთივე მორიგი სირცხვილია, როგორიც, თავის დროზე, ზემოაღნიშნულ კონფლიქტში, ვიდეომიმართვების ფორმით, უცხოელ ძიუდოისტთა ჩართვა იყო იაპონიიდან დაწყებული, ბრაზილიით დასრულებული. 

ირაკლი თავაძე

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები