არსებობს რამდენიმე მთავარი კრიტერიუმი, რასაც თანამედროვე სკოლა უნდა აკმაყოფილებდეს – სანდოობა, გამართული ინფრასტრუქტურა, პედაგოგების კომპეტენტურობა, თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტების შესაბამისი სწავლა-განათლების შესაძლებლობა, მოზარდთა ინტელექტუალური და ფიზიკური აღზრდისთვის საჭირო ჯანსაღი და უსაფრთხო გარემო, მოსწავლის მრავალმხრივი განვითარებისთვის ხელშეწყობა… სამაგალითო, მრავალფეროვანი, ინოვაციური ქართული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება. სწორედ ამ და სხვა მრავალი მახასიათებლებით გამოირჩევა თბილისის კერძო სკოლა „ინტელექტი“, სადაც გამოცდილი პედაგოგები საბაზო-საშუალო საფეხურის მოსწავლეებსა და მათ მშობლებს უმაღლესი დონის სწავლებას სთავაზობენ. ისინი თითოეული ბავშვის სამყაროს ხედავენ და პატივს სცემენ, შთააგონებენ და მოტივაციას უმაღლებენ. ყველა მოსწავლესა და მშობელს თანაბარ პირობებს უქმნიან. ეს არის სკოლა, რომლის კურსდამთავრებულებსაც თანამედროვე სამყაროში მხოლოდ წარმატება ელით.
სკოლა „ინტელექტი“ 2017 წლიდან არსებობს. ამ წლების განმავლობაში საკმაო გამოცდილებას აგროვებს და წარმატებებს აღწევს. სკოლაში 230 მოსწავლეს 25 მაღალი დონის პროფესიონალი პედაგოგი ასწავლის. ისინი, მოსწავლეებთან ერთად, ინაწილებენ პასუხისმგებლობას სწავლის ხარისხზე, თითოეულ მოსწავლეს ყველა პირობას უქმნიან საკუთარი შესაძლებლობების გამოსავლენად და სწავლისათვის საჭირო უნარ-ჩვევების განსავითარებლად.
სკოლის მისია კეთილგანწყობილ, უსაფრთხო გარემოში ტოლერანტული, განათლებული, დამოუკიდებელი და კრიტიკულად მოაზროვნე პიროვნების აღზრდაა, რომელიც სკოლაში შეძენილი მაღალი ხარისხის ცოდნითა და უნარ-ჩვევებით შეძლებს გახდეს სამოქალაქო საზოგადოების ღირსეული წევრი.
სკოლა „ინტელექტი“ ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, დიდ დიღომში (III მ/რ, მირიან მეფის ქუჩა №69) მდებარეობს. სკოლას საკუთარი სარეკრეაციო გარემო აქვს – ულამაზესი ეზო, მწვანე ნარგავები, ვარდების ბაღი და ბალახოვანი მდელო, ჯანმრთელი ცხოვრების წესის დაცვა და მისი პოპულარიზაცია აქ უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს. სასკოლო ინფრასტრუქტურა სრულად შეესაბამება უმაღლეს სტანდარტებს. არის ღია და დახურული სპორტული და სააქტო დარბაზი. ისეთ ადაპტირებულ გარემოში, როგორიც სკოლა „ინტელექტია“, მაქსიმალურადაა დაცული უსაფრთხოების ყველა ზომა, სკოლის შიდა უსაფრთხოების გუნდი, ასევე, ტერიტორიაზე განთავსებული ვიდეოსამეთვალყურეო კამერები დაცულ გარემოს ქმნის, რაც მშობლებში ნდობის ფაქტორს იწვევს. მოსწავლეები კომფორტულად გრძნობენ თავს მზრუნველ, კეთილგანწყობილ და უსაფრთხო გარემოში ბულინგის შემთხვევები არასოდეს ყოფილა.
სკოლის ყოველდღიურობაში, ადმინისტრაციის, პედაგოგთა გუნდისა და მოსწავლეების გარდა, მშობლებსაც აქვთ ჩართულობის შესაძლებლობა. ხშირად ტარდება ინდივიდუალური და ანონიმური გამოკითხვები მიმდინარე სასწავლო პროცესის მთელ რიგ საკითხებზე.
ხშირად ეწყობა საექსკურსიო ღონისძიებები, რომელსაც არა მარტო სანახაობრივი, არამედ შემეცნებითი და სპორტული დატვირთვაც აქვს.
უცხო ენების ცოდნა სკოლა „ინტელექტში“ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია. ეს მიმართულება პრიორიტეტულია და განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. გაძლიერებულად ისწავლება ინგლისური ენა, ბრიტანეთის საბჭოსთან თანამშრომლობით გაწერილი პროგრამის ფარგლებში. მოსწავლეები, მეოთხე კლასიდან, იწყებენ რუსული ენის შესწავლას, ხოლო მეშვიდე კლასიდან სავალდებულოა გერმანული ენა.
სკოლა აღჭურვილია საბუნებისმეტყველო კაბინეტით, ასევე, თანამედროვე კომპიუტერების ოთახით. დაწყებითი საფეხურიდან ისწავლება ჭადრაკი, რაც ხელს უწყობს ისეთი უნარების ჩამოყალიბებას, როგორიცაა სწრაფი და ლოგიკური აზროვნება, დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღება, პრობლემების გადაჭრა.
სკოლაში ფუნქციონირებს პროგრამები: კარატე, სამეჯლისო/სპორტული ცეკვები, ქართული ცეკვა, ხელოვნების სტუდია /მხატვრული კითხვა-საბავშვო თეატრი, ფორტეპიანო, გიტარა, ხალხური საკრავები, ხატვა/ძერწვა, ტანვარჯიში/ფეხბურთი.
განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ჯანსაღი კვების უზრუნველყოფას. სამზარეულოს სანიტარიულ-ჰიგიენურ პირობებს.
მოსწავლეებს აქვთ სასკოლო ფორმა, რომლის ტარება, ახალი სასწავლო წლიდან, ყველასთვის სავალდებულო იქნება.
სწავლის ხარისხის შემოწმება მოსწავლეთა ყოველდღიური მოსწრების გაცნობითა და შემაჯამებელ დავალებებზე კონტროლის საფუძველზე ხდება. ასევე, ყოველთვიურად, ყველა მოსწავლე ინდივიდუალურად ფასდება ყველა საგანში განმავითარებელი შეფასებით. EduPage-ის გამოყენებით, სკოლაში წარმოებს ელექტრონული ჟურნალი, რომლის მეშვეობით შესაძლებელია ყოველდღიური ინფორმაციის მიღება და მიწოდება მშობლებისთვის (საშინაო დავალებები, შეფასებები, მასწავლებლის კომენტარები და ა.შ.).
ხშირად ეწყობა შიდა პროექტების კონკურსი, მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ როგორც სასკოლო, ასევე ქვეყნის მასშტაბით გამართულ ოლიმპიადებში. სკოლა ხელს უწყობს საგანმანათლებლო და სამოქალაქო აქტივობებში მოსწავლეთა აქტიური მონაწილეობის ინიცირებასა და მხარდაჭერას, კონკურსების და სხვადასხვა პროექტების საჯაროობას, სამართლიანობასა და გამჭვირვალობას.
სწავლება/სწავლის თანამედროვე მეთოდებისა და მიდგომების გათვალისწინებით, სკოლაში მუშაობს დაწყებითი საფეხურის, ქართული ენისა და ლიტერატურის და უცხო ენების,ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, სპორტის, ესთეტიკური აღზრდისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრები.
⇒ სკოლა „ინტელექტის“ ბიბლიოთეკა
მოსწავლეთა განათლების, კულტურისა და ზოგადი წიგნიერების განვითარების ხელშეწყობას სკოლის თანამედროვე, მრავალფეროვანი წიგნადი ფონდის მქონე ბიბლიოთეკა უზრუნველყოფს, რომლით სარგებლობა ხელმისაწვდომი და შეუზღუდავია სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის.
⇒ სკოლაში აქტიურად მუშაობს მოსწავლეთა კლუბები:
◊ ლიტერატურული კლუბი საერთო ინტერესებისა და მოტივაციების მქონე მოსწავლეებს აერთიანებს, ეხმარება მათ წაკითხულის გააზრებისა და კრიტიკული აზროვნების უნარის განვითარებაში, ასევე, ხელს უწყობს კლუბის წევრების სადისკუსიო-საკომუნიკაციო უნარების ამაღლებას.
◊ ცნობისმოყვარე და მოაზროვნე მოსწავლეებისთვის მუშაობს მოაზროვნეთა კლუბი „რა? სად? როდის?“. კლუბის წევრები, გარკვეული პერიოდულობით, სხვადასხვა გუნდურ ტურნირებში მონაწილეობენ როგორც სკოლის შიგნით, ისე მის გარეთ.
◊ ახალგაზრდა გამომგონებლების კლუბში მოსწავლეები საინტერესო ჯგუფურ და ინდივიდუალურ პროექტებს ქმნიან სკოლის თანამედროვე ლაბორატორიაში. ამ კლუბში მოსწავლეები საბუნებისმეტყველო მიმართულებით იძენენ ცოდნას, რომლის ადაპტირებას ყოფა-ცხოვრებაში მოახდენენ.
◊ გამოყენებითი ხელოვნების კლუბის მიზანია ხელოვნების ამ დარგით დაინტერესებული მოსწავლეების უნარ-ჩვევების განვითარება. პრაქტიკული მეცადინეობებით, მოსწავლეები იუმჯობესებენ სახვით და წარმოსახვით უნარებს, ერთვებიან შემოქმედებით საქმიანობაში.
◊ სამოქალაქო განათლების კლუბის თითოეული წევრი მიზნად ისახავს, საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური ჩართულობით, უფრო მეტად თავისუფალი და დამოუკიდებელი გახდეს, ჩამოყალიბდეს ღირსეულ მოქალაქედ და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში მიიღოს მონაწილეობა.
◊ ◊ ◊
სკოლის დირექტორი და მისი მოადგილე „ახალ განათლებას“ სკოლის უპირატესობებზე, სამომავლო გეგმებზე, ჯანსაღი ცხოვრების წესსა და სკოლის ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე ესაუბრნენ.
⇒ სკოლა, სადაც მოსწავლე პრიორიტეტია
◊ თამარ გოგსაძე, კერძო სკოლა „ინტელექტის“ დირექტორი: „სკოლა აქცენტს აკეთებს მოსწავლის როგორც პიროვნების ინტელექტუალურ განვითარებაზე, ასევე მის ემოციურ, ფიზიკურ და სოციალურ უნარებზე. აქ მოსწავლე პრიორიტეტია. საიმედო, კეთილგანწყობილ, უსაფრთხო გარემოში თითოეულ მოსწავლეს ვეხმარებით საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენასა და განვითარებაში; ყველანაირად ვუწყობთ ხელს, რომ მივცეთ აკადემიური ცოდნა, რომელიც დაეხმარებათ სამომავლოდ დასახული მიზნების განხორციელებაში, სასურველი უნივერსიტეტის არჩევაში. ჩვენი მიზანია, აღვზარდოთ მოქალაქეობრივად საღად მოაზროვნე მოქალაქე, ჰქონდეს სწორი ღირებულებები და, რაც მთავარია, იყოს კარგი ადამიანი, რაც მშობლისთვისაც, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანია“.
◊ ეკატერინე მერკვილაძე, კერძო სკოლა „ინტელექტის“ დირექტორის მოადგილე: „სკოლაში სწავლებისთვის მაქსიმალურად კომფორტული გარემოა შექმნილი. დიდი ყურადღება ექცევა არა მხოლოდ თითოეულ აკადემიურ საგანში ცოდნის მიღებას, საუკეთესო ხარისხის განათლებას, არამედ მოსწავლეთა სხვა უნარების გამოვლენას, განვითარებას, შემეცნებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის გათავისებას. აქცენტი მოსწავლეთა ინდივიდუალურ მიდგომებზეა გაკეთებული. ერთიან სივრცეში მაქსიმალური პირობებია შექმნილი იმისთვის, რომ თითოეული მოსწავლის ნიჭი გამოვლინდეს და მის განვითარებას შევუწყოთ ხელი. ისე როგორც ყველა სკოლა, ჩვენც ვმუშაობთ ეროვნული სასწავლო გეგმებისა და საქართველოს ზოგადი განათლების შესახებ კანონის მიხედვით, რომელიც აპრობირებულია საერთაშორისო საგანმანათლებლო ბოლონიის პროცესთან. სწორედ ამაზე დაყრდნობით, გვეძლევა საშუალება, ავაწყოთ სამომავლო გეგმები“.
⇒ რატომ სკოლა „ინტელექტი“?
◊ ჯული ქოქოშვილი, X კლასის მოსწავლე: „ჩემი პირადი გამოცდილებიდან, როგორც ამ სკოლის მოსწავლემ, ამაყად შემიძლია ვთქვა, რომ „ინტელექტი“ საუკეთესო არჩევანია! აქ ყველაზე თბილი და მოწესრიგებული გარემოა. ასევე, აღსანიშნავია სხვადასხვა ღონისძიებები, გასვლითი გაკვეთილები და, სწავლის პარალელურად, კიდევ უამრავი სახალისო აქტივობა, რაც სკოლაში სიარულის მოტივაციას გვაძლევს.
მინდა ჩემი პირადი მაგალითი გაგიზიაროთ, მე-9 კლასში მომიწია სკოლის შეცვლა, დიდი მწუხარებით გამოვემშვიდობე ყველას და წამოვედი. გადასვლიდან, დაახლოებით, ერთ თვეში მივხვდი, რომ ეს შეცდომა იყო და დავუბრუნდი ისევ „ინტელექტს“. ამ გამოცდილების შემდეგ დავრწმუნდი, რომ ასეთ სასიამოვნო გარემოს სხვაგან ვერ ვნახავდი და ამაყად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი სკოლა, სკოლა „ინტელექტი“ ნამდვილად განსაკუთრებულია“ .
◊ ლიკა ჩუბინიძე, XI კლასის მოსწავლე: „ვიდრე კერძო სკოლა „ინტელექტში“ გადმოვიდოდი, არ მიყვარდა სკოლაში სიარული, იყვნენ მასწავლებლები, რომლებმაც სწავლა შემაძულეს, არ იყო კარგი განათლება. „ინტელექტში“ გადმოსვლის შემდეგ სულ სხვანაირად დავიწყე ფიქრი. პირველ რიგში, უსაფრთხო გარემოა, კარგი განათლება და სხვადასხვა აქტივობები ზრდა-განვითარებაში გვეხმარება. მასწავლებლები, რომლებმაც სწავლა და სკოლაში სიარული შემაყვარეს, ძალიან მეგობრული და გამგები ადამიანები არიან. ჯერ ადამიანებად გვზრდიან, ცხოვრებას გვასწავლიან და შემდეგ – განათლება. „ინტელექტი“ ჩემი მეორე ოჯახი გახდა“.
◊ საბა წიკლაური, X კლასის მოსწავლე: „ჩემი სკოლა როგორც შიგნიდან, ისე გარედან ძალიან ლამაზია. სკოლას აქვს სტადიონი, ეზო, ლაბორატორია, სპორტის დარბაზი, ბიბლიოთეკა და სასადილო (გემრიელი საჭმელებით). რაც მთავარია, სკოლაში სწავლის ხარისხი ძალიან მაღალია. ბევრი კარგი და მეგობრული მასწავლებელი გვყავს, რომლებიც არა მხოლოდ საგნებს, არამედ ღირსეულ ადამიანებად ჩამოყალიბებასაც გვასწავლიან. ტარდება ბევრი სახალისო აქტივობა, პროექტების შეჯიბრი, რაც გვივითარებს აუდიტორიასთან კონტაქტს, ასევე, ვატარებთ ინტელექტუალურ თამაშს „რა? სად? როდის?, ჭადრაკის ჩემპიონატს, ესეებისა და თემების შეჯიბრს; ფიზიკური აქტივობაც მნიშვნელოვანია, ამიტომ ტარდება მარათონი, შეჯიბრება ფეხბურთსა და მაგიდის ჩოგბურთში. დიდი მნიშვნელობა ენიჭება ბავშვების დასწრებას საგაკვეთილო პროცესზე. დირექცია ითვალისწინებს მოსწავლეების აზრს, კარგად მუშაობს თვითმმართველობა. ასე რომ, „ინტელექტში“ საინტერესო და სასიამოვნოა სწავლა“.
◊ ნინო პოპიაშვილი, მშობელი: „სკოლაში მშვიდი, მყუდრო და უსაფრთხო გარემოა, რაც ჩემთვის, როგორც მშობლისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია. სწავლის პროცესის ძალიან კმაყოფილი ვარ. „ინტელექტში“ ჩემი ორი შვილი სწავლობს, მათ პროფესიონალი მასწავლებლები ასწავლიან, რომლებმაც კარგად იციან ბავშვის ფსიქოლოგია, აქვთ კარგი მიდგომები მოსწავლეების მიმართ. ბევრი პროექტი და სპორტული აქტივობა ხორციელდება. აქედან გამომდინარე, ბავშვებს უხარიათ სკოლაში წასვლა. განსაკუთრებით აღსანიშნავია სკოლის მოწესრიგებული ჰიგიენურ-სანიტარიული გარემო. მადლიერი ვარ სკოლის დირექციის და თითოეული თანამშრომლის“.
◊ დავით შურღაია, მშობელი: „სკოლა „ინტელექტი“ ჩემთვის უსაფრთხო, ჯანსაღი გარემოს გარანტია, ამავდროულად, მნიშვნელოვანია ბავშვის სწორად ჩამოყალიბების პროცესი. ყველა ის აქტივობა (პროექტები, პრეზენტაციები, ინტელექტუალური თამაშები, კონკურსები, კლუბური მუშაობა სხვადასხვა მიმართულებით, გასვლითი გაკვეთილები) ხელს უწყობს ბავშვს, მოსინჯოს და გამოავლინოს საკუთარი შესაძლებლობები სხვადასხვა მიმართულებით, რაც მას სწორი არჩევანის გაკეთებაში დაეხმარება. ის, რომ ჩემი შვილი კერძო სკოლა „ინტელექტის“ მოსწავლეა, ძალიან მახარებს“.
◊ სოფო ხიდეშელი, მშობელი: „რატომ სკოლა „ინტელექტი“? იმიტომ, რომ ჩვენი სკოლა გამოირჩევა თანამედროვე ინფრასტრუქტურით, მაღალკვალიფიციური პედაგოგებით, გამწვანებული, ჯანსაღი გარემოთი. სკოლაში უზრუნველყოფილია ყველა პირობა მოსწავლის სრულფასოვანი განვითარებისთვის. თბილი და მეგობრული გარემოა, სასწავლო პროგრამა და თანამედროვე მიდგომები მოსწავლეებს ხელს უწყობს, განივითარონ ანალიტიკური აზროვნება და იყვნენ მზად სწორი არჩევანის გასაკეთებლად. ჩემთვის, როგორც რიგითი მშობლისთვის, მნიშვნელოვანია გარემო, სადაც შემიძლია თავისუფლად გამოვხატო დამოკიდებულება ჩემთვის მნიშვნელოვან ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, სკოლის ადმინისტრაცია მუდამ მზადაა, მოისმინოს და გაიზიაროს დასაბუთებული პოზიცია, რაც მნიშვნელოვანია ამა თუ იმ გამოწვევის გადალახვაში. სკოლა „ინტელექტს“ ვუსურვებ წარმატებას იმ მნიშვნელოვანი მისიის რეალიზებაში, რასაც განათლებული, თავისუფალი და ღირსეული მოქალაქეების აღზრდა ჰქვია“.