20 აპრილი, შაბათი, 2024

დო, რე, მი, ანუ ძალა ჰარმონიაშია

spot_img

დიდი ხანი არაა, რაც მუსიკით დავინტერესდი და ვცდილობ გალობის შესწავლას. გავოცდი, როცა ჩემმა ყურებმა პირველად აღიქვეს ქართული პოლიფონია. მსმენოდა ამის შესახებ, მაგრამ პირადად ასეთი სიმძაფრით, ასე ხელშესახებად არასდროს მიგრძვნია. საოცარია, რომ ესოდენ განსხვავებული ხმების ერთობლიობა ასეთ ჰარმონიას ქმნის. თითოეული ხმა ხომ, ცალკე აღებული, უნიკალურია, თუმცა ეს ინდივიდუალიზმი საერთოდ არ უშლის მათ გამთლიანებას და იქმნება სხვა, სრულიად ახალი რამ, რაც არც ერთს არ ჰგავს და ამავდროულად საკუთარ თავში აერთიანებს თითოეულს. ეს თითქოს ერთი დიდი ფრაქტალია, სადაც პატარა ნაწილები ქმნიან დიდ მთელს. თავის მხრივ, ეს მთელი რაღაც უფრო დიდის ნაწილი ხდება და ასე დაუსრულებლად.

მაშინვე გამიჩნდა ასოციაცია სასწავლო პროცესთან. საკუთარ თავს ვუთხარი: „აი, როგორი უნდა იყოს კარგი გაკვეთილი (თუ არსებობს ამის მზა ფორმულა). თითოეულ ბავშვს უნდა მიეცეს შესაძლებლობა იპოვოს საკუთარი ხმა, შეუერთოს ის სხვათა ხმებს, რათა საბოლოოდ ერთი დიდი მთლიანობის ნაწილი გახდეს: კლასი, სადაც ყველა ერთადაა და ამავე დროს – ცალკე. მასწავლებელმა კი, როგორც დირიჟორმა, უნდა წარმართოს ეს პროცესი და წარუძღვეს იქითკენ, საითკენაც ჩაფიქრებული აქვს.

რამდენიმე დღის წინ დავიწყე წიგნის „იკიგაი. ბედნიერი და ხანგრძლივი ცხოვრების საიდუმლო“ კითხვა და ძალიან მეცნო ის, რასაც ავტორები „დინების მდგომარეობას“ უწოდებენ: როცა აკეთებ საყვარელ საქმეს, მთლიანად ჩაფლული ხარ მასში და ეს სიამოვნებას განიჭებს. ვცდილობ, სასწავლო პროცესიც სწორედ ასეთი იყოს ჩემი მოსწავლეებისთვის. ზოგჯერ გამოდის, ზოგჯერ – არა…

მთავარი საიდუმლო, მარტივად და ბანალურად, სიყვარულშია. გიყვარდეს სწავლება, გიყვარდეს ბავშვები და აქციო, მათთვისაც და შენთვისაც, რუტინა „დინების მდგომარეობად“.

ლალი კუკავა
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები