✔️🟢 თეონა ადეიშვილი – ვანის №2 საჯარო სკოლის დირექტორი
რას მოითხოვს სახელმწიფო და რა სურს საზოგადოებას
დირექტორი საგანმანათლებლო ლიდერია, რომელიც ლიდერების ჯგუფთან ერთად მართავს სასწავლო პროცესს და ქმნის უსაფრთხო, პოზიტიურ გარემოს.
სახელმწიფო დირექტორს უწესებს სტანდარტს, რომლის შესრულება სასკოლო ცხოვრების სრულყოფილების წინაპირობაა, მოითხოვს სწავლა-სწავლების პროცესის ეფექტიან წარმართვას, რომელიც თითოეული მოსწავლის აკადემიური და პიროვნული განვითარებისკენაა მიმართული.
საზოგადოებას სურს ისეთი გარემოს შექმნა, სადაც ყველა ბავშვი აღიარებული, დაფასებული და რეალიზებულია. სახელმწიფოს და საზოგადოების დაკვეთა იდენტურია, მიზანი ერთია, ისეთი სკოლის შექმნა — „კარგი“ სკოლა — სადაც ყველა მოსწავლეს და მასწავლებელს უხარია მისვლა, სადაც თბილი, ოჯახური, განვითარებაზე ორიენტირებული გარემოა, სადაც ყველას უნარი გამოვლენილი და აღიარებულია.
საგანმანათლებლო ლიდერი, თავად უნდა იყოს საუკეთესო მასწავლებელი, მოდელი კარგი გაკვეთილის, მოდელი კარგი მასწავლებლის, უნდა სუნთქვდეს საკლასო ოთახის სურნელით, უნდა ენთებოდეს მოსწავლეთა დანახვისას თვალები, უნდა იცნობდეს კლასის მართვის, საგაკვეთილო პროცესის ყველა ნიუანსს, უნდა იყოს ცოცხალი მონაწილე ამ პროცესების. წინააღმდეგ შემთხვევაში მასწავლებელი, რომელიც ძალიან სენსიტიურია პროცესების მიმართ, ვერ აღგიქვამს ლიდერად, ხოლო მოსწავლე სკოლას ვერ აღიქვამს ადგილად, სადაც ეხმარებიან სწავლაში, ესმით და სჯერათ მისი.
უმნიშვნელოვანესია დირექტორის პიროვნული თვისებები, რამდენად უყვარს თავისი საქმე და მზადაა ემსახუროს სკოლას და საზოგადოებას გულწრფელად და უშურველად.
რა ძირითადი ელემენტებისგან შედგება სკოლის ხარისხი
- სკოლის ხარისხი ეყრდნობა სასწავლო პროცესის წარმართვის მაღალ ხარისხს. პროცესის წარმატებისთვის აუცილებელია გუნდი, რომელიც განვითარებაზეა ორიენტირებული, რომელიც სწავლობს, რათა ასწავლოს და მოსწავლეები მიჰყავს მაღალ შედეგებამდე;
- მოწესრიგებული, მოსწავლეზე მორგებული ინფრასტრუქტურა და სასწავლო რესურსები;
- სწორად შერჩეული სასკოლო პროექტები;
- განვითარებაზე ორიენტირებული მონიტორინგი და შეფასების გამჭვირვალე, ვალიდური სისტემა, რომელიც ორიენტირებულია მოტივაციის ამაღლებაზე;
- ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისთვის;
- გვაქვს თვითრეფლექსიისა და კონსტრუქციული უკუკავშირის გამართული სისტემა;
- აქტიურად ვერთვებით სხვადასხვა პროექტებსა და პროგრამებში;
- ვნერგავთ მესამე თაობის ეროვნულ გეგმას ახალი სკოლის მოდელის საშუალებით;
- ვახალისებთ მოსწავლეთა ინიციატივებს და ხელს ვუწყობთ მათ დაგეგმვასა და განხორცილებაში;
- ვანვითარებთ ინკლუზიურ განათლებას;
- ვცდილობთ, დავამკვიდროთ და მდგრადად განვავითაროთ დემოკრატიული კულტურა;
- ვაღიარებთ და ვახალისებთ მასწავლებლებისა და მოსწავლეების წარმატებებს;
- ვცდილობთ მშობელთა ჩართულობის გაზრდას და მშობელს მივიჩნევთ ჩვენი გუნდის წევრად.
პრობლემად შეიძლება ჩაითვალოს უამრავი გამოწვევა და ძალიან მაღალი მოლოდინები დროის მცირე მონაკვეთში.
რა გავლენას ახდენს სკოლის სასწავლო მოდელი მოსწავლეების შედეგებზე
სკოლა არ არის ერთადერთი ადგილი, სადაც ბავშვის განვითარება მიმდინარეობს. ვფიქრობ, რომ სკოლა, ოჯახი, საზოგადოება და სახელმწიფო ერთობლივად ქმნის გარემოს, რაც აისახება თითოეული ბავშვის პიროვნულ განვითარებაზე.
სკოლა მოზარდებს უნდა სთავაზობდეს გარემოს, სადაც ის დაცული და ბედნიერია, სადაც ყოველთვის არის მისი ნიშა, მიუხედავად უნარებისა.
სასკოლო კულტურა სარკესავით აისახება მოსწავლის პიროვნებაზე. იქ, სადაც მოსწავლის თითოეული უნარის განვითარებაზე ზრუნავენ, პიროვნება თავდაჯერებული, აქტიური და პატრიოტია საქმისა და ქვეყნის.
როგორ უნდა შეიცვალოს თანამედროვე ქართული სკოლა
დღევანდელი სკოლის მთავარი მისიაა აღვზარდოთ 21-ე საუკუნის მოქალქე. ეს ნიშნავს, სკოლა გახდეს უფრო მოქნილი, რათა მომავალმა თაობამ უპასუხოს ცხოვრების გამოწვევებს. ორიენტირი უნდა მივმართოთ სრულფასოვანი ადამიანის აღზრდისკენ, რომელსაც ექნება ანალიზის, სინთეზის და შეფასების უნარები და უპასუხებს გლობალურ გამოწვევებს. თანამედროვე სკოლა მსოფლიო მოქალაქის აღზრდას ითხოვს.
წარმატებული სკოლისთვის აუცილებელია
ძლიერი ლიდერი და ლიდერთა ჯგუფი, საქმის უსაზღვრო სიყვარული, განვითარებაზე ორიენტირებული მასწავლებლები, გამართული და მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა, მშობელთა ჩართულობა და საზოგადოების პოზიტიური განწყობა. ასევე, უმნიშვნელოვანესია დემოკრატიული კულტურა, ინკლუზია და გუნდური მუშაობა. ვერ შეძლებ სკოლის გამოწვევებს გაუმკლავდე ძლიერი და მოტივირებული გუნდის გარეშე.
ამიტომ ჩემს მასწავლებლებს ვუმაღლებ მოტივაციას, ვგეგმავ სხვადასხვა პროექტებს, ვაღიარებ მათ წარმატებას, ვსახავთ საერთო მიზანს და ვერთიანდებით მიზნის გარშემო.
ვცდილობ, შევქმნა ადამიანური, თბილი გარემო, სადაც ვინტერესდები თითოეული მასწავლებლის პრობლემებით.
♦♦♦
⇒ დირექტორს სჭირდება დაფასება და აღიარება როგორც სახელმწიფოსგან, ასევე საზოგადოებისგან, რათა მისი შრომა ადეკვატურად იქნეს დანახული.
⇒ ახალი სტანდარტი ყოველმხრივ აფასებს დირექტორის შესაძლებლობებს და ვალდებულებებს, აწესებს მაღალ მოლოდინებს მისგან. სერტიფიცირების პროცესიც შესაბამისობაშია დირექტორის სტანდარტთან.