23 აპრილი, სამშაბათი, 2024

სრულ დისტანციურ სწავლებაზე გადასულია 17 სკოლა და 145 ცალკეული კლასი

spot_img

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, სასწავლო პროცესის საკლასო ოთახში დაბრუნებიდან დღემდე, საქართველოს ყველა სკოლაში მოსწავლეთა, მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა ინფიცირების მაჩვენებელმა კიდევ უფრო იკლო.

მიმდინარე კვირაში, ინტენსიური მონიტორინგისა და სავალდებულო ტესტირების შედეგად, ქვეყნის მასშტაბით, Covid-19 მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის 0,1%-ს და მოსწავლეთა საერთო რაოდენობის 0,01%-ს დაუდასტურდა.

მშობელთა თხოვნით, ასევე, კოვიდის დადასტურების მიზეზით, ქვეყნის მასშტაბით სრულ დისტანციურ სწავლებაზეა 17 სკოლა და 145 ცალკეული კლასი. საქართველოს მასშტაბით რისკ-ჯგუფში მყოფმა 69 მასწავლებელმა მიმართა თხოვნით სკოლის ადმინისტრაციას და დარჩა დისტანციური სწავლების ფორმატში.

პროტოკოლით გათვალისწინებული ნორმების დაცვის მონიტორინგში ჩართულია როგორც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, ასევე მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძე, ზოგადი განათლებისა და კოორდინაციის სამმართველოები, მანდატურის სამსახური და რესურსცენტრები.

სასწავლო პროცესის საკლასო ოთახში დაბრუნებიდან დღემდე, მინისტრის პირველი მოადგილე,  შემთხვევითობის პრინციპით, რამდენიმე ათეულ სკოლაში იმყოფებოდა. ზოგადი განათლებისა და კოორდინაციის სამმართველოების მხრიდან თბილისსა და რეგიონებში შემოწმებულია 120-ზე მეტი სკოლა, ხოლო რესურსცენტრების მხრიდან მონიტორინგი ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

მონიტორინგის შედეგად დგინდება, რომ სკოლებში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები რეგულაციების შესაბამისად მაღალ დონეზეა დაცული, სისტემატურად ხდება საპირფარეშოებისა და დერეფნების სველი წესით დამუშავება. შეზღუდულია სკოლის შენობაში ვიზიტორთა შესვლა. დაწყებითი კლასის მოსწავლეები პედაგოგებს მშობლებთან სკოლის ეზოში ორგანიზებულად გამოყავთ. დაცულია პირბადის ტარების წესები. ერთეულ შემთხვევებში, შემოწმების შედეგად გამოვლენილია ხარვეზები, რის გამოც სკოლებმა დამატებითი რეკომენდაციები მიიღეს.

ვირუსის გამოვლენის შემთხვევებში სკოლებზე კვლავ წერტილოვანი შეზღუდვები გავრცელდება და, როგორც წესი, ჯანდაცვის სამინისტროს პროტოკოლის გათვალისწინებით იმოქმედებენ.

 

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები