მათი სახელები უკვე ჭიდაობის ყველა ქომაგმა იცის, რადგან ისტორია გადაწერეს — ძმები ავთანდილ და ნიკა კენჭაძეები თავისუფალ ჭიდაობაში, 23-წლამდელთა შორის, 74 და 79 კილოგრამებში, მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ, რაც საქართველოსთვის უპრეცედენტო შემთხვევაა. მსოფლიოს ჭიდაობას არ უკვირს წარმატებული ძმები, საქართველოშიც ბევრ ძმას უვარჯიშია ერთად, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონ ძმათა დუეტი აქამდე არ გვყოლია.
ძმები რაჭიდან აფრინდნენ საჭიდაო მწვერვალების დასაპყრობად — პირველი ტოლა ამბროლაურის რაიონში, შემდეგ მეზობელი ჭრებალო, სადაც ჭიდაობის ანბანს ეზიარნენ, აქამდე მოსასვლელად კი მარგალიტებივით აკინძეს წარმატებები სხვადასხვა ასაკში. ახლა უფროსთა ჯერია და აკი უფროსმა — ავთომ, 23-იანებში გამარჯვებამდე ერთი თვით ადრე, ეროვნულ ნაკრებში იჭიდავა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალი. თუმცა 21-22 წლის ბიჭებისთვის ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია და ყველა თანხმდება, რომ წინ კიდევ არაერთი გამარჯვებაა.
ძმებს მიღწეული სადღეისოდაც დაუფასდათ: მათი სახელი ეწოდა ჭრებალოს საჭიდაო დარბაზს, ხოლო რეგიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გოჩა ენუქიძემ თბილისში საცხოვრებელი ბინით დაასაჩუქრა. რაჭაში, ბოლო წლებში, საგრძნობლად გამოცოცხლდა სპორტული ცხოვრება, ძმების წარმატება კი ამ პროცესს კიდევ უფრო დიდ ბიძგს მისცემს.
რაკი 23-იანებში ჩემპიონი პირველად ნიკა გახდა, ინტერვიუც მასთან საუბრით დავიწყეთ.
— ნიკა, როგორ გაიხსენებთ 23-წლიანთა მსოფლიოზე თქვენს გამოსვლას?
— ჩემპიონობა ძალიან მინდოდა და ამისთვის ვემზადებოდი კიდეც. თან რაკი ჩემი ძმაც ჭიდაობდა, ორმაგად მონდომებული ვიყავი, რომ ორივეს მოგვეგო. ვიცოდი, ეს ძალიან მაგარი იქნებოდა ჩვენთვისაც და ხალხისთვისაც. ავთო უფრო ლიდერად და გამარჯვების კანდიდატად მიიჩნეოდა, მე კი ძლიერი კონკურენტები მყავდნენ და საჩემპიონოდ რთული შეხვედრები უნდა გამევლო.
— თუმცა საკმაოდ იოლად მოიგეთ. რომელ ორთაბრძოლას გამოარჩევდით?
— ისეთი მონდომებული და მომზადებული ვიყავი, მართლაც მოვიგე, გამორჩეული შეხვედრა კი ფინალი იყო რუს გაჯი ნაბიევთან. ის მსოფლიოს შარშანდელი ჩემპიონია და დაძაბულ შეხვედრაში 3:0 მოვუგე.
— მწვრთნელმა როგორი ტაქტიკით დაგავალათ მასთან ჭიდაობა?
— წინასწარ ვერც მწვრთნელი დაგავალებს და ვერც შენ განსაზღვრავ რამეს, რადგან არ იცი, როგორ დაგიხვდება მეტოქე. ცხადია, უნდა შეხვიდე საბრძოლველად და მოიპოვო უპირატესობა, მაგრამ ვერ იტყვი, რომ ან ერთ ილეთს გააკეთებ, ან მეორეს, ამას თვითონ ჭიდაობა გაჩვენებს, მისი მიმდინარეობა.
— ავთო, ალბათ, თქვენი მიღწევის გამო ჩემპიონობას ნამდვილად ელოდით, მაგრამ თავიდანვე გაისიგრძეგანეთ, რომ ძმებმა ისტორიული წარმატება მოიპოვეთ?
ავთო: — ჩემპიონობას მართლაც ველოდი და ამ განწყობით ვიყავი ტურნირზე წასული, მაგრამ ჩემი ძმის გაჩემპიონება უფრო დიდი შეგრძნება იყო. ცხადია — ჩემიც, მაგრამ იმ წუთებიდან ჩემი ძმის გამარჯვების სიხარული უფრო მახსოვს, ვიდრე საკუთარი. თუმცა ის ფაქტი, რომ პირველად ჩვენ გავხდით ძმები მსოფლიოს ჩემპიონები, საქართველოში დაბრუნების შემდგ უფრო აღვიქვით, ხალხის რეაქციებიდან გამომდინარე. ჭიდაობისას კარგად ვერ აანალიზებ, რა გააკეთე, მაგრამ როცა ბრუნდები და ხედავ ამდენი ხალხის რეაქციას, მათ დადებით განწყობას შენ მიმართ, ბედნიერ სახეებს, მაშინ ხვდები, რომ რაღაც კარგი გაქვს გაკეთებული, რამაც ხალხი გაახარა და გააბედნიერა. ეს მართლაც კარგი შეგრძნებაა.
ნიკა: — როგორც გითხარით, კარგად კი ვიყავი ამ შეჯიბრებისთვის მომზადებული, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ იტყვი, რომ უეჭველად მოიგებ, რადგან ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ავთომ, ნახევარფინალში, ძლიერი რუსი დაამარცხა და ჯგუფშივე ჩამოიშორა ლიდერები, მეორე მხარეს კი ისეთი მეტოქე არავინ ჰყავდა, ვინც გამარჯვებაში ხელს შეუშლიდა. ამ შეხვედრის მერე იყო ჩემი ფინალი და როცა გავიმარჯვე, ხოლო ავთო ფინალში იყო, უკვე ვიცოდით, რომ ორივე ჩემპიონი ვხდებოდით. ამხელა გამოხმაურებას არ ველოდით, მაგრამ ვიცოდით, რომ გამორჩეული ამბავი იქნებოდა, რადგან ორი ძმის ერთად გამარჯვება მსოფლიოს ჩემპიონატზე ძალიან იშვიათი ამბავია.
— ყველაზე დასამახსოვრებელი დახვედრა სად მოგიწყვეს?
ავთო: — რაჭაში, ჭრებალოში ჩასვლისას. აეროპორტშიც ბევრი გულშემატკივარი დაგვხვდა, მაგრამ იქ ველოდებოდი ამას, რაჭაში კი არ მოველოდი, იმდენი ხალხი იყო შეკრებილი. ამას დაემატა ჩვენი დეპუტატის, გოჩა ენუქიძის საჩუქარი. იმ წუთას შოკში ვიყავი, ამდენი ხალხის სიყვარული… მოკლედ, ეს ემოციები ძალიან დიდ სიხარულთან იყო დაკავშირებული.
— ეს უფრო დიდი სიხარული იყო თუ ბუქარესტში გამარჯვება?
— არა, მსოფლიოს ჩემპიონატზე გამარჯვება სულ სხვა სიხარულია. ასეთი შეგრძნება არ მქონია არასოდეს. როცა კვარცხლბეკზე ადიხარ და შენი ქვეყნის ჰიმნი გესმის, ამას არაფერი შეედრება. თან ჰიმნთან ერთად ხედავ, რომ ამდენ დროშებს შორის შენი ქვეყნის დროშა ყველაზე მაღლაა, ამაზე დიდი ემოცია არ არსებობს. ამას რომ ხედავ, მაშინ ხვდები სპორტსმენი, რომ შენი შრომა დაფასდა და ამისთვის ღირდა წვალება.
— ჭიდაობა თავიდანვე გინდოდათ, თუ სხვა გატაცებებიც გქონდათ?
ნიკა: — ჩვენს სკოლაში გაიხსნა ჭიდაობის წრე. სპორტის სხვა სახეობა არც იყო, რომ ყოფილიყო, შეიძლება, სხვაზე შევსულიყავით. მაშინ პატარები ვიყავით და მოგვეწონა ლეიბზე კოტრიალი, ცოტა ვიჭიდავეთ კიდეც, ცოტა ვითამაშეთ და მოგვეწონა. მერე პატარ-პატარა შეჯიბრებებზე წავედით და მოვიგეთ, თუმცა, ალბათ, იმის პოტენციალიც გვქონდა, დიდი სპორტსმენები გავმხდარიყავით. ასე დავინტერესდით ჭიდაობით. ჭაბუკების ნაკრებში რომ მოვხვდით, მაშინვე გადაწყვეტილი გვქონდა დიდ სპორტში დარჩენა. გვჯეროდა, წარმატებას მივაღწევდით, თუმცა ვიცოდით, რომ ამისთვის დიდი შრომა იყო საჭირო, ოღონდ როდის მოვიდოდა ეს დიდი წარმატება, ზუსტად ვერავინ იტყოდა. ეს დრო ახლა დადგა, როცა შრომა და მონდომება დაგვიფასდა.
ავთო: — ჩვენ წინაშე არჩევანი არც დამდგარა. მეც და ჩემს ძმასაც ჭიდაობა, საბრძოლო სახეობები კი მოგვწონდა, მაგრამ რაჭაში სხვა არჩევანი არც იყო. ამიტომ ჩვენს სკოლაში — ჭრებალოში როცა გაიხსნა ჭიდაობის სექცია, იქ შევედით. თან ახალი იყო, გვიზიდავდა, სპორტიც მოგვწონდა და დავიწყეთ ვარჯიში. მაშინ მე მეშვიდე, ნიკა კი მეექვსე კლასში იყო. თანდათან მოვიწამლეთ ამ სპორტით, მერე პატარა შეჯიბრებებზე მედლებიც მოვიპოვეთ და უკვე გადავწყვიტეთ, პროფესიონალურად გავყოლოდით სპორტს. ჩვენი პირველი მწვრთნელი თამაზ მურუსიძე იყო, ვისთანაც ორი წელიწადი ვივარჯიშეთ, მერე კი ქუთაისში გადავედით კობა ახვლედიანთან, რომელიც ჩვენი ახლობელია. იქიდან — თბილისში აგერ, უკვე 6 წელიწადია, გიორგი გოგშელიძესთან ვემზადებით. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი სპორტული წინსვლა და განვითარება ამის შემდეგ დაიწყო. გოგშელიძე რომ არ ყოფილიყო ჩვენს სპორტულ ცხოვრებაში, ალბათ, ასეთი წარმატებები არ გვექნებოდა. არც ერთი ტურნირი, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატი არ გამოუტოვებია, მუდამ ჩვენ გვერდით იყო და ყოველდღიურად, დილიდან საღამომდე ჩვენთანაა. მას მართლაც დიდი ამაგი აქვს ჩვენზე.
— როგორც ტურნირებზე ვხედავ, ის უფრო მეგობარია თქვენი, მაგრამ სავარჯიშო პროცესში როგორია?
— როცა დარბაზში შევდივართ, მართლაც მწვრთნელისა და მოსწავლის ურთიერთობა გვაქვს. მისი სიტყვა ჩვენთვის კანონია და რასაც გვავალებს, რასაც გვეუბნება, ყველაფერს თავდახრილი ვაკეთებთ. გვჯერა მისი და არ გვაქვს პროტესტის გრძნობა არც ერთ დავალებაზე — ვიცით, რომ რასაც გვავალებს, ეს ჩვენ გვჭირდება. თან დისციპლინის გარეშე შედეგი არ მოვა, დარბაზის გარეთ კი მართლაც მეგობრები ვართ.
— დიდი სპორტი დიდი შრომაცაა. რამდენად ხართ მზად ამისთვის?
— ეს უკვე ჩვენი ცხოვრების წესია. ბუნებრივია, არის მომენტები, როცა ვიღლებით და იქნებ ვარჯიშის ხალისიც არა გვაქვს, მაგრამ მწვრთნელიც ხედავს ამ ყველაფერს და იცის, როდის უნდა მოუკლოს, როდის დაგვასვენოს. შეჯიბრებების მერე გვაქვს რამდენიმე დღე იმისთვის, რომ მოვწყდეთ სპორტს, ჭიდაობას, რათა დავისვენოთ, გავისეირნოთ, ვაკეთოთ ის, რაც ჩვენი ჰობია და გვსიამოვნებს. რამდენიმე დღის შემდეგ ახალი ენერგიით ვიწყებთ ვარჯიშს. მწვრთნელი აბალანსებს ამ ყველაფერს და არ გვქონია ის მომენტი, რომ ჭიდაობა მოგვბეზრებია, სულ მოტივირებულები ვართ სავარჯიშოდ.
— ჰობი ახსენეთ და თავისუფალ დროს რას აკეთებთ?
— თავისუფალ დროს ძირითადად მეგობრებთან ვატარებ, ისე კი ძალიან მიყვარს მოგზაურობა, თუნდაც საქართველოში, ბუნებაში გასეირნება, რამდენიმე დღით კარვით წასვლა, სადაც სულიერად ისვენებ, მაგრამ ხშირად ვერ ვახერხებ. უცხოეთში, შეჯიბრებების მერე, ვცდილობ, დავათვალიერო იქაურობა. თავისუფალი დრო რომ მქონდეს, აუცილებლად ვიმოგზაურებდი.
— ბავშვობას როგორ იხსენებთ?
ავთო: — უკვე 10 წელიწადია, ამბროლაურში, ჭრებალოშიც გვაქვს სახლი და ოჯახის წევრები ახლაც იქ ცხოვრობენ, მაგრამ მე იქ, პრაქტიკულად, არც მიცხოვრია — როცა რაჭაში ჩავდივარ, მშობლიურ სოფელში, პირველ ტოლაში ვრჩები, სადაც დავიბადე და გავიზარდე.
ბავშვობა და რაჭაში გატარებული წლები ძალიან კარგად მახსენდება. ცუდი მოგონებები ნამდვილად არ მაქვს და თავიდან რომ ვიწყებდე ცხოვრებას, არაფერს შევცვლიდი, ყველაფერს ისევ ისე დავტოვებდი. რაც იყო, ყველაფერი საჭიროა და სასარგებლო.
სამწუხაროდ, ჩვენი რეჟიმიდან გამომდინარე, რაჭაში იშვიათად ჩავდივართ — მაქსიმუმ, 3-4 დღე. სულ შეკრებებზე და ვარჯიშებზე ვართ, თუმცა მონატრება და სურვილი მუდამ დიდია, რომ ხშირად ჩავიდეთ და მშობლებთანაც ახლოს ვიყოთ. გვესმის, რომ ამჯერად საქმეს ასე სჭირდება, მაგრამ ალბათ, მოვა დრო, როცა მთელი ოჯახი ერთად ვიცხოვრებთ. ოღონდ რაჭაში თუ თბილისში, ეს ჯერ არ ვიცი, მაგრამ რაჭას რომ არ დავკარგავ, ეს ვიცი. არა აქვს მნიშვნელობა, თბილისში ვიცხოვრებ, უცხოეთში თუ სად, მაგრამ რაჭასთან ყოველთვის მექნება ურთიერთობა. მასზე უკეთესი ადგილი არსად მეგულება.
ნიკა: — ბავშვობიდან, რაჭაში გატარებული წლებიდან ყველაფერი ტკბილად მახსენდება და არც მე არ შევცვლიდი არაფერს. რაც მინახავს და როგორც მიცხოვრია, ის ცხოვრება მომწონს.
— სპორტის და სწავლის შეთავსებას როგორ ახერხებდით, ხელს ხომ არ გიშლიდათ სპორტი სწავლაში?
ავთო: — რომ გითხრათ, ხელს არ გვიშლიდა-მეთქი, მოგატყუებთ. როცა პროფესიულად ხარ სპორტში ჩართული, უმაღლეს დონეზე სწავლა რთულია, თუმცა განათლების მიღება შესაძლებელია და თუ მოინდომებ, განათლების გარეშე არ დარჩები.
— მშობლები ძალიან გქომაგობენ, მაგრამ თქვენს შეჯიბრებებზე დასწრება უჭირთ. განსაკუთრებით თურმე — მამას.
ავთო: — კი, მართლაც უჭირთ დასწრება. იქნებ არ იყოს იმდენი საშუალება, რომ უცხოეთში ყველა შეჯიბრებაზე წამოვიდნენ, მაგრამ საქართველოშიც კი ჩვენც არ გვინდა მამის დასწრება, იმდენად ემოციურია და იმდენად განიცდის. როცა საჭიდაოდ შევდივართ, არ გვინდა იმაზე ფიქრი, ნერვიულობისგან რამე არ დაემართოსო. იმდენად ემოციური ადამიანია, თუნდაც ერთი წლის წინანდელი ჩანაწერის ყურებასაც კი განიცდის. ამიტომ შეთანხმებულები ვართ, რომ ჩვენს შეჯიბრებებს არ უნდა დაესწროს.
ნიკა: — მშობლები ძალიან ნერვიულობენ და ამიტომ არ ვასწრებთ ჩვენს შეჯიბრებებს, თორემ მათი დამსახურებაა აქამდე რომ მოვედით. ჩვენთან ერთად ისინიც ძალიან მონდომებულები იყვნენ, რომ სპორტს ბოლომდე გავყოლოდით და ყველანაირად ხელს გვიწყობდნენ. ოჯახიდან სავარჯიშოდ წამოსვლა თავიდან გაგვიჭირდა, მით უფრო — პატარები ვიყავით, მაგრამ მაინც შევძელით, რადგან ეს გასაკეთებელი იყო.
— არადა, გარკვეული პერიოდი ძმები ერთ წონაშიც ჭიდაობდით და წარმომიდგენია, თქვენი უშუალო შეხვედრისას მშობლები რა დღეში იქნებოდნენ.
ავთო: — კი, მართლაც ძალიან ნერვიულობდა. დედა უფრო ხშირად დაგვყვებოდა საქართველოში შეჯიბრებებზე, მაგრამ იმდენად განიცდიან და ნერვიულობენ, ეს ჩვენზეც მოქმედებს. ამიტომ, ჩვენი თხოვნით, არ ესწრებიან ტურნირებს და ტელევიზორით გვადევნებენ თვალს.
— ავთო, უფროსთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ცუდად არ გამოსულხართ — 22 წლის დებიუტანტმა ფინალი იჭიდავეთ და ფრეზე წააგეთ, მაგრამ დამრჩა შთაბეჭდილება, რუს ზაურბეკ სიდაკოვთან შეხვედრების მეტი პრაქტიკა, ცოტა მეტი სითამამე რომ გქონოდათ, დაამარცხებდით… ფინალამდე მან უძნელესი ბადე გაიარა, პირდაპირ გადათელა მსოფლიოს და ოლიმპიური ჩემპიონები, თქვენთან კი ფრედ დაასრულა პაექრობა.
— სიდაკოვი ჩემთვის უცხო მეტოქე არაა. ველოდი მასთან მოგებას და ამ განწყობითაც გავედი, მაგრამ იყო პატარა ტაქტიკური შეცდომა, იყო ნერვიულობა იმაზე, რომ პირველად ვჭიდაობდი მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალს და ზედმეტად მოვინდომე მოსაგებად — ამ პასუხისმგებლობამ და ამ განცდამ შემბოჭა, რის გამოც ჩემი შესაძლებლობები ვერ გამოვავლინე. 23-წლიანებშიც ამიტომ გამოვარჩევ ნახევარფინალურ შეხვედრას რუს ტიმურ ბიჟოევთან — მასთან შეხვედრისას სიდაკოვთან მარცხი მახსენდებოდა და ვცდილობდი, იქ დაშვებული შეცდომები არ გამემეორებინა. უფროსთა მსოფლიოს ჩემპიონატი დიდი პასუხისმგებლობაა ქვეყნის, მწვრთნელების, საკუთარი თავის წინაშე და ამ ემოციებმა შემბოჭა კიდეც. უფროსებში პირველად ვჭიდაობდი მსოფლიოს ფინალს, თუმცა დავინახე ჩემი შესაძლებლობები, მივხვდი, რომ ყველასთან შემიძლია მოგება. ამიტომ მომდევნო მსოფლიოს პირველობაზე სულ სხვა განწყობით გავალ. რწმენის თვალსაზრისით, გავიზარდე ამ ფინალის შემდეგ. როცა იმათ უგებ, ვისაც აქამდე ეკრანიდან ხედავდი, ვინც უკვე ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონია, რწმენა გემატება. მწვრთნელთან ერთად კონკრეტულ მეტოქეებზე ინდივიდუალურად ვმუშაობთ, ვარჯიშებზე გავდივართ მათ ძლიერსა თუ სუსტ მხარეებზე. ამგვარად ვემზადებით მომავალი სეზონისათვის და ლიცენზიის ასაღებად.
ირაკლი თავაძე