თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი ვუსალ მამედოვი მარნეულში, სოფელ სადახლოში დაიბადა. მისთვის მშობლიური სოფელი განსაკუთრებულია. ამბობს, რომ იქ შემოდგომაც სხვანაირია, თბილისურისგან განსხვავებული: „უცებ იფეთქებს ხოლმე ხალასი და მკვეთრი ფერები… ბრჭყვიალებს და თვალს გჭრის… გეუბნება: „ნახე, რა ლამაზი და კარგი ვარო…“
ოჯახში ოთხნი არიან. მისი ძმა 19 წლისაა და ისიც თსუ-ში სწავლობს. მშობლებმა ქართული არ იციან, ენის არცოდნას საბჭოთა პერიოდს აბრალებს: „ჩემი მშობლები საბჭოთა პერიოდის თაობაა, როცა ჩვენთან სტუმრად სომხები ან ბერძნები მოდიან, დედ-მამა მათ რუსულად ელაპარაკებიან, მაშინ როცა მე, ჩემ სომეხ და ბერძენ მეგობრებს, ქართულად ვესაუბრები. ეს მნიშვნელოვანი განსხვავებაა“. — ამბობს ვუსალი.
მოსწავლეობის პერიოდი სადახლოს პირველ სკოლაში გაატარა, წარმატებული მოსწავლე იყო, რასაც ბეჯითად სწავლას უმადლის. როგორც თავად ამბობს, სადახლოს სკოლაში საუკეთესო მასწავლებლები ასწავლიან, მაგრამ, ზოგადად, კარგი პედაგოგები ცოტანი არიან. წუხს, რომ სკოლაში სასწავლო პროცესზე არ იყო მკაცრი კონტროლი, რაც ხშირად მოსწავლეთა არაეფექტური განათლების მიზეზი ხდებოდა. სამწუხაროდ, არ იყო შესაბამისი ზედამხედველობა, რის შედეგადაც მოსწავლეები სათანადო და კვალიფიციურ განათლებას ვერ იღებდნენ: „მართალია წარჩინებული მოსწავლე ვიყავი, თუმცა ეს უფრო მეტად ჩემი მცდელობის შედეგად დავიმსახურე, ვიდრე მასწავლებლების მეშვეობით. მასწავლებელთა უმრავლესობა ნეპოტიზმით ან კორუფციული გარიგების შედეგად არიან დასაქმებული და, შესაბამისად, ვერ უზრუნველყოფენ სწავლების მაღალ ხარისხს, რის გამოც მხოლოდ და მხოლოდ მოსწავლეები იჩაგრებიან“.
ვუსალი მეორე კლასიდან რეპეტიტორთან დადიოდა. როგორც ამბობს, მამამისისთვის ბაბუას ურჩევია, ვუსალი ქართულის შესასწავლად კერძო მასწავლებელთან ეტარებინა, რადგან მიაჩნდა, რომ მისი შვილიშვილები, მათ შორის ვუსალი, სკოლაში ქართულს სრულყოფილად ვერ ისწავლიდნენ. „მაშინ რეპეტიტორი ერთადერთი გამოსავალი იყო. 5-6 რეპეტიტორი შევიცვალე. ბაბუა, რომელიც ჩემი იდეალია, თვლიდა, რომ, ჩემი წარმატება ქართული ენის ცოდნაზე იყო დამოკიდებული როგორც საქართველოში, ისე ქვეყნის გარეთ. ქართული უფრო მეტად ჩემი მცდელობით, სიბეჯითით ვისწავლე, ვიდრე რეპეტიტორთან. მათ ხელი შემიწყვეს ენის დაწყებით დონეზე სწავლაში. ძალიან ბევრს ვმეცადინეობდი. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ სკოლაში ქართული ენა კარგად ისწავლება მხოლოდ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ სერტიფიცირებული პედაგოგების გაკვეთილებზე“.
ვუსალს ძალიან მოსწონს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლა, როგორც სკოლაში, აქაც წარმატებული სტუდენტია: „ძალიან მიყვარს ჩემი ფაკულტეტი, მისი აკადემიური პერსონალი და კურსელები როგორც ქართველები, ისე ბერძნები, სომხები, ქისტები და ა.შ. უცხო გარემოში ადაპტირებისთვის საჭიროა სახელმწიფო ენის ცოდნა, როგორც კომუნიკაციის საშუალების და უბრალოდ შენი სამშობლოს ენის, თუმცა თუ ენა სრულყოფილად არ იცი, დიდ პრობლემას არც ეს ქმნის, რადგან ეთნიკურად ქართველი და, ზოგადად, ქართული ენის კარგად მცოდნე სტუდენტები, ყოველმხრივ გიწყობენ ხელს, რომ იზოლირებული არ იყო, უნდათ, ყველა საქმეში მათთან ერთად ჩაერთო. მე ეს ძალიან მახარებს და ამიტომ მიყვარს ჩემი კურსელები“.
ქართულ ენაში მომზადების ერთწლიანი საგანმანათლებლო პროგრამა (1+4), რომელიც ეთნიკური უმცირესობებისთვის უმაღლესი განათლების მიღების ხელშეწყობის მიზნით ამოქმედდა, ვუსალმა წარმატებით გაიარა და ახლა ის თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტია.
აღსანიშნავია, რომ „კვოტირების სისტემის კვლევამ საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში“, რომლის მიზანიც იყო შეესწავლა, რამდენად ეფექტურად ხორციელდება პროგრამა და რამდენად შედეგიანი აღმოჩნდა ის, რამდენიმე პრობლემა გამოკვეთა, რომლებზე რეაგირებაც, პროგრამის დახვეწის მიზნით, აუცილებელია. კერძოდ, ქართულ ენაში მომზადების ერთწლიანი საგანმანათლებლო პროგრამის (1+4) გავლის შემდგომ, სტუდენტთა გარკვეული რაოდენობა ვეღარ გადადის მომდევნო დონეზე, რის გამოც ზოგიერთი არაქართულენოვანი სტუდენტი როგორც ენობრივი, ისე ინტეგრაციის თვალსაზრისით სათანადოდ მომზადებული არ არის. ვუსალი პროგრამის დადებით და უარყოფით მხარეებზე საუბრობს — იდეა მოსწონს, თუმცა პრაქტიკაში მისი ქმედითობის ნაკლებად სჯერა, რასაც, სამწუხაროდ, უპასუხისმგებლო პედაგოგების დამსახურებად მიიჩნევს: „ერთი წელი ძალიან ცოტაა იმ სტუდენტისთვის, რომელმაც საერთოდ არ იცის ქართული. ერთ წელიწადში მისი ცოდნის დონე ვერ გაუთანაბრდება ქართველი სტუდენტისას. პროგრამის დადებითი მხარე უდავოა: ქართული ენის სწავლა; ქართულ საზოგადოებაში ინტეგრაცია; თანასწორუფლებიან მოქალაქედ ჩამოყალიბება (მხედველობაში მაქვს სახელმწიფო ენის არცოდნის გამო შექმნილი დისკომფორტი ეთნიკური უმცირესობებისთვის).
უარყოფითი მხარე ის არის, რომ, სამწუხაროდ, არიან უპასუხისმგებლო პედაგოგები, რომელთა გამოც ამ პროგრამის სტუდენტები იჩაგრებიან. ისინი ვერ ხედავენ საკუთარ თავზე დაკისრებულ დიდ მოვალეობას და პასუხისმგებლობას, ხოლო სტუდენტი, რომელიც ასეთ მასწავლებელთან მოხვდა, იჩაგრება.
თუმცა, უნდა აღვნიშნო, რომ თუ თავად ადამიანს აქვს მონდომება და მიზანდასახულია, ეს გარემოება, როგორც წესი, მისთვის დამაბრკოლებელი არ უნდა იყოს“.
სტატისტიკის მიხედვით, გასულ წლებთან შედარებით, იმატა არაქართულენოვანი სტუდენტების ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვის სიხშირემ, რაც ქართულ ენაში მომზადების ერთწლიანი საგანმანათლებლო პროგრამის (1+4) პოზიტიური შედეგია. აღსანიშნავია, რომ არაქართულენოვანი ახალგაზრდები, პროგრამის შექმნამდე, უმაღლესი განათლების მისაღებად სომხეთში ან აზერბაიჯანში მიდიოდნენ, რადგან მათ არ შეეძლოთ ერთიანი ეროვნული გამოცდების ქართულ ენაზე ჩაბარება. „ქართულ ენაში მომზადების ერთწლიანი საგანმანათლებლო პროგრამა ჩვენი „გადამრჩენია“. ჭკვიანი და ნიჭიერი ახალგაზრდა თაობა მოდის და მათ უკვე შეუძლიათ სახელმწიფო ენის ცოდნის პერსპექტივის დანახვა, რაც ძალიან კარგია“. — ამბობს ვუსალი.
კვლევები ადასტურებს, რომ არაქართულენოვანი ახალგაზრდებისთვის დასაქმების ხელშემშლელი ფაქტორი სახელმწიფო ენის არცოდნაცაა, თუმცა, როგორც ვუსალი შენიშნავს, დასაქმებისთვის ენის არცოდნა ერთადერთი წინაპირობა და კრიტერიუმი არ არის. როგორც ქართველი, ისე არაქართველი სტუდენტებისთვის ერთ-ერთი და მთავარი პრობლემა კვალიფიციური განათლების არქონაა, რადგან დიპლომი ყველაფერს არ წყვეტს!
იგი ზოგად პრობლემებზეც გვესაუბრება. კიდევ ერთი საკითხი ინტეგრაციის პრობლემას ეხება. ერთ-ერთი კვლევის თანახმად, ხშირად 1+4 პროგრამის სტუდენტები თავს დისკრიმინირებულებად გრძნობენ, როგორც ლექტორების და ადმინისტრაციის, ასევე თანატოლი სტუდენტების მხრიდან. თუმცა ვუსალი ამბობს, რომ მსგავსი ფაქტის შემსწრე თავად არასდროს ყოფილა და ის უფრო მნიშვნელოვან პრობლემაზე ამახვილებს ყურადღებას. წუხს, რომ არაქართულენოვანი მოსწავლეები და მათი მშობლები ვერ ხედავენ განათლების მიღებით დასაქმების პერსპექტივას. ისინი მიიჩნევენ, რომ სკოლის დამთავრების ატესტატი საკმარისია, იმუშავებენ ხელოსნებად, მკერავებად და ა.შ. ვუსალის აზრით, მასწავლებლებმა არა მარტო საგანი უნდა ასწავლონ, არამედ მშობლებსაც უნდა აუხსნან განათლების მნიშვნელობა: „აი, ესაა მნიშვნელოვანი. მშობლებმა უნდა გააცნობიერონ, რომ გოგოსთვის სწავლა აუცილებელია, მან უნდა ისწავლოს ქართველ გოგონებთან და ბიჭებთან ერთად. კლასში 30 ბავშვი ვიყავით, მხოლოდ ორმა ჩავაბარეთ უმაღლეს სასწავლებელში, მე და ერთმა გოგონამ, მე 100%-იანი გრანტით მოვხვდი. ორი მოსწავლე ცოტაა, მარტო ბიჭებმა კი არა, გოგონებმაც უნდა ისწავლონ თბილისში, საქართველოს სხვა ქალაქებში, ხელოსნობასა და მკერავობასაც ხომ სჭირდება პროფესიული განათლება“.
უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ვუსალს 3-4 წლით სკოლაში მუშაობის სურვილი აქვს სამოქალაქო განათლების მასწავლებლად, მხოლოდ ამის შემდეგ აპირებს, მოსამართლე გახდეს და თსუ-ში იურიდიულ ფაკულტეტზე ლექციები წაიკითხოს: „მასწავლებლობა იმიტომ მინდა, რომ ვხედავ ჩემს სოფელში რა პრობლემებიცაა. არ მინდა ისე გამოჩნდეს, რომ არავინ სწავლობს ან არ ასწავლის. უბრალოდ, ის, რაც დღეს არის, საკმარისი არაა, ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი“.
მაკა ყიფიანი