15 სექტემბერს სკოლის ზარი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემოხეთის არასრულ საჯარო სკოლაშიც დაირეკა, თუმცა, მხოლოდ 6 მოსწავლისთვის. მათ შორის ერთი პირველკლასელია – თეკლა თავაძე. სკოლის ძველთაძველ, შეიძლება ითქვას, ისტორიულ ზარზე დარეკვის პატივიც მას ხვდა წილად. ეს ერთი პირველკლასელიც ფუფუნებაა, რადგან ბოლო წლებში რამდენჯერმე პირველი კლასი საერთოდ არ ჰყავდათ. გაცილებით კარგი პერსპექტივაა მომდევნო ორ წელიწადში, როცა ჯერ 2, შემდეგ კი 3 პირველკლასელს ელოდებიან…
სამწუხაროდ, დღევანდელ საქართველოში მიგრაცია არავის უკვირს, თუმცა, ამ სოფელში ეს მსახვრალი პროცესი ჯერ კიდევ გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან დაიწყო… შედეგად, ისტორიას ჩაბარდა ის დრო, როცა ამ სკოლაში 200-მდე მოსწავლე იყო, სოფელს კი ბავშვების ჟრიამული ავსებდა. იმ დღესაც სკოლასთან შეკრებილი უფროსი თაობის ხალხი სინანულით იგონებდა, რამდენი ბავშვი დადიოდა სოფლის ცალკეული უბნებიდან.
დღეს ამ ყველაფერს მთავარი სოციალური პრობლემა – უმუშევრობაც დაერთო, რაც კიდევ უფრო სწრაფად ცლის სოფელს – მოსახლეობა სამსახურის მოსაძებნად თბილისში, ბათუმში თუ სხვა ქალაქებში მიდის, ზოგი თურქეთში გადაიხვეწება ხოლმე სეზონურ მუშახელად, ან სულაც ემიგრაციაში მიდის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. სწორედ სოციალური პრობლემის გამო სკოლამ წლეულს 2 მოსწავლე დაკარგა – ჯერ კიდევ შარშან მშობლები თბილისში წავიდნენ სამუშაოდ და ბავშვებიც თან წაიყვანეს, თუმცა შარშან ისინი ონლაინ-რეჟიმში მაინც სწავლობდნენ, წელს ესეც აიკრძალა… ისედაც ლამის დაცლილ სოფელში დაიკეტა კიდევ ერთი ოჯახი, სოფელს მოაკლდა ახალგაზრდა ცოლ-ქმარი, სკოლას – მოსწავლე… არაფერს ვამბობთ წინა წლებზე, როცა, იმავე მიზეზით, რამდენიმე ოჯახმა დატოვა სოფელი ან სულაც – ქვეყანა (ცხადია, შვილებთან ერთად), თუმცა ამაზე ვინ წუხს დღევანდელ საქართველოში… არადა, ნებისმიერი სოფლისთვის ტრაგედიაა ასე გამოკეტილი ყოველი ოჯახი… არადა, ეს სოფელი ხევისწყალას ხეობაში, სუფსის ხეობის გვერდით, ბახმაროს მთების გაგრძელებაზე იმ ზონაში შედის, რომელიც, არცთუ შორეულ წარსულში, საკურორტო ზონა ყოფილა – სოფლის საკულტო მთას „ორკე“ ჰქვია, თუმცა მას ყველა „აგარაკს“ ეძახის, ამ სიტყვის მნიშვნელობას კი, ვფიქრობ, ახსნა არ სჭირდება. პირადად მისაუბრია თავის დროზე ამ სოფლის უხუცესთან – ჟორა თავაძესთან, ვინც მაშინ 90-ს იყო გადაცილებული. მას ბავშვობიდან ახსოვდა იქ ხიმინჯებზე შემდგარი სახლები თავისი დამსვენებლებით, სადაც თურმე ბაბუამისს ურემზე შედგმული ვეება მუხის კასრებით სასმელი წყალი აჰქონდა, თვითონ კი, პატარა ბავშვი, იმ ურმებს შემოახტებოდა და ისე ადიოდა ზევით. ნაძვებით დაფარულ, კონუსური ფორმის ამ მთაზე ადრე დიდი ეკლესიაც მდგარა, რომელიც კომუნისტების შემოსვლას შეეწირა, მანამდე ერთგვარი რელიგიური ცენტრიც ყოფილა – იქ თურმე ყოველ შაბათს წირვა-ლოცვას სახალხო დღეობა მოჰყვებოდა, სადაც არა მარტო ჩოხატაურის მეზობელი სოფლების, არამედ ლანჩხუთიდან და მეზობელი სამტრედია-ვანის სოფლებიდანაც იკრიბებოდნენ… მართალია, დღეს სოფელში არქიტექტურულ-ისტორიული არაფერია, მაგრამ ლამაზი ბუნება, ბლომად ჩანჩქერები და რაც მთავარია — გამორჩეულად კარგი ჰაერი და სამკურნალო წყლები (დადასტურებულია, რომ ზოგიერთი მათგანი ჩიყვის სამკურნალოდაც გამოდგება) მას საკმაოდ კარგ ტურისტულ შესაძლებლობებს უსახავს, თუმცა უგზოობა და სხვა ელემენტარული პირობების არქონა ამ ყველაფერს ჩანასახშივე კლავს… ასეთ ბუნებას უცხოეთში ხელოვნურად ქმნიან, ჩვენ კი ბუნებამ გვიბოძა და ვერ ვიყენებთ.
საბედნიეროდ, ამ ბოლოს დროს, სოფლის ტურისტულ იმიჯს პერსპექტივა გაუჩნდა – შენდება საოჯახო სასტუმრო, უკვე რამდენიმე კოტეჯიც თითქმის მზადაა, ამ ყველაფერს კი აქაურები იმედით შეჰყურებენ… პანდემიამ სასტუმროს დასრულება-ამოქმედება გვარიანად შეაფერხა, მაგრამ ეს დრო შორს აღარაა…
დავუბრუნდეთ ისევ სკოლას და ახალ სასწავლო სეზონს, რაც სოფლისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაც კია. სოფლისთვის სკოლის მნიშვნელობაზე საუბრისას სულ მახსენდება განათლების სისტემის ერთი ამაგდარი მოღვაწის, ლიანა თოდუას ფრაზა საგაზეთო პუბლიკაციიდან. ის ჩემი მოსწავლეობის დროს, გასული საუკუნის 80-იან წლებში, მაშინდელ განათლების განყოფილებას, ანუ დღევანდელ რესურსცენტრს ხელმძღვანელობდა და ჯერ კიდევ მაშინ დაარისხა ზარები: სოფელო, მიხედე სკოლას! სოფლისთვის ხომ ტრაგედიაა, ფაქტობრივად, განაჩენის ტოლფასია სკოლის დახურვა… ამიტომ ზემოხეთელები (თუმცა, ალბათ, ყველა სოფელში ასეა, სადაც მსგავსი მცირეკონტინგენტიანი სკოლაა) ყოველ ახალ სასწავლო წელს მოსწავლეებზე ნაკლებად არ შეჰხარიან და ამ დღეს ისინიც აუცილებლად იკრიბებიან სკოლაში, ბავშვებთან ერთად (ცხადია, იმათ ვგულისხმობ, ვისაც დღეს მოსწავლე არ ჰყავს აქ) – მათთვის ეს ერთი განსხვავებული მოვლენაა. გამონაკლისი არც წლევანდელი პირველი ზარი ყოფილა…
მის დარეკვამდე მოსწავლეებმა საკონცერტო პროგრამა წარმოადგინეს, რომელიც, მათი მცირერიცხოვნობის მიუხედავად, საკმაოდ საინტერესო გამოდგა ლექსებით, სიმღერითა თუ სხვა საკონცერტო ნომრებით. თან, სკოლას მსგავსი კულტურული ღონისძიებებისთვის საჭირო ტექნიკური აღჭურვილობა, აპარატურაც აქვს.
ამ ნაწილში პირველკლასელმა თეკლა თავაძემაც გვარიანად გამოიჩინა თავი, რომელიც კარგად მომზადებული მოვიდა სკოლაში – რამდენიმე ლექსი წაიკითხა… რა კარგიაო, ბავშვური გულწრფელობით წამოიძახა, როცა საკლასო ოთახში შეუძღვნენ და თავის მერხთან დასვეს… მოგვიანებით ისიც გაიხსენა, ჯერ კიდევ 1 დღით ადრე როგორი გულისფანცქალით ელოდა თურმე ამ დღის დადგომას, ღამე კი სანახევროდ არ ეძინა და სისხამ დილით მშობლებზე ადრეც წამომხტარა ფეხზე… იმედია, სწავლაშიც ასეთი ყოჩაღი იქნება. მით უფრო, ფრიად ჭკვიანი გოგოა და საამისოდ ყველა წინაპირობა აქვს.
ის კლასკომპლექტში ისწავლის ანდრია მესხთან ერთად, იგი თავის კლასში – მეორეში, ასევე ერთადერთი მოსწავლეა. ცხადია, მასაც გადაეცა ლეპტოპი, თუმცა სკოლამაც დაახვედრა საჩუქრები – სწავლისთვის საჭირო საკანცელარიო ნივთები. საჩუქრები მისმა უმცროსმა დამ – კატომაც მიიღო, რომელიც ორი წლის შემდეგ იქნება პირვეკლასელი. ასევე დასაჩუქრდა ანდრიას პატარა და — მარიამი, რომელმაც გაგვაოცა თავისი ენამოსწრებულობით. ის ძმის გაკვეთილებსაც დაესწრო და ერთგვარი გამოცდილებაც მიიღო, მას გაისად უწევს სკოლაში შესვლა.
ოღონდ ეს კია, რომ თეკლას საკმაოდ შორიდან მოუწევს სკოლაში სიარული – მათი ოჯახი ზემოხეთის თემის უშორეს სოფელ თხილაგანში, სწორედ ორკეს მთის ძირში ცხოვრობს, იქიდან სკოლამდე კი სრული 2 კილომეტრია. თან მეზობლად არც სხვა ბავშვია. ყველაზე ახლოს ისევ ანდრიაა, იგი, დაახლოებით, ნახევარ კილომეტრში ცხოვრობს, ოღონდ პატარები ამხელა მანძილზე მარტო მაინც ვერ ივლიან. განსაკუთრებით – ზამთარში ან წვიმაში. მით უფრო, გზად ორჯერ უწევთ მდინარის გადალახვა, რომელთაგანაც კაპიტალური ხიდი მხოლოდ ერთზეა. ადრე, როცა სკოლაში უფროსკლასელებიც დადიოდნენ, პატარებს გამცილებლის პრობლემა არ ჰქონდათ, ახლა კი მშობლები იძულებულნი იქნებიან, გამოჰყვნენ და გაჰყვნენ შვილებს. თუმცა სკოლის დაწყების დღესვე, სკოლის დირექტორმა, ვასილ ნიკოლაიშვილმა მიიღო შეტყობინება, რომ სკოლას ტრანსპორტი მოემსახურება — იმედია, ასეც მოხდება.
თავად სკოლა მომზადებული შეხვდა ახალ სასწავლო წელს. შენობა ისედაც ახალი აგებულია – 2006 წელს საპრეზიდენტო პროგრამის ფარგლებში აშენდა. კადრებიც საკმარისად ჰყავთ – წლეულს ერთი მასწავლებელიც დაიმატეს, მათი აბსოლუტური უმეტესობა კი სერტიფიცირებულია. ახალი სასწავლო წლისთვის გაწეულ სამუშაოებზე სკოლის დირექტორიც ისაუბრებს, თუმცა მანამ გეტყვით, რომ მან ერთ-ერთ მთავარ საჭიროებად დამხმარე ფართის არარსებობა დაასახელა – სკოლას სჭირდება სააქტო ან სპორტული დარბაზი, თუნდაც სათავსო ფართი… ამ კონტექსტში შეუძლებელია, არ გაგახსენდეს სკოლის ძველი შენობა – მყარი, ძალზე სქელი კედლებით და საკმაოდ ვრცელი ფართი, რომელიც მშვენივრად გასწევდა ამ დანიშნულებას. თუმცა ის ახალი სკოლის აშენების შემდეგ დაანგრიეს – სოფლის წინააღმდეგობის მიუხედავად. არადა, იმ სკოლის გარემონტება ამ ახლის აშენებაზე ბევრად იაფი დაჯდებოდა, თან ორსართულიანი, გაცილებით დიდი ფართის შენობა იყო.
ირმა სანიკიძე, მასწავლებელი: „საქართველოს მასშტაბით ყველა სკოლას ვულოცავ ახალ სასწავლო წელს. ბედნიერი, წარმატებული და ნაყოფიერი სასწავლო წელი ყოფილიყოს ყველასთვის. რაც მთავარია – მშვიდობიანი. ჩვენი სკოლისთვისაც ვისურვებდი ყოველმხრივ უკეთესობას – გვყავდეს ბევრი მოსწავლე, რათა სკოლა შენარჩუნდეს და სოფელმაც იარსებოს, რადგან, ჩემი აზრით, სკოლის არსებობა სოფლის არსებობასაც ნიშნავს, ორივე ავსებს ერთმანეთს. იმედია, ონლაინ სწავლებაზე გადასვლა არ მოგვიწევს, უფრო მშვიდობიანი და უფრო ნაყოფიერი სასწავლო წელიწადი გვექნება.“
ვასილ ნიკოლაიშვილი, სკოლის დირექტორი: „სასიხარულოა, რომ პირველკლასელი გვყავს – მცირეკომპლექტიანი სკოლისთვის 1 მოსწავლეც მნიშვნელოვანია. 9-წლიან სკოლაში 5 კლასია, აქედან 2 კლას-კომპლექტია – I-II და VII-IX.
სიახლეებს რაც შეეხება, დაგვემატა ერთი საათი – ჭადრაკი პირველ კლასში, რაც წლეულს პირველად მოხდა. მასწავლებლებიც გადამზადდნენ, ჩვენთან საგანს პირადად მე ვასწავლი.
მეტ-ნაკლებად, კადრების ნაკლებობა მთელ ქვეყანაშია და გამონაკლისი არც ჩვენ ვართ – ხელოვნება-მუსიკის და უცხო ენა-რუსულის საათებზე გვქონდა კონკურსი გამოცხადებული. მუსიკაზე ჩაგვეშალა, არავინ გამოგვეხმაურა, რუსულზე კი მივიღეთ ახალი კადრი – მენტორი მასწავლებელი მოვიდა, რაც სასიხარულოა. ის ჩოხატაურის №1 სკოლაში მუშაობს და შეთავსებით ივლის აქაც – კვირაში 2 საათია კლას-კომპლექტში, VII-IX კლასები. ხელოვნების მასწავლებელიც ერთწლიანი ხელშეკრულებით გვყავს – ძველი კადრი, რომელიც გამოცდაზე არ გასულა, თუმცა კანონი გვაძლევს მასთან თანამშრომლობის უფლებას, თუ ვაკანსიაზე არავინ გამოგვეხმაურება.
ერთი სიტყვით, კადრებით უზრუნველყოფილი ვართ: 4 წამყვანი, 1 მენტორი, 2 უფროსი მასწავლებელი, 1 კი მოწვეული მასწავლებელია.
ავტორიზაციისთვისაც ვემზადებით – უკვე შევავსეთ სათანადო კითხვარი და მოთხოვნილი დოკუმენტაციაც დადგენილ დროში გავაგზავნეთ. ამავე მოთხოვნის ფარგლებში, დავაყენეთ ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების დეტექტორები, შენობის სხვენი შევწამლეთ ასევე ხანძარსაწინააღმდეგო საგანგებო ხსნარით; სავარაუდოდ, წლევანდელი ბიუჯეტი მოგვცემს ამის საშუალებას და სათვალთვალო კამერების დამატებაც გვინდა… სკოლის ეზო კაპიტალურადაა შემოღობილი – ჩვენი სახსრებით რკინის ღობე შარშანწინ გავაკეთეთ.
პრობლემაა ის, რომ არ გვაქვს დამხმარე შენობა. სკოლის ფართი ისედაც მცირეა, საკლასო ოთახები პატარაა და ნამდვილად გვჭირდება რაღაც ტიპის დამხმარე ფართი – სააქტო დარბაზი, სადაც თუნდაც ასეთ ღონისძიებებს გავმართავთ, განსაკუთრებით – წვიმიან ამინდში, მშობლებს შევხვდებით, ან – სპორტული დარბაზი, სპორტის მასწავლებელმა ზამთარში გაკვეთილი რომ ჩაატაროს, ან – თუნდაც საწყობად გამოვიყენებთ. ბევრი საბუთია, ბევრი ნივთია, რომელიც სკოლამ წლების განმავლობაში უნდა შეინახოს. ელემენტარულად, შეშის შესანახიც არ გვაქვს. არადა, გათბობა ისევ შეშაზეა. რაღაც ბრეკეტები კი არისო, თუმცა შესანახად საგანგებო ადგილიც უნდაო, თან ცოტა ძვირიც ღირსო და ისიც არ ვიცი, ჩვენი ღუმელებისთვის თუ ივარგებს – დატესტვა მინდა და ვნახოთ. თან, როცა ზამთარში ძლიერი ყინვაა ან ცივი ქარია, შეშის გათბობაც არ გვყოფნის – ხის შენობაა და სითბოს კარგად ვერ იჭერს. ასეთ დროს ელექტროგამათბობლებს ვახმართ. მთლიანად ელექტოგათბობაზე გადასვლაც შეიძლება – ფინანსურად კი გვეყოფა ჩვენი სახსრები, თუმცა მაგ შემთხვევაში, შესაძლოა, ელექტროგაყვანილობამ დატვირთვას ვერ გაუძლოს. ხის შენობაში ელექტროენერგიის დატვირთვას ისეც ვერიდებით – ხანძრის რისკის გამო, თუმცა ამის საჭიროებაც წელიწადში 5-10 დღე თუ იქნება.“
ირაკლი თავაძე