2021 წელი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისთვის სიახლეებითა და ახალი გამოწვევებით იყო სავსე – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი თამარ მახარაშვილი ცენტრის მიერ გაწეულ საქმიანობას აჯამებს.
📌🔎უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში ამოქმედდა და განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება და აქტივობა, რომელიც მიმართული იყო ცენტრის როგორც ინსტიტუტის გაძლიერებისკენ, ასევე განათლების ხარისხის უზრუნველყოფის გარე მექანიზმების დახვეწა-განვითარებაზე. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ცენტრის საქმიანობის ინტერნაციონალიზაციის მიმართულებითაც.
ცენტრის საქმიანობაში დაინტერესებული მხარეების მონაწილეობის როლის გაზრდისა და ამ მიზნით ცენტრის საკოორდინაციო საბჭოს უფლებამოსილებების გაფართოების მიზნით, 2021 წელს, ცენტრის დებულებაში შეტანილი იქნა მნიშვნელოვანი ცვლილებები. კერძოდ, არსებითად განახლდა საკოორდინაციო საბჭოს როლი ცენტრის მართვის, საქმიანობისა და განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების განვითარების პროცესებში. საბჭოს განახლებულმა შემადგენლობამ განიხილა და იმსჯელა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა, მაგალითად: კლასტერული აკრედიტაციის სტანდარტები და პროცედურები, ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების განვითარების მიზნით შემუშავებული კონცეფცია და თანმდევი დოკუმენტები, ცენტრის 2022 წლის სამოქმედო გეგმისა და ბიუჯეტის პროექტები და ინფორმაციული უსაფრთხოების დოკუმენტები.
📌🔎 ცენტრში მომუშავე ადამიანური რესურსების პროფესიული განვითარებისა და ახალი კვალიფიციური კადრების მოზიდვის მიზნით, შემუშავდა ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის დოკუმენტი, რომელიც წარმოადგენს ცენტრში კვალიფიციური, მაღალი პოტენციალის მქონე ადამიანების შერჩევასთან, დასაქმებასთან, პროფესიულ განვითარებასა და შენარჩუნებასთან დაკავშირებული პროცესების, მიდგომების, ფასეულობებისა და პრინციპების ერთობლიობას. აღსანიშნავია, რომ შემუშავებული დოკუმენტი შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან, ცენტრის მისიასთან, ხედვასთან, სტრატეგიული განვითარების გეგმასთან და იზიარებს ადამიანური რესურსების მართვის საკითხებთან დაკავშირებულ ადგილობრივ და საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკებს. ზოგადად აღსანიშნავია, რომ ცენტრში, ეტაპობრივად, კიდევ უფრო მეტად მკვიდრდება პოლიტიკა, შიდა კადრების თანამდებობრივი დაწინაურების მიმართულებით. ამასთან, როგორც ცენტრის დირექტორს, მახარებს, რომ 2021 წლის განმავლობაში 13 სტაჟიორიდან სამი ჩვენს ცენტრში სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებში დასაქმდა.
📌🔎 მნიშვნელოვანია, რომ ცენტრში ეტაპობრივად ინერგება მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების მიდგომა. ამ მიზნით, 2021 წელი ცენტრისთვის განსაკუთრებით დატვირთული იყო კვლევითი საქმიანობით, რომლის შედეგების ნაწილი უკვე გამოყენებულია ან იგეგმება მათი იმპლემენტაცია ცენტრის საქმიანობაში. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ევროკავშირის დაძმობილების პროექტის (Twinning) მხარდაჭერით განხორციელებული თემატური ანალიზები, რომლის საშუალებითაც მოხდა რეფლექსია არსებულ ხარისხის უზრუნველყოფის გარე მექანიზმებზე და, ანალიზის შედეგების გათვალისწინებით, დაიგეგმა განმავითარებელი ღონისძიებები.
ცენტრში ასევე განხორციელდა რამდენიმე კვლევა შემდეგ თემებზე: ახალი კვალიფიკაციების ჩარჩოს განვითარების კუთხით საგანმანათლებლო დაწესებულებების საჭიროებების შესწავლა, ცენტრის მატერიალურ-ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფის შეფასების კვლევა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების საჭიროებების კვლევა, მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევა, კვალიფიკაციების სისტემური ანალიზი და სხვა. აქაც, ყველა კვლევის შედეგს სათანადოდ გავაანალიზებთ და დავგეგმავთ შესაბამის აქტივობებს.
📌🔎 განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ წელს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა წარმატებით გაიარა უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) მონიტორინგის ჯგუფის შეფასების პროცესი. მონიტორინგის ფარგლებში, გადამოწმდა ცენტრის მიერ ENQA-ს ექსპერტთა ჯგუფის რეკომენდაციების შესრულება, რაც ცენტრის 2019 წლის გარე შეფასების ანგარიშში იყო ასახული. შემოწმების დროს, საერთაშორისო ექსპერტებმა დეტალურად და სიღრმისეულად განიხილეს ავტორიზაციის, აკრედიტაციისა და ცენტრის დებულებებში, ბოლო ორი წლის განმავლობაში, განხორციელებული ცვლილებები. ამასთან, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მიმდინარე საქმიანობაზე, ასევე, ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების პროფესიული განვითარების მიზნით განხორციელებულ ღონისძიებებზე, თემატური ანალიზის სისტემური მიდგომის დამკვიდრებაზე, დაინტერესებული მხარეების გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულობის თემაზე. მონიტორინგის ჯგუფის შეფასებით, ცენტრმა ENQA-ს ექსპერტთა ჯგუფის დასკვნაში დაფიქსირებული რეკომენდაციები შეასრულა. საერთაშორისო ექსპერტების მიერ, ასევე, დადებითად შეფასდა ცენტრის სამომავლო ხედვა ხარისხის უზრუნველყოფის პროცესების კიდევ უფრო მეტად დახვეწასა და განვითარებასთან დაკავშირებით.
📌🔎 მთელი წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა განათლების ხარისხის უზრუნველყოფის გარე მექანიზმების დახვეწისა და განვითარების მიმართულებით.
როგორც უკვე არაერთხელ განვაცხადეთ, 2022 წლიდან, ყველანი გადავდივართ უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერული აკრედიტაციის სისტემაზე. აღნიშნული სისტემა ევროპის არაერთ ქვეყანაშია დანერგილი და წარმატებულად ხორციელდება. ახალ სისტემაზე გადასვლის მიზნით, შემუშავდა კლასტერული აკრედიტაციის კონცეფცია და კლასტერულ აკრედიტაციაზე გადასვლის სამოქმედო გეგმა. ევროკავშირის დაფინანსებული დაძმობილების პროექტის (TWINNING) მხარდაჭერით, ესტონეთის უმაღლესი და პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოსა (EKKA) და გერმანიის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოს (AQAS) თანამშრომლობით, კლასტერული აკრედიტაციის პილოტირება სამ უნივერსიტეტში განხორციელდა და შეფასდა ცხრა საგანმანათლებლო პროგრამა. პილოტირებაში ჩართულები იყვნენ როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ექსპერტები გერმანიიდან, ესტონეთიდან და დიდი ბრიტანეთიდან.
პილოტირების შედეგების გათვალისწინებით, კლასტერული აკრედიტაციის დანერგვის მიზნით, შემუშავდა „უმაღლესი განათლების შესახებ“ და „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონებში ცვლილებების პროექტები. ცვლილებების თანახმად, გარდა იმისა, რომ მომავალი წლიდან ინერგება კლასტერული აკრედიტაცია, ასევე, პროგრამული აკრედიტაცია სავალდებულო ხდება ყველა საფეხურისა და სახის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამისთვის. ჩვენი მოსაზრებით, აღნიშნული ცვლილება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საგანმანათლებლო პროგრამებზე განათლების ხარისხის გაუმჯობესებას.
შემუშავებული ცვლილებების მიხედვით, ასევე, აკრედიტაციის საბჭო ვალდებული იქნება, მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამაზე, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას განუსაზღვროს სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობა. აღნიშნულ საკითხზე მსჯელობისას, საბჭომ მხედველობაში მიიღო მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამის სპეციფიკა, შესაბამისი დარგობრივი მახასიათებლით დადგენილი მოთხოვნები, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების, პრაქტიკის ობიექტების, ლაბორატორიული და კლინიკური ბაზების რესურსები.
ჩვენ მიერ შემუშავდა სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების შეფასების კრიტერიუმები, სადაც განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა პროგრამაზე დაშვების წინაპირობებზე, პროგრამის შინაარსზე, სასწავლო კომპონენტის მიზნებზე, დისერტაციის დაცვის პროცედურებსა და პროგრამის განმახორციელებელ პერსონალზე.
ასევე, განხორციელდა უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ცალკეული სტანდარტების სტრუქტურის ცვლილება. კერძოდ, სტანდარტის რიგი კომპონენტები გაერთიანდა სხვა სტანდარტის კომპონენტებთან. აღნიშნულმა მიდგომამ უზრუნველყო, შინაარსობრივი ნიშნით, კიდევ უფრო მსგავსი კომპონენტების გაერთიანება ერთი სტანდარტის ფარგლებში და ხელი შეუწყო აკრედიტაციის სხვადასხვა სტანდარტებში თანაბარი რაოდენობის კომპონენტების არსებობას. ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სასწავლო ფორმატის ელექტრონულად წარმართვის პრაქტიკიდან გამომდინარე, შემუშავდა სპეციალური კრიტერიუმები, როგორ უზრუნველყოს უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ ელექტრონულად განხორციელებული სასწავლო პროცესის ხარისხის შეფასება. კერძოდ, ინსტიტუციას შემუშავებული უნდა ჰქონდეს ელექტრონულად განხორციელებული სასწავლო პროცესის შეფასებისთვის შესაბამისი შიდა ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები.
📌🔎 მიმდინარე წლის განმავლობაში, ზოგადი განათლების მიმართულებით, ცენტრში არსებითი სიღრმისეული ცვლილებები განხორციელდა. შემუშავდა ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის განვითარების ახალი კონცეფცია, რომელიც ითვალისწინებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის განახლებულ სტანდარტებსა და პროცედურებს. კონცეფცია პრეზენტაციის ფორმატში წარედგინა ყველა დაინტერესებულ მხარეს. კონცეფციის თანახმად, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის სტანდარტები ეხება შემდეგ საკითხებს: სკოლის ფილოსოფია; სასკოლო კურიკულუმი; სასწავლო პროცესის ადმინისტრაციული და ინფრასტრუქტურული მხარდაჭერა; მოსწავლეთა მხარდაჭერა. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ახალი მექანიზმების შემუშავებითა და მომავალი წლიდან ამოქმედებით, ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა არსებითად სხვა სტანდარტებსა და მიდგომებზე გადადის. ახალი სისტემა შესაძლებლობას მოგვცემს, უფრო მეტად დავუჭიროთ მხარი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს და დავეხმაროთ ხარისხის უზრუნველყოფის შიდა კულტურისა ჩამოყალიბებასა და დამკვიდრებაში. ახალი სისტემის მიხედვით, აღნიშნულ პროცესებში, ისტორიის მანძილზე პირველად, ყველა საჯარო სკოლა ჩაერთვება, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ზოგადი განათლების ხარისხის ამაღლებას მთელი ქვეყნის მასშტაბით.
ასევე, მიმდინარე წელს დაიწყო და მომავალ წელს კიდევ უფრო ფართო მასშტაბებს შეიძენს ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის განვითარებისკენ მიმართული აქტივობები. რეფორმის წარმატებისთვის ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტის ინსტიტუტის შექმნა და მათი შესაძლებლობების განვითარება ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორია. ამ მიმართულებით, უკვე გადაიდგა პირველი ნაბიჯი და შემუშავდა შესაბამისი კონცეფცია, რომლის მიხედვითაც, მიმდინარე წელს, ხარისხის სპეციალისტთა სერტიფიცირების პროცესში ჩასართავად გამოცხადდა კონკურსი.
📌🔎კიდევ ერთხელ მსურს ხაზი გავუსვა, რომ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საჯაროდ გაცხადებულ პოლიტიკას წარმოადგენს, რომ ყველა ცვლილება, რომელიც იგეგმება და ხორციელდება, წინასწარ არის განხილული, გაანალიზებული ყველა დაინტერესებულ მხარესთან ერთად. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ რეფორმის ყველა ეტაპზე ჩართული იყოს ყველა საგანმანათლებლო დაწესებულება, მასწავლებელი, პროფესორი, მოსწავლე, სტუდენტი, ადმინისტრაციული პერსონალი, განათლების ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები და ყველა სხვა დაინტერესებული მხარე.
📌🔎 ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტთა პროფესიული განვითარების მიმართულებით, სსიპ – განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციის საგრანტო პროექტის (EDU LAB) ფარგლებში, განხორციელდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტთა კორპუსის წევრთა პროფესიული განვითარების საჭიროებების კვლევა და PLA ღონისძიებები. გამართულ სესიებში აღსანიშნავია ესტონური ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოს (EKKA), ევროპის სტუდენტთა ასოციაციის (ESU), ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული რეესტრის (EQAR) და გერმანიის ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოს (AQAS) წარმომადგენელთა ჩართულობა. ასევე, PLA ღონისძიებებში მონაწილეობდნენ ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები, ENQA-ს წევრი ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოს, გერმანიის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოს (AQAS) და გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) წარმომდგენლები.
ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტთა კორპუსების განვითარებისა და სრულყოფის მიზნით, გამოცხადდა ახალი კონკურსები. კერძოდ, უკვე დასრულდა სტუდენტი ექსპერტების შესარჩევად გამოცხადებული კონკურსი და ძალიან გვიხარია, რომ ჩვენს კორპუსს ახალი სტუდენტი-ექსპერტები დაემატნენ. ამასთან, გამოცხადდა ჰუმანიტარული სფეროს და უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების ექსპერტების შესარჩევი კონკურსები. ასევე, დაიწყო აკრედიტაციის ექსპერტთა კორპუსის ეტაპობრივი ატესტაციის პროცესი. ცენტრის საერთაშორისო ექსპერტთა ბაზის სრულყოფის მიზნით, უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის — ENQA-ს და ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის — EUA-ს ვებგვერდებზე, საერთაშორისო ექსპერტების შერჩევისთვის, განთავსდა ცენტრის განცხადებები.
ავტორიზაციისა და აკრედიტაციის საბჭოების მუშაობის მხარდასაჭერად შემუშავდა და დაპილოტდა საბჭოების შეფასების მეთოდოლოგია, რომელიც საშუალებას იძლევა, შემუშავდეს რეკომენდაციები, საბჭოების როგორც ერთიანი კოლეგიალური ორგანოს საქმიანობის განვითარებისთვის.
ევროკავშირის დაძმობილების პროექტის — Twinning-ის ექსპერტების ფართო ჩართულობით შემუშავდა და ცენტრის დირექტორის ბრძანებით დამტკიცდა „ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დანერგვისა და განვითარების მიზნით მრჩეველთა საბჭოს შექმნისა და საქმიანობის წესი“, რომელმაც განსაზღვრა მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობაში ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობის აუცილებლობა.
📌🔎 აღსანიშნავია, რომ უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლების შემუშავების პროცესი მნიშვნელოვნად დაჩქარდა და უფრო დიდი მასშტაბები მიიღო. 2021 წლის განმავლობაში ცენტრმა უზრუნველყო, ჰუმანიტარულ სფეროში, ხუთი ახალი დარგობრივი მახასიათებლის მომზადება და დამტკიცება. მახასიათებლები შემუშავდა შემდეგ სფეროებში: არქეოლოგია; ისტორია; ფილოსოფია; ქართული ფილოლოგია; ენის დაუფლება. მნიშვნელოვანია, რომ ზემოაღნიშნული დარგობრივი მახასიათებლების შემუშავების პროცესში ჩართული იყო ყველა ის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ჩამოთვლილ სფეროებში უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებს. ამასთან, დარგობრივი მახასიათებლები, საჯარო განხილვისთვის, გამოქვეყნებული იყო ცენტრის ვებგვერდზე და ყველა დაინტერესებულ პირს ჰქონდა შესაძლებლობა, გასცნობოდა მათ და წარმოედგინა შენიშვნები ან/და მოსაზრებები.
ასევე, ამჟამად მიმდინარებს მუშაობა მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამის დარგობრივი მახასიათებლის განახლებაზე. ცვლილებების შედეგად, მედიცინის დარგობრივი მახასიათებელი შესაბამისობაში მოვა სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) მიერ 2020 წელს დამტკიცებულ ახალ სტანდარტებთან. დამატებით აღსანიშნავია, რომ ცენტრში ამჟამადაც მიმდინარეობს მუშაობა ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, მენეჯმენტის, სპეციალური მასწავლებლის, სოციალური მუშაობის დარგობრივი მახასიათებლების შემუშავებაზე.
📌🔎 მნიშვნელოვანი სიახლეები გვაქვს პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებითაც. ამ ნაწილში მთლიანად შეიცვალა ექსპერტთა კორპუსის სტრუქტურა და, ცენტრის ისტორიაში პირველად, განხორციელდა ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტთა სერტიფიცირების პროცესი, რამაც ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტობა სტატუსური გახადა და უწყვეტი პროფესიული განვითარების ღონისძიებებს დაუქვემდებარა.
გამოცხადაა კონკურსი და ავტორიზაციის ექსპერტთა კორპუსი შეივსო მაღალი კომპეტენციის მქონე დარგობრივი ექსპერტებით, სხვადასხვა მიმართულებით.
📌🔎 მიმდინარე წელს პირველად დაიწყო ავტორიზაციის ადმინისტრაციული წარმოებები განახლებული სტანდარტების პირობებში. ამიტომაც განხორციელდა რვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში სიმულაციური საავტორიზაციო ვიზიტები, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა მათი მზაობა მომავალ წელს დაგეგმილი რეავტორიზაციისათვის.
გაიზარდა სამოსწავლო ადგილების რაოდენობა როგორც დიდ საკვალიფიკაციო პროგრამებზე, ისე მოკლევადიან მომზადება-გადამზადების პროგრამებზე; განხორციელდა ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაცია კასპში, ფოთში, დმანისში; გაიზარდა პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობა.
გაიზარდა პროფესიული პროგრამების განმახორციელებელი კერძო სექტორის წარმომადგენელთა რაოდენობაც და, წლის ბოლოსათვის, პროფესიული განათლების მიმწოდებელთა 20%-ს შეადგენს, რაც მსმენელთა მიერ დაუფლებული უნარების შრომის ბაზრის საჭიროებებთან თავსებადობის მაღალ დონეს განაპირობებს.
📌🔎 განათლების ხარისხის ზრდის უზრუნველსაყოფად გაძლიერდა ცენტრის თანამშრომლობა სხვა სახელმწიფო უწყებებთან და ორგანიზაციებთან. თანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან, ეკონომიკის სამინისტროსთან, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან. ჯანდაცვის სამინისტროს შუამდგომლობის საფუძველზე, განისაზღვრა პროფესიული მომზადების მინიმალური სტანდარტები მთელ რიგ დასაქმებად პროფესიებში როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო შრომის ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით.
ორჯერ გაიზარდა არაფორმალური განათლების აღიარების უფლების მქონე დაწესებულებების რაოდენობა, ასევე განხორციელდა არაფორმალური განათლების აღიარების სპეციალისტთა სერტიფიცირება.
პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის — EQAVET-ის ინდიკატორების შესაბამისად შემუშავდა ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის შეფასების მეთოდოლოგია, რითად საფუძველი ჩაეყარა საერთაშორისო სტანდარტების პროფესიული განათლების ხარისხის სისტემური ანალიზის განხორციელებას, რაც მომავალი წლიდან დაიწყება.
პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ, გასულ წელს განხორცელებული მასშტაბური თვითშეფასების ანალიზის შედეგად, მოხდა როგორც ინსტიტუციური, ისე სისტემური ხასიათის შესაბამისობის ღონისძიებების იდენტიფიცირება; მომზადდა განმარტებები, გზამკვლევები და ჩატარდა ტრენინგები, ასევე, ათობით საკონსულტაციო შეხვედრა, რაც, საერთო ჯამში, პროფესიული განათლების ხარისხის განვითარებას ემსახურება.
როგორც ხედავთ, 2021 წელი, ჩვენი ცენტრისთვის, მიუხედავად პანდემიისა, სრულიად გამორჩეული, დატვირთული და საინტერესო იყო, საეტაპო მომავალი დიდი რეფორმებისკენ მიმავალ გზაზე!