20 აპრილი, შაბათი, 2024

როგორ დაუმეგობრდნენ ჩემი მოსწავლეები პერსონაჟებს საინტერესო თავგადასავლებით   

spot_img

მაია ტურაბელიძე – მწერალი, მთარგმნელი

ქალბატონი მაია შემთხვევით გავიცანი. ბუნებისმეტყველებაში საგაკვეთილო თემის – „მზის სისტემა“ განვრცობისა და მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების მიზნით, დამატებით ლიტერატურას ვეძებდი. გამიმართლა და ფეისბუქზე ვიპოვე გამოცემლობა „დილის“ გვერდი, სადაც ჩემი ყურადღება იტალიური ენიდან თარგმნილმა მოთხრობამ – „ყველაფერი კარგია, რაც კარგად მთავრდება“, მიიპყრო. მოთხრობის მთარგმნელი ქართველი (ჩემთვის უცნობი) აღმოჩნდა. ნაწარმოები „ფაუერ-ფოინთის“ პროგრამაში ანიმაციების გამოყენებით დავამუშავე და მთარგმნელს გავუგზავნე. მისი ნებართვის შემდეგ კი, საგაკვეთილო პროცესში გამოვიყენე.

ეს სასწავლო წლის დასაწყისში მოხდა. შემდეგ ქართულ ენასა და ლიტერატურაში და ბუნებისმეტყველებაში საგაკვეთილო მასალად ჩავაშენე დაწყებითი კლასების მასწავლებლის, მთარგმნელის, მწერლის, იტალიური და ქართული ენების მცოდნის – მაია ტურაბელიძის შემოქმედება და თარგმანები.

ქალბატონი მაია 1973 წლის 27 ოქტომბერს დაიბადა ქუთაისში. აკ. წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, მუშაობა დაიწყო ქუთაისის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის 31-ე საჯარო სკოლაში დაწყებითი კლასების პედაგოგად. ასევე, დამთავრებული აქვს იტალიელ მისიონერებთან არსებული იტალიური ენის სასწავლებელი. მაია ტურაბელიძე, 1999 წლიდან, ოჯახით, იტალიაში ცხოვრობს. მისი ქალიშვილები ერთნაირად საუბრობენ ქართულ და იტალიურ ენებზე. მეუღლესთან და შვილებთან ერთად ხშირად ჩამოდის საქართველოში. მიწვევით ატარებს საჯარო ლექციებს უნივერსიტეტებსა და საჯარო სკოლებში. მონაწილეობს სხვადასხვა ლიტერატურულ ღონისძიებაში.

მაია ტურაბელიძე თარგმნის და თანამშრომლობს ქართულ ლიტერატურულ ჟურნალ-გაზეთებთან: „ცისკარი“( რედკოლეგიის წევრი), „ახალი საუნჯე“, „განთიადი“, „დილა“, „საბავშვო კარუსელი“, „პეპელა“… მონაწილეობს იტალიისა და შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტროების პროექტებში, რომელთა მიზანია იტალიური და შვეიცარიული ლიტერატურის გავრცელება-პოპულარიზაცია. გამოცემულია მის მიერ თარგმნილი დაჩა მარაინის მოთხრობათა კრებული „ჩემი ქმარი“, ვიტალიანო ბრანკატის რომანი „ლამაზი ანტონიო“, ალექსანდრე ჰმინეს რომანი „გასაღები რძეში“… იტალიელ ლინგვისტთან, ლუიჯი მანტოვანისთან ერთად იმუშავა „ქართული ენის მცირე გრამატიკის“ შედგენა-გამოცემაზე (1997წ).

მე, როგორც დაწყებითი კლასების მასწავლებელმა, ყურადღება მინდა გავამახვილო ქალბატონი მაიას საბავშვო დიდაქტიკურ-აღმზრდელობითი ხასიათის ნაწარმოებებზე, რომელთა შორის არის როგორც მისი შექმნილი, ისე იტალიური ენიდან ნათარგმნი მოთხრობები, პიესები. მისი შემოქმედების გაცნობის შემდეგ მკითხველი მაშინვე იგრძნობს მწერლის, მთარგმნელის პროფესიონალიზმსა და უდიდეს შრომას. ასაკზე ორიენტირებული, განსხვავებული სიუჟეტი და თხრობის ხალისიანი მანერა – ეს კრიტერიუმები განსაზღვრავს მაია ტურაბელიძის თხზულებების წარმატებას. მრავალფეროვანი პერსონაჟები საინტერესო თავგადასავლებით პატარებს მშვენიერებისა და სიკეთის ენით ესაუბრებიან. ჩემი მესამეკლასელები უკვე დაუმეგობრდნენ ხვლიკ ლუკრეციას, რომელიც მზის გარეშე ვერ ცოცოხლობს; წინდა ელგას, რომელსაც თაგვი ლეონიდა ბინის ქირას საინტერესო ამბების მოყოლით უხდის; მოწყენილ ბავშვებზე მზრუნველ ციცინათელა ციცის, რომელსაც ყოველ ღამით ელიან ემიგრაციაში მყოფი მშობლების შვილები; თავაზიან ძაღლ-თომას, რომელიც კეთილმა დიასახლისმა შეიფარა; პატარა გოგონა თეას, რომელმაც დაბადების დღეზე, საჩუქრად, თოჯინა კელის კოსმონავტის სამოსს ლეკვი ლორი ამჯობინა; პატარა ვარსკვლავს – ელზას, რომლის სუსტი შუქი თოვლის ბაბუას საჩუქრებით დატვირთული თხილამურების შეფერხების მიზეზის გარკვევაში დაეხმარა; ზაზუნების მოყვარულ გოგონას – იას, რომლის ქცევამ ცხოველების მაღაზიის მეპატრონეს ასწავლა, ყოველ ახალ წელს, მოწყენილი ბავშვები ზაზუნის ჩუქებით გაებედნიერებინა… ჩემმა მოსწავლეებმა გაიგეს რა სარგებლობა მოუტანა ვულკანმა ეტნამ კუნძულ სიცილიაზე მცხოვრებ ადამიანებს, ისწავლეს იტალიურად დათვლა, სამ კოსმონავტთან ერთად იმოგზაურეს წითელი მთებით გაბრწყინებულ მარსზე და აღმოაჩინეს, რომ როგორც ადამიანებს, ისე უცხოპლანეტელებსაც შეუძლიათ სუსტი არსების დახმარება.

მინდა, თქვენი გაზეთის ფურცლებიდან საზოგადოებას ვაუწყო, რომ, ევროპის საგანმანათლებლო ორგანიზაციისა და ქართული გამომცემლობის დაკვეთით, ქალბატონი მაია მუშაობს მეთოდური სახელმძღვანელოს თარგმნაზე, რომლის სახელწოდებაა: „მონტესორის პედაგოგიკა და ახალი ტექნოლოგიები“ (ავტორი * მარიო ვალე). დარწმუნებული ვარ, ახალი წიგნი დასრულების შემდეგ ქართველ მასწავლებლებს საინტერესო მეთოდურ სიახლეებს შესთავაზებს.

ალბათ არ დავიღლები მაიკო ტურაბელიძის შემოქმედებაზე საუბრით, რადგან ის უზომოდ არის შეყვარებული თავის საქმეზე. მაგრამ, ჩემო უმცროსო მეგობრებო, მშობლებო, კოლეგებო, სჯობს, თავად ისიამოვნოთ მისი თანამედროვე იტალიური თარგმანებით და შემოქმედებით. მერწმუნეთ, წინ დიდი აღმოჩენები და სიხარული გელით!

ელისო ჯანელიძე

დავით კლდიაშვილის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა სიმონეთის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები