23 ნოემბერი, შაბათი, 2024

1492-ე სტროფის ანალიზი

spot_img

„ვეფხისტყაოსნის“ მიხედვით სიკეთე უძლეველია. მისი გამარჯვება ბოროტებაზე გარდაუვალია. ვხედავთ, რომ პოემის ფინალური ნაწილისკენ სიტუაცია რადიკალურად იცვლება, დადარდიანებული და სიკვდილის პირას მყოფი გმირები ამაყნი და გაბრწყინებულნი არიან. მათ იხსნეს მზისდარი ნესტან-დარეჯანი და შემდეგ ყველა დიდსა თუ მცირე დაბრკოლებას იოლად ამარცხებენ (ავთანდილის დაქორწინების საკითხის მოგვარება, ინდოეთის რამაზ-ხანისგან გათავისუფლება…) გავადევნოთ თვალი 1492-ე სტროფს, რომელშიც კიდეც ერთხელ არის ნახსენები ცნობილი ფილოსოფოსი დივნოს (დიონისე):

„ამ საქმესა დაფარულსა ბრძენი დივნოს გააცხადებს:

ღმერთი კარგსა მოავლინებს და ბოროტსა არ დაბადებს,

ავსა წამ-ერთ შეამოკლებს, კარგსა ხან-გრძლად გააკვლადებს.

თავსა მისსა უკეთესსა უზადო-ჰყოფს, არ აზადებს.“

პირველივე სტრიქონიდან გვამზადებს რუსთაველი „დაფარულის“ შესამეცნებლად და გვიქმნის მოლოდინს, რომ რაღაც განსაკუთრებული უნდა გვითხრას. აქ განსაკუთრებული კი ისაა, რომ ღმერთი არასდროს დაბადებს ბოროტს, თუ ბოროტება სადმე წარმოიქმნა, მის ავ ბუნებას წამში შეამოკლებს და სიკეთეს კი გაახანგრძლივებს, უკეთესის, უზადოს თამასამდე ასწევს.

დიონისე არეოპაგელი, „არეოპაგიტიკის“ ავტორი, როგორც ამბობენ, არის პეტრე იბერი, რომელმაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ქრისტიანული მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში. გავიხსენოთ ამავე სტროფის შინაარსის ანალოგი, როდესაც თინათინი ეუბნება მამას უცხო მოყმის ხილვის მერე: „ბოროტიმცა რად შეექმნა კეთილისა შემოქმედსა?“ გამოდის, რომ „ვეფხისტყაოსნის“ ავტორი სრულიად იზიარებს არეოპაგიტიკულ მოსაზრებას და მეტიც, იმოწმებს კიდეც დიონისეს.

სიკეთე და ბოროტება ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. წმინდა ბასილი დიდი გვასწავლის, რომ ბოროტებას არ ვუპასუხოთ ბოროტებით. როცა ბოროტებას ბოროტებით ვუპასუხებთ, ის ორმაგდება და უარესი ხდება. ბრძენი ადამიანი ბოროტებას სიკეთით უპასუხებს და ამით გზას უკეტავს ცოდვას. რატომაა სიკეთე ძლიერი? მხოლოდ იმიტომ, რომ სიკეთე თავად უფალია, ასე სჯერათ მორწმუნეებს.

ბარბარე შველიძე – თბილისის №49 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე  

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები