19 მაისი, კვირა, 2024

10 000 მოქალაქე სკოლებში ჯანსაღი კვების პროგრამის დანერგვას ითხოვს

spot_img

10 000 ადამიანი შეუერთდა პეტიციას „ჯანსაღი კვება ყველა მოსწავლეს“, რომლის მოთხოვნა სკოლებში ჯანმრთელობისთვის ზიანის მომტანი პროდუქტებით ვაჭრობის აკრძალვა და სასკოლო კვების პროგრამის დანერგვაა. მოქალაქეთა ხელმოწერები ოფიციალურ მოთხოვნებთან ერთად განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში დღეს გაიგზავნა.

პეტიცია არასამთავრობო ორგანიზაციის „მშობლები განათლებისთვის“ ინიციატივით გაკეთდა, რომელსაც განათლების კოალიცია და სამოქალაქო სექტორის სხვა წარმომადგენლები შეურთდნენ.

როგორც ორგანიზატორები აღნიშნავენ, პეტიციის საფუძველი ის გახდა, რომ  გაკვეთილებს უმეტესად მშიერი ბავშვები ესწრებიან, რაც მოსწავლეების სწავლის ხარისხს ამცირებს, ჯანმრთელობას და განვითარებას კი საფრთხეს უქმნის. გარდა იმისა, რომ სკოლებში კვების პროგრამა არ არსებობს, არ არის გამოყოფილი კვების დრო და ჰიგიენური სივრცე, სადაც ბავშვები სახლიდან წაღებული საკვების მიღებას შეძლებენ. „ბევრ ოჯახს არ აქვს შესაძლებლობა შვილს სახლიდან გაატანოს საკვები, რაც ზრდის ბავშვებს შორის უთანასწორობას. ბევრ სკოლაში არ არსებობს ბუფეტი. სადაც ბუფეტი ფუნქციონირებს, ეს იმის ხარჯზე, რომ სკოლის სივრცე ნაქირავები აქვს კერძო პირს და ბუფეტის ნაცვლად იქ გახსნილი აქვს მაღაზია, სადაც ჯანმრთელობისთვის ზიანის მომტანი პროდუქტებით ვაჭრობს. ე.წ ბუფეტში იყიდება გაზიანი სასმელები, მდარე, საეჭვო ხარისხის ტკბილეული და ცომეული.

 პეტიციაზე ხელისმომწერნი მოვითხოვთ:

  • იმ სკოლებში, სადაც მოქმედებს ბუფეტი, დაუყოვნებლივ შეწყდეს ჯანმრთელობისთვის ზიანის მომტანი საკვებით ვაჭრობა.
  • სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ რეგულარულად შემოწმდეს ბუფეტებში გასაყიდი პროდუქციის შემადგენლობა და ხარისხი.
  • განათლების სამინისტრომ დაჩქარებული წესით დანერგოს ჯანსაღი სასკოლო კვების პროგრამა. მუშაობის პროცესი გახადოს გამჭვირვალე და ჩაგვაყენოს საქმის კურსში, რას აპირებს სახელმწიფო ამ მიმართულებით.“ – ვკითხულობთ პეტიციის აღწერაში. (პეტიცია იხილეთ ბმულზე https://shorturl.at/dhxX8)

განათლების სამინიტროსთან ერთად ხელმოწერილი მოთხოვნები დღესვე ოფიციალურად წარედგინება საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტს, სურსათის ეროვნულ სააგენტოს, ჯანდაცვის სამინისტროს და სახალხო დამცველის აპარატს.

დამატებითი ინფორმაცია:

სასკოლო კვება მთელ მსოფლიოში განიხილება არა როგორც პრივილეგია, არამედ როგორც მოსწავლეთა უფლება, რომელიც ბავშვის საკვებ რაციონსა და ჯანმრელობას აუმჯობესებს, ამაღლებს აკადემიურ მოსწრებას და სკოლას აქცევს მოსწავლეებისთვის უფრო მიმზიდველ ადგილად. საქართველო მსოფლიოს ქვეყნების იმ 10%-შია, სადაც სასკოლო კვების პროგრამა ჯერ არ დანერგილა. კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის მიერ 2021 წელს მომზადებული პოლიტიკის დოკუმენტის „საქართველოში სასკოლო კვების სისტემის ჩამოყალიბების საჭიროება და პერსპექტივები“ მიხედვით, ქვეყნების უმრავლესობა მნიშვნელოვან სახსრებს გამოყოფენ მოსწავლის კვების დაფინანსებისთვის. ეს დანახარჯი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მიხედვით 42$-დან 242 $-ის ფარგლებში მერყეობს. საქართველოს მსგავსი შემოსავლების ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით, სასკოლო კვების ღირებულება ერთ მოსწავლეზე მთელი წლის განმავლობაში  სულ მცირე 140 ლარს შეადგენს.  პუბლიკაცია სრულად იხილეთ ბმულზე https://drive.google.com/file/d/1_rEUeTtEMMtNRy7GPnFnwBKTTCt3WHg_/view

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები