23 ნოემბერი, შაბათი, 2024

ჯოყოლას სახე

spot_img

ვაჟა-ფშაველას პოემაში „სტუმარ-მასპინძელი“ განსაკუთრებით საინტერესოა ჯოყოლას პერსონაჟი. ჯოყოლა ალხასტაისძე ალალი ადამიანია. მის შეკითხვაზე უცნობის ვინაობასთან დაკავშირებით, ზვიადაური უპასუხებს, ნუნუა მქვიაო და თან დასძენს:

„–  შენი სახელიც მასწავლე,

ჩემი ხომ გითხარ მართლადა.“

ქისტი მასპინძელი ზედმეტად მიმნდობია და ყურადღებას არ აქცევს სიტყვას „მართლადა“, იგი კი პირდაპირ გასცემდა ზვიადაურს და იმაზე მიანიშნებდა, რომ უცნობი გულწრფელი არ იყო და ტყუილს ამბობდა. მასპინძელს რომ ადამიანებისადმი ნაკლები ნდობა ჰქონოდა, უეჭველად დააკვირდებოდა არამარტო უცნობის პასუხს, არამედ მისი საუბრის მანერას, ქცევას და ა.შ. ჯოყოლა კი გულღია კაცია და ყველა მისნაირი ჰგონია. ასეთივე გულღიაობითა და გულწრფელობით პატიჟებს ზვიადაურს თავის სახლში:

„მობძანდი, როგორც ძმა ძმასთან,

ნათლიმამასთან ნათლია.“

შემდეგ კი მონადირებულს გულუხვად უყოფს და თან ეუბნება:

„თუ გინდა ეხლავ გავიყოთ,

როგორც ამხანაგთ, ორადა,

ჩიჩქიც არ მინდა მე მეტი

გავინაწილოთ სწორადა.“

ჯოყოლა ახალგაცნობილ ხევსურს ამხანაგს უწოდებს, მეორე დღეს კი, სურს ძმად გაეფიცოს. მას გულით მოსწონს სტუმარი, რადგან ატყობს – იგი კარგი ვაჟკაცია. მასპინძელი სტუმარს თავის საწოლს უთმობს, პატივისცემითა და მოწიწებით ეპყრობა.

„ეს ერთი ცნობა, ხვალ ძმობა

ერთად შევთვისდეთ სულითა.“

ჯოყოლა ღირსეული ადამიანია. იგი ტრადიციების და სტუმარ-მასპინძლობის ადათის ერთგულია, რაც მკაფიოდ გამოიხატა მის საქციელში. სტუმარი ღვთისააო და სახლში შემოპატიჟებულ სტუმარს მასპინძელი ისე ექცევა, როგორც უფლის მიერ გამოგზავნილ ადამიანს. მიუხედავად იმისა, რომ ჯოყოლა ქისტია, ზვიადაური კი ხევსური, ეს მასპინძელს ხელს არ უშლის იმაში, რომ სტუმრის ღირსებები და დადებითი თვისებები დაინახოს. პოემაში აშკარად ჩანს – ქისტი ბედნიერია ზვიადაურისთანა ვაჟკაცის გაცნობითა და მასთან დაძმობილებით. მას შემდეგაც კი, რაც ჯოყოლა გაიგებს, რომ მისი ძმის მკვლელი სწორედ მისი სტუმარია, მაინც ახერხებს სულიერი წონასწორობისა და საღი აზრის შენარჩუნებას. იგი სტუმარ-მასპინძლობის უზენაეს წესს არ გადადის:

„დღეს სტუმარია ეგ ჩემი,

თუნდ ზღვა ემართოს სისხლისა.“

ჯოყოლა თავმოყვარე და ამასთან გაბედული ადამიანია. მისთვის სტუმრის შეურაცხყოფა, პირად შეურაცხყოფაზე მეტს ნიშნავს, ამიტომაც ეუბნება შებოჭილი სტუმრის დანახვაზე თანამოძმეთ:

„რად სტეხთ საუფლო ჩვენს წესსა,
თავს ლაფს რად მასხამთ კოკითა?“

„განანებთ, თუმცა ძმანი ხართ,
ჩემის კაცობის ქელვასა!..

ჯოყოლასთვის მიუღებელია ნებისმიერი სახის არავაჟკაცური საქციელი. იგი ურთიერთმტრობასა და შუღლს – მშვიდობით ცხოვრებას; სიძულვილს კი – სიყვარულსა და შემწყნარებლობას ამჯობინებს.

პოემის მთავარი გმირის სიკვდილიც მისივე ღირსებებზე მეტყველებს. ჯოყოლა მარტო იბრძვის და უთანაბრო ბრძოლაში კვდება, მაგრამ კვდება ამაყად, ისე, როგორც ვაჟკაცს შეეფერება. იგი ძლიერი და სულიერად მაღალი ადამიანია. მას შეუძლია საკუთარ თავზე მაღლა, პრინციპები დააყენოს. მან მტერში ადამიანი დაინახა და შეძლო საკუთარ თავში მტკივნეული გრძნობების გადახარშვა. ჯოყოლა კარგი მეომრის, ვაჟკაცის,  მეგობრის, მეუღლის და ზოგადად ადამიანის ეტალონია.

სესილი ერაგია – ქ. ფოთის წმ. ნიკოლოზის სახელობის სკოლის XI კლასის მოსწავლე

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები