მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის“ კონსულტანტ-მასწავლებლების ინიციატივითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსებით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაბღის საჯარო სკოლამ საგანმანათლებლო გარემოს განვითარებაზე ორიენტირებული სასკოლო პროექტი განახორციელა.
პროექტის „წიგნიერი სკოლა“ მთავარ მიზანს მოსწავლეებში წიგნიერებისა და კრიტიკული აზროვნების განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენდა.
პროექტი, არაფორმალური განათლების მხარდაჭერის მიზნით, სხვადასხვა აქტივობის განხორციელებას ითვალისწინებდა. მათ შორის, მოსწავლეებისთვის სასკოლო კლუბის შექმნას, სადაც მოზარდებს მრავალფეროვან საგანმანათლებლო აქტივობებში ჩართვის შესაძლებლობა მიეცათ. სამინისტროს დაფინანსებით, კლუბი ყველა საჭირო ინვენტარითა და წიგნებით აღიჭურვა.
პროექტის ფარგლებში, ასევე, განხორციელდა აქტივობა „ურჩიე წიგნი მეგობარს“ – მოსწავლეებმა ილუსტრაციებით გაფორმებული ანოტაციები მოამზადეს, წაკითხული წიგნების მიხედვით კომიქსები შექმნეს და სხვადასხვა თემაზე გამართეს დებატები.
პროექტში „წიგნიერი სკოლა“, სოფელ ქვაბღის საბაზო და საშუალო კლასის მოსწავლეებთან ერთად, ადგილობრივი პედაგოგები და მშობლებიც მონაწილეობდნენ. ამასთან, სხვადასხვა აქტივობის განხორციელებაში, მოწვეული სტუმრის სტატუსით, ჩართული იყო მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ფინალისტი ლადო აფხაზავა.
პროექტის დასრულების შემდეგ მოსწავლეებმა სასკოლო ინიციატივების გუნდს, პრეზენტაციის სახით, შემაჯამებელი ანგარიში წარუდგინეს და სამახსოვრო სიგელებით დაჯილდოვდნენ.
პროექტის ფარგლებში დაარსებული სასკოლო კლუბის ფუნქციონირება მომავალშიც გაგრძელდება. სოფელ ქვაბღის საჯარო სკოლის ინიციატივით, ასევე, გაიმართება შეხვედრები ცნობილ მწერლებთან და საზოგადო მოღვაწეებთან.