25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

საჩხერის დღის ცენტრში არაფორმალური განათლების ფორმატში სამი გაკვეთილი ჩატარდა

spot_img

29 დეკემბერს, მუსიკის, ხელოვნებისა და მათემატიკის პედაგოგებმა – მეგი ჭანტურიამ, ეთერ გოგელიძემ და ხათუნა სვანაძემ, წინასწარ დაგეგმილი სახალისო აქტივობებით წინასაახალწლო განწყობა შეუქმნა საჩხერის დღის ცენტრის ოცამდე ბენეფიციარს.

 

მეგი ჭანტურია: „ჩემთვის, როგორც მუსიკოსისთვის, ეს დღე გამორჩეულია. მუსიკის „ენა“ ყველას ესმის და წინასაახალწლოდ ჩვენი სტუმრობა დღის ცენტრში იყო მართლაც გამართლებული და მიზნობრივი. დიდი ხანია, რაც დავგეგმე კოლეგებთან ერთად, საჩხერელ პატარებთან სტუმრობა და თან წამოვიყვანე ჩემი მესამეკლასელი მოსწავლე ნანა კიკვაძე. ნანამ სიმღერები შეასრულა, მე ინსტრუმენტული მუსიკა შევთავაზე ბავშვებს და რომ გვისმენდნენ ბედნიერები, ეს იყო ამ წლის გამორჩეული სიხარული ჩვენთვის. მიხარია, რომ დავუმეგობრდით ამ გამორჩეულ ორგანიზაციას და ინკლუზიური მიმართულებით, არაფორმალურად, ჩვენი პატარა წვლილი შევიტანეთ დღის ცენტრის საგანმანათლებლო ისტორიაში.“

ეთერ გოგელიძე: „ფერწერა ნატიფ მოტორიკას ავითარებს. არტ-თერაპიაა ხატვა. ბავშვებს ძალიან უყვართ ფერადი სამყარო და თავადაც ამ ფერადი სამყაროს ნაწილი არიან. დღეს ჩვენ, მე და ბავშვებმა, ბევრი ფერი გამოვიყენეთ. თბილი და ნათელი ფერებით ვხატეთ ერთად სახლები, ნაძვის ხეები, თოვლის ბაბუები. ყველამ მიიღო ჩემგან პერსონალური ნახატები და დღის ცენტრს დავუტოვე სამუშაოდ რესურსები…“

ხათუნა სვანაძე: „მათემატიკის სახალისო ფორმით მიტანა შევძელი დღის ცენტრის ბენეფიციარებთან. წარმოუდგენელი სიამოვნებაა, როცა შშმ პირებთან მუშაობ და ყველაფერი გამოგდის იმაზე უკეთ, ვიდრე ფიქრობ. რამდენიმე დღე გეგმებს ვაწყობდი, ათასნაირ ვერსიას ვამუშავებდი გონებაში, როგორ აჯობებდა… ისე გავერთეთ მათემატიკურ აქტივობებში, დროის გასვლა არც გაგვიგია…“

   

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევის N1 საჯარო სკოლის პედაგოგებს ხათუნა სვანაძეს, ეთერ გოგელიძეს და მეგი ჭანტურიას საჩხერის დღის ცენტრის დირექტორმა, თამარ ზაბახიძემ მადლობის ბარათები გადასცა გაწეული თანამშრომლობისა და თანადგომისათვის.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები