18 მაისი, შაბათი, 2024

წაკითხულის გააზრება უცხო ენის გაკვეთილზე

spot_img
ნინო ჩიხლაძე
სსიპ შოთა რუსთველის სახელობის ქალაქ საჩხერის №3 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი

 

 

ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, უცხოური ენის სწავლებას სკოლის სხვადასხვა საფეხურზე სხვადასხვა აღმზრდელობითი და საგანმანათლებლო მიზნები აქვს. დაწყებით საფეხურზე უცხოური ენების სწავლების საგანმანათლებლო მიზანია უცხოურ ენაზე ზეპირმეტყველება (მოსმენა-ლაპარაკი) და განსხვავებული ენობრივი და კულტურული სამყაროს აღმოჩენა. ამ საგანმანათლებლო მიზნიდან გამომდინარე, უცხოური ენების სწავლება სკოლაში ითვალისწინებს კონკრეტული ამოცანების გადაჭრას: ,,სხვადასხვა ტიპის ცოდნის შეძენა: გრამატიკული, ლექსიკური ცოდნა; მართლწერისა და მართლმეტყველების საბაზისო ნორმების ცოდნა; უცხოენოვანი ქვეყნების კულტურის გაცნობა; წერის, მოსმენის, კითხვისა და ლაპარაკის ცოდნა. სხვადასხვა სახის უნარ-ჩვევების განვითარება: სამეტყველო უნარ-ჩვევები; ენობრივი უნარ-ჩვევები; სტრატეგიული უნარ-ჩვევები;“ ( ესგ, 2018-2024).

მოზარდისთვის სამყაროს შეცნობის ძირითადი საშუალებაა სწავლა, სწავლის საფუძველი კი კითხვის, კერძოდ, გააზრებული კითხვის უნარია, რომლის დაუფლებასაც საძირკველი დაწყებით საფეხურზე უნდა ჩაეყაროს. კითხვა მეტად რთული პროცესია, რომელიც მოიაზრებს არა მხოლოდ ამოკითხვას, ანუ დეკოდირებას, არამედ აზრის გაგებას, დასკვენების გამოტანასა და შეფასებას. სწორედ ამიტომ, დიდი მნიშვნელობა ენიჭება, სასკოლო განათლების დაწყებითი საფეხურიდან, მოსწავლეთა წიგნიერების ხელშეწყობას.

ვინაიდან სწავლა-განათლების მიღებისა და განვითარების მთავარი უნარი კითხვის უნარია, მნიშვნელოვანია, დროულად აღმოვაჩინოთ ის პრობლემები, რომლებიც აფერხებს წაკითხული ტექსტის გაგება-გააზრებას და მოსწავლეთა წიგნიერების ასამაღლებლად დავგეგმოთ და ჩავატაროთ საჭირო აქტივობები. უცხო ენის სწავლების დროს წაკითხულის გაგება-გააზრების პრობლემის გამომწვევი მიზეზი მრავალია, ჩემი პრაქტიკიდან გამოვყოფ რამდენიმეს:

  • მოსწავლეებს უჭირთ კითხვა;
  • კითხულობენ გაუაზრებლად, მექანიკურად;
  • არ აქვთ საკმარისი წინარე ცოდნა;
  • არ აქვთ მდიდარი ლექსიკური მარაგი;
  • აქვთ განსხვავებული დასწავლის სტილი;
  • არ აქვთ მოტივაცია.

სწორედ კითხვასთან დაკავშირებული პრობლემები უშლის ხელს მოსწავლეს სხვადასხვა დავალების ინსტრუქციის სწორად გაგება-გააზრებაში, ასევე უქრობს დამატებითი ლიტერატურის წაკითხვის სურვილს, რაც, საბოლოო ჯამში, განაპირობებს მოსწავლეში წიგნიერების დაბალ დონეს. ამიტომ, სასკოლო განათლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანა მოსწავლეთა წიგნიერების განვითარების ხელშეწყობაა.

წაკითხულის გააზრება გულისხმობს მოსწავლის მიერ წაკითხულის გაგებას, ტექსტში გამოყენებული პრაქტიკულად ყველა სიტყვის გააზრებას როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით. ამისთვის მას უნდა ჰქონდეს ასაკის შესაფერისი სიტყვათა მარაგი, შეეძლოს გრამატიკული კონსტრუქციების გამართულად აგება, უნდა არკვევდეს წინადადებებს შორის აზრობრივ დამოკიდებულებას, წაკითხულის შინაარსის გადმოცემისას შეეძლოს სათანადო სინონიმების გამოყენება. გააზრება, წაკითხულის აღქმა არა მარტო ტექნიკური უნარებით, არამედ მეტყველების უნარის დონითაც განისაზღვრება. სწორედ ზემოთ აღნიშნული გარემოებები უნდა გაითვალისწინოს მასწავლებელმა და სწავლების პროცესი იმგვარად დაგეგმოს, რომ უცხო ენის გაკვეთილზე ხელი შეუწყოს არა მარტო მოსწავლეთა ჩართულობის ზრდას, არამედ კითხვის პროცესში სიამოვნების მიღებას.

გთავაზობთ რამდენიმე თანამედროვე და მიზანმიმართულ სტრატეგიას, ჩემი პრაქტიკიდან, წაკითხულის გაგება-გაანალიზების გასაუმჯობესებლად:

  1. „ვიცი, მინდა ვიცოდე, ვისწავლე“ (KWL – Know, Want to know, Learned)

წინარე ცოდნის აქტივაციას დიდი მნიშვნელობა აქვს წაკითხულის გაგება-გააზრებისას. ეს არის ინფორმაცია, რომელსაც მოსწავლე იმ საკითხთან თუ თემასთან დაკავშირებით ფლობს, რომელსაც წასაკითხი ტექსტი ეხება. წინარე ცოდნის აქტივაციით, ის ახერხებს არსებული ცოდნის შესასწავლ მასალასთან დაკავშირებას, რაც მნიშვნელოვნად ეხმარება ახალი ინფორმაციის გაგებასა და დამუშავებაში. ამ მიზნით, ძალიან ხშირად, ვიყენებ კოგნიტურ დიაგრამას „ვიცი, მინდა ვიცოდე, ვისწავლე“. ცხრილის პირველ სვეტში – „ვიცი“ – მოსწავლეებმა უნდა ჩაწერონ, თუ რა წინარე ცოდნა აქვთ შესასწავლი საკითხის შესახებ; შემდეგ ისინი უნდა დაფიქრდნენ და მომდევნო სვეტში – „მინდა ვიცოდე“ – ჩამოწერონ კითხვები, რომლებიც გაუჩნდათ შესასწავლ თემასთან დაკავშირებით; ხოლო საკითხის შესწავლის პროცესში ან მისი დასრულების შემდეგ, შეავსონ ბოლო სვეტი – „ვისწავლე“ – ახალი ინფორმაციით, რომელიც სწავლის პერიოდში მიიღეს. მოცემული ინსტრუმენტის გამოყენება შეიძლება როგორც მხატვრულ, ისე საინფორმაციო ტექსტებზე მუშაობისას. ეს საშუალებას გვაძლევს, გავააქტიუროთ და შევაფასოთ მოსწავლეთა წინარე ცოდნა, გავაძლიეროთ მათი სურვილი, შეისწავლონ ახალი მასალა და, ამავე დროს, ხელთ გვქონდეს მოსწავლეთა პროგრესის დამადასტურებელი დოკუმენტი.

  1. სიტყვების კედელი (Word Wall)

წაკითხულის გაგება-გააზრება მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული ლექსიკურ მარაგზე – რაც უფრო მდიდარია მოსწავლის ლექსიკური მარაგი, მით უფრო წარმატებულია იგი, როგორც მკითხველი. სწორედ ამიტომ, ჩემს საკლასო ოთახში, თქვენ აუცილებლად შენიშნავთ სიტყვების კედელს. მისი არსებობა ჩემს მოსწავლეებს ეხმარება შესასწავლი საკითხის სიღრმისეულ გააზრებაში, ლექსიკური მარაგის გამდიდრებასა და კითხვის გაწაფვაში. სიტყვების კედელი საკლასო ოთახში, საგანგებო ადგილას გამოკრული, სხვადასხვა პრინციპით დაჯგუფებული, სიტყვების ბარათებია. როგორც წესი, განთავსებულია მოსწავლეებისთვის ადვილად დასანახ ადგილას, ისე, რომ მოსახერხებელი იყოს სიტყვის ბარათების მოკლება ან დამატება. ამ რესურსისთვის სიტყვების შერჩევის სხვადასხვა პრინციპი არსებობს და, შესაბამისად, სიტყვების კედელიც სხვადასხვა ტიპის შეიძლება იყოს. მაგალითად: ანბანური სიტყვების კედელი, თემატური სიტყვების კედელი და სხვა.

ინგლუსური ენის გაკვეთილზე ახალი ტექსტის წაკითხვის შემდეგ, თემატური სიტყვების კედელზე, ვამატებთ სიტყვებს. ამ პროცესში აქტიურად ვრთავ მოსწავლეებს და ვეკითხები, მათი აზრით, რომელი სიტყვები განვათავსო კედელზე? რა ფერის ფურცლებზე დავწეროთ სიტყვები იმ შემთხვევაში, თუ მინდა, განვასხვავო არსებითი სახელი, ზედსართავი სახელი და ზმნა? ამის შემდეგ, შეიძლება, მოსწავლეებს შევთავაზო სხვადასხვა აქტივობა, ამ სიტყვების პრაქტიკაში გამოყენების მიზნით. მაგალითად: მოიფიქრეთ თემატურის სიტყვების კედელზე მოთავსებული სიტყვების ანტონიმები ან სინონიმები; ამა თუ იმ სიტყვაზე მოიფიქრეთ ნებისმიერი ასოციაციური სიტყვა; სიტყვების გამოყენებით, შეადგინეთ წინადადებები და განავრცეთ, სიტყვების მიხედვით შეადგინეთ ილუსტირებული/განმარტებითი ლექსიკონი; სიტყვების გამოყენებით მოიფიქრეთ ამბავი და სხვა. თემატური სიტყვების კედლის დამზადება მასწავლებლისგან არცთუ მცირე დროსა და ენერგიას მოითხოვს, მაგრამ მოსწავლეების მიერ მიღებული სარგებელი დახარჯულ დროდ ნამდვილად ღირს.

  1. ჯენგას თამაში წაკითხულის გასააზრებლად (Jenga reading comprehension)

საკითხის სრულყოფილად გასააზრებლად, ასევე, მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებმა ისწავლონ კითხვის დასმა წაკითხულის ირგვლივ და, ამასთანავე, მასწავლებლის მიერ დასმულ კითხვებზე პასუხების გაცემა. თუკი მოსწავლეები ისწავლიან, როგორ და რა სახის კითხვები დასვან კითხვის დაწყებამდე, კითხვის დროს და მისი დასრულების შემდეგ, ბუნებრივია, ეს მნიშვნელოვნად გაზრდის მათ ინტერესს ტექსტის მიმართ და საშუალებას მისცემს, უფრო ღრმად გაიაზრონ იგი.

ტექსტის წაკითხვის შემდეგ კითხვებზე პასუხის გაცემის სტანდარტული და მოსაბეზრებელი აქტივობა შევცვალე და ჯენგას თამაშს ტექსტის გაგების ზოგადი კითხვები დავამატე. ჯენგა ყველასთვის ნაცნობი და სახალისო თამაშია. ჯენგას თამაშის წესია – ძირიდან ნელ-ნელა გამოიღოთ ნაწილები და ზედაპირზე ისე განათავსოთ, რომ „კოშკი“ არ დაინგრეს.

ეს თამაში შესანიშნავია, ოჯახთან და მეგობრებთან ერთად, დროის ხალისიანად გასატარებლად, ხელს უწყობს მსჯელობის, ვიზუალური აღქმის, მოტორული უნარების და გონებრივ განვითარებას. ჯენგას ნაწილებზე ვაწერთ კითხვებს, მოსწავლეები, თამაშის დროს, იღებენ ნაწილს და დებენ ზედაპირზე, თუ ამ ნაწილს აწერია კითხვა, უნდა გასცენ პასუხი. თუ მოთამაშე ვერ შეძლებს პასუხის გაცემას, ეთიშება თამაშს. აღნიშნულ აქტივობაში შეიძლება ყველა მოსწავლის ჩართვა. შესაძლებელია შესთავაზოთ როგორც დაწყებითი, ასევე მაღალი კლასის მოსწავლეებს. მოიფიქრეთ, რაც შეიძლება მეტი, კითხვა და დაწერეთ ჯენგას ნაწილებზე, რადგან თამაშისას არსებობს იმის რისკი, რომ საერთოდ არ ამოვიდეს შეკითხვა. გთავაზობთ, მაგალითის სახით, კითხვებს:

  • რომელ ლიტერატურულ ჟანრს განეკუთვნება ნაწარმოები?
  • რის შესახებ არის ტექსტი?
  • როგორ იწყება ამბავი?
  • ვინ არიან ამბის მთავარი გმირები?
  • სად და როდის ხდება მოქმედება?
  • რა არის ამბავში მთავარი პრობლემა?
  • აღწერე შენი საყვარელი გმირი?
  • შენი აზრით, ნაწარმოების რომელი ეპიზოდია ყველაზე მნიშვნელოვანი და რატომ?
  • რა დადებითი და რა უარყოფითი მხარეები აქვს ნაწარმოებში აღწერილ კონკრეტულ მოვლენას?
  1. ადაპტირებული კლასიკა ინგლისურად

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის ,,ადაპტირებული კლასიკა ინგლისურად“ არის სერია, რომელიც აერთიანებს ინგლისურ ენაზე ადაპტირებულ, ილუსტრირებულ კლასიკურ ნაწარმოებებს, სავარჯიშოებითა და აუდიომასალით. ამ სერიის წიგნები ექვს დონედაა დაყოფილი და თითოეული მათგანი:

  • ადაპტირებულია;
  • ილუსტრირებულია;
  • შესავალში მკითხველს აწვდის ინფორმაციას ავტორისა და წიგნში აღწერილი გარემოს შესახებ;
  • მოიცავს აუდიომასალას, რომლის მოსმენაც მოსწავლეებს ონლაინ შეუძლიათ.

ადაპტირებული კლასიკის სერიაში შესული წიგნები, ინგლისური ენის შესწავლაში, ნებისმიერ მსურველს დაეხმარება, განსაკუთრებით კი, მოსწავლეებს, რადგან სერიის თითოეული დასახელება სრულად შეესაბამება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ სტანდარტებსა და უცხო ენის სწავლა-სწავლების პრიორიტეტულ მიზნებს. წიგნები მკითხველს აძლევს საშუალებას, მრავალფეროვანი სავარჯიშოებით გაიმყაროს მიღებული ცოდნა – ორიენტირებულია ლექსიკის, გრამატიკის, მოსმენისა და წაკითხულის გააზრების უნარების განვითარებაზე.

სასწავლო კურიკულუმის გამდიდრების მიზნით და წაკითხულის გააზრების უნარზე მიზანმიმართულად სამუშაოდ, მიმდინარე სასწავლო წელს, აღნიშნული სერიიდან, მე-5 კლასში, მოსწავლეებთან ერთად, შევარჩიე წიგნი ,,ალისა საოცრებათა ქვეყანაში A1“ (Alice’s Adventures In Wonderland). გამოვყავით ერთი დღე კვირაში და დავიწყეთ წიგნის კითხვა. წიგნში ნაწარმოები წარმოდგენილია თავების სახით და თითოეულ თავს  მრავალფეროვანი სავარჯიშოები ახლავს, წაკითხვამდე და წაკითხვის შემდეგ. გარდა წიგნში შემოთავაზებული სავარჯიშოებისა, ნაწარმოების დამუშავების პროცესში, გამოვიყენე სხვადასხვა აქტივობები: ვარაუდებით კითხვა, როლური თამაში – კონკრეტული ეპიზოდების გათამაშება, ახალი სიტყვების ილუსტრირებული ლექსიკონი, ფილმიდან ნაწყვეტების ნახვა და ტექსტთან შედარება. რა თქმა უნდა, წიგნის კითხვის პერიოდში, საკლასო ოთახში, თემატური სიტყვების კედელი შევქმენით და ვითამაშეთ ჯენგა, კონკრეტული თავების გასააზრებლად. მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა როგორც კითხვის პროცესი, ასევე დავალებებზე მუშაობა.

დასკვნის სახით, შემიძლია ვთქვა, რომ დაწყებით კლასებში გააზრებული კითხვის სწავლებას უდიდესი როლი ენიჭება მოსწავლის შემდგომი განვითარებისთვის. გააზრებული კითხვა დაეხმარება მას, სწავლების შემდგომ საფეხურებზე, გაუადვილდეს სხვადასხვა დისციპლინის აღქმა-გაგება-გააზრება.

 

გამოყენებული ლიტერატურა და წყაროებ

  1. ეროვნული სასწავლო გეგმა 2018-2014;
  2. პ. პაპავა, ნ. ნაცვლიშვილი, ნ. მახარობლიძე, მ. მახარობლიძე, ქ. ფიცხელაური – კითხვის ეფექტური მეთოდები (მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი);
  3. კითხვისა და წერის სწავლება დაწყებით საფეხურზე – სასწავლო მეთოდოლოგიური რესურსების კრებული (საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტი);
  4. ვებპორტალი „კარგი სკოლა“ – http://kargiskola.ge
  5. http://remediapublications.blogspot.com/2014/07/unique-activities-to-boost-reading.html
  6. https://sulakauri.edu.ge/product/alices-adventures-in-wonderland/

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები