23 ნოემბერი, შაბათი, 2024

ქრისტეს სიმბოლური სახები

spot_img

ჰაგიოგრაფიულ ნაწარმოებებში მეტაფორული სახით ხშირად გვხვდება ქრისტეს სახე-სიმბოლოები. განვიხილოთ რამდენიმე მათგანი.

ტარიგი

ტარიგი ნიშნავს შესაწირს, უბიწო კრავს. წინასწარმეტყველების მიხედვით, ქრისტე უნდა ყოფილიყო უკანასკნელი სისხლიანი მსხვერპლი. ჩვენი წელთაღრიცხვით 33 წელს, როდესაც ქრისტე გააკრეს ჯვარზე, მან სისხლი დაღვარა ჩვენთვის, რის შედეგადაც კაცობრიობის ცოდვები მთლიანად ჩამოირეცხა. ამ მოვლენის შემდეგ, დაიწყეს ეკლესიებში ზიარება, როცა ხდება წითელ ღვინოში დამბალი პურის მიწოდება მრევლისთვის.

მწყემსი

მწყემსი ერთგვარი სიმბოლოა ქრისტესი,რადგან ქრისტიანები, რომლებიც შეცდომილნი იყვნენ, ქრისტემ მტრისგან (ეშმაკისგან) იხსნა და მოაქცია მისკენ. ,,შუშანიკის წამებაში“ იაკობი ეუბნება შუშანიკს: – მტერმა არ ჰპოვოს საძოვარი შენს სულში, როგორც სვრილმა. აქვე ნახსენებია,რომ ქრისტემ არგნით დაამარცხა ეშმაკი, როგორც მწყემსი იხსნის ხოლმე ფარას მგლებისგან, თუ ბოროტების კერძი გავხდით (ცოდვაში ფეხი ჩავდგით), ქრისტე გაგვათავისუფლებს მისგან.

კარი

კარი ქრისტეს ერთ-ერთი სიმბოლური სახეა, ვინაიდან კარის საშუალებით შევდივართ შენობაში, ხოლო ქრისტე კი, ქრისტიანებისთვისაა კარი ცათა სასუფეველში შესასვლელად. ზუსტად ამიტომ აიგივებს იოანე საბანისძე კარს ქრისტესთან.

თავსაკიდური ლოდი

იოანე საბანის ძე გადმოგვცემს აბოს დიალოგს აფხაზეთის მთავართან, თუ როგორ ასწავლის წმინდა აბო ლეონ მესამეს, რომ ნამდვილი ქრისტიანი მტკიცედ უნდა იდგეს, იცავდეს და ქადაგებდეს საკუთარ სარწმუნოებას. ამასთან ერთად, აბოს შეპყრობის შემდეგ, ხორციელდება ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა. ყოველივე ამის მიუხედავად, ის ისეთივე მტკიცეა რწმენაში, როგორც ნამდვილ ქრისტიანს შეჰფერის. ზუსტად ასეთი მტკიცეა თავსაკიდელი ლოდი, რომლის სიმტკიცე გაიგივებულია აბოს სიმტკიცესთან. თავსაკიდელი ლოდი ის ლოდია, რომელიც იდგმება თავზე, მაგრამ დაიწუნეს მშენებლებმა (მრუშებმა და ძველი აღთქმის მიმდევრებმა), საძირკველში ჩააგდეს და არ მისცეს საშუალება, გაეერთიანებინა კედლის ორივე მხარე. ხოლო საძირკველი შენობის მთავარი ნაწილია. ვინაიდან მასზე შენდება ყველაფერი, ისაა ყველაფრის საყრდენი. ქრისტეც გახდა საძირკველი, საყრდენი ქრისტიანობისა.

მზე სიმართლისა

იოანე საბანის ძე ქრისტეს მოიხსენიებს, როგორც მზეს სიმართლისა, რადგანაც მან თქვა „გამობრწყინდება ის, როგორც სიმართლის მზე და მის ქვეშ თუ კი ვინმე არის, ყველას კურნება ექნება“. წინასწარმეტყველი გულისხმობს, რომ როგორც მზე ანათებს და ათბობს ყველას, ქრისტეც ასე გვათბობს და გვაძლიერებს. ის არის სიმართლის მზე და მისი ფრთების ქვეშ ყველა კარგადაა. ეს არის მზე, რომელიც ფარავს და ათბობს, და არა მზე, რომელიც შემაწუხებელ სიცხეს წარმოქმნის.

მატლი

მატლი ქრისტეს ერთ-ერთი სიმბოლოა, რადგან მან თქვა: „მე მატლი ვარ და არა კაცი“. რაც იმას ნიშნავს, რომ როგორც თევზებს იზიდავს ნემსკავზე მატლი, ისე მოიზიდა ღმერთმა ადამიანები. აქედან დასკვნა გამოგვაქვს, რომ ქრისტემ ადამიანის ფორმა მიიღო, რათა ადამიანები მიეზიდა, ვინაიდან ღმერთის ფორმით რომ მისულიყო, მისი სიდიადის გამო უბრალოდ ვერ შეძლებდნენ მის აღქმას.

გზა

გზა ქრისტეს სიმბოლური სახეა, რომელსაც კონკრეტულ ობიექტზე მივყავართ, როგორც ქრისტეს ცათა სასუფეველში. ქრისტე ყველა ქრისტიანისთვის სამოთხემდე მისასვლელი გზაა.

ზურაბ კურდღელაშვილი, გორის მუნიციპალიტეტის ტინისხიდის საჯარო სკოლა

მელანო ჭინჭარაძე, რუსთავის №6 საჯარო სკოლა

გურამ ჯაფარიძე, თბილისის პირველი კლასიკური გიმნაზია

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები