24 ნოემბერი, კვირა, 2024

ქართული ანბანი

spot_img

 

  ბარბარე შველიძე – თბილისის 49-ე      საჯარო სკოლის  მე-11 კლასის            მოსწავლე

მეცნიერები ამტკიცებენ, რომ წმინდა ანბანური სისტემის შემოღება ფინიკიელების სახელს უკავშირდება. ფინიკიური ანბანის საფუძველზე შექმნილმა ბერძნულმა და არამეულმა დამწერლობებმა დასაბამი დაუდეს დასავლურ და აღმოსავლურ ანბანურ სისტემებს.

ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე გარკვეული ტრანსფორმაცია განიცადა ქართულმა ანბანმა. მის განვითარებაში სამ სხვადასხვა საფეხურს გამოყოფენ, ესენია: ასომთავრული, ნუსხური და მხედრული. ერთ-ერთი საკმაოდ გავრცელებული მოსაზრების თანახმად, ქართული ასომთავრული (მრგლოვანი), ბერძნულისა და არამეულის მსგავსად, შექმნილია უშუალოდ ფინიკიური დამწერლობის საფუძველზე, დაახლოებით ძვ.წ. V საუკუნეში. ქართული ასომთავრული ანბანი იმეორებს სემური დამწერლობის ანბანურ პრინციპებს:

  1. ასო-ნიშნებს იდეოგრაფიული მნიშვნელობა აქვთ (გრაფიკული სიმბოლო იდეოგრაფიულ დამწერლობაში გამოხატავს მთელ სიტყვას ან იდეას);
  2. ყოველი ასო-ნიშნის იდეოგრაფიულ მნიშვნელობას შესაბამისი ასო-ნიშნის სახელდება აცხადებს;
  3. ასო-ნიშნებს თანმიმდევრობის მიხედვით, ანბანურ მწკრივში, კალენდარული რიცხვითი მნიშვნელობა აქვთ (ე.წ. რიგითი სათვალავი);
  4. ასო-ნიშნებს აქვთ ერთეულების, ათეულებისა და ასეულების რიცხვითი მნიშვნელობა (ე.წ. ანბანური სათვალავი).

ასე რომ, ერთი შეხედვით უმარტივესი ანბანური მწკრივი, სინამდვილეში, დამწერლობის ურთულესი, ღრმად გააზრებული სისტემაა, რომელიც შექმნილია ერთ დროს და ერთდროულად, როგორც ერთი კონსტრუქციული სისტემა.

საფიქრებელია, რომ ქართულ ანბანში ჰაე და ჰოე მოგვიანებით დაემატა ბერძნული ანბანის გავლენით, როცა უკვე დავიწყებული იყო ანბანის კალენდარული მნიშვნელობა.

ასომთავრულით შესრულებული ადრეული ნიმუშებია დავათის სტელა (367 წელი), პალესტინის 433 წლის ბაკურისა და გრი-ორმიზიდის წარწერა, ბოლნისის სიონის 493-494 წლების სამშენებლო წარწერა, V-VI საუკუნეების პალიმფსესტური ხელნაწერები, მცხეთის ჯვრის VI-VII საუკუნის წარწერები და ა.შ.

ყველა უძველესი ანბანი დასასრულის მაუწყებელი ნიშნით – ჯვრით მთავრდება. ქართული ანბანის 35-ე გრაფემად ჯვრის იდეოგრამა ზის და, აკროფონული პრინციპის შესაბამისად, ასო-ნიშანს ჯვრის პირველი ბგერის „ჯ“-ს მნიშვნელობა აქვს მინიჭებული; აქვე დავამატებ, რომ ჯვარი არ არის მხოლოდ ქრისტიანული სიმბოლო.

ნუსხური დამწერლობა ასომთავრულის განვითარების შედეგია. მისი დამწერლობის მაგალითები IX საუკუნიდან გვხვდება. XI საუკუნემდე იგი უპირატესად „სასტრიქონოდ“ გამოიყენებოდა, ასომთავრულთან ერთად. XII საუკუნიდან არსებობს ხელნაწერები, რომლებიც მთლიანად ნუსხურითაა შესრულებული. ფართოდ გამოიყენებოდა XVIII საუკუნის ჩათვლით. ითვლება, რომ ნუსხური განვითარდა ბერძნული„სასტრიქონო“ დამწერლობის გავლენით (მისი სახეობა და არა ფორმა).

ასომთავრულსა და ნუსხურს ერთად „ხუცურსაც“ უწოდებენ, რადგან ამ სახეობებით, ძირითადად, სასულიერო პირები, ხუცები სარგებლობდნენ საეკლესიო საჭიროებისათვის. ნუსხური დამწერლობა ასომთავრულის უკვე განვითარებული ფორმებიდან წარმოიშვა. VIII საუკუნეში დასრულდა მრგლოვანი მოხაზულობების რკალურ ფორმებზე გადასვლა და ზოგიერთ ასოში ორხაზოვანი სისტემის დარღვევა. ნუსხურში ასოები ოთხ ხაზშია განაწილებული და ამდენად, უკვე სხვადასხვა სიმაღლისაა. ნუსხური კუთხოვანი, სწრაფი, მარჯვნივ გადახრილი დამწერლობაა. ამასთანავე, ასოები გაბმით იწერება.

მხედრული დამწერლობა ქართული ანბანის განვითარების ბოლო საფეხურად ითვლება. იგი ნუსხური ასოების გამარტივების გზითაა მიღებული. მხედრული დამწერლობის ადრეული ნიმუშები უკვე მე-10 საუკუნიდან გვხვდება, მხედრულის პირველ ნიმუშად ატენის სიონის წარწერაა მიჩნეული, რომელსაც მეცნიერები 982-986 წლებით ათარიღებენ. თანამედროვე ქართულ ანბანში 33 ასოა. ძველ ანბანში 38 ასო-ნიშანი იყო, რომელთაგან 5 ილია ჭავჭავაძისეული რეფორმის შემდეგ აღარ გამოიყენება. ეს 5 ასო ანბანიდან ამოიღეს, რადგან მათი შესატყვისი ბგერები ცოცხალ მეტყველებაში აღარ გამოიყენებოდა.  ივანე ჯავახიშვილი ადრეულ მხედრულ დამწერლობას მრგლოვან ნუსხა-ხუცურს და მდივან-მწიგნობრულ დამწერლობას უწოდებს.

XIX საუკუნის მიწურვამდე ქართული დამწერლობის სამივე სახეობა გამოიყენებოდა. ბოლო საუკუნეებში მხედრულმა დამწერლობამ უპირატესობა მოიპოვა. ბეჭდური საქმის დამკვიდრებისა და განვითარების შედეგად კი იგი ძირითად, საყოველთაო ქართულ დამწერლობად იქცა. მხედრული დამწერლობის საფუძველზე შეიქმნა ქართული ბეჭდური მწიგნობრული შრიფტები.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები