„CinéDOC-სკოლის“ 8 მასწავლებელი, რომლებიც კონკურენტული აპლიკაციების განხილვის შემდეგ მოხვდნენ ორი საერთაშორისო ფესტივალის სელექციაში, გაზაფხულზე, ფესტივალებსა და სხვადასხვა ვორქშოფებს დაესწრებიან.
მათგან ექვსი პედაგოგი – ლელა წურწუმია, სოფო გოგოხია, შუშანა ტარიელაძე, ია ძირკვაძე, ელისო ვადაქარია და ანა კინწურაშვილი შვედეთში, კერძოდ მალმოში, ბავშვებისა და მოზარდების ფილმების ფესტივალში (BUFF) მიიღებენ მონაწილეობას, რომელიც 1984 წლიდან არსებობს და ბავშვებისა და მოზარდებისთვის შექმნილი ფილმების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფესტივალია. ხოლო ორი პედაგოგი – მაია მენაბდე და მეგი კურტანიძე – მონაწილეობას მიიღებს CPH:DOX – საერთაშორისო დოკუმენტური ფილმების ფესტივალზე დაგეგმილ ახალგაზრდულ ჩვენებებსა და გვერდით ინდუსტრიულ ღონისძიებებში. CPH:DOX მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კინოფესტივალია.
რას ნიშნავს ქართველი მასწავლებლებისთვის „CinéDOC სკოლა“ და რამდენად მნიშვნელოვანია დოკუმენტური ფილმი სასწავლო პროცესში – ამ თემაზე საუბრობენ სოფიო გოგოხია – „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ 2021 წლის გამარჯვებული, აფხაზეთის №10 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი და ია ძირკვაძე, სამტრედიის №1 და №11 საჯარო სკოლების ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.
პირველ რიგში, მათ ერთგვარი განმარტება გააკეთეს „CinéDOC სკოლის“ შესახებ და მის მნიშვნელობასაც გაუსვეს ხაზი. ირა ძირკვაძის შეფასებით, „CinéDOC არის პროექტი, რომელიც ბავშვებს ჯადოსნურ სამყაროში ამოგზაურებს. ეს არის ბავშვების ასაკობრივი თავისებურებებისა და ინტერესების მიხედვით შერჩეული დოკუმენტური ფილმების პლატფორმა, რომელშიც მასწავლებელი (შესაძლოა, მოსწავლეებთან ერთად) არჩევს ფილმს, აჩვენებს საგაკვეთილო პროცესში ან საკლუბო/არაფორმალურ შეხვედრაზე, რის შემდეგაც იმართება დისკუსია. ბავშვები, მშვიდ გარემოში, გამოხატავენ საკუთარ აზრს, უსმენენ ერთმანეთს, მსჯელობენ და ივითარებენ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს. იღებენ ინფორმაციას საქართველოსა თუ სხვა ქვეყნებში მცხოვრები თანატოლებისა და უფროსების ყოველდღიური ცხოვრების შესახებ“. სოფიო გოგოხია ამბობს, რომ: „პროექტი „CinéDOC სკოლა“ ითვალისწინებს სწავლებას დოკუმენტური ფილმების მეშვეობით. სწორედ აქედან გამომდინარე, დოკუმენტური ფილმის, როგორც რესურსის, გამოყენება შესაძლებელია როგორც ფორმალურ, ისე არაფორმალურ განათლებაში. გარდა იმისა, რომ „CinéDOC სკოლა“ თავად გვაწვდის გამზადებულ რესურსებს გამართული პლატფორმის მეშვეობით, თითოეულ მასწავლებელს ეხმარება მრავალფეროვანი აქტივობების დაგეგმვაში, დისკუსიის სხვადასხვა სტრატეგიით წარმართვაში, მინი-კინოფესტივალებისა და საზაფხულო კინოსკოლების მოწყობაში და ა.შ. ამ პროექტის წყალობით უამრავ სკოლაში შეიქმნა და მუშაობს კინოკლუბი. პლატფორმა იძლევა საშუალებას, დარეგისტრირდნენ როგორც მასწავლებლები, ასევე მოსწავლეები და ისარგებლონ საგულდაგულოდ შერჩეული კინოთეკით“.
⇒ „CinéDOC სკოლის“ ფარგლებში განხორციელებული პროექტები
სოფიო: პირველად CinéDOC-ის შესახებ 2017 წელს გავიგე ყოფილი მოსწავლისგან, რომელიც ფესტივალის ახალგაზრდული ჟიურის წევრი იყო. უშაულოდ ჩვენი და CinéDOC-ის ისტორია კი 2018 წლიდან იწყება. მაშინ სასკოლო პროექტი ჯერ არც არსებობდა და ჩვენი სკოლის კინოკლუბ „დუბლის“ მეგობრებისა და წევრების შემოთავაზება მივიღეთ – უნდა დავსწრებოდით CinéDOC-ის საერთაშორისო კინოფესტივალის კინოჩვენებებს. მათ ასევე შემოგვთავაზეს სხვადასხვა აქტივობაში ჩართვა.
რა თქმა უნდა, უარი არ გვითქვამს და მაშინ მოსწავლეების უმეტესობამ პირველად ნახა ნამდვილი კინოდარბაზი, კინოეკრანი. ის დღე დაუვიწყარი იყო ჩვენთვის. ასე დავიწყეთ მეგობრობა CinéDOC-თან, რაც დღემდე არც შეწყვეტილა.
ასე დაიწყო ჩვენი სტუმრობა ფესტივალებზე ჯერ თბილისში, შემდეგ ბათუმში. CinéDOC-ის წარმომადგენლები ჩამოდიოდნენ ჩვენთან და ჩვენი სკოლისა და კინოკლუბის საუკეთესო მეგობრები გახდნენ. კინოჩვენებები დასწრებულად თუ ონლაინ, დისკუსიები, ფესტივალებზე ჩართვა, ლექციები, მასტერკლასები, ფილმების გახმოვანება, საზაფხულო კინოსკოლა, გასვლითი კინოჩვენებები – „CinéDOC-მობილი“, ტრენინგები – ეს ჩვენი ერთობლივი აქტივობების არასრული ჩამონათვალია.
ია: პროექტი ყოველწლიურად იღებს ახალ მასწავლებლებს. უკვე ჩართული მასწავლებლები რეკომენდაციას უწევენ სხვა მასწავლებლებს, შემდეგ მიმდინარეობს გასაუბრება და პროექტის ახალი წევრების მიღება. მეც ამ სქემით მოვხვდი პროექტში.
უნდა აღვნიშნო, რომ იმავე წელს მომიხდა სამუშაო ადგილის შეცვლა და სამტრედიის №1 საჯარო სკოლაში გადმოვედი, სადაც უკვე დამხვდა „სინედოკში“ ჩართული ძალიან შრომისმოყვარე, იდეებით აღსავსე მასწავლებელი – ეკატერინე შვანგირაძე. უკვე ორი წელიწადია, რაც ჩვენ ძალიან შეხმატკბილებულად ვთანამშრომლობთ და ვმართავთ ფილმის ჩვენებებს როგორც ცალ-ცალკე, ისე გაერთიანებულად. ამჟამად „CinéDOC-კლუბს“ ორ სკოლაში – სამტრედიის №1 და №11 საჯარო სკოლებში ვხელმძღვანელობ. ორივე სკოლაში კლუბი როგორც ადმინისტრაციის, ისე სასკოლო საზოგადოების თითოეული წევრის მხარდაჭერითა და სიყვარულით სარგებლობს. გაერთიანებულ ჩვენებებსაც ვმართავთ.
სექტემბრის დასაწყისში, სამტრედიის №6 საჯარო სკოლასა და ღანირის საჯარო სკოლებთან ერთად, სამდღიანი მინი-ფესტივალი გავმართეთ. ფესტივალზე მოწვეული გვყავდა თემის წარმომადგენლები, მათ შორის ქალაქის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, „სინედოკის“ სულის ჩამდგმელები – არჩილ ხეთაგური, ილეანა სტანკულესკუ და ქეთი ცირიკიძე. ასევე, ჩვენ მიერ ნაჩვენები ერთ-ერთი ფილმის რეჟისორი – მაგდა გველესიანი. ფესტივალი ძალიან საინტერესო იყო და მოსწავლეებმა მნიშვნელოვანი გამოცდილება მიიღეს, ისინი თავად იყვნენ ფესტივალის დაგეგმვა/განხორციელებაში ჩართული. განიმსჭვალნენ დადებითი ემოციებითა და ახალი იდეებით. გარდა ამისა, ჩვენმა მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს „CinéDOC სკოლის“ ერთ-ერთი ფილმის – „სკაის“ გახმოვანებში.
აქვე აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ჩემი სკოლის ყველა მასწავლებელი გულშემატკივრობს „CinéDOC-კლუბს“, ესწრებიან ჩვენებებს და მინი-ფესტივალებს. აქტიურად აჩვენებენ „სინედოკის“ ფილმებს თავიანთ კლასებში. „CinéDOC-კლუბის“ განსაკუთრებული გულშემატკივარია ჩვენი სკოლის დირექტორი, რომელიც მუდამ ჩვენ გვერდითაა და აქტიური მხარდამჭერია. ასევე, ფესტივალის განმავლობაში მხარს გვიჭერდა ქალაქის ადმინისტრაცია და სხვა ორგანიზაციები, მაგ: ძალიან დაგვეხმარა საბავშვო ბაღი „ლილეო“ და დიდ ჯიხაიშში მდებარე ნ. ნიკოლაძის სახლ-მუზეუმის ადმინისტრაცია. მათ ფილმებისთვის დაგვითმეს სივრცეები და ჩართული იყვნენ ფესტივალის ორგანიზების პროცესში.
⇒ დოკუმენტური ფილმის როლი სკოლაში
სოფიო: კინოკლუბ „დუბლში“ ხშირად ვამბობთ ხოლმე, რომ ფილმებით სწავლება, ასე ვთქვათ, მოკლე გზით სიარულს წააგავს, უფრო ადვილად, სწრაფად და ამასთანავე სასიამოვნოდ სწავლობ. ეს შეეხება როგორც მხატვრულ, ასევე დოკუმენტურ ფილმებსაც. დოკუმენტალისტიკაზე სულ სხვა წარმოდგენა გვქონდა ადრე მეც და მოსწავლეებსაც და CinéDOC-თან შეხვედრის შემდეგ ეს წარმოდგენა რადიკალურად შეიცვალა, შეგვიყვარდა დოკუმენტური კინო, გავეცანით ჟანრებს (ინფორმაციული, პოეტური, დამკვირვებლური და სხვა.). ასე მიღებული ინფორმაცია ძალიან საინტერესოა, მრავალფეროვანი, სახალისო, ადვილად აღსაქმელი, ადვილადვე მიდის მოსწავლეების გულამდე, უადვილებს მათ გულახდილობას საუბრებისა და დისკუსიის დროს, წამოჭრის მეტად საჭირო თემებსა და საკითხებს. ხედავენ, რომ ყველას აქვს შანსი და საშუალება, შექმნას ისტორია, იყოს ერთგვარი მემატიანე და ეს პროექტი სწორედ ამისკენ უბიძგებს მათ.
ია: დოკუმენტური ფილმები ძალიან საინტერესო, შემეცნებითი და ემოციებით დატვირთული გზაა მოსწავლეთა თვალსაწიერის გასაფართოებლად. ბავშვები 30-40-წუთიანი ფილმებით ეცნობიან სხვა ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებას. მოსწონთ, განიცდიან, მსჯელობენ, ეძებენ გამოსავალს, ასახელებენ დადებით და უარყოფით მოვლენებსა და პერსონაჟებს… სწავლობენ ცუდისა და კარგის გარჩევას და უყალიბდებათ ემპათიურობის განცდა. მათთვის განსაკუთრებით საინტერესოა ის ფაქტი, რომ იციან, ფილმები, რომლებსაც უყურებენ, ნამდვილი ადამიანების ცხოვრებაზე მოგვითხრობს.
⇒ ფილმების თემატიკა და მოსწავლეების ინტერესი
სოფიო: „CinéDOC სკოლის“ პლატფორმაზე განთავსებული ფილმების თემატიკა ისეთი საინტერესო და მრავალფეროვანია, მოსწავლეთა დაინტერესება არ არის რთული. ფილმების დიდი ნაწილი მათივე ტოლ ბავშვების ცხოვრებაზეა, მათ სიხარულსა და პრობლემებზე, მათთან გამკლავების გზებზე. ბევრი რამ ნაცნობი და ახლობელია და შესაბამისად, ეს აადვილებს ყურებას, აღქმას. უბიძგებს მათ გულახდილად საუბრისაკენ.
აუცილებლად უნდა ითქვას, რომ არა მხოლოდ ფილმების გამართული პლატფორმით ვართ განებივრებულები, რომელზეც ყველა მასწავლებელს საკუთარი ანგარიშის მეშვეობით გვაქვს წვდომა, არამედ ყოველი ფილმი ყველა წესისა და კანონის დაცვითაა შეძენილი და ნებადართულია მათი ჩვენება „CinéDOC სკოლის“ მასწავლებლებისთვის. ამ პლატფორმაზე განთავსებული ყოველი ფილმი სწორედ ბავშვებისთვის არის განკუთვნილი და შერჩეული. თემატიკა ძალზე მრავალფეროვანია. ვირჩევთ აქტუალობის შესაბამისად, ან ვუსაბამებთ საკლუბო შეხვედრების თემატიკას, ან სულაც ვიყენებთ საგაკვეთილო პროცესში. ფილმების უმეტესობა მცირემეტრაჟიანია და საგაკვეთილო პროცესში მათი ჩაშენება მოსახერხებელია. გამოყენების დრო და ადგილი იცვლება, როგორც ჩავთვლით საჭიროდ და როგორც მოგვიხერხდება. რაც ყველაზე კარგია, „CinéDOC სკოლის“ ფილმები არა მხოლოდ საბაზო და საშუალო, არამედ დაწყებითი კლასების მოსწავლეებზეცაა გათვლილი და კარგი რესურსია დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის.
ია: ბავშვების დაინტერესება მაღალია. მათ ძალიან მოსწონთ სწავლა ციფრული საშუალებებით და ბუნებრივია, მოსწონთ ფილმების ნახვა, რის შემდეგაც ყველა ხალისითა და მონდომებით ერთვება დისკუსიაში. ფილმების ჩვენების შემდეგ ხშირად მოაქვთ ფილმის თემატიკაზე შექმნილი ნამუშევრები – ჩანახატები, ილუსტრაციები, კომიქსები და ა.შ. სკოლაში ყველამ იცის „CinéDOC-კლუბის“ შესახებ და ყველას განსაკუთრებით უყვარს ის.
„სინედოკის“ პლატფორმაზე ფილმები ასაკობრივი კატეგორიების მიხედვითაა განლაგებული. იმის მიხედვით ვარჩევ, რომელი თემაა აქტუალური ჩვენს კლასში, სკოლაში, თემში ან ზოგადად, ქვეყანაში. არის შემთხვევები, როდესაც ფილმებს გაკვეთილის თემატიკის მიხედვითაც ვარჩევ ან კლასში წარმოქმნილი პრობლემების გადასაჭრელად (მაგ: ბულინგი, გარიყული მოსწავლე და ა.შ.). აღნიშნულ ფილმებს ვიყენებ როგორც სასწავლო პროცესში, ისე არაფორმალური, კლუბური მეცადინეობების დროს. ჩემი კოლეგები ხშირად მომმართავენ, როდესაც კონკრეტულ თემატიკაზე სჭირდებათ ფილმი, მე ვარჩევ „სინედოკის“ პლატფორმაზე და ვმართავთ ჩვენებას. მაგალითად, დაწყებით საფეხურზე გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებული პროექტი გვაქვს და ვაჩვენეთ შესაბამისი თემატიკის ფილმი „ჯოვანი და წყლის ბალეტი“, რის შემდეგაც მოსწავლეებმა გამართეს დისკუსია და მოამზადეს თემატური პოსტერები.
⇒ ყველაზე დასამახსოვრებელი ჩვენება
სოფიო: ბევრი დასამახსოვრებელი ჩვენება-დისკუსია გვქონია. გამოვარჩევდი ფილმს „ბებია და ბაბუა“. მოსწავლეებს ძალიან მოეწონათ ფოტოებით მოყოლილი გადასახლების ამბები სტალინური რეპრესიების დროს. ფილმი ანიმაციური ელემენტებით იყო გალამაზებული და მოსწავლეებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. გარდა ფორმისა, ძალიან საინტერესო და შთამბეჭდავი იყო, თუ რას ყვებოდა მთავარი გმირი. ასეთი ფილმები უჩენს სურვილს, თავადაც მოყვნენ, ფოტოებით თუ ვიდეომასალის გამოყენებით. ამ პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანიც სწორედ ეს არის.
ია: ფესტივალზე ვაჩვენეთ ფილმი „ჰეი, გუნეშ!“, რომელიც სუბტიტრებით იყო მოცემული, თუმცა მოსწავლეებს ყურადღება წამით არ მოუდუნებიათ და ძალიან აქტიურად იყვნენ ჩართული დისკუსიაშიც. ფილმის თემატიკა იყო პატარა გოგონას (გუნეშის) ცხოვრება. ის, ოჯახთან ერთად, ცხვრის ფარას მწყემსავდა და არ მიუწვდებოდა ხელი განათლებაზე. მამას გული სწყდებოდა, შვილი განათლების მიღმა რომ რჩებოდა. საბოლოოდ, გოგონა სკოლაში მიიყვანეს. ბავშვები აღტაცებული დარჩნენ ფილმით. როგორც მოგახსენეთ, აღნიშნული ფილმის ჩვენება ფესტივალზე გვქონდა და უფროსებიც ხალისით ჩაერთვნენ დისკუსიაში.
⇒ განწყობა მალმოში გამგზავრებამდე
სოფიო: „CinéDOC სკოლა“ მანამდეც გვანებივრებდა სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილების გაზიარებით, სწორედაც რომ საერთაშორისო პროექტია. ჩვენ დავსწრებივართ ონლაინ შეხვედრებსა და ტრენინგებს დოკუმენტური ფილმებით სწავლების შესახებ ფრანგ, შვედ, რუმინელ მასწავლებლებთან, რეჟისორებთან მრავალი ქვეყნიდან. „CinéDOC სკოლის“ წარმომადგენლები რეგულარულად გვაწვდიან და გვიზიარებენ საინტერესო მასალას სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილების შესახებ, რათა ჩვენი მუშაობა უფრო ნაყოფიერი და მრავალფეროვანი იყოს. ჩემდა საამაყოდ უნდა ვთქვა, რომ CinéDOC-თან ურთიერთობის მრავალწლიანი გამოცდილების გარდა, წილად მხვდა პატივი, პროექტ „CinéDOC სკოლის“ დაარსებისა და ჩამოყალიბების მონაწილე ვყოფილიყავი. ჩვენი სკოლის კინოკლუბს უკვე რამდენიმე „CinéDOC თაობა“ ჰყავს და ასე მოვხვდი ამ საპატიო სიაში. რაც შეეხება განწყობას, წარმოუდგენლად მიხარია და კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც ასე გვიჭერს მხარს მასწავლებლებს და გვანებივრებს როგორც რესურსებით, ცოდნით, გამოცდილებით, ასევე ადამიანური ურთიერთობებით, რაც ძალიან ძვირფასი და მნიშვნელოვანია ჩვენთვის.
ია: ჩემთვის ეს არის ძალიან დიდი ბედნიერება, მოტივაცია და პასუხისმგებლობა.
მინდა, ამ ვიზიტიდან ბევრი და მნიშვნელოვანი ინფორმაცია ჩამოვიტანო, გავუზიარო კოლეგებს, რაც, საბოლოოდ, ჩემი სკოლის სინედოკ კლუბის საქმიანობას გახდის კიდევ უფრო მრავალფეროვანს, ჩვენი მოსწავლეები იქნებიან კიდევ უფრო ბედნიერები, წარმატებულები და ექნებათ უნარ-ჩვევები, გამოცდილება, რომელიც დაემხმარებათ სამომავლოდ მიიღონ სწორი გადაწყვეტილებები, იყვნენ ემპათიურები და საზოგადოების ღირსეული წევრები.
კიდევ ერთი კარგი ამბავი არის ის, რომ ჩვენი სკოლის მოსწავლე ანანო ბუბუტეიშვილი შეირჩა „სინედოკის“ საერთაშორისო პროექტში და მას ძალიან საინტერესო თავგადასავალი ელოდება დოკუმენტური ფილმების სამყაროში. ის დაესწრება ტრენინგებს და ისწავლის როგორ ხდება დოკუმენტური ფილმების გადაღება.
♦ ♦ ♦
სოფიო გოგოხია მიიჩნევს, რომ რაც უნდა კარგი და შესანიშნავი იყოს პროექტი, თავისი მიზნებითა და აქტივობებით, მთავარია, ვინ არიან განმახორციელებლები, ვინ მართავს მას და როგორ. ამბობს, რომ ამ მხრივ საოცრად გაუმართლა ყველა „CinéDOC-ელს“, ვისაც რამენაირი ურთიერთობა აქვს CinéDOC-თან და „CinéDOC სკოლასთან“. „არჩილ ხეთაგური და ილეანა სტანკულესკუ, CinéDOC-ის ყველა თანამშრომელთან ერთად, განსაკუთრებული პიროვნული თვისებების მქონე ადამიანები არიან, რომლებთან ურთიერთობა ცალკე ბედნიერებაა. ყველა მოსწავლეს ძალიან უყვარს „CinéDOC-ელები“ – არჩილი, ილე, ქეთი, ვანო და ყველა, ვინც ამ პროექტის წყალობით გავიცანით. ისინი ხშირად დადიან ჩვენთან, ჩხოროწყუში, ჩამოჰყავთ რეჟისორები, ჩვენ ხშირად ვსტუმრობთ მათ. ჩვენი სკოლისა და კინოკლუბისათვის ეს განსაკუთრებით საყვარელი პროექტი რომ არის, სწორედ ამ ჯგუფის დამსახურებაა. „CinéDOC სკოლა“ მართლა ერთი დიდი ოჯახია და ამას დაგიმოწმებენ მოსწავლეები, მელორი მასწავლებელი და ყველა, ვინც კი ჩაერთო“. სოფიო, საუბრის ბოლოს, პანდემიის პერიოდს იხსენებს და ამბობს, რომ მაშინ განსაკუთრებული როლი და მნიშვნელობა შეიძინა კინოკლუბის მოსწავლეებისთვის CinéDOC-ის ონლაინ შეხვედრებმა. „ეს იყო მართლა საოცრად დასამახსოვრებელი შეხვედრები, რომელმაც გადაგვატანინა ის წელი და გაგვიხალისა უფერული ჩაკეტილობა. ძალიან მიხარია, რომ დღეს „CinéDOC სკოლას“ უამრავი მასწავლებელი შეუერთდა“. ეს და სხვა უამრავი მოგონება აკავშირებს ამ პროექტთან მასწავლებლებსა და მოსწავლეებს – „CinéDOC-ელებს“, როგორც თავად ეძახიან.