ჩვენი რესპონდენტი ვაკო გოგუაძე, ტალინის ერთ-ერთ სკოლაში ინგლისურ ენასა და ლიტერატურას ასწავლის. რთული და წინააღმდეგობებით სავსე გზა, რომელიც ქართველმა მასწავლებელმა ტალინამდე გაიარა, ესტონური გამოცდილებით გაამდიდრა და უკვე 15-წლიანი პედაგოგიური სტაჟის მქონე ახალგაზრდა, საკმაოდ საინტერესოდ აანალიზებს ქართული ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის ხარვეზებს და ესტონური განათლების სისტემის წარმატების მიზეზებს, რომელმაც რიგითი საბჭოური რესპუბლიკიდან დღეს წამყვანი განათლების სისტემის მქონე დამოუკიდებელ ქვეყნად აქცია.
საკმაოდ ვრცელ ინტერვიუში შევეცადეთ მკითხველს მოვუყვეთ, თუ როგორია ტალინელი მასწავლებლის კარიერული გზა – რისი შეცვლა მოუხდა, რომ ფეხი აეწყო ესტონური სკოლისთვის და რა არის ის მთავარი პროფესიული შტრიხები, რომელიც პიზის ბოლო კვლევების თანახმად, ესტონეთის მოსწავლეებს საუკეთესო ათეულიდან მე-7 ადგილს აკუთვნებს. ემიგრანტი მასწავლებლის ემოციური წერილი კი იმის ნიშანია, რომ ახლა „სამშობლოში ღირსეულად დაბრუნების დრო დადგა…“
☑️ ვაკო, პირველ რიგში, მოგვიყევი როგორ მიხვედი ამ ძალიან საპასუხისმგებლო პროფესიამდე…
მინდა დავიწყო ჩემი ბავშვობის მოგონებებით. დედაჩემი მუსიკის მასწავლებელი იყო და ვფიქრობ, სწავლების უნარი მისგან მემკვიდრეობით მივიღე. სკოლაში კარგი მოსწავლე არ ვიყავი. დამაკმაყოფილებელ ქულებს ვიღებდი კლასში გადასასვლელად. თუმცა, უცხო ენების სწავლა მიყვარდა – რუსული და ფრანგული. სამწუხაროდ, მაშინ ინგლისური ენა არ ისწავლებოდა. სკოლაში კარგი აკადემიური მოსწრებით არ გამოვირჩეოდი, რადგან ვერ ვიმახსოვრებდი ბუნდოვან და ფაქტობრივ საკითხებს.
კითხვები, რომლებიც არ შემეძლო მასწავლებლისთვის დამევსვა, ჩემს მეხსიერებაში გროვდებოდა. მე და ჩემს კლასელებს კითხვების დასმის გვეშინოდა, რადგან თუ კითხვები მასწავლებელს არ მოეწონებოდა, შეიძლება სიტყვიერი შეურაცხყოფა მოეყენებინა. მახსოვს დრო, როცა წარმოვიდგენდი, რომ სადღაც სკოლაში მასწავლებელი ვიყავი, რომელსაც ერთ დღეს შეეძლო ამ ყველაფრის შეცვლა. ასე რომ, ჩემმა ბავშვურმა ტრავმებმა მიბიძგა, გავმხდარიყავი მასწავლებელი და ცვლილებების შემქმნელი სასკოლო განათლებაში.
2002 წელს, საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, ოჯახისგან ფინანსური დახმარება არ მქონია, რადგან მარტოხელა დედა სამ შვილს გვზრდიდა ბებიასთან ერთად. ასე რომ, ერთი წელი მქონდა იმისთვის, რომ თვითგანათლებით რამისთვის მიმეღწია. ბათუმში გვაქვს სოფლის სახლი დიდი ბაღით, სადაც ბევრი ბოსტნეული და ხილი მოგვყავდა და ღია ბაზარში ვყიდდით. სწორედ ამ დროს დავიწყე ინგლისურენოვანი წიგნების ყიდვა. ინგლისურის შესწავლა ყოველთვის მინდოდა.
2003 წელს ჩავაბარე ბათუმის სახელმწიფო პედაგოგიურ კოლეჯში – ინგლისური ენის სწავლების ფაკულტეტზე. ინგლისურ ენას შესანიშნავი ლექტორი, ქალბატონი თეა ხვიჩია მასწავლიდა, რომელმაც მიბიძგა, რომ ინგლისური ენის მასწავლებელი გავმხდარიყავი. ის და სწავლების მისეული მიდგომები დღემდე ჩემი ინსპირაციის წყაროა.
2005 წელს დავამთავრე კოლეჯი და პირველი ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩავირიცხე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერისტეტში ინგლისური ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე. პროგრამა იმდენად საინტერესო და გამოწვევებით სავსე აღმოჩნდა, რომ უფრო მეტად დავინტერესდი ინგლისური ენის მასწავლებელი გავმხდარიყავი. უნივერსიტეტის წლები საუკეთესოდ გავატარე და ბევრი ახალი მეგობარი შევიძინე. მახსოვს უკვე ვასრულებდი 4-წლიან საბაკალავრო პროგრამას, როდესაც უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში დაგვიბარეს საჯარო შეხვედრაზე; 2009 წელს ჩაეყარა საფუძველი მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სამინისტორის პროგრამას „ასწავლე საქართველოსთვის“, ამ შეხვედრაზე სწორედ აღნიშნული პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა. ეს შეხვედრა გახდა ყველაზე დიდი მოტივატორი, რომ ჩემი მომავალი პროფესია მასწავლებლობისთვის დამეკავშირებინა. პრეზენტაციიდან რამდენიმე დღის შემდეგ შევსებული აპლიკაცია გავაგზავნე. პროგრამა ითვალისწინებდა მაღალმთიან რეგიონებში კონსულტანტ-მასწავლებლად მუშაობას. კონკურსის სამი ეტაპი გავიარე – ტესტირება და 2 გასაუბრება. ასე დავიწყე ინგლისური ენის მასწავლებლად მუშაობა წალკის მუნიპალიტეტის სოფელ ავრანლოს საჯარო სკოლაში და აგერ უკვე 15 წელია ამ საქმით ვარ დაკავებული. 2 წელი ვასწავლიდი ამ სკოლაში, სადაც გავიზარდე პროფესიულად და პიროვნულადაც. წალკიდან შუახევის მუნიპალიტეტის სოფელ ნიგაზეულის საჯარო სკოლაში გადავედი იმავე პროექტით, რადგან შუახევი ბათუმთან უფრო ახლოს იყო და ასე შევძლებდი ჩემი ოჯახის მონახულებას შაბათ-კვირას. „ასწავლე საქართველოსთვის“ პროექტში გატარებულმა სამმა სასწავლო წელმა უკვალოდ არ ჩაიარა – ჩემი 5 მოსწავლე ინგლისური ენის მასწავლებელი გახდა.
☑️ და რატომ გადაწყვიტეთ ესტონეთში გაგეგრძელებინათ მასწავლებლის კარიერა და რა გამოცდილებით წახვედით ქვეყნიდან?
2012 წელს, სამწლიანი გამოცდილებით, დავბრუნდი ბათუმში, ჩემს მშობლიურ ქალაქში. დიდი სურვილი მქონდა, ბათუმის რომელიმე საჯარო სკოლაში დამეწყო ინგლისური ენის მასწავლებლად მუშაობა. სამწუხაროდ, არც ერთ სკოლაში არ გამოჩნდა ჩემთვის ადგილი, არც პროტექციით მიცდია სადმე დასაქმება. დედაქალაქში რამდენიმე სკოლას ჰქოდა ვაკანსია და ჩემი აპლიკაცია გავაგზავნე. მახსოვს, 250 ლარი სესხი ავიღე ლიბერთი ბანკიდან, რომ თბილისში ჩავსულიყავი, ერთი თვე მაინც მეცხოვრა, რომ გასაუბრებაზე მევლო. გამიმართლა და მუშაობა, ერთდროულად, ორ ორგანიზაციაში დავიწყე – ჯერ იყო ოქსფორდის ენების სკოლა, სადაც ვასწავლიდი ინგლისურს დიღმისა და ღრმაღელის სკოლებში. მერე იყო დღის ცენტრი „ანიკა“, სადაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს ვასწავლიდი ინგლისურს თბილისის მერიის პროგრამით, 2012-2013 წლებში. 2013 წელს გაიხსნა ნიუტონის სკოლა და გადავწყვიტე აპლიკაცია გამეგზავნა. ამ სკოლაში მუშაობის დაწყება ჩემთვის დიდი მიღწევა იყო, რადგან გამორჩეულად კომპეტენტურ პედაგოგიურ კოლექტივში მოვხვდი. ნიუტონის სკოლაში მუშაობის დროს წავიკითხე განცხადება, რომელიც საზღვარგარეთ სწავლას უკავშირდებოდა, კერძოდ, ბალტიისპირეთის ერთ-ერთ ულამაზეს და ისტორიულ ქალაქში, ტალინში. გავეცანი პროგრამებს, რასაც ადგილობრივი უნივერსიტეტები გვთავაზობდნენ. იმ დღესვე წარმატებით ჩავაბარე ინგლისური ენის ტესტირება. პროგრამების კოორდინატორს დავუტოვე ჩემი დიპლომების ასლები და ერთი თვის შემდეგ, სამოტივაციო წერილისა და ჩემი გამოცდილების საფუძველზე, 100%-იანი გრანტით ჩავირიცხე ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ინფორმაციული ტექნოლოგიების მაგისტრატურის საფეხურზე – ელექტრონული მართვის სპეციალობით. 2 წლის განმავლობაში, ყოველთვიურად, ვიღებდი საგარეო საქმეთა სამინისტროს სტიპენდიას 400 ევროს ოდენობით. ეს თანხა საკმარისი იყო, მეცხოვრა სტუდსაცხოვრებელში და დამეფარა ყოველდღიური ცხოვრების ხარჯები.
ასე დაიწყო ჩემი ტალინური თავგადასავალი.
2014 წლის 28 აგვისტოს ჩავედი ტალინში. სწავლა 1 სექტემბერს იწყებოდა და რამდენიმე დღე მქონდა, გავცნობოდი ტალინურ ცხოვრებას. მოვიარე ძველი ქალაქი. ვიცოდი, რომ მასწავლებლობას ვერ დავთმობდი და დავიწყე სკოლების ძიება ინტერნეტში. სამწუხაროდ, ვაკანსია ვერ აღმოვაჩინე, მაგრამ მაინც დავწერე ერთი სტანდარტული ელექტრონული მეილი, სადაც ჩემი პროფესიულო გამოცდილების შესახებ ვისაუბრე და გავუგზავნე რამდენიმე სკოლას. მეორე დღესვე შემეხმიანა სამი სკოლა. გავიარე გასაუბრება და 29 აგვისტოს უკვე მქონდა მასწავლებლის კონტრაქტი და სამსახური. ასე დავიწყე სწავლა და სწავლებაც. შეიძლება ითქვას, რომ 24/7-ზე დაუღალავად ვშრომობდი და წარმატებით ავიღე მაგისტრის ხარისხი. 2016 წლიდან დღემდე ვმუშაობ ესტონეთის საერთაშორისო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებლად და ასევე ვარ სან დიეგოს უნივერსიტეტის დოქტორანტი. ჩემი კვლევის საგანია ინგლისური ენის სწავლებაში არსებული გამოწვევები საერთაშორისო ბაკლავრიატის დაწყებით საფეხურზე.
☑️ მოდი, პარალელები გავავლოთ ქართულ საგანმანათლებლო სისტემასა და ევროპულს შორის, რა მსგავსება და რა კონტრასტებია?
ვფიქრობ, ესტონეთსა და საქართველოს შორის ისტორიულად ძალიან ბევრი მსგავსებაა. ორივე ქვეყანა, განსაკუთრებით საქართველო, დღემდე ებრძვის პოსტ-საბჭოურ სისტემას. ჩემი შეხედულებით ეს ის სისტემაა, რომელიც კლავს ჯანსაღ აზროვნებას.
ესტონელი მასწავლებლები თანხმდებიან, რომ ფაქტობრივი ცოდნა არ ამზადებს ახალგაზრდებს იმ უნარებისთვის, რომლებიც სჭირდებათ სკოლაში და სკოლის დამთავრების შემდგომ. ამ უნარებს 21-ე საუკუნის უნარები ეწოდება – კრიტიკული აზროვნება, კრეატიულობა, თანამშრომლობა, კომუნიკაცია, ინფორმაციული წიგნიერება, მედიაწიგნიერება, ტექნოლოგიური წიგნიერება, მოქნილობა, ლიდერობა, ინიციატივა, პროდუქტიულობა და სოციალური უნარები.
განსხვავებას რაც შეეხება, ესტონეთი ებრძვის ტრადიციულ აკადემიურ მიდგომებს, რომელიც მხოლოდ ფაქტობრივ ცოდნას ითვალსიწინებს. ვგულისხმობ იმას, რომ განსხვავება ცნობიერებაშია. აქ მასწავლებელი და მოსწავლე შემოქმედებითად აზროვნებენ, თანამშრომლობენ იმიტომ, რომ ინოვაცია და ადაპტირება სულ უფრო გადამწყვეტი ხდება წარმატებისთვის, ამ უნარების განვითარება აქ უმნიშვნელოვანესია, მოსწავლესა და მასწავლებელს შორის ურთიერთობა თანაბარ პირობებში მიმდინარეობს. მასწავლებელს არ აქვს ავტორიტარული როლი მოსწავლის აკადემიურ თუ სოციალურ-ემოციურ ცხოვრებაში. ორივე მხარეს გაცნობიერებული აქვს, რომ სწავლა და ცოდნის გაღრმავება ადამიანს პიროვნული განვითარებისთვის სჭირდება. დაბოლოს, მასწავლებელს ფასილიტატორის როლი უფრო აკისრია ვიდრე კლასის ლიდერის. თითოეული მოსწავლე, მიუხედავად რაოდენობისა, კრეატიულობითა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ჩართულია საგაკვეთილო პროცესში.
☑️ რისი შეცვლა მოგიხდათ, რომ ფეხი აგეწყოთ ესტონური სკოლისთვის?
ჩემთვის პროგრესულად მოაზროვნე საზოგადოებაში ცხოვრება ძალზე მნიშვნელოვანია და სწორედ ეს გახდა აუცილებელი, რომ შემეცვალა. ვგულისხმობ მასწავლებლის ავტონომიას და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების აქტიურ გამოყენებას გაკვეთილზე. ესტონეთში მასწავლებელი უფლებამოსილია ასწავლოს ისე, როგორც თავად თვლის საჭიროდ, რადგან ის პედაგოგია, გამოცდილია და ყველაზე კარგად იცის მისი მოსწავლეების უნარები და მისაღწევი შედეგები.
მასწვლებელი იყენებს უამრავ გარე რესურსს, რაც სასკოლო სახელმძღვანელოებში არ არის. ის თანამშრომლოს ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ერაზმუს+ პროგრამების ჩათვლით. ყველა სასკოლო ექსკურსიას სასწავლო დატვირთვა აქვს. ამისთვის მასწავლებელი მოსწავლეს ამზადებს და აცნობს კონკრეტულ თემას. აი მაგალითად, თუ საგაკვეთილო თემაა ზღვის ცხოველები ან მცენარეები, მასწავლებელი ექსკურსიას გეგმავს პლიაჟზე, სადაც ხდება დაკვირვება და სხვადასხვა ცდის ჩატარება. ეს შეიძლება იყოს ქვიშა, ლოკოკინები და ა.შ.
☑️ საინტერესოა, როგორია მასწავლებლის დასაქმების გზა ესტონეთში. თქვენს მაგალითზე რომ გვითხრათ – ესტონურ სკოლაში მასწავლებლად რომ დაიწყო მუშაობა რა არის საჭირო, რა კრიტერიუმებით ხდება კადრის შერჩევა? რა არის ის აუცილებელი პირობა ან პირობები, რომელსაც ესტონური სკოლა აყენებს?
ესტონეთის კანონი ზოგადი განათლების შესახებ ითხოვს, მასწავლებელს ჰქონდეს მაგისტრის ხარისხი ან მასთან გათანაბრებული კვალიფიკაცია, მასწავლებლის პროფესიული კვალიფიკაცია და ესტონური ენის ცოდნა, ენის აქტით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. უცხოელი მასწავლებელი, რომელიც ესტონეთში მასწავლებლად მუშაობის სურვილს გამოთქვამს, უნდა ფლობდეს ესტონურ ენას B2 დონეზე, ხოლო თუ სკოლის დირექტორი ან გამგეა, მაშინ C1-C2 დონეა საჭირო. ასევე, კონკურსის დროს, უპირატესობა ენიჭება ისეთ კადრს, რომელსაც, მინიმუმ, ერთ წელზე მეტი მასწავლებლად მუშაობის გაოცდილება აქვს.
სკოლები ვაკანსიებს ადგილობრივი დასქმების cv.ee და cvkeskus.ee -ზე აქვეყნებენ. დაინტერესებული მასწავლებელი აგზავნის რეზიუმეს და პირდაპირ მიმართავს სკოლას. სამსახურში აყვანის პროცედურა, როგორც წესი, მოიცავს ინტერვიუს, ანუ გასაუბრებას, რომელიც შეიძლება რამდენიმე შეხვედრით შემოიფარგლოს, შემდეგ მასწავლებელს მოეთხოვება საჩვენებელი გაკვეთილის ჩატარება სკოლაში.
☑️ რას მოითხოვს სახელმწიფო სკოლისგან – რა არის სკოლის მთავარი მიზანი?
ესტონეთის სკოლა მიზნად ისახავს, უზრუნველყოს ყველა მოსწავლე საუკეთესო განათლებით, განურჩევლად მათი წარმომავლობისა. სკოლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი უწყვეტი სწავლის სტრატეგიაა ე.წ. „Life Long Leanring Strategy“, რომელიც არასდროს სრულდება. სკოლის მასწავლებლისთვის აუცილებელია განვითარების შესაძლებლობის იდენტიფიცირება და ტექნოლოგიების ეფექტური გამოყენება სასწავლო პროცესში. სკოლებში ციფრული ტექნოლოგიის დანერგვამ და გამოყენებამ ხელი შეუწყო სწავლისა და სწავლების განვითარებას ესტონეთში. ამისთვის საჭიროა, ყველა მასწავლებლის პროფესიულად გადამზადება, რადგან ტექნოლოგიის გამოყენებას სჭირდება ციფრული კომპეტენცია.
ასევე დაინერგა რამდენიმე გრძელვადიანი ეროვნული პროექტი პროფესიული სასწავლო თემების განვითარების ხელშესაწყობად, რაც გათვლილია თითოეულ სკოლაზე. დაინტერესებული მხარეები ორიენტირებულნი არიან ყველა მოსწავლის სწავლისა და კეთილდღეობის გაუმჯობესებაზე. ამავდროულად, განათლების და კვლევის სამინისტრომ მხარი დაუჭირა ეროვნულ და რეგიონულ ასოციაციებს და ხელი შეუწყო ახალი ქსელების შექმნას.
☑️ როგორია სასწავლო გარემო და რით განსხვავდება ქართულისგან?
ურთიერთპატივისცემა ძალზე მნიშვნელოვანია. მასწავლებელი ისეთ სასწავლო გარემოს ქმნის, რომ იქ ყოფნა სასიამოვნო და ჰარმონიულია. სკოლები გარემონტებულ ან ახალ აშენებულ შენობებშია, აღჭურვილია ყველა საჭირო რესურსით, რაც თანამედროვე განათლების მიღებისთვისაა საჭირო, მაგალითად, კომპიუტერი, პროექტორი, სმარტბორდი, უფასო კვება, უფასო საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ბევრი სხვა ბენეფიტი, რაც მოსწავლეს განაწყობს სწავლისადმი.
☑️ ქართველ მასწავლებელს, წლების განმავლობაში, მუდმივად უწევს მტკიცება, რომ სათანადოდ ფლობს საგანს და პედაგოგიურ უნარებს, რომ ის პროფესიონალია, თუმცა, ეს 60 ათასი პედაგოგიდან დღემდე ყველამ ვერ შეძლო. როგორია ესტონელი მასწავლებლის პროფესიული განვითარების გზა?
მასწავლებელს დრო აქვს ითანამშრომლოს სხვა მასწავლებლებთან, იქნება ეს საგნობრივი თუ ინტერდისციპლინარული შეხვდრები. სკოლებს ჰყავთ სპეციალური მასწავლებელი, ფსიქოლოგი, მუშაობს მშობელთა კავშირი. ისინი ერთად ახორციელებენ სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტებს. ასევე სკოლას აქვს ბიუჯეტი არასასკოლო აქტივობებისთვის, ე.წ. „ჰობი სკოლა“, სადაც გახსნილია სხვადასხვა წრეები, სწავლა კეთებით მიმდინარეობს, შესაბამისად, მასწავლებელები ერთმანეთისგან სწავლობენ.
კოლაბარაცია, ანუ თანამშრომლობა და სასწავლო აქტივობების ერთობლივი დაგეგმვა განსხვავებულია. ამაში დიდ როლს ასრულებს არაფორმალური განათლების სტრატეგიები და „Life Long Learning“, ანუ „სიცოცხლის მანძილზე სწავლის“ სტრატეგია. ამ სტრატეგიის შემუშავების მთავარი მიზანია, ესტონეთის ყველა მოქალაქეს ჰქონდეს სწავლის შესაძლებლობა მთელი ცხოვრების მანძილზე საკუთარი საჭიროებებისა და შესაძლებლობების მიხედვით, რათა მაქსიმალურად გაიზარდოს საზოგადოებაში ადამიანთა ღირსეული თვითაქტუალიზაცია, თავიანთ საქმიანობაში და ოჯახურ ცხოვრებაში.
☑️ მოსწავლეთა შეფასების როგორი სისტემა მუშაობს სკოლებში?
ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით შეფასება სწავლა-სწავლების პროცესის განუყოფელი ნაწილია. სკოლები იყენებენ ცოდნისა და უნარების როგორც განმავითარებელ, ისე შემაჯამებელ შეფასებას. შეფასებისას მასწავლებელი მოსწავლეს აძლევს ზეპირ ან წერილობით უკუკავშირს შედეგებსა და ხარვეზებზე, ეხმარება მასში ენთუზიაზმის გაღვივებას და ხელმძღვანელობს მას შემდგომ სწავლაში; ასევე გეგმავს სამომავლო სწავლის მიზნებსა და გზებს მშობლებთან, დამხმარე სპეციალისტებთან თანამშრომლობით.
მოსწავლის ცოდნა და უნარები ფასდება სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ყველა სავალდებულო და არჩევით საგანთან დაკავშირებით. შეფასებისას მოსწავლის ცოდნა და უნარები შედარებულია მოსალოდნელ სწავლის შედეგებსა და მიზნებთან, რომლებიც შეტანილია სასწავლო გეგმაში და რაც ქმნის სწავლის საფუძველს. მასწავლებელს შეუძლია შეაფასოს საგნობრივი ცოდნა და უნარები როგორც სასწავლო აქტივობების დროს, ასევე თემის შესწავლის ბოლოს.
მოსწავლეების ცოდნა, უნარები და გამოცდილება ფასდება ხუთბალიანი სკალით, სადაც ნიშანი „5“ ნიშნავს „ძალიან კარგს“, „4“ ნიშნავს „კარგს“, „3“ ნიშნავს „დამაკმაყოფილებელს“, „2“- „ცუდს“ და „1“ – „სუსტს“.
☑️ თქვენი აზრით, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ესტონეთის ზოგადი განათლების სისტემას გამოარჩევს?
ესტონეთის სკოლები საკმაოდ გაფართოებული ავტონომიით სარგებლობენ. ეროვნული სასწავლო გეგმა სკოლას უტოვებს სივრცეს საკუთარი სასწავლო გეგმის შემუშავებისთვის. ყველა სკოლას შეუძლია გამოკვეთოს თავისი მიზნები და სწავლის ფოკუსი. დირექტორებს შეუძლიათ, დაიქირაონ და გაათავისუფლონ მასწავლებლები, გადაწყვიტონ ბიუჯეტის განაწილება და შეაფასონ მასწავლებლების მომზადების საჭიროებები. მასწავლებლები ირჩევენ შესაბამის სახელმძღვანელოებს და სწავლების მეთოდებს, რომლებიც სურთ, რომ გამოიყენონ გაკვეთილებზე.
ასევე თითოეულ სკოლაში დირექტორები და მასწავლებლები ქმნიან გუნდებს ორ მენტორთან ერთად. უნივერსიტეტის ექსპერტების მხარდაჭერით, სკოლის გუნდები იწყებენ მუშაობას თემაზე, რომელიც მათ აირჩიეს, რათა გააუმჯობესონ მოსწავლეთა სწავლა და, ამავდროულად, გაზარდონ სკოლის ლიდერობის შესაძლებლობები თანამშრომლობითი სკოლის კულტურის გაძლიერებით. ეს გუნდური მუშაობა და საერთო ღირებულებებისა და მიზნების განსაზღვრა წარმოადგენს თანამშრომლობის კულტურის შექმნის ძირითად ფაქტორს. თანამშრომლობის კულტურა შეიძლება განვითარდეს სტაბილური გუნდის შედგენით, თანამშრომლობის რუტინის შემუშავებით, ყველა მხარეს შორის ღია კომუნიკაციის უზრუნველყოფით, მიზანზე თანმიმდევრული ფოკუსირებით და მონაწილეთა შორის ნდობის დამყარებით.
☑️ რეპეტიტორის ინსტიტუტი თუ მოქმედებს?
ეს კითხვა ბევრჯერ დავსვი, როცა ესტონეთში ჩამოვედი, ადგილობრივმა მასწავლებლებმა მითხრეს, რომ არა – რეპეტიტორის ინსტიტუტი აქ არ არსებობს. სკოლებს აქვთ შესაბამისი დაფინანსება სხვადასხვა მუნიციპალური ბიუჯეტიდან. მოსწავლეს შეუძლია იაროს როგორც ფასიან, ასევე უფასო ე.წ. სკოლის წრეებზე გაკვეთილების შემდეგ, რომელსაც აქ ადგილობრივები „ჰობი სკოლას“ უწოდებენ.
☑️ როგორ ფიქრობთ, რის ხარჯზე გააკეთა ესტონურმა განათლების სისტემამ ასეთი მკვეთრი ნახტომი. თუნდაც პიზას ბოლო შედეგების მიხედვით რომ ვიმსჯელოთ – ესტონეთი წაკითხულის გააზრებასა და საბუნებისმეტყველო საგნებში მე-6 ადგილს იკავებს, მათემატიკაში – მე-7 ადგილს. როგორ მოახერხეს ეს?
მიუხედავდ იმისა, რომ ესტონეთის განათლების სისტემამ იგივე წნეხი განიცადა, რაც საქართველომ 90-იან წლებში, სულ იღვწის პროგრესისკენ. ეს ნათლად გამოვლინდა „PISA“-ს რეიტინგის შედეგების გამოქვეყნებით 2023 წელს. PISA – მოსწავლეთა საერთაშორისო შეფასების პროგრამაა. ესტონეთი, 10 საუკეთესო ქვეყანას შორის, მე-7 ადგილს იკავებს. ეს შედეგი ხაზს უსვამს ესტონეთში ხარისხიან განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის აუცილებლობას. ეს შედეგი დიდი შრომის შედეგია, რაც დაკავშირებულია კოლაბორაციულ მუშაობასთან. მოსწავლეები და მასწავლებლები მუდმივად ფიქრობენ იმაზე, რომ რაც იციან, არ არის საკმარისი და სჭირდებათ სიახლე. ამ სიახლის ძიება კი კვლევის საფუძველზე მიმდინარეობს. ვგულისხმობ სასკოლო წიგნების მიღმა ცოდნის მიღებას.
☑️ ჩვენთან განათლების ხარისხის გაუმჯობესებაზე როცა იწყება საუბარი, უამრავი მიზეზი სახელდება, რომელიც უნდა გამოსწორდეს ან შეიცვალოს – მაგალითად, გადატვირთული ეროვნული სასწავლო გეგმა, სახელმძღვანელოები, მწირი რესურსები, პედაგოგთა პროფესიული განვითარება და ა.შ. შემდეგ იწყება რეფორმები, რომელიც, ხშირ შემთხვევაში, ბოლომდე ვერ მიდის. შესაბამისად, პრობლემაც მოუგვარებელი რჩება. რას ფიქრობთ, ამ გადმოსახედიდან, ქართული სკოლის მთავარი გამოწვევა რა არის?
საქართველოში ძალიან ბევრი ნიჭიერი, შრომისმოყვარე, განათლებული და კრეატიული მასწავლებელია. ვფიქრობ, ქართული სკოლის ყველაზე დიდი პრობლემა არასწორი სისტემის არსებობაა. სკოლებს არ აქვთ ავტონომია. სკოლა კონტროლდება და ევალება ისეთი საქმის კეთება, რაც ყოველგვარ ახსნას მოკლებულია. მაგალითად 21-ე საუკუნის სკოლაში არ უნდა არსებობდეს ქაღალდის ჟურნალი. ასევე სკოლა ვერ ამკვიდრებს ჯანსაღი ცხოვრების წესს, ანუ მიმღებლობის პრობლემაა. მიმღებლობა და ჯანსაღი ურთიერთობების ჩამოყალიბება უმნიშვნელოვანესია მოსწავლის განვითარებისთვის. ქართულ სკოლაში გუნდური მუშაობა არ არსებობს. ყველა ერთმანეთის დაკნინებას ცდილობს და ყოველთვის დამნაშავეს ეძებენ. ამაში გადის წლები და არ ვკითხულობთ – ის, რაც ხდება თუ არ ხდება, იქნებ, ჩვენი ბრალია. კრიტიკული აზროვნება და განსახავებული აზრი არაფერს ნიშნავას; სასკოლო ცხოვრებაში არ გვაქვს დიალოგის და პრობლემების არაძალადობრივი გზებით გადაჭრის მექანიზმები; მასწავლებლებს განსაკუთრებით უჭირთ მოსწავლეთა ქცევის მართვა და ხშირად უხეშად მიმართავენ მათ.
არ არსებობს სასკოლო კვების პროგრამა და სკოლები ვერ სუფთავდება სათანადოდ. მასწავლებლების მცირე ნაწილი ატარებს მრავალფეროვან გაკვეთილებს თანამედროვე მეთოდების გამოყენებით, რაც გულისხმობს ციფრული ტექნოლოგიის გამოყენებას. უმეტესად, გაკვეთილები მონოტონურია და მოსწავლეებისთვის უინტერესო, რაც იწვევს მათ დემოტივაციას; ასევე მშობლებს მასიურად უწევთ რეპეტიტორების დაქირავება იმ მიზნის მისაღწევად, რასაც სკოლა უნდა ემსახურებოდეს.
☑️ დაბოლოს, ირჩევენ თუ არა ესტონელი ახალგაზრდები მასწავლებლის პროფესიას და აქვე გვითხარით, არის თუ არა პედაგოგის ანაზღაურება მიმზიდველი?
ესტონელი ახალგაზრდების დაინტერესება, წახალისება და მოტივირება სხვადასხა გზით მიმდინარეობს. მაგალითად, სტიპენდიების პროგრამა ეფექტურად მუშაობს. ესტონეთის მთავრობამ და უნივერსიტეტებმა შეიმუშავეს სტიპენდიის სხვადასხვა სქემა, რათა მხარი დაუჭირონ საერთაშორისო სტუდენტებსაც, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ესტონეთში სწავლით.
რაც შეეხება პედაგოგის ანაზღაურებას, საშუალო ხელფასი ესტონეთში ყოველთვიურად 2048 ევროა, ხოლო მინიმალური თვიური ხელფასი – 1798 ევრო.
ესაუბრა ლალი ჯელაძე
„მშობელ მიწაში მიდგას ფესვები“
ჩემს 15-წლიან კარიერაში იყო ბევრი დაცემა, აღმავლობა, წარმატება, წარუმატებლობა და უპირობო მიზანი – ვყოფილიყავი კარგი პედაგოგი… ახლა ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო სკოლაში საერთაშორისო სკოლის ინგლისური ენის მოწვეული სპეციალისტი ვარ. პარალელურად, სან-დიეგოს უნივერსიტეტისთვის სადოქტორო ნაშრომზე ვმუშაობ.
ემიგრაციას, რაც არ უნდა წარმატებული იყო, ახლავს თავისი სევდა, უსამშობლობისა და შენს საყვარელ ადამიანებთან ვერ ყოფნის სევდა… ჩემი მზიანი ბათუმიდან ცივ ტალინში გადაცხოვრების კონტრასტი სულ ერთ აზრთან მაბრუნებს – „არც რაი ყოფილა სამშობლოზე უტკბილესი“…
მიუხედავად იმისა, რომ ტალინში ჩამოსვლიდან სამ დღეში დავსაქმდი, სამშობლოს ნოსტალგია სულს მიმღვრევდა. შრომით მიგრაციასთან ადაპტაციის რთულ გზას ისევ ქართულ კულტურასთან ჩემებური კავშირით ვიამებდი. ამ განცდით დატვირთულმა, ქართველ და ესტონელ მეგობართან ერთად, არასამთავრობო ორგანიზაცია „ქართული ენისა და კულტურის ცენტრი“ დავაფუძნე. იდეა უცხოელებისათვის ქართული კულტურის, ტრადიციების, ენის და სამზარეულოს გაცნობა იყო, რისთვისაც სხვადასხვა ტიპის საჩვენებელ გაკვეთილებს ვატარებდით.
ასევე, განვახორციელე პროექტი – გაიცანი საქართველო „ხუთი გრძნობით“. პროექტი ერთი კვირა გაგრძელდა და საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. იგეგმება აქტივობების გამრავალფეროვნება. ვიმედოვნებ, ქართული ენა და კულტურა კიდევ უფრო საინტერესო და ხელმისაწვდომი გახდება დაინტერესებული ადამიანებისათვის.
ამ ეტაპზე ჩემთვის დიდი ბედნიერებაა ესტონურ-ქართული ოჯახებისთვის პროგრამა „ირბახით“ ქართულის, როგორც უცხო ენის სწავლება. ეს პროცესი ისეთი ენთუზიაზმით მავსებს, რომ გონებრივად სულ საქართველოს განცდაში ვარ. ემიგრაციის 10-წლიან გზაზე ჩემი წილი სამშობლო ასეთი რუდუნებით ვატარე, რადგან „ხის სიმაღლე მიწის ზევიდან კი არ იზომება — ფესვებიდან!“
ჩემი ფესვები კი საქართველოშია!
იქ, სადაც უპირობო სიყვარულით შევუდექი ჩემს კარიერას. ჩემი პირველი სამსახური საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ავრანლოსა და შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგაზეულში, ეთნიკური უმცირესობებით დაკომპლექტებულ სკოლებში დაიწყო. მაშინ, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში მეოთხე კურსს ვხურავდი და მხოლოდ ის ვიცოდი რომ ეს სკოლები ბათუმიდან საკმაოდ შორს იყო. თუმცა, უარის თქმა არ მიფიქრია.
ჩემი მოტივაციის მთავარი მიზეზი, პროექტის სახელად ქცეული ორი სიტვა — „ასწავლე საქართველოსთვის“ იყო. კონსულტანტ-მასწავლებლის პოზიციაზე გატარებულმა სამმა წელმა სამშობლოსა და ჩემი პროფესიის სიყვარული კიდევ უფრო გამიმძაფრა, ვგრძნობდი, რომ იქ ვიყავი, სადაც სამშობლოს ყველაზე მეტად ვჭირდებოდი და ნამდვილად საქართველოსთვის ვასწავლიდი… პროექტის ფარგლებში, როგორც წარმატებული პედაგოგი, საერთაშორისო ვიზიტორის ლიდერების პროგრამით „მასწავლებლის განვითარება ამერიკაში“ სასწავლო კურსზე მოვხვდი, ასე ახდა ჩემი ამერიკული ოცნება…
რიგში სხვა ოცნებებიც იდგნენ…
მსურდა, კარიერა მშობლიურ ბათუმში გამეგრძელებინა. ეს ოცნება იმთავითვე განწირული აღმოჩნდა. მასწავლებლის სასერტიფიკატო გამოცდების ჩაბარების შემდეგ რამდენიმე კონკურსში მივიღე მონაწილეობა, თუმცა, ჩემი ადგილი ასისტენტ-მასწავლებლის პოზიციაზეც კი არსად მოიძებნა. ამ დროს გადავწყვიტე, ჩემი ქალაქიდან წავსულიყავი. იმედგაცრუებულმა გზის გაკვლევა დედაქალაქში გავაგრძელე. თბილისში სასწავლო ცენტრ „ანიკა“-ს, ოქსფორდის ენების სკოლის და ნიუტონის თავისუფალი სკოლის პედაგოგად ვიმუშავე. იქ გატარებულმა ხუთმა წელმა ახალი მოტივაცია გამიჩინა. საკუთარი პროფესიული სტანდარტები გავზარდე, გადავწყვიტე მაგისტრატურის ხარისხი ევროპაში მიმეღო.
მჯერა, რომ ცხოვრებაში შემთხვევით არაფერი ხდება…
მჯერა, რომ ტალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში მიღებული სრული დაფინანსება, სტიპენდია და ის შესაძლებლობები, რაც ამ ქვეყანამ მომცა, შემთხვევითი არ ყოფილა…
მჯერა, რომ ჩემი საქართველოდან წამოსვლის დღე 28 აგვისტო არის ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანასთან უწყვეტი კავშირის ნიშანი, რომ დღემდე „მშობელ მიწაში მიდგას ფესვები, როგორც წყალში დგას წნორის ძირები“.
ახლა მთავარი ოცნების ჯერია…
დაბრუნების!
სამშობლოში ღირსეულად დაბრუნების დრო დადგა
და მესმის სისხლის ძახილი ჩემი სამშობლოს იმ ბებერ მიწიდან — „აჭარელი ვიყავ განა“…
ძახილი ახალი თაობის, რომელსაც მინდა მთელი ჩემი გამოცდილება გავუზიარო. საკუთარი პრაქტიკიდან გამომდინარე სწავლების ფინურ მოდელს საუკეთესოდ მივიჩნევ. ვისურვებდი, საქართველოს განათლების სისტემა კიდევ უფრო დაიხვეწოს და ამაში გარკვეული წვლილის შეტანის საშუალება მეც მომეცეს. სამომავლოდ, ალბათ, საქართველოში უფრო საჭირო ვიქნები.
ძახილი ჩემი ყოფილი მოსწავლეების, რომლებიც, ბოლო შეხვედრაზე, თვალცრემლიანი დავტოვე, რომელთა უმრავლესობაც მასწავლებელი გახდა და რომელთა ცხოვრებაში პატარა სიკეთის მარცვალი მეც ჩავდე…
ძახილი ჩემი წარმატებული კოლეგებისა და მეგობრების, რომლებიც მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ცერემონიალის დასრულების შემდეგ ყოველთვის მირეკავენ და მარწმუნებენ, რომ ჩემი ადგილი საქართველოშია…
ძახილი ჩემი გამორჩეული ლექტორის — ბათუმის სახელმწიფო-პედაგოგიური კოლეჯიდან ქალბატონ თეა ხვიჩიასი, რომელიც ჩემი პროფესიული შთაგონების წყაროა და რომლის სტანდარტებითაც დღემდე ვხელმძღვანელობ, რომელთან ურთიერთობამაც შთამაგონა, რომ მასწავლებლებს სამყაროს შეცვლა შეუძლიათ. მან ჩემი ცხოვრება შეცვალა.
ძახილი ინგლისური ენის იმ პედაგოგის, რომელიც თვლიდა, რომ ჩემი ენის დონით მასწავლებელი ვერასდროს გავხდებოდი, რომელიც არასდროს დაფიქრებულა, ჩემს ფსიქოემოციურ ფონზე და იმ ფაქტზე, რომ, უმეტესად, ნათხოვარი წიგნებით ვმეცადინეობდი, რადგან ჩემს მარტოხელა დედას, სოფელ ფერიაში, მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა ჰქონდა…
დაბოლოს, მესმის უწყვეტი ძახილი ჩემი მთავარი გულშემატკივრის და ყოვლისშემძლე, უკვე ხანშიშესული დედის, რომელმაც მომცა ძალა მიზნამდე მივსულიყავი…
დიახ, დედა! ჩვენ ეს შევძელით და გპირდები, რომ „მე დავბრუნდები, ჰო, დავბრუნდები, მე შენი თმები დამაბრუნებენ“.
ვაკო გოგუაძე