ქართულ ენაში მნიშვნელოვან საკითხად რჩება მართლწერა. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს უამრავი ლიტერატურა, ელექტრონული საშუალებები, საგანმანათლებლო რესურსები, წერითი მეტყველების დროს ორთოგრაფია გვრჩება აქილევსის ქუსლად. ამ ეტაპზე წარმოგიდგენთ მართლწერის საკითხებს ზმნიზედებისა და თანდებულების მიმართებაში.
ზმნიზედები ქართულში მრავალგვარია. შედარებით ცოტაა პირველადი ზმნიზედები: აქ, იქ, წინ, შინ, ხვალ, ზეგ, ახლა, მაშინ, შარშან და სხვ.
ზმნიზედების წარმოების აქტიური საშუალებაა მოქმედებითი და ვითარებითი ბრუნვის ნიშნები: -ით (-თ), -ად (-დ).
მოქმედებითი ბრუნვის ფორმით გავრცელებული ზმნიზედებია:
წინათ წლობით
დღისით ზემოთ
ზამთრობით ქვემოთ
ზაფხულობით იქით
ხშირად ზმნიზედების ბოლოს შეცდომით დ-ს ხმარობენ: წინად, ზემოდ, ქვემოდ.
უნდა დავიმახსოვროთ:
1) თუ ზმნიზედა მოქმედებითი ბრუნვის ფორმითაა ნაწარმოები, ის აუცილებლად თ თანხმოვნით უნდა ბოლოვდებოდეს: ეგრეთ, უნებლიეთ, წინათ, ზემოთ…
2) ვითარების ზმნიზედები მიღებულია საწყისისა და არსებითი სახელისაგან მოქმედებითი ბრუნვის ნიშნის დართვით: ხუმრობით, სიცილით, სიყვარულით, სიძულვილით, დაცინვით. ასეთ ფორმებთან თ თანხმოვანი უნდა ვიხმაროთ.
3) ზედსართავისა და მიმღეობის ვითარებითი ბრუნვის ფორმა ვითარების ზმნიზედაა, ამიტომ ასეთ სიტყვებთან უნდა ვიხმაროთ ვითარებითი ბრუნვის ნიშანი -ად (-დ): მშვიდად, კარგად, ლამაზად, კოხტად, მწყობრად, მეტყველად, გაბმულად, ლაღად და სხვ.
4) ფუძეგაორკეცებული ზმნიზედები დეფისით იწერება: ჩუმ-ჩუმად, ჯგუფ-ჯგუფად, გუნდ-გუნდად.
5) ზმნიზედის ფუძე თუ გაორკეცებულია და და კავშირითაა შეერთებული, ერთად იწერება: ფეხდაფეხ, გულდაგულ, ხმალდახმალ, პირდაპირ …
6) დროის ზმნიზედა გადმოიცემა მიცემითი ბრუნვის ფორმით, მაგრამ არის ტენდეცია სახელობითი ბრუნვის ფორმების ხმარებისა.
მართლწერის თვალსაზრისით უმჯობესია მიცემითი ბრუნვის ფორმების გამოყენება.
მართებული ფორმებია: უმართებულო ფორმებია:
ორ წელს უცდიდა ორი წელი უცდიდა
ყოველ დღეს (ან ყოველდღე) ემზადებოდა ყოველი დღე ემზადებოდა
მთელ დღეს ელოდა მთელი დღე ელოდა
დიდხანს ფიქრობდა დიდი ხანი ფიქრობდა
თანდებულებისა და თანდებულიანი სახელების მართლწერას რამდენიმე საკითხი უკავშირდება.
1) ქართული სალიტერატურო ენის ნორმებს ექვემდებარება თანდებულები: -ზე, -თვის, -მდე, -მდის; დიალექტური ფორმებია: -ზედ, -თვინ, – მდინ, -მდისინ.
ამიტომ უდნა დავწეროთ:
ჭერზე (და არა: ჭერზედ) შენთვის (და არა: შენთვინ)
შენზე (და არა: შენზედ) სახლამდე (და არა:სახლამდინ)
კლდეზე (და არა: კლდეზედ) მდინარემდე (და არა: მდინარემდინ)
გულისთვის (და არა: გულისთვინ) მთამდე (და არა: მთამდინ)
2) სიტყვაზე -ზე, -ში, -თან თანდებულების დართვისას, თუ ფუძე ზ, შ, თ თანხმოვანზე ბოლოვდება, ორ-ორი იდენტური თანხმოვანი იყრის თავს (შშ, ზზ, თთ); ვაზზე, თითთან, თათთან, კოვზზე, კომშში, თეფშში, იალბუზზე, კალათთან და სხვ.
3) ცალკე მდგომი თანდებულები და ზმნისართები იხმარება ნათესაობით ბრუნვაში მდგომ სახელებთან, მაგ.:
აქეთ: მთის აქეთ გაღმა: ზღვის გაღმა
იქით: მთის იქით გამოღმა: ზღვის გამოღმა
გარდა: მეგობრის გარდა ქვემოთ: სოფლის ქვემოთ
ნაცვლად: სხვის ნაცვლად წინაშე: სხვის წინაშე
პირას: მდინარის პირას ძირას: მთის ძირას
პირდაპირ: ხის პირდაპირ წინ: სახლის წინ
4) თუ თანდებულ-ზმნისართები დაერთვის სიტყვის ფუძეს, წარმოქმნის კომპოზიტს, რომელიც ერთად იწერება: ჭურქვეშ, ფეხქვეშ, თვალწინ და სხვ.
5) -გან თანდებული დაერთვის ნათესაობითსა და მოქმედებით ბრუნვებს. ნათესაობითი ბრუნვის ფორმები მიუგებს კითხვაზე: ვისგან? რისგან? მოქმედებითი ბრუნვის ფორმები – საიდან?
ამიტომ მართებული ფორმებია:
ამხანაგისგან მივიღე (და არა: ამხანაგიდან)
ხისგან გააკეთეს (და არა: ხიდან)
ხელიდან გაუშვა (და არა: ხელისგან)
მთებიდან მოისმოდა (და არა: მთებისგან)
6) როცა რამდენიმე თანდებულიანი სიტყვა ერთად მოიყრის თავს, კერძოდ, შერწყმულ წინადადებაში და კავშირის წინ სიტყვა უთანდებულო ფორმით იწერება, მაგ.: თბილისში, ქუთაისსა და თელავში საინტერესო ძეგლებია (და არა:თბილისში, ქუთაისში და თელავში…).
ლუკა კვეტენაძე – სსიპ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრაწყაროს საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე