26 აპრილი, პარასკევი, 2024

უცხოური ენები, დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის გამოცდა, ფიზიკური აღზრდა და სპორტი – ნაეკის პასუხები ხშირად დასმულ კითხვებზე

spot_img

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველებისთვის, ელექტრონულ ფორმატში, კიდევ ერთი ღია კარის დღე მოეწყო. ამჯერად, შეხვედრა დაეთმო უცხოური ენების, დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის გამოცდებთან დაკავშირებულ საკითხებს.

გთავაზობთ ხშირად დასმულ კითხვებსა და პასუხებს

 

✔️ უცხოური ენის ლაპარაკის დავალებაში რას ექცევა ყურადღება?

ყურადღება ექცევა იმას, თუ რამდენად სწორად იყენებთ გრამატიკას და ლექსიკას, რამდენად კარგად პასუხობთ მოცემულ დავალებას, როგორი გამოთქმა გაქვთ, ასევე, თუ ეტევით მოცემულ დროში. შეფასების პროცესში გამსწორებლები სარგებლობენ სპეციალური შეფასების სქემით, რომელიც სწორედ ამ კრიტერიუმებით აფასებს მასწავლებლის ან მომავალი მასწავლებლის ლაპარაკის უნარს. გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ რეკომენდაციებსა და შეფასების კრიტერიუმებს ტესტის ყველა ნაწილისთვის ჩვენ მიერ მომზადებულ კრებულში, რომელიც ჩვენს ვებგვერდზე დევს.

✔️ შეიძლება თუ არა, მოსმენის დავალების შესრულების დროს, გარკვეული დეტალები ფურცელზე მოვინიშნოთ?

დიახ, შეიძლება. ფურცლებს ადგილზე დაგირიგებენ. გაითვალისწინეთ, რომ დავალებებს ისმენთ ორჯერ, ასე რომ, უმჯობესიცაა, რომ პირველი მოსმენისას პასუხები შავ ფურცელზე დაწეროთ და მხოლოდ მეორე მოსმენის დროს გაკეთებული ჩასწორებების შემდეგ გადაიტანოთ პასუხების ფურცელზე. ასევე გაითვალისწინეთ, რომ აუცილებელია, მოსმენის პროცესში, ეკრანზე გამოტანილ დავალებებს მიადევნოთ თვალი, ანუ დავალებები შეასრულოთ მოსმენისას და არა მოსმენის დამთავრების შემდეგ, მეხსიერებაზე დაყრდნობით.

✔️ უცხოური ენის გამოცდაზე წერილი და მიმართვა თუ გვაქვს დასაწერი მაგ., MMr. Abashidze – პირდაპირ წერილის წერა დავიწყოთ? ხომ არ ჩაგვეთვლება მსგავსი მიმართვა ნაშრომის მონიშვნად?

ჯობია, ადრესატის სახელიც იყოს. ამ სახელის ხსენებაზე ქულა არ დაგაკლდებათ, რადგან ეს გვარი თავად ტესტშია მოცემული ჩვენ მიერ. ყველა სხვა შემთხვევაში, გთხოვთ, ნუ გამოიყენებთ სახელს და გვარს, ნურც თქვენსას, ნურც სხვისას, ნურც ქართულს და ნურც უცხოურს. ეს შეიძლება მინიშნებად ჩაგეთვალოთ და ამის გამო დავალება არ შეფასდეს.

✔️ ვარ მაძიებელი, მაინტერესებს, სპორტის გამოცდის გარდა, არის ჩასაბარებელი ნორმატივები?

არა, თქვენ არ აბარებთ ნორმატივებს. აბარებთ მხოლოდ საგნობრივი კომპეტენციის დასადასტურებელ ტესტს.

✔️ სპორტის საგამოცდო ტესტში, ჭეშმარიტიამცდარიას დავალებაში, ის, რაც მცდარია, ჭეშმარიტით უნდა ჩავანაცვლოთ? რამდენქულიანია ასეთი დავალება და რას მივაქციოთ შესრულებისას ყურადღება?

ჭეშმარიტია-მცდარიას დავალებაში, თუ დებულება ჭეშმარიტია, ჭეშმარიტის შესაბამისი უჯრა უნდა მონიშნოთ X ნიშნით. ასეთ შემთხვევაში, კომენტარის გაკეთება არ მოგეთხოვებათ. თითოეული სწორად მონიშნული ჭეშმარიტი ფორმულირება 2 ქულით ფასდება. თუ ფორმულირება მცდარია, მცდარის შესაბამისი უჯრა უნდა მონიშნოთ X ნიშნით და სწორი ფორმულირება საგანგებოდ გამოყოფილ არეზე ჩაწეროთ.

თუ სწორად მონიშნავთ მცდარის უჯრას, მაგრამ მართებულ ფორმულირებას არ ჩაწერთ, დავალება 1 ქულით შეფასდება; ხოლო თუ სწორად მონიშნავთ მცდარის უჯრას და მართებულ ფორმულირებასაც ჩაწერთ, დავალება 2 ქულით შეფასდება. თუ უჯრა სწორად არ არის მონიშნული, დავალება 0 ქულით ფასდება.

თავი აარიდეთ მოცემული დებულების შებრუნებული ფორმით ჩაწერას. თუ დებულება პოზიტიური ფორმითაა ჩაწერილი (მაგ., ბურთის ტარება ტერფის შემაღლების შიდა ნაწილით, მიმართულებისა და სიჩქარის უცვლელად, მოძრავ პარტნიორებს შორის), მას უარყოფითი ფორმის წინადადებად ნუ გადააქცევთ (მაგ., ბურთის ტარება ტერფის შემაღლების შიდა ნაწილით, მიმართულებისა და სიჩქარის უცვლელად, მოძრავ პარტნიორებს შორის არ არის სწორი).  ასეთი პასუხი სწორ პასუხად არ მიიჩნევა.

✔️ რა უნდა გავითვალისწინოთ სპორტის შესაბამისობის დავალებაში?

დავალებაში შესაბამისობის დადგენაზე მოცემულია ჩამონათვალის ორი სვეტი. უნდა დადგინდეს წარმოდგენილ მოცემულობათა შორის არსებული შესაბამისობა. აპლიკანტმა ერთმანეთს უნდა შეუსაბამოს A სვეტში წარმოდგენილი რამდენიმე პირობა (მაგ., ფიზიკური ვარჯიშები, განმარტებები, სათამაშო/სავარჯიში გარემო; მეთოდები, ფიზიკური თვისებები, ინტელექტის სახეები და ა.შ.) მეორე – B სვეტში წარმოდგენილ სავარაუდო პასუხებს. ერთ მოცემულობას, ჩამონათვალის ერთი სვეტიდან, მხოლოდ ერთი მოცემულობა შეესაბამება ჩამონათვალის მეორე სვეტში. კარგად გაიაზრეთ A ველის მოცემულობები და ყურადღებით წაიკითხეთ ან დააკვირდით B სვეტში წარმოდგენილ მოცემულობებს. პირველ რიგში, მონიშნეთ ის შესაბამისობა, რომლის სისწორეშიც დარწმუნებული ხართ. საბოლოოდ, სწორი პასუხი უნდა ჩაიწეროს პასუხებისათვის განკუთვნილ ცხრილში.

✔️ რითი განსხვავდება I-IV-სა და I-VI კლასების ტესტები ერთმანეთისგან?

როგორც ცნობილია, I-IV და I-VI კლასების ტესტების საგნობრივი ცოდნის ბლოკები სტრუქტურულად განსხვავებულია, აკადემიური უნარების ნაწილი კი – მსგავსი. რაც შეეხება I-IV კლასების ქართული ენისა და ლიტერატურის ნაწილსა და I-VI კლასების ქართულის ტესტს, მათ შორის სტრუქტურული სხვაობა არ არის. ცხადია, I-VI კლასების მასწავლებლებისთვის დავალებათა რაოდენობა მეტია, ასევე, რადგანაც თავად საგნობრივი სტანდარტებიც განსხვავებულია, I-VI კლასების ტესტის დავალებათა სირთულე I-IV კლასების ტესტის სირთულეს გარკვეულწილად აღემატება.

✔️ რა უნდა გავითვალისწინოთ ანალიტიკური წერის დავალებაში?

ანალიტიკური წერის დავალებაში, უპირველესად, დაკვირვებით უნდა გაეცნოთ დავალების პირობას, თუ რას შეეხება ესე. გაიაზრეთ, დავალებაში დასმული პრობლემა/საკითხი, რაზე უნდა წეროთ, თქვენ რა იცით ამ თემის შესახებ, რას ფიქრობთ ამ საკითხზე. პირობის შემდეგ, ბულეტებით გამოყოფილია კონკრეტული დავალებები: რამ წარმოშვა ეს პრობლემა, რამ შეუწყო მას ხელი; ან, ვთქვათ, რა შედეგებს განაპირობებს ამ პრობლემის გამწვავება; როგორ აღმოვფხვრათ ეს პრობლემა, ან რა უნდა ვიცოდეთ, რომ თავიდან ავიცილოთ ის და ა.შ. მთავარია, ნაშრომი ზუსტად პასუხობდეს იმ მოთხოვნებს, რომლებიც დავალებაშია დასმული. გაითვალისწინეთ: ეს ნაწილი (ბულეტებით წარმოდგენილი) ერთგვარი გეგმაა ესეს საკითხების ჩამოსაყალიბებლად. თუ მას მიჰყვებით, მთავარ საკითხს ვერ ასცდებით.

შემდეგი კრიტერიუმი არგუმენტირებაა. კარგად უნდა გაიაზროთ მოცემული საკითხი და იმსჯელოთ. დავალებაში მივუთითებთ: იმსჯელეთ, დაასაბუთეთ თქვენი ნათქვამი, არგუმენტებით გაამყარეთ, მოიხმეთ მაგალითები. მსჯელობა უნდა იყოს თანმიმდევრული, ლოგიკური, არგუმენტები – ადეკვატური.

მესამე კრიტერიუმი – სტრუქტურაა. თქვენი მსჯელობა თანმიმდევრული უნდა იყოს და სტრუქტურულად გამართული, ტექსტი მოწესრიგებული, სათანადოდ „აწყობილი“, დასკვნა – წინარე მსჯელობიდან გამომდინარე.

ესეს წერისას უნდა დაიცვათ სალიტერატურო ქართული ენის ნორმები, ყურადღება მიაქციეთ სტილსა და ლექსიკას. ყურადღებით გაეცანით ჩვენს კრებულს, კრიტერიუმების მიხედვით ჩვენს მოთხოვნებსა და რეკომენდაციებს, რომლებიც დაგეხმარებათ დავალებების შესრულებისას.

✔️ როგორ მოვემზადოთ I-IV კლასების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის საგნობრივი კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდისათვის?

გაეცანით ჩვენს კრებულს. კარგად გაიაზრეთ თითოეული რეკომენდაცია, მითითება, ინსტრუქცია. გაეცანით ჩვენს ტესტებს (წინა წლებში გამოყენებულს, რომლებიც იძებნება ინტერნეტსივრცეში), კარგად დააკვირდით ტესტის ფორმატს, პასუხების ფურცელს. თუმცა, ზედმეტი მიჯაჭვულობა ძველ ტესტებზე არ არის რეკომენდებული, რადგან ტესტური დავალებების შესრულება (თუნდაც ბევრის) არ არის სწავლის საშუალება. ტესტი ცოდნისა და უნარების შესამოწმებელი ინსტრუმენტია. მთავარია, კარგად იცოდეთ ის საკითხები, რომლებიც პროგრამითაა გათვალისწინებული და გააზრებული გქონდეთ ტესტის სტრუქტურა, თითოეული დავალების ფორმატი.

✔️ 2022 წლის ტესტი I-IV კლასების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის საგნობრივი კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდისთვის გასული წლის ტესტის იდენტურია

2022 წლის ტესტი როგორც სტრუქტურულად, ისე დავალებათა ტიპების თვალსაზრისით, შარშანდელის იდენტურია. ერთადერთი განსხვავება შეეხება ესეს დავალებას, კერძოდ, სიტყვათა მინიმალურ რაოდენობად განსაზღვრულია 120 სიტყვა.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები